Accessibility links

logo-print

ებრძოლე იდეოლოგიას და არა - ხალხს


ავტორი: რატი თვალავაძე

რატომ უნდა დავდგეთ ლიბერალები ლიბერალური პრინციპების გვერდით დღეს ისე, როგორც არასდროს

აშშ - ს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეტაპი, რომელიც პარტიებიდან კანდიდატების არჩევას გულისხმობს გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება, სულ რაღაც ორ თვეზე ნაკლებში ნიუ ჰემფშირში პირველი პრაიმერი გაიმართება. რესპუბლიკური პარტიიდან გამარჯვების ერთ - ერთი მთავარი პრეტენდენტი, ექსცენტრიული მილიარდერი დონალდ ტრამპია, რომელიც ფაშისტური განცხადებების კეთებას არ ერიდება და ღიად საუბრობს იმ შესაძლებლობაზე, რომ მუსლიმებს აშშ - ში შემოსვლა აუკრძალონ. რადიკალია რესპუბლიკელთა კიდევ ერთი წარმომადგენელი ბენ კარსონიც, რომელმაც NBC - ის გადაცემაში Meet The Press განაცხადა, რომ არ ემხრობა მუსლიმის პრეზიდენტად არჩევას.

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ასეთი განცხადებები ერთჯერად ხასიათს არ ატარებს, ისინი გრძნობენ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მხარს უჭერს და ცდილობენ რეიტინგი სწორედ ასეთი გამოსვლებით მოიპოვონ - შემთხვევითი არ არის, რომ დონალდ ტრამპი წინასწარ გამოკითხვებში არცთუ მცირე სხვაობით ლიდერობს.

მოდით, თავდაპირველად აშშ - ს არჩევნების დისკურსი გლობალურ არენაზე გავშალოთ - ევროპაშიც ანტი-მუსლიმური მოწოდებები უფრო და უფრო ხშირად გაისმის, საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველ რაუნდში ხმების 27,7 % მიიღო (და პირველი ადგილი დაიკავა), ხოლო მეორე რაუნდში კი დამარცხდა, პარტია „ნაციონალურმა ფრონტმა“, რომლის ლიდერმა მარინ ლე პენმა რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაში, ქუჩაში მლოცველი მუსლიმები ნაცისტურ ოკუპაციას შეადარა.

და მაინც, რაში უშვებენ ისინი შეცდომებს და რატომ იქნება მსგავსი რიტორიკა არაპროდუქტიული „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და რატომ არ მოუტანს ის უსაფრთხოებას ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ? რთულად პროგნოზირებადი არ იქნება მოვლენათა ისეთი ტიპის განვითარება, როცა ასეთი შინაარსის განცხადებების მოსმენის შემდეგ, მუსლიმური მოსახლეობა, რომელიც საკმაო რაოდენობითაა წარმოდგენილი ამ სახელმწიფოებში, თავს შევიწროებულად იგრძნობს და ინტეგრაციისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს. როგორც CNN - ის კომენტატორმა და Washington Post - ის მესვეტემ ფარიდ ზაქარიამ აღნიშნა, “ტრამპის განცხადებების რეალური საფრთხე ის არის, რომ ის ყველა ტიპის ადამიანს ერთ სიმრავლეში აერთიანებს. მისმა რიტორიკამ უკვე მოწამლა ატმოსფერო - მუსლიმი ამერიკელები უფრო მეტად წავლენ იზოლაციისკენ და საზოგადოებაც უფრო ნაკლებად ენდობა მათ.“

მაშ, რა არის გამოსავალი და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ტერორიზმის საფრთხეს ? თავი და თავი აქ იდეოლოგიაა, რომელიც აგრესიასა და შევიწროებას ქადაგებს და რომელსაც ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთის დაფინანსებითა და მხარდაჭერით დიდი გაქანება აქვს. ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარი იხარჯება იმისთვის, რომ ვაჰაბიზმი (რომელიც ისლამის ყველაზე მკაცრ და აგრესიულ სახედ ითვლება) რბილი ძალის მეშვეობით გავრცელდეს არაბულ თუ სხვა მუსლიმურ სახელმწიფოებში - მადრასების მშენებლობის დაფინანსება (სადაც რადიკალურ ვაჰაბიზმს ქადაგებენ), ვაჰაბისტური სასწავლო წიგნების დისტრიბუცია და ა.შ. საუდის არაბეთი ბევრი რამით ჩამოჰგავს კიდეც “ისლამურ სახელმწიფოს“ - არატოლერანტულობა, ქალების უფლებების უარყოფა, საჯარო სიკვდილით დასჯის „ცერემონიები“, სექსუალური უმცირესობების სიკვდილით დასჯა, ხშირ შემთხვევაში უმაღლესი სასჯელია ასევე რელიგიაზე უარის თქმასა და მკრეხელობაზე, საჯარო გაროზგვები - და ეს მხოლოდ არასრული სიაა.

საუდის არაბეთი სხვადასხვა დროს არაერთხელ მიუჩნევიათ, როგორც რადიკალური ისლამის გამავრცელებლად, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებსაც. „ვიკილიქსის“ მიერ 2011 წელს გავრცელებულ ჩანაწერში, აშშ - ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიის“ მხრიდან ჰილარი კლინტონი ამბობს: „საუდის არაბეთი რჩება კრიტიკულ დამფინანსებლად „ალ-ქაედას“, „თალიბანისა“ თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისა.“ საჯარო კრიტიკას არ მორიდებია ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: „რეგიონში ჩვენი მოკავშირეები, სირიაში პრობლემებად გვექცნენ. მათ დაიწყეს ასობით მილიონი დოლარისა და ათობით ტონა იარაღის მიცემა ნებისმიერისთვის, ვინც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებდა - მათ შორის „ალ-ნუსრასთვის”, „ალ ქაედასა“ და სხვა ექსტრემისტული ელემენტებისთვის.“

მთავარი, პრობლემის საფუძვლის აღმოფხვრაა, სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშავონ დასავლურმა სახელმწიფოებმა, არ დაუშვან ვაჰაბიტური იდეოლოგიის წამყვან ძალად ქცევა ისლამურ საზოგადოებაში, რამეთუ ეს უფრო დიდ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოა“. ამასთან, სახელმწიფოთა ლიდერებსაც უფრო დიდი ყურადღება მართებთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასაც, რათა არ დაუშვან მუსლიმების წინააღმდეგ რაიმე ტიპის პროპაგანდის აგორება, მაქსიმალურად დადგნენ ლიბერალური ღირებულებების გვერდით და შეეწინაღმდეგონ იმ იდეოლოგიის გავრცელებას, რომელიც დასავლურ ცივილიზაციასთან აშკარა კონფლიქტშია შესული.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG