Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: სალომე გაბლიანი

მეტროსადგური ვაგზლის მოედანი. ვაგონი ჯერ თითქმის დაიცალა და მერე კვლავ შეივსო. სახეები განსხვავებულია, ქმედება კი მუდმივი და უცვლელი: ყველას კართან ახლოს დგომა სწყურია და ერთმანეთის ჯიბრით თვალებანთებულები ძალაუნებურად ეხუტებიან გვერდზე მდგომს და სინანულნარევი ‘’აფსუს’’ თავლებით გაჰყურებენ ვაგონის თითქმის ცარიელ დერეფანს, სადაც გზას უკვე მოიკვლევს 7-8 წლის ბიჭუნა, ბოშას არ ჰგავს, უფრო- რუსს, სუფთად აცვია: თბილი, თეთრი, შავზოლებიანი სვიტერი, ჯინსი და კედები. უცებ ქვემოდან მზერას აპარებს, საიდანღაც საფრთხეს გრძნობს. აი ისიც: მგზავრებს შორის 16-17 წლის ბოშა გოგოს ხედავს, აშკარაა, ერთმანეთს იცნობენ. ბიჭუნას თვალები, აქამდე რომ სიბრალულს აღძრავდნენ, უცებ ივსება მუქარით, ქიშპობითა დადაზვერვით. როგორც კი მიხვდა, რომ გოგო უბრალოდ მგზავრი იყო და არა მეტოქე მოწყალების რიგში, დაძაბულობის სუნიც გაიფანტა და ბიჭმა თავისი საქმიანობა განაგრძო: ხატებს არიგებს, უსიტყვოდ, უთქმელად. კალთაში ერთი მოქნილი მოძრაობით უდებს მგზავრს, რომელიც ხანდახან ისე იბნევა, გაკვირვებაც აგვიანდება. თუმცა ეს უფრო ადრე იყო. დღეს მოწყალების ასეთი თხოვნა ლამის ტრადიციად იქცა. თავდაპირველად ეს საქმიანობა ახალგაზრდა ბიჭმა დაიწყო. იგი თავიდან ბევრს მუნჯი ეგონა. შეიძლება იყო კიდეც. მერე კი ამ საქმიანობას ისეთმა ნაცნობმა სახეებმა მიყვეს ხელი, რომელთა გამყინავი ‘’დეიდებო, ბიძიებო..’’ ხშირად მოგვისმენია და მივხვდით, რომ ეს ყრუ-მუნჯობაც ბლეფი იყო.

ჰოდა, გასხლტა ეს ბიჭუნა მგზავრებს შორის, მიიხედა,მოიხედა, ახალგაზრდა გოგონები შეარჩია, მათგან ნაკლები აგრესია მოდის და იმიტომ;ჩაუგდო კალთაში თითო-თითო პატარა ხატი და ისევ ვაგონის თავში გაიქცა, სადაც უკვე ელოდა პოტენციური ნაწყალობევი. ჩემ პირდაპირ 20-21 წლის გოგონა ზის, უყურებს ხატს და ფიქრობს. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მგონია ვიცი, რასაც ფიქრობს: რომ ეს ბიჭუნა ქრისტეა, რომელმაც კარზე აკაკუნა, და თუ არ გაუღებს, შესცოდავს. თუ მას დაეხმარება, იმედი აქვს, რომ წმინდანი, რომლის ხატიც ახლა ხელში უჭირავს, სიკეთისთვის სიკეთეს მიუზღავს. რეალურად რას ფიქრობდა, ცხადია, არ ვიცი, თუმცა იმას კი ნამდვილად ვხედავ, რომ იღებს საფულეს და ლარიან მონეტას პატარ გამოწვდილ ხელში დებს. პატარა ხელის პატრონი კი სასწრაფოდ ტოვებს ვაგონს.

მაშინ , როცა სარწმუნოება ბიზნესისა და კომერციის სფერო ხდება და ამის ნებას შენ თვითონ აძლევ ნებისმიერს, ვინც უნდა უყოს ის, შენ საზოგადოება არ ხარ.

როცა შენ ფანატიკურად გწამს და არ ეძებ რაციონალურ პასუხებს, შენ საზოგადოება არ ხარ.

როცა ხედავ, რომ შენს რელიგიურ გრძნობებს აღებ-მიცემობისთვის იყენებენ და გმართავენ, შენ კი თავს იბრმავებ, შენ საზოგადოება არ ხარ.

გასცემ მოწყალებას? დასაფასებელია. თავს გიკრავ. ვცდილობ, მოგბაძო. მაგრამ ხშირად ბრმა ხარ ან თავს იბრმავებ, იმიტომ ,რომ გგონია, სიკეთეს ჩადიხარ, არადა ვაჭრობ. ის ყიდის, შენ ყიდულობ. და რას ყიდულობ? რწმენას? თუ, უფლის იმედად, ხვალინდელ აწყობილ ცხოვრებას? შენ თვითონ უბიძგებ, რომ რელიგიური სენტიმენტებით გმართონ და შენ საზოგადოება არ ხარ, იმიტომ, რომ ამას ხელს არ უშლი.

როგორ მოვიქეცი მე მსგავს სიტუაციაში? ხატი დავუბრუნე, ‘’ქვის მსროლეთათვის’’ ვიტყვი, არა იმიტომ,რომ ქრისტიანი არ ვარ. არამედ იმიტომ, რომ რწმენა ჩვენს შიგნით არის და მისი აღძვრისა და გამძაფრებისთვის ხატის, ტაძრის ან მოღძვრის დანახვა აუცილებელი არ არის. მერე კი პატარა ბიჭს შოკოლადი ვუწილადე. დამიჯერეთ, ბავშვებს ფულზე მეტად ტკბილეული უყვართ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG