Accessibility links

logo-print

ავტორი: სალომე გაბლიანი

23 ოქტომბერი. 2013 წელი. უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ვერცხლისფერი დილა გათენდა. ანსამბლი ‘’უნივერსიტეტი’’ რამდენიმედღიანი ვიზიტის შემდეგ სასტუმრო ‘’პილიგრიმის’’ ჰოლში იკრიბება. წინ გრძელი გზა გვაქვს, გზა კრამატორსკისკენ. ცივა. ოქტომბრის ბოლო კვირას აქ თითქმის გამყინვარებაა. ტყვიასავით მძიმე ჩემოდანს ავტობუსისკენ გაჭირვებით მივათრევ და თან თბილისური შემოდგომის დილას ვიგონებ. ზაპოროჟიე ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული ნახატია, რომელსაც დღეს ძველ სკივრში ჩავდებ და მოგონებებს მივცემ.

დავიძარით.

ისე ვარ წამოწოლილი, რომ ავტობუსის მაღალი შუშებიდან მხოლოდ ვერცხლისფერ ცას და ხეების გაქცეულ კენწეროებს ვასწრებ თვალს. უსაშველოდ ცივა. ჩვენს მძღოლს სერგეი ჰქვია. მელიტოპოლელია. ბუზღუნა. სანამ ვითვლიდი, გზა 4-ჯერ აგვერია. მერე დათვლა შევწყვიტე. ვიწრო ტრასებზე ვტრიალდებოდით და სწორი მიმართულების პოვნის იმედით ახალ გზას ვირჩევდით. ტრასების ორივე მხარეს დამუშავებული და დათრთვილული მიწები ვრცელ ფარდაგებს მოგაგონებდათ. გზა ვიწრო იყო. წარმოდგენა არ მქონდა, შემხვედრი მანქანა გვერდს როგორ აგვივლიდა.

უცნაურია. ზაპოროჟიეში შემოდგომა დავტოვეთ, აქ კი თითქმის ზამთარი გვეგებება. ყინვისგან შეჩინჩხლული ხეები გზის კიდეებზე სიმდის მოცეკვავეებივით არიან ჩამწკრივებულნი.

კრამატორსკი.

თოვს.

მრავალგზის დაკარგვის შემდეგ ეს ქალაქი დიდი ხნის უნახავი მეგობარივით მიხარია. საკონცერტო დარბაზი ლენინის ქუჩაზე მდებარეობს. სამი ფრთა აქვს და განსაცვიფრებლად დიდია. უკვე 6 საათია. სავახშმოდ იმავე ქუჩაზე, მყუდრო პაბში შევდივართ. პატარაა, როგორც მერცხლის ბუდე. თბილა და წყნარი მელოდია ჟღერს. თამბაქოს მძაფრი სუნითაა გაჟღენთილი და განათებულია სუსტად ოქროსფერი და წითელი ჭრაქებით. ქათმის ბულიონი ამაზრზენი იყო, პური კი - ცოტა. ლაშამ ‘’თავდადებულ’’ ქათამს თითქმის დასტირა, ვერც დამანაყრე და რისთვის გაგწირესო...

კონცერტი 7 საათზეა. რატომ მახსოვს ყველაფერი ასე დეტალურად? ეს ერთადერთი ქალაქია დანარჩენ 31-ს შორის, სადაც ასე ძალიან დავაგვიანეთ ჩამოსვლა; სადაც უკმეხად მოგვახალეს, ფარდა ზუსტად 7 საათზე აიწევა, კონერტი დაიწყება და მომზადება როგორც გინდათ, ისე მოასწარითო; ერთადერთია, სადაც გაქურდვის საფრთხეზე მიგვანიშნეს და საფულეები ყველამ ზვიადს ჩავაბარეთ; ერთადერთია, სადაც გოგონებმა ჯერ ფორმები მოვირგეთ, პარიკები დავიდგით და მხოლოდ მორჩენილი წუთები დავხარჯეთ გრიმისთვის; ერთადერთია, რომელთანაც არც თუ ისე ლამაზი მოგონებები მაკავშირებს და ამის მიუხედავად, როცა კონცერტი დასრულდა და გარეთ გამოსულმა ჩემს ნაცნობ პაბს გავხედე, გავიფიქრე, რომ სიამოვნებით გავატარებდი აქ კიდევ ერთ საღამოს და ბულიონს არა, მაგრამ კალვადოსს ან ჭიქა სიდრს სიამოვნებით გეახლებოდით. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ქალაქი მიყვარდა. წინ კი გზა იყო, მირგოროდისკენ...

2015 წელი. 12 თებერვალი. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თითქმის უკვე გულგრილი ხმით რუსეთ-უკრაინის ომის ნიუსებს გვამცნობს და ვხვდები, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ეჩვევი უბედურ შემთხვევას, კრიმინლას, ბოროტებას, თუკი თავს ამის უფლებას მისცემ. წამყვანის ხმაში სიცივეა, ისევე, როგორც 2 წლის წინ კრამატორსკში იყო. იქ 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა: რუსული ჭურვების ნამსხვრევებმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუყურებ ჩემი ნაცნობი ქალაქის კადრებს, გაჩერებაზე აფეთქებული ავტობუსის დანახშირებულ სავარძლებს და ვფიქრობ, ვინ იცის, დაღუპულ კრამატორსკელებს შორის იყო ისეთიც, ვინც 2 წლის წინ საკონცერტო დარბაზში ფარდის აწევისთანავე ტაშით შეგვეგება, ვინც კონცერტის ბოლოს ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა, ვინც ჩვენთან ერთად გადაღებულ ფოტოებს საოჯახო ალბომში ინახავდა. ვინ იცის, იმ ფოტოში ვიღიმით და არც ერთმა ჩვენგანმა იცის, რომ მე ოდესმე მასზე დავწერ... ვიცით მხოლოდ ის, რომ ორივე პოსტსაბჭოური ღვეზელის პატარა ნაჭრები ვართ. ორივეს თავისუფლება გვწყურია: ფიზიკური, ფსიქიკური და მენტალური თავისუფლება. გვწყურია ეს, ისევე, როგორც -სიცოცხლე.

ახლა, სანამ ამ სტრიქონებს ვწერ, მინსკში მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ შეხვედრას ‘’უკანასკნელი შანსი’’ ჰქვია, ცეცხლის შეწყვეტის უკანასკნელი შანსი. სანამ დედა კერავს, სანამ თბილისში მშვიდი თებერვალია, მარიუპოლთან უკრაინელი სამხედროები თავგამეტებით იცავენ სამშობლოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას, რომელსაც რუსული ყუმბარმტყორცნები ემუქრებიან აღგვით პირისაგან მიწისა. სანამ ჩემს სმენას გარედან მოღწეული მანქანის ძრავის ხმა წვდება, დონეცკში ტყვიების ზუზუნი შეჩვეულ ხმაურად ექცათ. მე არ მსურს ვეგუებოდე უსამართლობასა და ბოროტებას და რა შემიძლია განა იმაზე მეტი, რომ ამაზე ვწერო? ჩემი ეს ჩანაწერი ეძღვნება ყველა მას, ვინც თვლის, რომ იბრძვის სამართლიანობისთვის სამართლიანად.

ლვოვში ჭრილობებს იშუშებს 75 წლისიგორ ‘’ობუხ’’ ტკაჩუკი. იგონებს აფხაზეთის ომს, რომელსაც გადაურჩა. იქ დაღუპულ 20 წლის ვაჟს,რომელსაც საფლავი არ ეღირსა. ‘’ობუხი’’ მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა რუსეთის კლანჭების მოკვეთას, კლანჭების, რომლითაც ის დამოუკიდებელი ერების მიტაცებას ლამობდა. ახლაც ასეა. რამდენიმე დღეში ‘’ობუხი’’ ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდება.

ალბათ ყველას გვაქვს წუთები, როცა საკუთარ თავთან მხოლოდ ჩვენ ვართ, მარტონი, ყველაზე უფრო მართლები და გულახდილები იმ წამს. ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო.. ღმერთმა დალოცოს უკრაინელი ერი - ეს უტეხი ხალხი.

კრამატორსკი უსიცოცხლოა. ისეთივე ნაცრისფერი, როგორიც 2 წლისწინანდელი დილა იყო, მაგრამ მე ისევ ვფიქრობ, რომ ჩემს ნაცნობ პაბში მაინც დავლევ კალვადოსს ან ჭიქა სიდრს, მას შემდეგ , რაც ლვოვს დავტოვებ. ის ისევ ოქროსფერი და წითელი ჭრაქებით იქნება განათებული, კვლავ თამბაქოს სუნი ამიწვავს ნესტოებს. ყველაფერი იქნება ნაცნობი ერთი რამის გადა: ქუჩას ლენინის სახელი აღარ ერქმევა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG