Accessibility links

მეფე შიშველია! გაუმარჯოს მეფეს!


ავტორი: თამაზ გაბისონია

ჰო, ცოტა უცნაურად შეკოწიწებული გამონათქვამია. მაგრამ თავისებური აზრი აქვს, დამეთანხმეთ.

ცხადია, მეფეზე არ ვაპირებ საუბარს. თუმცა ჩემი ობიექტი არც ნაკლებია - პოლიტიკური პარტია!

და ამ მიმართებით გავშიფრავ კიდეც სათაურსაც. აი, ასე:

„პოლიტიკური პარტიის იდეა კომპრომეტირებულია! მაგრამ პოპულიზმით და მანიპულაციით მართული ხალხთა მასები კვლავ პარტიებს შეჰყურებს იმედით.“

კი, იმედით შეჰყურებ, რადგან, ვფიქრობ, მიდიხარ არჩევნებზე და თუნდაც „ნაკლებად უარეს“ ბლოკს შემოხაზავ.

ყველას გადახაზვას აპირებ? საარჩევნო სისტემა მოგწონს, მაგრამ აქტორებია ცუდი?

ჩემი აზრით, ამ საპარლამენტო არჩევნებზე წასვლა ჰგავს იმ ხელგამოწვდილი ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევას, რომელიც, იცი, რომ სულელად მიგიჩნევს.

აი, რატომ ვფიქრობ ასე:

არჩევნებზე მისვლას გვაძალებენ იმ ტყუილით, რომ ეს ჩვენი „მოქალაქეობრივი ვალდებულებაა“, არადა იქ მიუსვლელობა ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციაა და, ვფიქრობ, უფრო აქტიურიც;

ვითომ ვირჩევთ პარტიას, სინამდვილეში - პიროვნებებს, რომლებიც ძირითადად სამი მეთოდით აღზევდნენ ჩვენს თავს ზემოთ: 1) ფულით, 2) სხვა ნებისმიერ სფეროში მიღწეული ცნობადობით, 3) ძალაუფლებისადმი ლტოლვით. პოლიტიკოსი (და არა - პოლიტოლოგი), როგორც პროფესია, არ არსებობს;

პარლამენტში კანონის შექმნის პრეტენზიის მქონე კანდიდატის შესაბამისი უნარების შესახებ უმეტესად მხოლოდ ის ვიცით, რომ კარგად ლაპარაკობს (ან -მღერის, ან - რაგბის თამაშობს);

აირჩევ რომელიმე პარტიას და 5-6 ცნობილ პიროვნებას მოჰყვება შენთვის სრულიად უცხო ხალხი. შემდეგ ზოგიერთ მათგანს დაგინიშნავენ მინისტრების თითქოსდა „პოლიტიკურ თანამდებობებზე“ - თავისი საქმის პროფესიონალების დაბლა ჩაწევით. ამასთან, პარლამენტში ამ არჩევნების შედეგად ყველა შემთხვევაში შევლენ ისეთი პირები, რომლებიც იქ საერთოდ არაფერს გააკეთებენ.

არჩევნების სუბიქტებზე წარმოდგენა სანახევროდ რეკლამებით გვიყალიბდება, სადაც ნამდვილი განზრახვა და პროფესიონალიზმი არაფერს ნიშნავს - აქ მხოლოდ პიარტექნოლოგიები მუშაობს. ლობისტურ კომპანიებს ფული აინტერესებთ და არა - ის, თუ რას უწევენ რეკლამას;

ნებისმიერი პარტიის იდეოლოგია დაიყვანება პენსიის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და დასაქმების თემებზე ჟონგლიორობით (დასავლეთ-აღმოსავლეთის ორიენტაცია? დარწმუნებული ხარ, რომელი სჯობს? მსოფლიოში ჩატარებული ბოლოდროინდელი რეფერენდუმები გვიჩვენებს, თუ რამდენად კომპეტენტურია მასები...).

საარჩევნო პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს არა იდეურ მოწინააღდეგედ, არამედ ხალხის მტრად აღიქვამენ. მათ შეუძლიათ ისე დასწამოს ცილი სხვა მის მსგავსს, რომ არაფერი მოეთხოვოთ, რადგან ეს „პოლიტიკური განაცხადია“. შედეგად- საზოგადოების პოლარიზაცია და მტრობა.

ყველა ტყუის, რომ აიღებს იმაზე მეტ ხმას, რისი ამღებიც არის და ეს ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ ვეთანხმებით ამ ბინძური თამაშის კიდევ ერთ წესს.

კიდევ ერთი დაუწერელი წესი: მმართველი პარტია (ნებისმიერი) არჩევნების წინ გიწყობს კეთილი საქმეების ფოიერვერკს. თუ შენ მმართველ პარტიას აძლევ ხმას (ან - ადრე აძლევდი), ეს პუნქტი შენთვისაა.

საარჩევნო დაპირებების ორიგინალობა აღიქმება ერთგვარ „საავტორო უფლებად“. თითქოს ის, ვინც გაიმარჯვებს, ვერ შეძლებს სხვა პარტიების იდეების გამოყენებას.

ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც ხშირად უფრო მთავარია ხალხისთვის თავის მოწონება, ვიდრე მართებული ნაბიჯი.

პარტია წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ მას არ ექნება ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერა. ასეთი „შემოწირულობები“ კი „დაუწერელი ხელშეკრულებებია“ რაც ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ამოქმედდება შესაბამისი ბიზნესისადმი კეთილგანწყობის სახით;

ვირჩევთ პარლამენტს, სადაც პიროვნების ხმის მიცემის თავისუფალი ნება დათრგუნულია „პარტიული ერთსულოვნებით“.

„დაპირებების“ შეუსრულებლობის შემთხვევაში ვერავის მოსთხოვ პასუხს. აი, თავის მართლების „ლეგიტიმური“ მიზეზები - მოულოდნელი სიტუაცია, რაიმე სხვა კარგი საქმის გაკეთება (დამადლების ეფექტი), ნაწილობრივი შესრულება („ჩვენ სწორედ ამას ვგულისხმობდით“), ოპოზიციური პარტიების ხელისშეშლა... და ამ ყველაფერს ადრე ვერ ითვალისწინებდნენ?

ვირჩევთ ხალხს, ვინც თავად ინიშნავს ხელფასს, არ იკლებს უცხოეთს, ფუფუნებას, ახლობლების გარშემოკრებას. პარტიათა დაფინანსება სრულიად ზედმეტი, მაგრამ დიდი ხარჯია სახელმწიფოსთვის.

უკეთესს რას გთავაზობთ? დაცინვას კაცი არ მოუკლავს და ამიტომ ვეცდები, ჩამოვაყალიბო:

სახელმწიფოს მართვა უნდა დაფუძნებული იყოს მეცნიერულ და არა - პოპულისტურ პრინციპზე; დღეს არ არსებობს ადამიანის მოღვაწეობის სფერო, სადაც ნებისმიერი საკითხის გადაჭრა მეცნიერული მიდგომით არაეფექტური იქნებოდა. გამოსავალი უნდა ინახოს შესაბამისი დარგის მეცნიერების კოოპერაციული მუშაობის შედეგად.

შესაძლოა, არჩევნებზე ცალკეული კანდიდატი წარმოადგენდეს ცალკეულ თანამოაზრეთა ჯგუფს, თუნდაც - პარტიას, მაგრამ ეს გაერთიანებები არ უნდა მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მართვაში; მსგავსად უპარტიო პრეზიდენტისა.

საყოველთაობასთან ერთად, არჩევნები ასევე უნდა იყოს კვალიფიციურიც: პარლამენტი, მთავრობა, და სხვა ინსტიტუტების თანამდებობები უნდა დაკომპლექტდეს არა პარტიული და რეგიონული ნიშნით, არამედ პიროვნების პროფესიული და მენეჯერული უნარების მიხედვით. ხელმძღვანელ სტრუქტურებში მიმავალ პირებს უნდა გააჩნდეთ ერთგვარი დამადასტურებელი საბუთი მათი უნარისა სახელმწიფოს მართვაში, ასევე უნდა გაიარონ გარკვეული ტესტირება ინტელექტუალურ და მორალურ მზაობაზე (ეს უკანასკნელიც შესაძლებელია, თუ გული გულობს). ეს არა აუცილებელი, მაგრამ სასურველი ფაქტორი უნდა იყოს.

არჩევნების უპირველესი პრინციპი უნდა იყოს: „ვირჩევ ჩემი კომპეტენციის (პროფესიის) მიხედვით“- ასარჩევ ინსტიტუტში წინასწარ შეთანხმებული კვოტებით. ცხადია, ეს მეთოდი უნდა თანაარსებობდეს საყოველთაო არჩევნების პრინციპთან. შესაძლოა, გამოდგეს არჩევნების სხვა პრინციპიც, ოღონდ - არაპარტიული!

პარტიათა დრომოჭმული სისტემის გამო დღეს პოლიტიკა ბინძური საქმიანობაა და თუ რამე იქ ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება, ამის გამო დავალებულად არ უნდა ვიგრძნოთ თავი.

და ბოლოს: ნუ მივალთ არჩევნებზე, თუ მისკენ გული არ მიგვიწევს, ნუ წავალთ ჩვენი თავის წინააღდეგ. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG