Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველაფრისტი“ ექსპერტების ონტოგენეზი


ავტორი: ზურა ვაშაკიძე

მასმედიაში ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს ექსპერტებს უწოდებენ.თავისთავად ამ ფაქტში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ როდესაც ერთი და იგივე ადამიანი მოსაზრებებს გვიზიარებს ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, ეკოლოგიის, ფსიქოანალიზის, და საერთოდ ნებისმიერ თემაზე,(ფინანსურ დავებსაც კი წყვეტს) ცოტა ეჭვი მიჩნდება რომ რაღაც არასწორი ხდება. ამ დროს ძირითადად ლექსიკონს მივმართავ ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ძალზე მკაფიო განმარტება ვიპოვე: ექსპერტი - „გამოცდილი“ -რაიმე საქმის სპეციალისტია, რომელსაც იწვევენ რთულ, სადავო შემთხვევებში ექსპერტიზისათვის.

ყველაფერი ნათელი და გასაგებია-რაიმე საქმის და არა ყველაფრის სპეციალისტი.

ჩვენი თაობა საბჭოთა ზოგადი განათლების სისტემის გამოზრდილია. რამდენად კარგი იყო თუ ცუდი ეს სისტემა, ცალკე საუბრის თემაა. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ ახალგაზრდებისთვის რომ უფროგასაგები გახდეს. მე პირადად პროფესიით მეტყევე ვარ.ინსტიტუტში სპეციალურ საგნებთან ერთად გვასწავლიდნენ ფილოსოფიას, კომპარტიის ისტორიას, მეცნიერულ კომუნიზმს. ფილოსოფიასთან ბოდიშს მოვიხდი, იმიტომ, რომ ნამდვილად მიყვარდა, თუმცა რასაც გვასწავლიდნენ ფილოსოფიისგან საკმაოდ შორს იყო. განათლებულ ადამიანად ითვლებოდა, ის ვინც ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკაში, საერთოდ ხელოვნებაში ერკვეოდა. ასე, რომ სწავლის პერიოდში თუ 50 წიგნი გვქონდა წაკითხული სპეციალობაში, 500 წიგნს სხვას ვკითხულობდით. საბოლოოდ ვყალიბდებოდით ცოტა ხელოვნებათმცოდნეებად, ცოტა ლიტერატორებად, ცოტა ფილოსოფოსებად და ცოტა ჩვენი ძირითადი პროფესიის სპეციალისტებად. რა თქმა უნდა გამონაკლისებიც იყვნენ, რომლებიც შემდგომში მაღალი დონის სპეციალისტები და მეცნიერები ხდებოდნენ. ჯგუფში 35 სტუდენტი ვსწავლობდით. ნახევარს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება გვქონდა და დღეს მხოლოდ 2 მუშაობს სპეციალობით. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მთავარია დიპლომი გქონოდა და საჭირო კავშირები. თუ კომპარტიის წევრიც გახდებოდი, კარიერული წინსვლა და უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გქონდა.

მე ვფიქრობ მოქმედი ექსპერტების უმრავლესობა, ასეთივე ცოტა-ცოტა ექსპერტია ყველა დარგში და საბოლოოდ არაფრის ექსპერტი არ არის. სითამამე და რიხი არ აკლიათ და ეკონომიკაზე საუბრისას თუ ასტრონომიის ან ბირთვული ფიზიკის შესახებ დაუსვამთ კითხვას, იგივე რიხით გიპასუხებენ. საქმე მათ სითამამეში კი არა, მათ კომპეტენციაშია. უფრო სწორედ მათ არაკომპეტენტურობაში.

ნუთუ 30 წლის მანძილზე არაფერი შეიცვალა და ისევ ზედაპირულ ცოდნაზეა მოთხოვნილება? ისევ პირადი გამოცდილებიდან მოვიყვან მაგალითს. შემთხვევით შევიტყვე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა. ცოტა მომერიდა, რადგან ჩემი ასაკის გამოცდაზე არავინ ჩანდა, მაგრამ დამაინტერესა, მოცლილადაც ვიყავი და სერტიფიკატი ავიღე. პრაქტიკულად არაფერში დამჭირვებია, მაგრამ დავრწმუნდი რომ გამოცდა ობიექტურად ტარდება, დამკაფიოდ არის განსაზღვრული ცოდნის დონე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის უფლებას გაძლევს. ეს მისასალმებელია და გამიხარდა. ალბათ შესაბამისი კრიტერიუმები სხვა სფეროში მოღვაწე სახელმწიფო მოსამსახურეების მიმართაც განსაზღვრულია. აბა რით ვერ დაადგა საშველი, რომ ექსპერტებსაც რაღაც მსგავსი მაინც მოვთხოვოთ.

ე.წ. ხელოსნებში არის ასეთი კატეგორია - „ყველაფრისტი“ხელოსანი. ანუ ხელოსანი, რომელიც ყველანაირ საქმეს კიდებს ხელს - ლესავს, აშენებს, ადუღებს, სახურავს ხურავს და ა.შ. მე ასეთ „ყველაფრისტ“ ხელოსნებს არ ვენდობი , რადგანაც როგორც წესი ვერცერთ საქმეს ხარისხიანად ვერ აკეთებენ.

როდესაც კვების პროდუქტებს ვყიდულობთ, დარწმუნებული ვარ ყურადღებით ვარჩევთ ხარისხიანს, გამოშვების თარიღს ვაკვირდებით, მწარმოებელზე ინფორმაციასაც მოვიძიებთ. ერთი სიტყვით ფრთხილად ვართ, რომ საეჭვო წარმოშობის პროდუქტი არ შევიძინოთ. აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, მაგრამ კუჭთან ერთად ცოტა გონებასაც გავუფრთხილდეთ და საეჭვო ექსპერტების აზრებით ნუ მოვიწამლავთ თავს.

ვფიქრობ მასმედიის წარმომადგენლებმა, როდესაც ადამიანს ექსპერტად მოიხსენიებენ, აუცილებლად უნდა დააზუსტონ, თუ რომელი დარგის სპეციალისტია, ან რა გამოცდილება აძლევს მას უფლებას თავის თავს ექსპერტი უწოდოს.

ერთია, როცა უბნის ბირჟაზე, სამზარეულოში ან დუქანში გამოთქვამ შენს მოსაზრებებს და მეორე, როდესაც მასმედიით.

ექიმისგან, ხელოვანისგან, მეცნიერისგან, ხელოსნისგან კვალიფიკაციას ვითხოვთ და ექსპერტებისგან არა. საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირება, პაციენტის არაკვალიფიცირებულ მკურნალობაზე ნაკლები დანაშაული არა მგონია იყოს.

არა მგონია საქართველოში სპეციალისტების ისეთი დეფიციტი გვქონდეს, რომ რაიმე საკითხის გასარკვევად, ამ საკითხის სპეციალისტს მივმართოთ და არა „ყველაფრისტ“ ექსპერტს.

საბედნიეროდ და საამაყოდ ბევრი პროფესიონალი, საკმაოდ გამოცდილი, ახალგაზრდა სპეციალისტი გვყავს. დროა და აუცილებელიცაა დავუთმოთ მათ ასპარეზი და მივცეთ საშუალება მეტი მოცულობით მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვაშიც და გადაწყვეტაშიც.

ალექსანდრე პუშკინის ლექსი „მეწაღე“ გამახსენდა. ერთი სტრიქონის ჩემებურ თარგმანს შემოგთავაზებთ(სპეციალისტის თარგმანი ვერ ვიპოვე, ბოდიშს ვიხდი). – „მეწაღევ, ძმობილო! ფეხსაცმლის მიღმა ნუ მსჯელობ!“

ოდნავ ხუმრობით დავამთავრებ: პირადად მე, ექსპერტობისთვის ოთხი რამ მესაჭიროება - რკინიგზის საკითხებში გარკვევა, წითელი ჯემპრი, ერთი სერიოზული ორგანიზაციის რეკომენდაცია რომელიმე ძალიან მდიდარ ადამიანთან, და ყველაზე, ყველაზე მთავარი - თავხედობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG