Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: სალომე ბელქანია

ავიხოხებდი ბარგს და ბარხანას. ჩავფოფხდებოდი მეშვიდედან პირველ სართულზე.

სადარბაზოს რკინის კარს ფეხით მივაჯახუნებდი. ხელით მაინც არავინ ეხება.

და დავადგებოდი გზას.

თბილისის მერე, გავივლიდი მცხეთას, მივადგებოდი კასპს, გორს, ქარელს, ხაშურს, ზესტაფონს,

ქუთაისს, სამტრედიას.

გადავუხვევდი მარცხნივ. ჩავუქროლებდი საჯავახოს, მივადგებოდი ლანჩხუთს და გადასახვევიც იქვეა.

მერე გზა აღარაა, ხრეშია. ფეხით გადავუხვევდი მარჯვნივ. ვივლიდი, ვივლიდი, კიდევ ვივლიდი, ვივლიდი და მივიდოდი.

ძიმითი და ჯუმათი იქით იყოს. მამათს მივადგებოდი.

ცენტრიდან ერთი ვიწრო გზა ჩადის დაბლა, წყაროსკენ.

წყალზე მთელი მამათი მანდ ჩადის. მაგის წინ რომ გურული ოდაა, ეგაა ჩვენი.

დიდი ეზო აქვს ბაბუას. შედიხარ, ჯერ ყვავილებია, ისეთებიც და ასეთებიც, ბანანიც და ვარდებიც, ყველაფერს რგავს.

სახლის გვერდზე, კიბიდან რომ ჩამოდიხარ, ქვის მაგიდაა, ეგეც ბაბუამ გააკეთა, მაგიდის წინ საქანელაა. ჩვენ გაგვიკეთა ბაბუამ, შვილიშვილებსო.

ყველაფერს ბაბუა აკეთებს, ყველაფერს ჩვენთვის. ქათამსაც ჩვენთვის კლავს, ყვავილებსაც ჩვენთვის ახარებს და ფუტკრებსაც ჩვენთვის უვლის.

ბევრი სკა აქვს ბაბუას. აი მაგ ქვის მაგიდის და სკამების მარცხნივ, შემოღობილი ადგილია, მანდაა სკები, ფუტკრები, ქათმები და კუკურასაც მაგ მხრიდან ვემეზობლებით.

ზუსტად მაგ მხარესაა კუკურას ეზოში შესასვლელი ჩვენი მხრიდან და მაქედანაა მაგის სასიკვტილე ძაღლმა ქე რო გასკვანჩა ჩვენი ვარიები. რო დააწიოკა ქეთო ბებია, მაგას ჩავაყარე სულში მიწაო, სუ ასე იძახა. რეთჯელ ვუთხარი, დააბი-მეთქი, მარა აპაა.

სახლის უკანა მხარეს ხეებია, ხილიცაა, მდინარეცაა და წისქვილიც. იმხელა ეზოააა

სადღაა ახლა ის წისქვილიო, ბებია გაიძახის, სუ დაიშალაო. ღელეს იქითა მხარეს თუ გადახვალ და ცოტას აივლი მთას, ცისმარის სახლია.

ჩვენი სახლის წინ, როზა და ანია ცხოვრობენ. კუკურას სახლის იქით, კიდევ სახლს და კდიევ სახლს რომ გასცდები, დობირაა.

დიდი ტყეა, მამათელების ტყე. მდინარეცაა მანდვე.

ჰოდა მანდ მივიდოდი, დობირაში.

ერთ დიდ ლოდზე დავდგებოდი და ფოთლებს ავხედავდი, ოდნავ თუ ჩანს ხოლმე დობირას ხეებს შორის ცა.

იძახეთ მერე გამოხატვის თავისუფლებაო, ჩვენი უფლებებიო, ადამიანებისო, ჟე სუი შარლიო, აჰმედიო, ენჯეოო, უვიზო მიმოსვლაო, ურთიერთპატივისცემაო, საგარეო პოლიტიკაო, დიპლომატიაო, სისხლის სამართალიო, ეთიკაო, ტოლერანტობაო, სოლიდარობაო, კარიკატურებიო, ფანქარიო, იარაღიო, ტერორიზმიო და ისევ თავისუფლებაო.

დობირას საერთოდ არ აინტერესებს ვინ უფრო დამნაშავეა, ავტომატები თუ ფანქარი, მაგრამ არავის დასცინის და კლავს. არც ის იცის, რა არის არასამთავრობო, ვიზა საერთოდ არ სჭირდება და არც ეთიკას და ტოლერანტობას სწავლობს ზედმიწევნით. დობირა მამათშია და სხვა სოფლის ტყეებში გადასვლას არ აპირებს, არც სხვას აყენებს შეურაცხყოფას და არც ნახატების ხატვას გიკრძალავს ტყეში. ტერორისტები მხოლოდ დათვები ჰგონია, რომლებიც ღამ-ღამობით დაუკითხავად დარბიან იქვე, მაგრამ დობირას არც ერთი არ მოუკლავს, არც ერთი. დობირა ყველაზე სოლიდარულია, ვერც რასიზმში დაადანაშაულებ, ვისაც უნდა და როდესაც უნდა მაშინ მიდის და რამდენი ხნითაც უნდა, იმდენით რჩება ტყეში. მერე რა, რომ ნაგავს ყრიან, მერე რა რომ დანით ხეებს ქერქს აცლიან, დობირა მაინც მშვიდია, სხვის უფლებებს მაინც არ არღვევს.

დობირა თავისუფალია, იცით როგორი თავისუფალი? აი იმ დიდ ლოდზე რომ დადგები და ნესტისგან ხელები დაგენამება, მერე ფეხებზე სიცივე შემოგიტევს და ხელში ხავსი მოგხვდება, შორიდან ძაღლის ყეფას რომ გაიგებ, ტოტებს შენი სიარული რომ გაატკაცუნებს და შორიდან, ძალიან შორიდან ბებიის ძახილი შემოგესმება, მერე შეგეძლება თქვა, რომ თავისუფალი ხარ, საკუთარი თავის უფალი, მერე იცი რა არის თავისუფლება, მერე გაიგებ როგორ უნდა იყო თავისუფალი, მერე მიხვდები სადაა თავისუფლება და მერე გერქმევა ადამიანი.

ხოდა, ჩამოდით მსოფლიო ლიდერებო დობირაში, მანდ ისწავლება უფლებები, თქვენიც, ჩვენიც, სხვისიც და მათიც. მანდ უკეთ იციან რა არის, დანაშაული, იქ გაიგებთ როგორ უნდა გახდე ადამიანი. მანდ ჩააბარეთ დობირას გამოცდები, მანდ ისწავლეთ გამოხატვა და უფლებები, მაქედან დაიწყეთ, მოთხარეთ ხელით ხავსი, დაიჭუჭყიანეთ ფრჩხილები მიწით, გადაიმწვანეთ მუხლები ბალახით, მოუარეთ ფუტკრებს სკებში, დაუყარეთ ქათმებს სიმინდი, დაემალეთ დათვებს ხის კენწეროებზე, მოაგროვეთ ფიჩხი დობირაში, მოზიდეთ ოდებში ურიკებით, მოგლიჯეთ ხელებით სარეველები, დაისუსხეთ მკლავები ჭინჭრით, მოიხსენით ჰალსტუხები და გაიკაწრეთ შავი ლაკის ფეხსაცმელები ტოტებზე სიარულით.

მერე იძახეთ: ჟე სუი დობირა კი არა და, აგია დობირა?

ასეთია დობირას ტყე მამათში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG