Accessibility links

რატომ ვერ ყალიბდება გამმიჯნავი ხაზები ქართულ პარტიულ პოლიტიკაში?


ავტორი: თამარ ჩხაიძე

გამმიჯნავ ხაზებში მეტწილად იგულისხმება ის კულტურული,სოციალური და პოლიტიკური განსხვავებები ,რაც ერთ სოციუმში არსებობს. სწორედ ეს დაყოფები, უფრო სწორად კი სოციალური სტრუქტურა და განსხვავებული ღირებულებები მიიჩნევა ამხსნელ ფაქტორად, თუ რატომ არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები. წესით გამმიჯნავ ხაზებს ახასიათებს სოციალური დაყოფა ( რასაც ჩვენ არ ვუჩივით); კოლექტიური იდენტობა (რაც ნაკლებად გაქვს) და ორგანიზაციული გამოხატულება– რაც ჩვენს შემთხვევაში მეტწილად პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობს. არის დამატებითი ფაქტორიც , ეს გამმიჯნავი ხაზები საზოგადოებაში ღრმად არის ფესვგადგმული და თაობიდან თაობას გადაეცემა . საქართველოში კი სამწუხაროდ დამოუკიდებლობა ვერ გადაეცა თაობებს ისე, როგორც ბევრს ევროპულ ქვეყანაში ეს პარტიული გამმიჯნავი ხაზების შემთხვევაში მოხდა. როგორც წესი, სუსტი გამმიჯვანი ხაზები გზას უთმობს ელექტორატის არასტრუქტურულობას. საქართველოში კი ისედაც მერყევი და პასიურია ელექტორატი, ამ ხაზების წაშლა (თუ არ არსებობა) კი უფრო მეტად უბიძგებს მათ ნიჰილიზმისაკენ.თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ხანდახან ახალი პრობლემები და გამოწვევები გამმიჯნავ ხაზებს ახალ სიცოცხლეს სძენს. სულ ორი–სამი წლის წინ საქართველოში პატიმართა უფლებების ფარდა–ახდილმა სცენებმა, გამოაფხიზლა ელექტორატი და სერიოზულად გაჰყო შეხედულებები იმდროინდელ პოლიტიკურ ყოფიერებაზე. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში ამომრჩეველი მიდრეკილია იმისკენ რომ გადაკვეთოს გამმიჯნავი ხაზების საზღვრები– არამხოლოდ იმიტომ, რომ კოლექტიური იდენტობის ნაკლებობაა (სოციალური დაყოფა და პარტიები კი უხვად გვაქვს) არამედ– იმიტომ, რომ უკონკურენტო პრობლემად კვლავ მძიმე სოცილაური მდგომარეობა რჩება. კიდევ უფრო გულწრფელად რომ გავშალოთ ჩვენი თემა, აღმოვაჩენთ , რომ ქართველ ამომრჩეველს დიდად არც არაფერი აქვს გასამიჯნი და ხშირად მათი საზრუნავი სიღარიბესა და ელემენტარულ ყოფით პრობლემებს ვერ სცდება.ეს კი თავის მხრივ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე ევროპელ ამომრჩეველზე ნაკლებად პრაგმატული ან ერუდირებულია ქართველი ამომრჩეველი, სულაც არა ! უბრალოდ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს ფუფუნება პოსტმატერიალისტურ ღირებულებებზე იფიქროსა. ეს რაც შეეხება ხალხს, ერთნაირი საზრუნავით, ერთნაირი ყოველდღიურობით. შესაბამისად, არჩევნების დროს განურჩევლად გამმიჯნავი ხაზებისა, ელექტორატი იმის მხარდამჭერი იქნება ვინც უფრო რეალისტურად დაპირდება მათ არსებული პრობლემების დღის წესრიგში დაყენებას. მსჯელობას ვერ გავაგრძელებთ ისე, თუ არ განვიხილავთ ამ პროცესებში მთავარ „გარდამქმელებს“ ანუ ჩვენს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური პარტიები კი როგორც წესი იდეოლოგიაზე დგანან. ეს იდეოლოგიები კი აყალიბებენ კონცეპტუალურ რუკას, რომელზეც მოხაზულია საკითხები და ამ საკითხების მიმართ მათი პოზიციები. ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სიმყარე და თანმიმდევრულობა, ხშირად საეჭვოა. შეიძლება ვთქვათ, რომ დაკვირვების შედეგად ჩანს თუ რამდენად დაემსგავსა ერთმანეთს განსხვავებული იდეოლგიების მატარებელი ქართული პოლიუტიკური პარტიები , როგორ გამკრთალდა მათ შორის გამმიჯნავი ხაზები და რამდენ საკითხში ფარავენ ისინი ერთმანეთს. ამას ცხადია თავისი მიზეზები აქვს. უპირველესი მეტი ამომრჩევლის მოზიდვის სტრატეგიაა. დღეს რთულია გაარკვიო პარტია მარჯვნივ არის, მარცხნივ თუ ცენტრში.მემარჯვენეებმა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა მიიღეს, მემარცხენეებმა კი კაპიტალიზმი. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ეს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თანამედროვე მსოფლიო პარტიული პოლიტიკისთვის დამამახასიათებელი ტენდენციაა. ჩვენს პოლიტიკური პარტიებს ხშირად ახასიათებთ დერივაციები საარჩევნო პროგრამებიდან, სხვის იდეოლოგიურ ეზოში გადასვლა , ბუნდოვანება და ზედაპირული მსჯელობა. ყოველივე ამას ხან ამომრჩეველთა ფართო სეგმენტის მოზიდვის მიზეზით აკეთებენ ( ეს მოტივი მორალურად ნაკლებად არის მისაღები, ამიტომაც არ არის ხმამაღლა გაჟღერებული) , ხანაც კი სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და გამოწვევების გამო. ყოველივე ამაში ქართული პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს მართლაც გვანან,თუმცა სხვადასხვა დოზებით. როგორც ავღნიშნე, გარდა იმისა ,რომ დღესდღეობით ყველა ქართული პარტია ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სიღარიბის პრობლემას და ამაშ ერთმანეთს ვერ ემიჯნებიან,არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი სადაც მათ უწევთ რომ ჰქონდეთ მსგავსი პოზიცია.უპირველეს ყოვლისა ეს არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ყველაზე პატივსაცემი და სანდო სტრუქტურის მიღება, შეასაბამისად მისი პრივილეგირებული მდგომარეობის აღიარება. განსხავავება არ არსებობს იმაშიც, რომ რომელიმე მათგანი ემხრობოდეს რადიკალურად მემარცხენე ან მემარჯვენე იდეებს. ცხადია ასეთ იდეები საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფისთვის თუ იქნებოდა მისაღები. მოსახლეობის უმეტესობა ერთსულოვანია იმაში, რომ საჭიროა ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის კონსერვაცია და სიახლეებთან ზომიერი ჰიბრიდიზაცია.მსჯელობას მივყავართ იქამდე,ვასკვნით, რომ ჩვენი საზოგადოება თავად აყალიბებს თავისთვის მისაღებ ღირებულებებსა და დღის წესრიგს, რის ასახვასაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ,ანაცვლებენ რა თავიანთ იდეოლოგიურ შეხედულებებს უკანა ფლანგზე.ეს ერთი შეხედვით მოქნილი და პრაგმატული ცვალებადობა ჩვენი პარტიების მხრიდან, მეორე მხრივ აღიქმება როგორც არასანდო და ბუნდოვან საქციელად. ამდენი მსგავსებისა და რიტორიკული თანხვედრის ფონზე, ამომრჩეველი კიდევ უფრო დაბნეულია და პარტიების პროგრამების დეტალური ანალიზის მაგივრად, ლიდერის პიროვნების მიმართ სიმპათიით ხელმძღვანელობს. ეს მეთოდი კი ხან არ ამართლებს, ხანაც წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე. ზოგი ამბობს საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი ბრიტანული მესამე გზა იქნებოდაო, ზოგი თვლის რომ ჩვენთვის კონსევატიზმია ზედგამოჭრილი, ნუ კომუნიზმზე ნოსტალგიაც მოგვისმენია.მმართველობაში გვყოლია მასობრივი პარტიაც, კარტელის პარტიაც და მოკლედ ზედმეტად მძიმე გამოცდილებებით ვართ „განებივრებულნი“. გამმიჯნავი ხაზები კი, კლასიკური გაგებით, ალბათ ყველა ზემოხსენებული ფაქტორიდან გამომდინარე ვერ ყალიბდება. თავად ეს თემა კი კომპლექსურია და ურთიერთდამოკიდებული სხვა ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებთან, რომლებშიც ასევე მეტი გაკვეთილები გვესაჭიროება.ოპტიმისტურად რომ ვთქვათ, დროთა განმავლობაში ყველა ეს პრობლემატური საკითხი მოგვარებადად მესახება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG