Accessibility links

დანაშაულს „გაგებით უნდა მოეკიდო“


ავტორი: თამარ კურატიშვილი

ვაუთოოთ ბავშვები და დავუსეროთ ქალებს სხეული, რომ მოგვცენ ოქრო. წავართვათ პასპორტები უცხოელ მისებს და ჩავწიხლოთ ბათუმის სანაპიროზე, რომ დავიკმაყოფილოთ ჟინი. ჩავაცხრელინოთ „ოქრიკებს“ ახალგაზრდები, რომ აღვადგინოთ პირადი ანგარიშსწორების ინსტიტუტი. გავათავისუფლოთ პატიმრები, რომ მიხედონ საქმეს;_ აქ, იმდენი ქუჩაში მორბენალი ბავშვია, იმდენი ახალგაზრდა, იმდენი უცხოელი...

ნაწამები დედა-შვილი... მკვლელობები... სად არის საზოგადოება ლოზუნგით _“არ აწამო!“? სად არიან მიმდინარე პროცესებით აღშფოთებული პოლიტიკოსები, როცა „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“?!

ქართველებს დანაშაულის ჩვენეული გაგება გვაქვს. თუ საქმე კაცური ღირსების შელახვას არ ეხება, მასა ქუჩაში არ დადგება. პატიმრის წამების ფაქტებმა საზოგადოება ცოცხების გამო დაზაფრა და ქუჩაშიც ცოცხების გამო გამოვიდა. ამას არც მალავდა ხალხი:

„ხომ ვიცოდით, რომ პატიმრებს სცემდნენ, მაგრამ ცოცხები მეტისმეტია!“.

„ეს არის ქართველის კაცის შეურაცხყოფა, ამას არცერთი ქართველი არ მოითმენს“.

2012-ში ცოცხების ნაცვლად, ქართველს გავრცელებულ ვიდეოში რომ ენახა, როგორ აძრობენ ფრჩხილებს პატიმარს, ეს ვერ გახდებოდა მასშტაბური საპროტესტო ტალღის საბაბი და აქციაზე გამომსვლელთა რიცხვი რამდენიმე არა სამთავრობოსა და სტუდენტს არ გასცდებოდა. გულგრილობა ჩვენი ავადმყოფობაა და სანამ ავტობუსში ჩუმად ადევნებ თვალს, შენს წინ როგორ აცლიან ქალს საფულეს, მანამ ამ ავადმყოფობის საშველიც არ იქნება.

რატომღაც, არც იმ ბავშვის ცხოვრება გვეფიქრება, დიად საზოგადოებას, მძარცველმა ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური ტრავმაც რომ მიაყენა, სახლში შესვლა აშინებს და მომხდარის განმეორების მოლოდინით, ვერ დაუძინია. რა „უპრიანია“, სოციალურ ქსელებში ვაზიაროთ 4 წლის ბავშვის დაუთოებული ხელები გულისამაჩუყებელი მინაწერებით, დასაუთავებლად დაველოდოთ დამნაშავეს სახლებში, თუ მოვითხოვოთ უსაფრთხოება სახლებსა და ქუჩებში?!

როცა ციხეებიდან ასეულობით ადამიანი ყოველგვარი შემსწავლელი კომისისს გარეშე გაათავისუფლეს, საქართველოს „მოქალაქემ“ განაცხადა: _ "რამდენიმე ასეულ ადამიანს ვუშვებთ ციხიდან. გასაგებია რომ იქ ზუსტი ფილტრი ვერ იქნება და გასაგებია რომ რაღაც ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში იყო. და რა თქმა უნდა, რაღაც რამდენიმე დღე შესაძლებელია რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს!“

ორი წელია, რაც საზოგადოება დანაშაულს გაგებით ეკიდება კიდეც, რადგან, ჩაგვაწვეთეს, რომ „ეს პროცესი არის ჰუმანური და აუცილებელია საზოგადოებისთვის ((c) ბიძინა ივანიშვილი). რა საზოგადოებრივმა აუცილებლობამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ახლა რომ დამნაშავეების სამართლებრივი დასჯა წარმოადგენს ამავე საზოგადოების ხსნის საშუალებას, ამაში ეჭვი არ მეპარება.

XS
SM
MD
LG