Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ზომით დიდი ფეხსაცმელი - ტკივილის შესამსუბუქებლად ნაპოვნი გზა


ავტორი: სალომე თინიკაშვილი

დღის 3 საათზე, დიდუბის ავტოსადგურზე 72 წლის მზია ბებო მელოდებოდა. მეტროდან გამოსულმა ავტოსადგურამდე გზად გვირაბი და ბოსტნეულის დახლები უნდა გაიარო. ირგვლივ ხალხით სავსე მოედანი საყოფაცხოვრებლო ნივთებითაა დაბინძურებული. მზია ბებოს 4-ის ათ წუთზე შევხვდი. ოდნავ მხრებში მოხრილი, თეთრთმიანი, სახედანაოჭებული მზია ბებო დამხვდა, რომელსაც ცისფერი გაცრეცილი ქურთუკი ეცვა. მოხუცს მარცხენა ხელში ძველი გაზეთები უჭირავს, მარჯვენა ხელზე კი ცელოფნები აქვსჩამოკიდებული. უკვე ორი წელია მას მარჯვენა მკლავი, ავტოკატასტროფის შედეგად

პარალიზირებული აქვს. მზია ბებომ დამინახა თუ არა გულში თბილად ჩამიკრა. გაზეთების პარკები გამოვართვი და გზასგავუყუვით. დიდუბის ტერიტორიაზე ბევრ ადამიანს შენიშნავთ, რომლებსაც ხელზე სხვადასხვა ნივთები აქვთ ასხმული და გაფაციცებით ცდილობენ დღის ბოლომდე როგორმე შეიმსუბუქონ ტვირთი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შუადღე იყო მზია ბებოს ჯერ 2 ლარიც კი არ ჰქონდა ნავაჭრი. ბაზარში ნაცნობ მოვაჭრეებს აღფრთოვანებული ეუბნება, რომ მასზე რეპორტაჟს ვაკეთებ და ძალაგამოცლილი ხელით მხარზე თბილად მეალერსება. მზია ბებო წლების წინსკოლაში, ფიზიკას ასწავლიდა, როგორც თვითონ ამბობს: „ცხოვრებისგან ყველაფერს უნდა ელოდე“ მას დღემდე ენატრება სახელმძღვანელოები და სკოლის დერეფნებისათვის დამახასიათებელი სუნი. დიდუბის ბაზრის ტერიტორიაზე მას მუდმივი კლიენტი ეგულება, ახლა სწორედ მის რკინის, საღებავაცვენილ, ყავით სავსე დახლთან მზია ბებო კროსვორდებით სავსე გაზეთს აწვდის ხელში ქეთინოს და გახუნებული ქურთუკის ჯიბეში გაზეთის საფასურს, 50 თეთრს საგულდაგულოდ ინახავს. მზია ბებოს მსგავსად დიდუბის ავტოსადგურზე არაერთი გარე მოვაჭრე, სხვადასხვა ნივთებს ყიდის, როგორც 36 წლის აბული მხეიძე ამბობს „ბუბლიკების“ გაყიდვით თავისთვის და ავადმყოფი, მოხუცებული დედისათვის ყოველდღიურ ლუკმა-პურის ფულს შოულობს „ყველა გარემოვაჭრე ჩვენს დღეშია, ჩვენს მძიმე სამუშაო პირობებს ზაფხულში აუტანელი სიცხე, ხოლო ზამთარში სიცივე, ყინვა და წვიმა ემატება“.

ბაზრიდან გამოსულები ავტობუსების გაჩერებისაკენ წამოვედით, სადაც ყაზბეგის ყვითელ სამარშრუტო ტაქსიში ერთი საბავშვო ჟურნალი „სამი გოჭი“ გავყიდეთ. მზია ბებო გულთბილად უხდის მადლობას და ირგვლივ სხვა ავტობუსებს ათვალიერებს. საბავშვო ჟურნალის გარდა მზია ბებომ ვერაფერი ვერ გაყიდა. გულდაწყვეტილმა ხელი ჩაიქნია და ავტოსადგურის მახლობლად, ბაზრის რკინის კონსტრუქციების გვერდით მდგარ ხის სკამზე დაჯდომას მთავაზობს. ნაყინზე დავპატიჟედა მცხუნვარე მზისა და სიარულისაგან დაღლილები სიამოვნებით შევექეცით ცივ ნაყინს „გაიხარე შვილო, თორე მე ნაყინისათვის ფულს როგორ გავიმეტებდი“. მზია ბებოს ერთი შვილი მხედრიონებმა მოუკლეს, მეორე ბიჭი კი ფსიქიკურად ავადმყოფია და სახლიდან, რომ არ გაიპაროს სამუშაოდ წამოსული მზია ბებო სახლს გარედან კეტავს.ძველი გაზეთების გაყიდვით იგი 8-9 ლარს ძლივს შოულობს, რომელიც წამლებისა და პურის საყიდლად ძლივს ჰყოფნით.

მატარებლის გაჩერებასთან მისასვლელად ჩემი დახმარებით წამოდგა. გაჩერებამდე მისასვლელად მატარებლის ლიანდაგი უნდა გადაკვეთოს, ხშირად ამაში, როგორც თვითონ ამბობს კეთილი ადამიანები ეხმარებიან.

მზია ბებო ბორჯომისაკენ მიმავალ მატარებელს უნდა გაყვეს გორამდე, რათა შემორჩენილი გაზეთები ბოლომდე გაყიდოს, გორიდან კი ისევ თბილისისაკენ მომავალ მატარებელს უნდა გამოყვეს . „მატარებელში იმდენი ხალხია, რომ ვაგონიდან ვაგონში გასვლა ძალიან მიჭირს, მაგრამ ეს არაფერი ყველაზე მეტად ის მანაღვლებს, რომ ბილეთის ფული მაქვს გადასახდელი , ზოგჯერ კარგი „პრავადნიკი“ შემხვდება ხოლმე და ფულს არ მახდევინებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ ხალხს ვეცოდები და ხურდას მიტოვებენ“- მითხრა მზია ბებომ. მატარებლის მოსვლამდე იქვე ბეტონის ამაღლებულ ადგილზე ჩამოვსხედით „მთელი დღე, რომ ფეხზე ვდგავარ და დავდივარ 2 ზომით დიდი ფეხსაცმელი მაცვია, რადგან ფეხი რომ მისივდება არ მომიჭიროს. დილის 7 საათიდან სახლიდან გამოსული საღამოს 8 საათამდე ფეხზე ვარ და ახლა ამ ხერხს მივაგენი და ფეხებიც იმდენად აღარ მტკივა“ მეუბნება მზია ბებო და ახალ მოსულ წითლად და თეთრად შეღებილ მატარებელში ისევ ხალხის დახმარებით ადის. მზია ბებოს იმედი აქვს, რომ დღეს მაინც გაყიდის გაზეთებს მთლიანად და თბილისში ჩამოსული უკვე ხელცარიელი ჩამოვა მატარებლის ვაგონიდან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG