Accessibility links

ავტორი: სალომე ბელქანია

ნაგავია. წყალში, საჭმელში, გზაში, პარკებში, სკვერებში, მინდვრებში, ბუნებაში.

ყრიან. ცხვირსახოცებს, პარკებს, ქაღალდებს, ბილეთებს, საჭმელს, ბოთლებს, პამპერსებს.

გდია. სინდისი, ნამუსი, შეგნება, მენტალიტეტი, უპასუხისმგებლობა, აზროვნება.

ფეხებზე გვკიდია. გარემო, სიმწვანე, სისუფთავე, ჰაერი, ფილტვები, სიმშვიდე, სეირნობა.

დავცინით. სიზუსტეს, ჯარიმებს, წესებს, კანონებს, ევროპას, პედანტობას, მაგათ, იმნაირებს, ერთი მაგათიც.

მოგვწონს. ამერიკა, ევროპა, ვიზები, საელჩოებში სირბილი, ქუჩაში უნაგვობა, პარკებში მდელოები, სწავლა იქაური, ფულიც იქაური, ცხოვრებაც იქაური, მენტალიტეტიც იქაური, ბიჭები იქაური, გოგოებიც იქაური და საერთოდ იქაურობა.

ასოცირებაც მოგვწონს, ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, ფეხს, გულს, სულს და მეობას.

პირობას ვდებთ. „აღარ ვიზამ დეე, ეს ბოლოა-ს„ პრინციპით, რომ აღარ გადავაფურთხებთ ქუჩაში, აღარ დავაპარკინგებთ ტროტუარზე, აღარ მოვატყუებთ კლიენტებს, მოვემსახურებით ღიმილით. რომ ხარისხი იქნება უმაღლესი, ფასი უმდაბლესი, „ოღონდ მართლა-ს“ ვაყოლებთ.

„ვეცდებით გამოვასწოროთ, მაგრამ მაინც ვიზამთ“ - ვიყიდით დიდ, შავ ან ვერცხლისფერ მანქანებს, უახლეს აიფონებს, მაგარ ლეპტოპებს, პლანშეტებსაც აბა?

კლიმატს? ნუ მაგასაც ვუზამთ რამეს, დავიცავთ. ფურცლებზე მაინც დავწერთ, დაიცავიო.

დავიცავთ სტანდარტებს, თუმცა არ დავიცავთ.

ყველა ქართველი გააკეთებდა, წესის დარღვევად რომ ითვლებოდეს:

ხეებს დარგავდა, ყვავილებს დათესავდა, მინდორს ააბიბინებდა, ნაყინის ჭრაჭუნა პარკს ურნას მიუგდებდა, აივნებზე ყვავილებს გადმოკიდებდა, ველოსიპედით ივლიდა, ბილეთის აღებას კონტროლიორს დაასწრებდა, აქოთებულ ნაგავს მიწიდან აფხეკდა.

დავადებინოთ ფიცი ქართველებს.

ხელისგული გავაშლევინოთ, ხალხისკენ მივაშვერინოთ, ზეცისკენ ავაშვერინოთ, ხელისგული ყველას დასანახად ავაწევინოთ.

და ვათქმევინოთ, რომ

მე!

ვფიცავ, ვიცავ ჰაერს

ვფიცავ, ვიცავ მცენარეს

ვფიცავ, ვიცავ ბალახს

ვფიცავ, ვიცავ მდინარეს

ვფიცავ, ვიცავ თევზებს

ვფიცავ, ვიცავ ცხოველებს

ვფიცავ, ვიცავ ხეხილს

ვფიცავ, ვიცავ ბოსტნეულს

ვფიცავ, ვიცავ პურს

ვფიცავ, ვიცავ მინდვრებს

ვფიცავ, ვიცავ ყვავილებს

ვფიცავ, ვიცავ ხეებს

ვფიცავ, ვიცავ ტყეებს

ვფიცავ, ვიცავ მიწას

ვფიცავ, ვიცავ დედამიწას

ვფიცავ, გიცავ შენ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG