Accessibility links

logo-print

მატარებელი... მატარებლით... მატარებლამდე...


ავტორი: ნუციკო მთვარელიშვილი

1. მატარებელი:

მიყვარს:

რკინიგზის სადგურები, მატარებლები, ბევრი მომსვლელ-წამსვლელი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული, ლოდინით დაღლილი თვალები, ცრემლიანი გაცილება და გულაჩუყებული გამცილებლები, მატარებლიდან სანახევროდ გადმოკიდებული ,,პრავადნიკები“, კეთილი მოხალისე ბიძები, რომლებიც ყოველთვის ჩნდებიან, როდესაც მატარებელში ბარგის ატანას ვცდილობ, ხაჭაპურებისა და ცივ-ცივი სასმელების დამტარებელი სახე და ხელებგარუჯული ჩემი ბებოსტოლა ჭილოფისქუდიანი ქალები, აქა-იქ ჭრელა-ჭრულა კაბებში გამოწყობილი ჭროღათვალებიანი ბოშა გოგონები, თავისქექვითა და ნაძალადევი ღიმილით მოწყალების მთხოვნელნი, ბილეთების შემოწმების პროცესი, მატარებელში ბარგის განთავსებისა და მოკალათების წუთები, უაზრო და დროის გასაყვანი ჟურნალ-გაზეთების კითხვა მატარებლის ჩაქჩაქისას, ლოდინი, პირველად როდის შეგარყევს მატარებლის ადგილიდან დაძვრა, მატარებლის ფანჯრიდან მოუხერხებლად ხელების გაყოფა და თითების ბოლოებით საყვარელი ადამიანისთვის ხელის შეხება, ღიმილი სახეზე, რომელიც ნახევრად მოჩანს მატარებლის ფანჯრიდან, კუპეში დაბრუნება და მთელი გზა ფიქრი საკუთარ განვლილ ცხოვრებაზე ან სხვისი ცხოვრების ამსახველი ამბების მოსმენა გვერდითა ,,კუპიდან’’, მეზობელი ნომრიდან ჯოკერის მოთამაშეების ხორხოცი და შიგადაშიგ კუთხური სხარტულების მოსმენა, შენც რომ გახალისებს და განწყობას გიმაღლებს, ღამით ზედა საწოლზე ვერდაძინება და მეზობელი ნომრიდან ანეგდოტების მოსმენა და მარტო ხითხითი, მატარებლის ფანჯრებიდან ადამიანების, საგნების სწრაფი მონაცვლეობა, მატარებლის ტუალეტში გასვლის სურვილის არქონა უკიდურეს გაჭირვებამდე, ფხიზელი ,,რეანიმატოლოგის“ ძილით დაძინება, მატარებლიდან მზის ამოსვლისთვის დაკვირვება, მსუბუქი დაღლილობა უხერხული წოლისა და ფხიზელი ძილის გამო…

2. მატარებლით:

… გვიან ღამით მატარებლით ვლაქერნობისთვის წასვლა მხოლოდ ერთი დღით, გამთენიისას ჩემი საყვარელი ადამიანების – მთელი ოჯახით დახვედრა და ჭეშმარიტად ქართული მასპინძლობა, ზრუნვა და სიყვარული, პატივისცემა, საღამოს უკან მატარებლით თბილისში დაბრუნება…

… პირდაპირ რესტორნიდან, ცეკვისას, მეგობრებს გამოპარული მეგობრები ჩემოდნებით რკინიგზის სადგურისკენ, მატარებლისთვის წუთი-წუთზე მისწრება, ,,კუპეში“ სამი მეგობრის მიერ მეოთხე უცხო მგზავრის ,,გადაბირება-გაგდება“ სხვა ,,კუპეში“ მეოთხე მეგობრის ჩანაცვლებით, მთელი ღამით სახალისო ამბების მოყოლა, შესვენებისას გვერდით მეზობლების, მხიარული გურულების, სახალისო ამბების მოსმენა გურულად და ჩვენი და მათი ერთობლივი – ორი ,,კუპის“ ხორხოცი, დილას გამოუძინებელი დაბიჟვინებული სახეები და მსუბუქად თავის ტკივილი, ოცნება მაცოცხლებელ დილის ყავაზე, ჩახუტება, გაცილება, მეგობრების ჩანთებისა და ჩემოდნების თრევა მატარებლის გასასვლელამდე…

… ბერლინიდან პოტსდამისკენ მიმავალი მატარებლის ნაცვლად სხვა მიმართულების მატარებელში ჩაჯდომით გამოწვეული მსოფლიო გაოცება, გერმანელი ბებო-მგზავრის თანაგრძნობა და გერმანულ-ჩიქორთული ინგლისურით ახსნილი სწორი მიმართულება, თმაგაწეწილი მატარებლიდან ჩახტომა და მეორე ბაქანზე კენტავრივით გადარბენა სასურველი მატარებლის მისწრების იმედით…

… ბევრჯერ ნახვის ეშხში შესული აზერბაიჯანელი შავულვაშა ,,პრავადნიკის“ უკვე მერამდენედ გამასპინძლება აზერბაიჯანული ჩაითა და საიდანღაც საგანგებოდ ნაშოვნი ტკბილეულით, ძნელია, არ დაუფასო ადამიანს მონდომება და პატივისცემა, ყურადღების გამოვლენა, მორიდება და გაცნობის დაუცხრომელი სურვილით ნაკარნახევი ფრთხილი კაკუნი კარზე მორიგი ჩაის ჭიქით…

… ვარშავაში, მოხდენილი და გემოვნებიანი პოლონელი ქალბატონებისა და სიმპატიური მამაკაცების თვალიერება, გაჩერებიდან გაჩერებამდე, ახალ-ახალი სახეები, განსხვავებული ძალიან აქაური სტილი, საინტერესო სახეები…

3. მატარებლამდე…

…კიდევ ერთი თავგადასავლის მოლოდინი, ბედნიერების განცდა, მატარებლის ჩაქჩაქი, მძიმე რკინის ბორბლები, ახალი სახეები, ახალი განცდები, მატარებლის სურნელი, მატარებლის შავი ,,თეთრეული“, სასწრაფოდ, ბოლო წუთზე ნაყიდი ბილეთ(ებ)ი, ერთდღიანი გადარეული მოგზაურობა მატარებლით იმავე დღეს უკან დაბრუნების პერსპექტივით, გადარბენა, ბილეთში მითითებული ვაგონის პოვნითა და მატარებელზე არდაგვიანებით გამოწვეული მღელვარება, მძიმე მოგზაურის ჩანთების თრევა, კეთილი ადამიანების დახმარება გზადაგზა, უსაშველოდ ბევრი ფიქრი საკუთარ თავთან, განსხვავებული სუნამოების სურნელი ერთმანეთში არეული, სიცხე და მტვერი ან პირიქით, ტალახი, სიცივე, საკუთარი ,,კუპის“ ძებნა და დაბინავება…

მატარებლის ფანჯარაზე ცხვირის მიჭყლეტა, ხელის გულები შუშაზე და გამუდმებული ფიქრი:

მატარებელი… მატარებლით… მატარებლამდე…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG