Accessibility links

ავტორი: სალომე ბელქანია

-შენ მათთან ერთად რომ ხარ, სიბრალულის გრძნობა არ გიჩნდება?

-არაა

-გულის სიღრმეშიც არა?

-არა

-ყველას უჩნდება

-მე არა

-სხვანაირად მაინც არ ექცევი?

-ეგ როგორ?

-აი.. აი, ისინი მაინც სხვანაირები არიან, ჩეულებრივად ვერ მოექცევი, ყველა ასეა, კარგი რა

-მე არა.

-ნუ არ ვიცი.. არ არსებობს ადამიანი ეგრე რომ არ იყოს, მაინც სხვანაირი დამოკიდებულება გიჩნდება, სიბრალულის...

-რა ვიცი. არაა...

-ოოო კარგი რაა, ეგრეა ყველა, ახალი ამბავი რაა, - აყაყანდნენ დანარჩენებიც.

ლექცია დამთავრდა.

პოპულარული უმაღლესი სასწავლებლი, ახალგაზრდა ლექტორი, მნიშვნელოვანი საგანი, აქტუალური საკითხი, ბევრი სტუდენტი. ტერმინოლოგია, ეს ასე უნდა დაწეროთ, ისე დისკრიმინაციაა, ეთიკის ნორმები არ უნდა დაარღვიოთ, სტანდარტები, წესები, „რიდერები“.

-არა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კი არა, ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ!

ახალი ტერმინიაო, გვასწავლეს ჟურნალისტებს. ასე გვასწავლიან, გვიწერენ, მოგვიწოდებენ, აქციებს ატარებენ. შემდეგ კიდევ, არაო ეგენი მაინც ისეთები არიანო, ჩვეულებრივად ვერ მოექცევიო, გულის სიღრმეში მაინც გეცოდებიანო, მათ სხვანაირად აღიქვამო....

თბილისი. ამინდი: ნაწილობრივ ღრუბლიანი, ტემპერატურის მგრძნობელობა 15°, ტენიანობა 8%, ქარის სიჩქარე 55 კმ/სთ.

„დაიკარგა უნარშეზღუდული გუჯა ჟღენტი. სავარაუდოდ ვერ აგნებს სახლს......“ განცხადება გაჩერებაზე.

გუჯა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებდა. გუჯა „სოციალური თერაპიის სახლის“ მუშაკი იყო. გუჯა მარტო დადიოდა, წამლები სჭირდებოდა, ხშირად იღებდა კიდეც, უფრო ხშირად ვერ, ფული არ ჰქონდა. მივმართეთ შესაბამის უწყებებს, არ დაგვეხმარნენო, სულ ასეა, მთავრობები იცვლება, ჩვენ კი დახმარებას ვერ ვიღებთ ვერანაირსო, ვერც ფინანსურს და ვერც სხვასო, ასეაო სწუხს „სოციალური თერაპიის სახლი“.

გუჯა სახლში მარტო მიდიოდა, სახლიდანაც მარტო გამოდიოდა, ხელზე სამაჯური ეკეთა, მისამართი ეწერა.

-ეეე ბიჭო, რომელი საათია

-აააა აააააა

-ბიჭო წესიერად მელაპარაკე, რო გეკითხები!

-ააააა ააააა

-შენ მე ის ხო არ გგონივარ, რას მეღადავები, რომელი საათია-მეთქი!

-აააა აააა ააააააა

გუჯას სახეში მუშტი მოხვდა. სახლში სულ დასისხლიანებული მოვიდაო-ყვებოდნენ, ქუჩაში სცემესო, მამიდა სასოწარკვეთილი იყო. გუჯა მამიდასთან ცხოვრობდა.

გუჯა არ ლაპარაკობდა. გუჯა ვერ ლაპარაკობდა. გუჯა ბევრს მუშაობდა. გუჯა ყველას ეხმარებოდა. გუჯა ყველას პასუხობდა!

„პოლიციამ 37 წლის გუჯა ჟღენტის ცხედარი ლილოს დასახლებაში, ხრამში გადაჩეხილი იპოვა....“ ინტერნეტი აქოთქოთდა.

ორი წლის შემდეგ

სასტუმრო, ოქროსფერრიკულებიანი კიბე, მარმარილოს მაგიდებიანი ფოიე. გამოფენა. თექის ხელნაკეთი ნივთები, გობელენზე ნაქარგი ორნამენტებიანი ჩანთები, ქაღალდისგან გაკეთებული საყურეები. ფურშეტი, წითელი ღვინო, თეთრპერანგიანი მომსახურე პერსონალი.

-ვაა, რა მაგარია, ნახე როგორაა გაკეთებული ქაღალდისგან საყურე

-ხო გოგო, პროსტა ამას ესენი აკეთებენ თავისით ხო?

-ხოო, რავი ამათი გაკეთებული გამოფენაა და აბა ვინ იზამდა სხვა

-გოგო მე მინდოდა თექის გაკეთება სახლში რაა და მატყლს იმდენი წყალი დავასხი რო სულ დაიშალა, ეს უნარშეზუდულები როგორ აკეთებენ ეგ გამიკვირდა, თორე ისე კი არაფერი

გამოფენა დამთავრდა. უნარშეუზღუდავები სახლებში წავიდნენ. ღვინო მოიწრუპა. თექა გაიყიდა.

თბილისი, უმეტესად ღრუბლიანი, ტემპერატურის მგრძნობელობა 12°, ტენიანობა 76%, ქარის სიჩქარე 10 კმ/სთ.

-ეე გოგო როგორ ხარ? მომენატრე, რა ლამაზი საყურეები გიკეთია

-გოგო რავი შენ? მეც მომენატრე. ერთად არ ვიყავით ეს საყურეები რო ვიყიდე?

-ხოო? ვაფშე არ მახსოვს. სად ვიყავით?

-აი იქ, სასტუმრო რო იყო, მარმარილოს მაგიდებიანი და წითელი ღვინო რო დავლიეთ

-აუ ხოო, რა დებილი ვარ, უნარშეზღუდულების გამოფენა რო იყო

დიახ, ნამდვილად. თბილისში, ერთ-ერთი თვის, ერთ-ერთი პარასკევის, ერთ-ერთ საათზე, ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში, იმ ადამიანების გაკეთებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ. ბევრი ღვინო მოიწრუპა და ბევრმა კამერიანმა ადამიანმა, ბევრი ეტლიანი ადამიანი გადაიღო.

ესეც ორი წლის გასვლის შემდეგ.

მე ელენე ვარ, მე სოფო ვარ, მე საშა ვარ, მე რატი ვარ, მე ვანო ვარ, მე ირინა ვარ, მე მირიანი ვარ, მე ბიძინა ვარ, მე თამუნა ვარ.

მე მეგობრები მინდა, მე სეირნობა მინდა, მე ლაპარაკი მინდა, მე სიარული მინდა, მე სიცილი მინდა, მე ადამიანებთან ურთიერთობა მინდა, მე შეყვარებული მინდა, მე სწავლა მინდა...

მე შენ მინდა, მე შენნაირი ვარ, მე შენნაირად ვჭამ, მე შენნაირად მიხარია, მე შენნაირად მცივა, მე შენნაირად მეშინია...

მე ადამიანი ვარ, მე ვხატავ, მე ვქსოვ, მე საჭმელს ვამზადებ, მე წიგნებს ვკინძავ, მე თექას ვაკეთებ, მე ხეზე ვთლი, მე ყვავილებს ვრგავ. მე ადამიანი ვარ, მე ადამიანი ვარ, მე ადამიანი ვარ.

მე ადამიანი ვარ, მე განსაკუთრებული ვარ, მე ზრუნვას ვსაჭიროებ, მე განსაკუთრებულ ზრუნვას ვსაჭიროებ.

მე ადამიანი ვარ და განსაკუთრებულ ზრუნვას ვსაჭიროებ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG