Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტი განათლების შესახებ მომგებიანი სათაურის გარეშე


ავტორი: სოფო შუბითიძე

განათლება,როგორც საშუალება და მიზანი

მრავალნაცადი დისკუსია განათლების სისტემის ავკარგიანობის შესახებ კვლავ მხოლოდ მეხსიერულ ფაქტად რჩება ,ტარდება ალბათ იმიტომ რომ ჩატარდეს, იწერება,იმიტომ რომ დაიწეროს, ქვეყნდება,იმიტომ რომ აუცილებელი სტანდარტია და სხვა ქვეყნებსაც აქვთ .რეალურად კი განათლების თეორიული საფუძვლებისა და რაობის შესახებ წარმოდენა სახელმწიფო ჩინოვნიკებს არ აქვთ . არ აქვთ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ განათლების პოლიტიკას მენეჯერები ან ჩინოვნიკები ვერ შექმნიან,რადგან სამინისტროც და სახელმწიფოც ადმინისტრაციული იარაღებია მხოლოდ.ფუნდამენტური შეკითხვა იმის შესახებ -თუ რას ემსახურება განათლება არ დასმულა ? განათლება და არა საგანმანათლებლო სისტემა ან განათლების პოლიტიკა,ვგულისხმობ მხოლოდ ცნება განათლებას. განათლებას თავისი თავდაპირველი არსით და არა საუკუნეების და მმართველი რეჟიმების მიერ მიღებულ განათლების განსაზღვრებას.

მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა დასვას ეს შეკითხვა. თუ კი მასზე პასუხი იქნება იმგვარი,თითქოს განათლება ემსახურება შეგნებული,პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას,სახელმწიფოებრივი აზროვნების ხელშეწყობას,შრომითი ბაზრის მოთხოვნილებებზე პასუხს,მხოლოდ პრობლემის ტოტს მივწვდებით და არა საფუძველს.გავითვალისწინოთ რომ ცნება შრომითი ბაზარიც და თანამედროვე გაგებით ცნება მოქალაქეც მეტად ახალი ხილია.თუკი განათლება იქცევა რომელიმე ჯგუფის,სახელმწიფოს ან თუნდაც 99%-იანი უმრავლესობის მიერ მიღებულ განსაზღვრებად და დეკლარირებული იქნება ის თუ კონკრეტულად რა მიზნის მისაღწევად არის საჭირო ორი პრობლემა წარმოიქმნება .ერთი მარტივი არითმეტიკული -ამას არასოდეს დაეთანხება 1 %იანი უმცირესობა და თავისთავად შეუძლებელი იქნება მისი მოქცევა ამ მიზნების ფარგლებში.მეორე თეორიული პრობლემა კი ის არის რომ განათლების გადაქცევა დეკლარირებულ მიზანთა ერთობლიობად განათლებას აქცევს საინფორმაციო კონტეინერად ანუ სისტემად ,რომლის საზღვრებში ჩატეულია ის კონკრეტული სანიშნები და მაჩვენებლები,რამაც უნდა დაამზადოს კარგი მოქალაქე,ეფექტური ბუღალტერი ან კანონთმცოდნე და არა კანონთშემოქმედი იურისტი.ამ შემთხვევაში გამოდის რომ არსებობს გარკვეული რეცეპტი რაც ზემოაღნიშნულ შედეგთან მიგვიყვანს და დაგვამზადებინებს სასურველ პროდუქციას. მიუხედავად ჩემი იდეოლოგიური მრწამსისა არ შევეხები საკითხს იმის შესახებ ,რომ განათლება უნდა იქნას გატანილი საბაზრო პრინციპების გარეთ და არ უნდა ორიენტირდეს მოთხოვნებზე.

საინფორმაციო კონტეინერად განათლების ქცევა უმართებულოდ მიმაჩნია იმ მიზეზის გამო,რომ იგი კლავს პირად ძალისხმევას.არსებობს გარკვეული ცოდნის პაკეტები,რომლის შექმნაზე ძალისხმევა უკვე სხვებმა გასწიეს,შენი მიზანი კი ახალი პაკეტების შენით შექმნა (თუნდაც იგი აღმოჩნდეს სხვათა იდენტური) კი არაა,არამედ არსებულის მიღება.ეს ზოგავს დროსაც და ფიქრისთვის საჭირო ენერგიასაც.ამასთანავე უზრუნველყოფს შენს მიმღებლობას არსებულ სისტემასთან,როგორც საგანმანათლებლო სივრცეში,ასევე მის გარეთ .კონფორმული ქცევა ჯილდოვდება.

ამოსავალი დებულება- განათლება არის ღირებულება .თუ კი ამას გავიზიარებთ აქვე საჭირო იქნება იმის გააზრებაც თუ რას გულისხმობს ცნება-ღირებულება . ღირებულება თავისთავადი და უქვემდებარო არსია,ამდენად შეუძლებელია ღირებულება იყოს საშუალება.მხედველობაში არ მაქვს მოდად ქცეული ის დამოკიდებულება,რომლის მიხედვითაც ცნება ღირებულებად მოიაზრება ნებისმიერი რამ რაც პირად სურვილს ექვემდებარება რაიმე პირადი მოთხოვნილების ან სურვილის დასაკმაყოფილებლად.

ვინაიდან არ მსურს საკითხის ერთი კუთხით წარმოჩენა,ვალდებული ვარ საკუთარ ნააზრევსაც დავუსვა შეკითხვები.თუკი განათლების სისტემის მთავარი ნაწილები-ანუ ადამიანები,აირჩევენ ამგვარი მარტივი წესებით თამაშს და აღნიშნულ კონტეინერის მარაგით კმაყოფილებას,რატომ არის საჭირო მენტორული მიდგომები და განათლების ქცევა უპირობო არსად და ღირებულებად,მიზნად და არა საშუალებად ? რეალობა კი ისაა,რომ ნაწილთაგან უმრავლესნი ამას ირჩევენ და ორიენტირდებიან შემოთავაზებული საგზაო ნიშნებით.შეკითხვა არავის უჩნდება და ცვლილების სურვილიც.მაგრამ ვინაიდან შეუძლებელია განათლების,როგორც ღირებულების და მნიშვნელობის გადაყვანა კონკრეტულ რიცხობრივ მაჩვენებლებში,რას ანიჭებს უპირატესობას უმრავლესობა და რას არა ,ლოგიკური ხდება შემოღებული იქნას ისეთი პრინციპი,რომელიც უმრავლესობის ან უმცირესობის პრინციპებს არ დაემორჩილება.პირადი ძალისხმევის გაწევა კი ჩემი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გადაიყვანებოდა ნათევ ღამეებსა და პირდაპირპროპორციულად ასახულ ქულებზე,ტესტისთვის მოხაზულ სწორ პასუხზე,ისეთ თეორიულ მეცნიერებაშიც კი,როგორიც არის სოციოლოგია ან ფილოსოფია.არ ვამტკიცებ იმას რომ ცოდნის შემოწმების პრინციპი უნდა იქნას სრულად გაუქმებული.მიმაჩნია არსებობს დარგები,მაგალითად მედიცინა,ინჟინერია სადაც ცოდნის შემოწმება აუცილებელია (არ ავხსნი ამ მარტივ მიზეზს).უმთავრესია ცოდნის შემოწმება მოხდეს არა ზემდგომი ორგანოს ან პედაგოგის ვალდებულების ან სურვილის გამო,არამედ თავად განათლების მიმღების გაცნობიერებული დამოკიდებულებით.განსაკუთრებით თეორიულ მეცნიერებებში კი ავტორიტეტული ინსტანცია ვერ იქნება საგამოცდო სისტემა,პედაგოგი ან არსებული მოთხოვნილებები.საკუთარი გონების ყველაზე ავტორიტეტულ ინსტანციად ქცევას კი პირად ძალისხმევასთან ერთად უდავო პასუხისმგებლობაც ესაჭიროება.

შეუძლებელია პირადი ძალისხმევის გაწევის სურვილი წართმეულ იქნას, ანუ არსებობდეს საინფორმაციო კონტეინერი და მე ამეკრძალოს გამიჩნდეს სურვილი მის იქეთ გახედვის,დამიშალონ შევქმნა ჩემი აზროვნების კუნძული.ის,ვინც ძალისხმევასაც გასწევს და პასუხისმგებლობასაც აიღებს საკუთარი გონება გაიხადოს ავტორიტეტად აუცილებლად იარსებებს,მაგრამ მას ვერ დააჯილდოვებს არსებული სისტემა ! რადგან სისტემა იქნება დეკლარირებული ზედაპირზე არსებული ფსევდომიზნების და მოთხოვნილებების ერთობლიობა .ასეთი ადამიანები როგორც წესი არ ელტვიან დაჯილდოვებასაც ,ესეც არის პარადოქსი.

აქვე შევეხები საქართველოს მდგომარეობას არ ვფიქრობ რომ სახელმწიფო განათლების სისტემა წარმოადგენს კლასიკურად საბაზრო მოთხოვნილებებზე ორიენტირებულ სისტემას.უმაღლესი განათლების საფეხურიდღეს კვალიფიციურ ბუღალტერსაც ვერ ამზადებს (ვგულისხმობ სახელმწიფო სასწავლებლებს) , სწორედ ამიტომაც უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული პროგრამების,კურსების მოთხოვნილება დიდია.რა თქმა უნდა განათლება არც იმდენად იდეალურ განსაზღვრებას ექვემდებარება ჩვენთან რომ იგი ღირებულებად იქნას მიჩნეული და არა საშუალებად .

განათლება მედიას ჰგავს.ორივენი მხარდამხარ იცვლიან განსაზღვრებებს ჟამთა სვლის შედეგად.როგორც მედიის მიზანი გახდა ვიფიქროთ რაიმედაგვარად ,ასევე განათლება დგას საფრთხის ქვეშ იქცეს საგზაო მაჩვენებლებით სავსე საინფორმაციო კონტეინერად.მე კი ვფიქრობ რომ შუქნიშნის არსებობა განათლებულ ადამიანს საერთოდ არც კი სჭირდება.

ვიმსჯელოთ რატომ,მოხარული ვიქნები შეკითხვებისა და მოსაზრებების გამო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG