Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამქრალი გოგოები: ანაბელი


ავტორი: სალომე ჩოხელი

ჩემი გაცრეცილი დღეების უსასრულობაში ჩაძირულს, ოკეანის ფსკერზე ღრმა ძილით მეხუჭება თვალები. ფეხაკრეფით შევდივარ სიზმრების უნაპირო სამყაროში და ტალღებზე ფიტულივით მოტივტივე საკუთარ სხეულს შორიდან ვაკვირდები.

ფრაგმენტებად ქცეულ ისტორიებს ტკივილის ქარბორბალა ითრევს და კარუსელივით ატრიალებს. ყველაფერი ბლანტ, მძიმე მასად იქცევა და მხრებზე მადნება. ამოსახეთქად გამზადებულ ვულკანს ვემსგავსები, მოგონებების ლავა მეხსიერების კედლებზე სტალაქტიდებივით იღვენთება.

აღარც მიმართულებები არსებობს, არც საზღვრები, არც მოლოდინი. ხრიოკ მდელოზე ამოსული მუხასავით გაშეშებული ვდგავარ და არც მე ვიცი აქ რას ვაკეთებ.

თვალის მარჯვენა კუთხიდან ვამჩნევ როგორ მიახლოვდება სამყარო, მუხლებზე დგება , ბოდიშს მიხდის თითებს შორის ნაპრალებიდან ქვიშასავით დაფანტული იმედებისთვის და მე ჩუმად ვარ, არ ვიცი როგორ ავუხსნა რომ ახლა უკვე ყველაფერი ძალიან გვიანია. თუმცა იცის, კარგად იცის, დგება, ხელს მკიდებს და სადღაც მივყავარ.

ვეღარ ვითვლი რამდენი საათია გზაში ვართ, ვეკითხები, სამყარო მშვიდად მპასუხობს – მთელი შენი ცხოვრებაა მოვდივართ.

ნელ-ნელა თეთრი უდაბნოს კონტურები იკვეთება, ფეხისგულებით გლუვ ქვებს ვეხები, ჰორიზონტიდან თოკის კიბე ეშვება, ღრუბლების დაუსრულებელ ლეგიონს ვკვეთთ და მოულოდნელად ბავშვობის საყვარელ სურათი ძველი სახლის მისაღებს ტოვებს და ჩემს წინ ცოცხლდება.

ფერმკრთალი გოგონა, გრძელი წითური თმით სევდიანად მიღიმის. ფეხებთან დედამიწის ბოლო კუთხემდე გაზრდილი ყვავილები უყრია. სამყარო ხელს მიშვებს და ჩემი მივიწყებული ოცნებიდან გადმოსულ უცნაურ გოგონას მიმართავს :

– კიდევ ერთია ოფელია, აბა შენ იცი!

ოფელია თავის მსუბუქი მოძრაობით პასუხობს, მერე ტრიალდება და მე მიყურებს

-გამარჯობა, მაპატიე,ჯერ კიდევ სველი ვარ, შორიდან მომიწევს მოსალმება. ჩვენ შენ გელოდებოდით.

სამყარო შუბლზე გაყინულ ტუჩებს მადებს და მემშვიდობება – თუ შეგიძლია გვაპატიე, რომ ვერ გაგიფრთხილდით. ამჯერად თვალის მარცხენა კუთხიდან მეპარება.

გარშემო ვიხედები, ყველგან ერთნაირ გოგონებს ვხედავ, თავიანთი ცხოვრების მდინარეებში წვანან,სიმშვიდის კაბები ჩაუცვამთ და სივრცეს არაფრის მომლოდინე თვალებით უყურებენ.

ოფელიას მშრალი ორმოსკენ მივყავარ: – ეს შენი ახალი სახლია, მომიყევი შენზე, რომ წყლით ავავსოთ. ყვავილებს ჩვენ მოგიტანთ, უკვე გაგიმზადეთ.

დაბნეული ვუყურებ,არ ვარ დარწმუნებული.

— ნუ გეშინია,მერე ყველაფერი დაგავიწყდება.

ერთ წამში ყველა დამახსოვრებული და დავიწყებული ტკივილი ერთად იწყებს სხეულის ნაწილებიდან ცენტრისკენ ცურვას,ვხვდები ჩემზემეტად უნდათ გამოღწევა, ვუშვებ. ალბათ პანდორას ყუთიც ასე გაიხსნა თავის დროზე.

” მე ანაბელი ვარ.

გამქრალი გოგონების ქვეყანაში დავიბადე, სადაც ჩვენი დაბადება იშვიათად ახარებდა ვინმეს. ჩვენ ჭიპლართან ერთად გვაჭრიდნენ ფრთებს, სულ ღია ფანჯრებში გვეძინა, რომ ოცნებები გაენიავებინათ, ბავშვობას კი, ცარცით შემოსაზღვრულ წრეებში ვატარებდით. მერე გვათხოვებდნენ, ბავშვებს ვაჩენდით. ხანდახან ზოგიერთი ჩვენგანი ქმარს არ უჯერებდა, ამიტომ გვირტყამდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა,რომ ეს დამსახურებული დასჯა იყო, ოჯახის საქმე,რომელში ჩარევაც არაფრით შეიძლებოდა. მერე ზღვარს გადავაბიჯეთ, შემთხვევით, სურვილები გაგვიჩნდა, ცუდად მოვიქეცით და დაგვხოცეს. აი ასე გავქრით, ადგილს ვეღარ ვპოულობთ, გავიფანტეთ და ერთმანეთიც შემოგვეფანტა. ვერსად გვამჩნევდნენ, ვლაპარკობდით,მაგრამ არავის ესმოდა,ამიტომ უკაცრიელი ადგილებისკენ დავიწყეთ სიარული. ასე უფრო მარტივია საკუთარი მარტოობის ზიდვა. ბევრი ვიხეტიალე,ერთ დღესაც როცა სანაპიროსთან ვიდექი და ვცდილობდი სუნთქვა არ შემკვროდა,სამყარომ მომაგნო და აქ მომიყვანა. დაღლილი ვარ, ძალიან მეძინება.”

ხელზე ოფელიას გაყინული თითების შეხებამ გამომაფხიზლა, ორმო აღარსად ჩანდა, წელამდე წყალში ვიდექი, გარშემო კი, ყვავილები ტივტივებდნენ.

უცებ ყველაფერი გალურჯდა. ვგრძნობდი როგორ მევსებოდა ფილტვები წყლით და მილე დავინახე, ფუნჯი მოემარჯვებინა და პალიტრაზე ფერებს აზავებდა. მისგან მარჯვინ პოეტების მეფეს ფეხი ფეხზე გადაედო და თავისთვის ბუტბუტებდა : ” წადი წადი მონსატერში, მონასტერში ოფელია”.

გამეღიმა, თვალები დავხუჭე და ამჯერად სამუდამოდ ჩავყვინთე ჩემი ცხოვრების მდორე ტბად გადაქცეულ მდინარეში, ერთადერთ შემორჩენილ იმედთან ერთად, რომ გამქრალი გოგონების ისტორიებით ამოვსებული ორმო, უკანასკნელი იქნებოდა ოფელიების პლანეტაზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG