Accessibility links

logo-print

ავტორი: ნუციკო მთვარელიშვილი

სტუდენტობისას მეტრო რუსთაველიდან ჯავახიშვილის მეორე კორპუსამდე გზის გავლა მარტო იმიტომ არ მიხაროდა, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მერქვა, არამედ გზად ყოფილი გამომცემლობის შენობა უნდა გამევლო, სადაც ძირითადად რუსი წარმოშობის წიგნის გამყიდველებს რუსეთიდან გამოგზავნილი ძვირადღირებული წიგნები გამოეფინათ, თან საგულდაგულოდ გამჭვირვალე პარკებში ჩადებული. რაც არ უნდა დროში შეზღუდული ვყოფილიყავი საიმისო დრო ყოველთვის მქონდა, რომ ცოტა ხნით გავჩერებულიყავი თითოეულ სტენდთან და წიგნები სიყვარულითა და მოწიწებით შემეთვალიერებინა.

მომწონდა სხვადასხვა ჩემთვის საინტერესო თემაზე გამოცემული მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული და ულამაზესყდიანი ძირითადად რუსულ და ინგლისურენოვანი წიგნების დათვალიერება. ვიდექი და ვუყურებდი წიგნებს, თან წიგნსა და ფასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვის დასმაც მერიდებოდა. ისიც კარგად ვიცოდი, რომ ჩემი სამოწყალოდ გადმოგდებული, მაგრამ მაინც ჩემი საკუთარი და ,,საამაყო’’ სტიპენდიით, რომელიც მაშინ სულ რაღაც ჩვიდმეტ ლარს შეადგენდა და თანაც რამდენიმე სტიპენდიანტზე შეზღუდული რაოდენობით მოდიოდა და თითოეულს დაახლოებით ხუთი ლარი და ხურდები ან უკეთეს შემთხვევაში შვიდი ლარი გვხვდებოდა ხოლმე, ყიდვას ვერ შევძლებდი.

ვიდექი და ისევ ვათვალიერებდი წიგნებს და სულ ვფიქრობდი ეგოისტურად, რომ წიგნი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაყიდულიყო სწორედ ჩემნაირებისთვის, რადგან ის, ვინც წიგნის ფასი არ იცის, არც ძვირად იყიდდა იმ წიგნს ან იყიდიდა მხოლოდ მოდას აყოლილი და თაროების შესავსებად, მტრების გულის გასახეთქად, ხოლო ვინც წიგნის მუღამი ვიცით, იმ ფასად ვერ შევწვდებოდით ამ სიამოვნებას. ამ ფიქრში გართულს წიგნების გამყიდველი მომიახლოვდა, ისეთი სამგზის საწყალობელი თვალებით მივშტერებოდი წიგნებს, რომ მანუგეშა, თბილად გამიღიმა და მითხრა: ,,იცი, რამდენი მოდის ასე შენსავით, ვინც წიგნის ფასი იცის, დიდხანს დგას და უყურებს წიგნებსო?!“ მეამა ამის მოსმენა, მარტო მე არ ვყოფილვარ ,,ამ დღეში“ და თან გული დამწყდა.

საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად მექნებოდა იმის საშუალება, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა შემევსო საინტერესო წიგნებით.

მართალია ეს მრავალი წლის წინ იყო, მაგრამ ეს განცდა ისევ დამყვება და თან წიგნების მაღაზიასთან გულგრილად ჩავლა არ შემიძლია დღემდე. ახლა მით უმეტეს ჩემი ოცნება ხომ ახდა. სტამბები სრული დატვირთვით მუშაობენ, შეიძლება ითქვას, ერთხელ ერთმა გაზეთმა წიგნი დაურთო თავის პერიოდულ გამოცემას და აიტაცეს იდეა.

უამრავი წიგნი იბეჭდება და საკმაოდ მისაღებ ფასად, რაც უდაოდ მისასალმებელია. მეც მომეცა საშუალება, შემევსო საკუთარი ბიბლიოთეკა ახალ-ახალი წიგნებით.
ასეთი ბედნიერი მოვაბიჯებდი ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში, როდესაც მიწის თხილის შეძენა გადავწყვიტე იქვე მჯდომ ბებოსთან. ჩემს ბავშვობაში მიწის თხილსა და მზესუმზირას ბიჭების დასრულებული თამაშების – ჯოკრების ამსახველ უჯრებიან ქაღალდში ყრიდნენ, აი, იმ ქაღალდებში, 48 ფურცლიანი რვეულებიდან რომ ხევდნენ გამყიდველები და ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ქაღალდს მოახვევდნენ. ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნის ყდამ, გავბედე და სრულიად მოურიდებლად წიგნი ავიღე ხელში, დავხედე და არც მეტი არც ნაკლები დოსტოევსკი შემრჩა ხელში, შიგადაშიგ ამოპუტული ფურცლებით, რომელსაც მზესუმზირის გამყიდველი, როგორც აღმოჩნდა გვერდზე მდგარი ,,ბუკინისტისგან“ ლარად და ორ ლარად ყიდულობდა მზესუმზირის ქაღალდში ჩასაყრელად… გავბრაზდი და უფრო მეტად კი დავფიქრდი. არა, ამ ქალს მე რას მოვთხოვდი საკუთარი ნივთის განმკარგავს. უფრო გლობალურად დავფიქრდი. ეს ერთი წიგნი კი შემრჩა ხელში ასე გაბახებულ – გაპარტახებული- ამოპუტული და ვინ იცის, რამდენი ასეთი წიგნია მზესუმზირასა თუ ყანის ბოლოში მდგარ ტუალეტებში გაგზავნილი.

გადავწყვიტე, რომ ბუკინისტებში უფრო ხშირად მევლო და ძველი წიგნები ასეთი სავალალო დასასრულისგან გადამერჩინა. ასეც მოვიქეცი. ძვირფასი და იშვიათი წიგნები შევიძინე როგორც იტყვიან სულ ,,კაპიკებში“, ზოგიერთი დაფლეთილი და სარესტავრაციო. ახლა ვზივარ ჩემს ,,პაციენტებთან“ და დიდი სიყვარულით და სიფრთხილით ვაწებებ თითოეულ ფურცელს, ყდას, ვწმენდ და ვასუფთავ დიდი ხნის დადებული მტვრისგან და გული სიხარულით მევსება, როდესაც ვფიქრობ, რამდენი წიგნის გადარჩენა შევძელი და, ზოგადად, შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის კი საჭიროა ის, რომ ნება და მონდომება, სურვილი, ვიქცეთ წიგნების მეგობრებად და ჭეშმარიტად, გავიმდიდროთ ჩვენი ბიბლიოთეკა ბუკინისტური წიგნებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG