Accessibility links

logo-print

ავტორი: სალომე აფციაური

მტვრით გაბლისკნილ, ცემენტატყავებულ, მილიონობით ფეხით გათელილ, გადატვლეპილ და ნაგვით მოვარაყებულ ქუჩებში დიფუზიის წყალობით ყველა სუნი წამისუსწრაფესად ვრცელდება. ქარი ქაოსური მიმართულებით წარიტაცებს და ხან ვის ცხვირს შეახოცავს სურნელებას ხან ვის. ცხვირიც თავის მხრივ წამისწამად გადაგზავნის სუნს ალვეოლებისკენ და უმალ მთელ ჩვენს ორგანიზმს წამლავს ან უწამლებს.ზოგჯერ ისეც ხდება ცხვირიდან ვეღარ ვიშორებთ სუნებს, კილომეტრობით აგვიწყობენ ფეხს და თუკი შევძელით მოშორება გონებაში მაინც რჩებიან ცუდ ან კარგ მოგონებად.

მიწისქვეშ მომაკვდინებელ სუნთა სასუფეველია, ჩახვალ და გული აგიჩქარდება, თვალები აგეწვება,იქნებ გულისრევის შეგრძნებაც შემოგიჩნდეს. ფეხს აუქარებ, სუნთქვას შეიკრავ მაგრამ გზა დიდია, ერთი ამოსუნთქვით გავლა კი- ძნელი, ტვინში დილემაა,მომაკვდინებელი სუნის შესრუტვასა და სუნთქვის გარეშე სიკვდილს შორის არჩევანში, ბოლოს ინსტინქტები იმარჯვებენ, ისუნთქავ სუნს და ეს რჩება ყველგან. მიწისზედ ამოსულს ტანსაცმელზე მიგეკრობა, თმაზე შეგახმება,ხასიათსაც საგრძნობლად ააყროლებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩახუთულობაში გამოზრდილი ერთმანეთთან შეზავებული სუნების სამეფოა. ახვალ და გეცემა ყველაფრის სუნი, შამპუნიდან დაწყებული ოფლით დამთავრებული. ეს უცნაური მიქსტურა ხვდება ცხვირში, თავიდან ოდნავ გეხამუშება, მერე ნელ-ნელა შეჩვევის ფაზაში გადადიხარ, იცი ამ ყველაფერს შენი სუნიც შეუერთდა, ბოლოს ნებდები და სუნებსაც უყოყმანოდ ღებულობ, პრინციპში სხვას ვერც ვერაფერს იზამდი.ჩამოდიხარ ტრანსპორტიდან აჭრელებული სუნებით სავსე ნესტოებით და ახლა გარეთ არსებული ოდნავ სუფთას მსგავსი ჰაერი გეხამუშება.

ყველაფერი ყარს, ყველაფერს სუნი ასდის და უმეტესობას უსიამოვნო. შეგიმჩნევიათ ადამიანს რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს, შეიარაღებულ ადამიანზე მეტად რომ გაურბიან? ამ დროს ყველანაირი ზრდილობა ქრება და ყველა დაბანილ-მოვლილის თვალები ერდროულად ესვრის და ცხრილავს სუნის გამავრცელებელს, ზოგი ხმამაღალ რეპლიკებსაც არ ერიდება და მთელი სახე და სხეული ევსებათ ცხოველური სიშმაგით,მოიშორონ გამავრცელებელი. გამავრცელებლები ოდნავ დაბნეულები არიან ხოლმე, ვერ ხვდებიან ან არ სურთ მიხვდნენ რისთვის ითვალწუნებს მათ უცნობი საზოგადოება... ეს მონაკვეთი არც ერთ მხარეს არ აკრიტიკებს, ყოვლად ბუნებრივ მოვლენას აღწერს.

უბრალოდ ყველაფერი ყარს, ყველაფერი თავისებურად. ძნელია რამე მოძებნო სუფთა, სპეტაკი და იქ დაყო ხანი. გართულდა უსუნო,მტკნარსუნიანი ადგილები დედაქალაქში, და ალბათ სხვაგანაც. მე ხშირად მაქვს სურვილი გავიქცე აქედან,გავიხიზნო ბუნებაში და გავხდე მისი შვილი, მინდა გავექცე გარემოს სუნს, ადამიანებმა რომ შევქმენით, ალბათ ჩემს სუნსაც მინდა გავექცე, რომ ვერ ვგრძნობ მაგრამ მაინც რომ მაკრავს ყველგან და ბუნების შექმნილ სუნთა სამეფოში დავიბუდო. ამოვირეცხო ტვინიდან ყოველდღიურ ქაოსში ჩაკირული სუნები,ხმები, საქმეები, გაწელილი რუტინები და წავიდე,ვუსმინო ხეების შრიალს,წვიმის წკაპუნს და დავივიწყო რომ არის სამყარო, სადაც ადამიანები გამოვყოფთ სუნს, ვაბინძურებთ გარემოს, გადავცემთ ერთმენეთს ამას და ვწამლავთ. იქნებ აირწინაღით სიარული იყოს საშველი, მაგრამ ეს ჩვენს საკუთარ სუნს არ გააქრობს და დიდი ეგოისტობა იქნება...

ჩემს ფანტასტიკურ სიზმრებში ზოგჯერ დავდივარ პოსტაპოკალიფსურ ქალაქებში, სადაც არაა ხეების ჭაჭანება, დამაქვს დიიდი აეროზოლი ჩატუმბული სახანძრო მანქანებისმაგვარ ცეცხლმაქრში და ვუშვებ და ვუშვებ გარშემო, რამდენიმე წუთით გარემოს ტყის სურნელება შემოუფრენს ხოლმე და ის ჩამონგრეული ქალაქები ოდნავ ფერადდებიან, მაგრამ დიდი ხნით მაინც ვერ ვაჩერებ ტყის სუნს, ბოროტი ქარი უთავბოლოდ ანიავებს. სიზმარშიც ვერ ვიპოვე გამოსავალი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG