Accessibility links

logo-print

გამოხატვის თავისუფლების მტრები


ავტორი: რატი თვალავაძე

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ დასჯადი ქმედება ხდება. საქართველო პირველი ქვეყანა არ გახლავთ, სადაც ეს საკითხი განიხილება და მრავალი შემთხვევა (aka ქეისი) შეგვიძლია მოვიყვანოთ იმის დასტურად, თუ რამდენი უბედურების მოტანა შეუძლია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით.

ალბათ, ერთ - ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითია, ირანის სულიერი ლიდერისა და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის აიათოლა ხომეინის მიერ 1989 წელს გამოცემული ფატვა (იგივე რელიგიური ბრძანება), რომლითაც ის მოუწოდებდა მუსლიმებს მოეკლათ ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი სალმან რაშდი, ლიტერატურული ნაწარმოების „სატანური სტროფების“ დაწერის გამო. მსურველი, ბუნებრივია, უამრავი იყო, რამეთუ ჯილდო აიათოლასგან, როგორც ზეციური სამოთხე, ისე ამქვეყნიური ფუფუნებაც გახლდათ - მკვლელს საქმის შესრულებისთვის სოლიდური თანხა, 1 მილიონი დოლარი ერგებოდა. ამ საქმეს არაერთი მსხვერპლი მოჰყვა - მათ შორის ნაწარმოების მთარგმნელები და გამომცემლები, რაშდი კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული დაცვის წყალობითა და სხვადასხვა ადგილებზე მიმალვით გადაურჩა სიკვდილს.

ფართოდ განხილვადი და ცნობილი მაგალითია 2005 წელს დანიურ გაზეთში გამოქვეყნებული კარიკატურები მუჰამედის მონაწილეობით, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში დემონსტრაციები მოჰყვა. დანიის მაშინდელმა პრემიერმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ეს შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დანიის ისტორიაში ყველაზე რთულ ინციდენტად შეაფასა. სახეზე იყო აშკარა მუქარა მუსლიმური სახელმწიფოებისა და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან, თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის წინააღმდეგ.

თუმცა დასავლეთმა ამ გამოწვევასაც გაუძლო და ჟურნალ-გაზეთებს არ შეუწყვეტიათ ისლამის თემაზე წერა და კარიკატურების გამოქვეყნება. გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა კი გასულ წელს, საფრანგეთში მოხდა. როცა რადიკალი ისლამისტები „შარლი ებდოს“ რედაქციას დაესხნენ თავს, 11 ადამიანი დახოცეს და ამდენივე დაჭრეს. მიუხედავად ასეთი მსხვერპლისა, საფრანგეთს არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია და მათ ლიდერებს არ უთქვამთ, რომ ეფემერული რელიგიური გრძნობების დასაცავად,ახალი კანონის შემოღება იყო საჭირო, პირიქით, ტერაქტიდან რამდენიმე დღეში საფრანგეთი ერთ მუშტად შეიკრა და უთხრა „არა“ რელიგიურ შანტაჟს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე უარის თქმას მოითხოვს.

ყველა ზემოთ თქმული მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ წამართმევს თავისუფლებას, ირანელი აიათოლა მის მიერ გამოცხადებული ფატვათი, ალ-ქაედას ტერორისტი ხელში იარაღით, თუ ჯაჭვლიან-ბესელიები არაადეკვატური კანონპროექტის მხარდაჭერით.

ქართველ კანონმდებელთა ნაწილი,ნაცვლად იმისა, რომ ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის პირობებში, ისედაც სუსტი და არამყარი დემოკრატიისა და სეკულარული რესპუბლიკის საფუძვლების გამაგრებით იყოს დაკავებული, ძირს უთხრის მას. მათ არ ესმით ყველაზე მთავარი, რომ მწერლისა თუ საზოგადო მოღვაწის საქმე არ არის ისეთი რაღაცების წერა/თქმა, რომელიც ასიამოვნებს და სიხარულს მოჰგვრის მორწმუნეებს. ამასთან, მორწმუნეებს, ცხადია, აქვთ უფლება გააპროტესტონ ესა თუ ის ნაწარმოები, სვეტი თუ გამონათქვამი ამა თუ იმ პირისა.

თუმცა იმის დაკანონება, რომ „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ (რომლის განსაზღვრებასაც, კანონპროექტის შემქნელები თუ მხარდამჭერები დღემდე ვერ გვთავაზობენ) დასჯადი გახდეს, აბსოლუტური აბსურდია, ხოლო „რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელთა“ წინააღმდეგ ძალადობრივი ბრძოლა კი - უმკაცრესი დანაშაული.

სვეტს კი, ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი მოაზროვნისა და დიდებული პუბლიცისტის ქრისტოფერ ჰიტჩენსის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა: „ერთადერთი რამ, რაც ნებისმიერ ფასად უნდა იქნას შენარჩუნებული გამოხატვის თავისუფლებაა, რადგან თუ ის დავკარგეთ, დავკარგავთ ყველა სხვა უფლებას, რომელიც დღეს ხელშეუხებლად მიგვაჩნია.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG