Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარცხენეთა ანატომია


ავტორი: ნუცა რამიშვილი

ძირითადი მოვლენების მიმოხილვა

2010 წელს საქართველოში სტუდენტური მოძრაობის არსებობის ნიშნები კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ახალი სტუდენტური პროტესტი პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებული არ იყო და არ წარმოადგენდა მოძრაობა „კმარას“ განახლებულ ვარიანტს. სტუდენტებმა გაერთიანება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით დაიწყეს.

ახალგაზრდული აქტივიზმის გამოღვიძების პირველი შემთხვევა კამპაია „თარგმნე“ გახლდათ. უნივერსიტეტელებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კლასიკური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა მოითხოვეს. მათ მიაჩნდათ, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე ძირითადი დისციპლინების შესწავლა ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. 2011 წელს კამპანიის წევრები პროფესორთა თვალწინ ახალი კომკავშირის წევრებმა დაარბიეს. დარბევამ კიდევ უფრო მეტად გააძლიერა წინააღმდეგობის მოძრაობა. სტუდენტთა საპროტესტო დღის წესრიგში თვითმმართველობის რეფორმისა და მისი ძალაუფლების საკითხიც დადგა. მალევე საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა სტუდენთა თვითორგანიზებული ჯგუფი „ლაბორატორია 1918“, რომლის წევრებმაც რადიკალური მემარცხენე ელფერი შესძინეს სტუდენტურ მოძრაობას. ისინი ითხოვდნენ უფასო განათლებას, უნივერსიტეტის ჰორიზონტალურ მმართველობას, განათლების სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირებას. ამასთანავე, ლაბორატორიელები შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ცვლილების მოთხოვნასაც უჭერდნენ მხარს. 2011 წლიდანვე დაიწყო მასობრივი კამპანია, რომლის დროსაც სტუდენტებს დემოკრატიული სოციალიზმის საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიურად უტარდებოდათ ლექცია-სემინარები. „ლაბორატორია 1918“ მემარცხენე პლურალიზმის პრინციპს ეყრდნობოდა და აერთიანებდა სოციალ-დემოკრატებს, კომუნისტებს, ანარქისტებსა და ფემინისტებს. ლაბორატორია მხოლოდ საპროტესტო აქციებისა და არაფორმალური განათლების მეთოდებს იყენებდა. იგი არ მონაწილეობდა საუნივერსიტეტო კენჭისყრებში.

საუნივერსიტეტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სოციალისტი სტუდენტების მეორე ნაწილმა. მათ ერთგვარი კოალიცია შეკრეს ლიბერალურად განწყობილ ახალგაზრდებათან ერთად და „ნარინჯისფერი კანდიდატების“ სახით ერთადერთ ფაკულტეტზე მოულოდნელად გაიმარჯვეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კონკურენციაში.

აღსანიშნავია, რომ ყველა მემარცხენე სტუდენტ აქტივისტს ყოველთვის გამოხატული ანტისახელისუფლებო პოზიცია ჰქონდა. ისინი გაბედულად ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პრინციპებს.

სტუდენტური მოძრაობამ ფართო საზოგადოებრივი აღიარება 2012 წელს მოიპოვა, როდესაც „ლაბორატორია 1918“ და სხვა მემარცხენე სტუდენტები სათავეში ჩაუდგნენ საპროტესტო გამოსვლებს „ციხის კადრების“ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ბევრი მოქალაქე „ქართული ოცნების“ წარმატებას სწორედ ამ ახალგაზრდების პროტესტს უკავშირებს.

სტუდენტურმა მოძრაობის მემარცხენე მოძრაობად აღქმა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ახალგაზრდული საპირველმაისო დემონსტრაცია მინისტრ ღარიბაშვილის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარბია.

ახალგაზრდულ პროტესტს მემარცხენე-ეკოლოგიური განზომილება შესძინა სხვა სოციალისტების პასიურობისა და კონფორმიზმის პერიოდში დაფუძნებულმა „მწვანე მუშტმა“.

ამასთანავე, მემარცხენე სტუდენტები თუ ახალგაზრდები ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად უცხადებენ სოლიდარობას მუშათა ყველა გაფიცვას. ამასთანავე აგრძელებენ ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

ყველაზე გახმაურებული და წარმატებული მოვლენა მემარცხენე სტუდენტების აქტივიზმის ისტორიაში ამჟამადაც ვითარდება. არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ „აუდიტორია 115“-ის სახელით საზგადოებასა და პრემიერ-მინისტრს ძირითადად სოციალისტი ახალგაზრდები ესაუბრებოდნენ ხოლმე.

ახალი მემარცხენე მოძრაობის მთავარი სუბიექტები:

1) „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები“ - გია ჟორჟოლიანის ოპორტუნისტული პარტიასთან აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი წევრების უდიდეს უმრავლესობას აქვს კომპეტენცია მემარცხენე პოლიტიკის თეორიაში. ბევრი დამკვირვებელი „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებს“ თეორიული პრინციპების პრაქტიკულ ღალატსა და კონფორმიზმში ადანაშაულებს. ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები კრიტიკოსებს მემარცხენეობის რომანტიზებასა და სახელისუფლებო პასუხისმგებლობისგან გაქცევაზე მიანიშნებენ. ახალგაზრდა სოციალ-დემოკრეტების აზრით, ამჟამად მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ კოლაბორაციის საფუძველზეა შესაძლებელი მემარცხენე პოლიტიკის თუნდაც მინიმალურ დონეზე გააქტიურება. არასამთავრობო ორგანიზაცია არაერთ ლაბორატორიელს აერთიანებს.

ორგანიზაციიდან ნელ-ნელა დისტანცირებას (და არა გამოყოფას ) ცდილობს და მომავლისთვის ამბიციურ გეგმებს იმზადებს ანალიტიკურ პორტალ European.ge-სთან ასოცირებული ჯგუფი.

2) თვითორგანიზების ქსელი - „ლაბორატორია 1918“-ის უპარტიო წევრთა და სტუდენტების ახალი ნაკადის (უნივერსიტეტში აღმოჩნდნენ 2012, 2013 წლებში ) გაერთიანება. ქსელი რადიკალური მარქსისტული პოზიციებით გამოირჩევა. ქსელი ეწევა აქტიურ საქმიანობას თვითგანათლებისა და მარქსიზმის თეორიაში ცოდნის გამყარების მიმართულებით. გაერთიანებასთან აფელირებულ ჯგუფებად განიხილავენ მომსახურეობის სფეროში დასაქმებულთა პროტოპროფკავშირს „თბილისის სოლიდარობის ქსელსა“ და ორგანიზაციის ქალთა კომიტეტის საფუძველზე ჩამოყალიბებულ საკმაოდ ძლიერ ალტერნატივას - მემარცხენე ფემინისტურ „ქალთა მზერას“. ქსელის წევრია ლევან ასაბაშვილიც, ცნობილი მემარცხენე ურბანისტი და „ურბან-რეაქტორის“ დამფუძნებელი. ჩვენი ინტერვიუერების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქსელი ქუჩის დემონსტრაციების თვალსაზრისით ნაკლებად აქტიურია, ქსელის რიგი წევრები კი თეორიულ ცოდნას სხვებზე დომინირებისთვის, საკუთარი უპირატესობის ხაზგასმისთვის იყენებენ.

3) თბილისის ფაბიანური საზოგადოება - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკიდურესად პასიურია. გაერთიანება ქართული მემარცხენეობის არაბოლშევიკური გამოცდილების ფეტიშიზაციითაა დაკავებული. მათი კიდევ ერთი პრიორიტეტი საშუალოზე ნაკლებად პოპულარული, თითქმის უბადრუკი ბლოგის სტატიებითა და „შპიგელის“ უხარისხო თარგმანებით მომარაგება უნდა იყოს. თუმცა, აღსანიშნავია „ფაბიანელთა“ მიერ გაკეთებული ორი კონკრეტული საქმე. მათ გამოსცეს ქართული მემარცხენეობის ანთოლოგია, რომელიც საინტერესო და საგულისხმო ქართულენოვანა ტექსტებს აერთიანებს. ასევე დააწესეს 25 დეკემბრის საიუბილეო კონფერენცია.

4) მოძრაობა „მწვანე მუშტი“ - წითელებისა და მწვანეების, სოციალისტებისა და გარემოსდამცველების კოალიცია. „ფაბიანელთა“ ნაწილი მწვანე ერთობაშიც ირიცხება. მოძრაობა საკმაოდ მცირერიცხვოვანია. მათი თეორიული მომზადების დონე ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ძალიან დიდი აქტივობით გამოირჩევიან. „მწვანე მუშტი“ იშვიათად ჩუმდება და მინიმალური რესურსებით შესამჩნევ ხმაურს იწვევს. სხვა საკითხია რა შედეგები მოჰყვება ხოლმე ამ ხმაურს. მათი მთავარი პლიუსი, ალბათ, ის არის, რომ მწვანეობას სოციალისტური შინაარსი დაუბრუნეს და მემარცხენე დისკუსიებში გადმოიტანეს ეკოლოგიური საკითხები. კრიტიკოსთა აზრით, „მწვანე მუშტის“ წევრთა ნაწილი ინფანტილური გარემოსდამცველის შთაბეჭდილებას ტოვებს.

5) ახალგაზრდა მწვანეები - გენდერის მკვლევართა კავშირი, რომელიც სხვადასხვა ფონდების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს. უკანასკნელ პერიოდში მათაც ამოიღეს ხმა შრომისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, რითაც უეჭველად გაამდიდრეს მემარცხენე დისკურსი.

6) ახალგაზრდა სოციალისტები - მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტიპურNGO-აქტივიზმთან არის დაკავშირებული. ორგანიზაციის წევრები გამოირჩევიან შესაშური ორგანიზებულობითა და დისციპლინით, მაგრამ უკიდურესად პასიური არიან საპროტესტო ფრონტზე.

7) ილიაუნელი მემარცხენეები - მემარცხენე ლიბერალი ბლოგერები, ავტორები, ახალგაზრდა მკვლევარები, აქტივისტები. აქტიურად თანამშრომლობენ ლიბერალურ ისტებლიშმენტთან. წარმოადგენენ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პროგრესივისტული ფრთის კავკასიურ ბრენჩს.

8) დარგობრივი პროფკავშირები - სტუდენტური მოძრაობა განსაკუთრებით თანამშრომლობს ორ დარგობრივ პროფკავშირთან. კერძოდ, „სამთო, მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფესიულ კავშირთან“ და „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან“. ცენტრალური პროფკავშირების ლიდერისადმი ნდობა ახალგაზრდებს შორის თითქმის ნულოვანია. პროფკავშირების ახალგაზრდულ ფრთასთან ურთიერთობა ისედაც სპონტანური და ფრაგმენტული იყო. აუდიტორია 115-ის მოვლენების დროს ახალგაზრდული პროფკავშირის პოზიციებს ვითარება კვლავ გაართულა

9) სხვა სუბიექტები - სხვა სუბიექტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ რიგი ინდივიდუალური აქტივისტები. ასევე, არასამტავრობო ორგანიზაცია EMC, რომელიც მოძრაობის ადვოკატირების კამპანიებს წარმატებით და კომპეტენტურად უძღვება ხოლმე.

მემარცხენეთა უთანხმოების მთავარი საკითხები:

პირადი ამბიციები და ლიდერობისთვის ბრძოლა, ფემინისტური და სოციალისტური თემების იერარქიზაცია, ეკოლოგიური დღის წესრიგი, რელიგიური ინსტიტუტების კრიტიკის ფორმები, უმცირესობებთან ურთიერთობის ასპექტები.

პერსონები:

მემარცხენე მოძრაობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის თავის ეგალიტარულ ხასიათს მეტ-ნაკლებად ყოველთვის ინარჩუნებს. თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი საუბრობს რამდენიმე გაოკვეთილი პერსონის მნიშვნელობაზე. კერძოდ, გამოყოფენ 2012 წლის „ციხის კადრებისა“ და 2013 წლის 1 მაისს დაკავებულ, ქარიზმატულ სანდრო ცაგარელს; ცნობილ პოპულისტს, ზედაპირული მსჯელობების მოყვარულსა და პროვინციული ტელევიზიების ვარსკვლავს, სრულიად არასექსუალურ, მაგრამ მაინც ქარიზმულ ლევან ლორთქიფანიძეს; თანამედროვე ალექსანდრა კოლონტაის (აროშვილს), რომელიც ექს-ანარქისტ თოკო ჩივაძესთან ერთად თვითორგანიზების ქსელის მთავარ იდეოლოგად განიხილავენ; „მწვანე მუშტის“ ხშირად არაადეკვატურ და აგრესიულ თავმჯდომარეს ნიკა წიქარიძეს. ხშირად განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებისთვის უცნობი რადიკალები, რომლებიც შენობების დაკავებისა და აღების მთავარი ლობისტები არიან.

მთავარი მოწინააღმდეგეები:

თავისუფალი უნივერსიტეტის ირგვლივ შემოკრებილი ლიბერალები, „ქართული ძალა“, დამსაქმებელთა ასოციაცია, ბანკების გაერთიანება, გია ჟორჟოლიანი, გია გაჩეჩილაძე, სხვა ფსევდომემარცხენეები.

რა უნდა გააკეთონ მემარცხენეებმა ?

მემარცხენე მოძრაობამ გვერდით უნდა გადადოს პერსონალური ამბიციები და ინტრიგები. მათ უნდა იფიქრონ საერთო კონგრესის - მემარცხენე კონფედერაციის ჩამოყალიბებაზე. კონფედერაციამ უნდა შეიმუშავოს სტრატეგიები საერთო თემების ადვოკატირების მიზნით. საერთო თემები შეიძლება იყოს: გაფიცვების მხარდამჭერთა ასოციაციის დაფუძნება, ბანკების საწინააღმდეგო მოძრაობის ორგანიზება, განათლების რეფორმის შემუშავება, პროგრესული გადასახადების მოთხოვნის ადვოკატირება, შრომის ინსპექტირების მექანიზმის შემოღებისთვის ბრძოლა, ჰაუზინგისა და ჯენტრიფიკაციის საწინააღმდეგო ქოლები. კონფედერაცია შეიძლება გახდეს თეორიული და პრაქტიკული დისკუსიების მუდმივი პლათფორმა და მომავალში აუცილებლად შესაქმნელი კონფედერაციული პარტიის ემბრიონი.

(ბლოგი დაწერილია ათ აქტივისტთან ჩატარებული სიღმისეული სკაიპ-ინტერვიუების საფუძველზე)

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG