Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის ქართული მედია პარტიული ნიშნით პოლარიზებული?


ავტორი: თამთა კირვალიძე

ვთანხმდებით, რომ მედია უდიდეს როლს თამაშობს პოლიტიკური ცხოვრების წარმართვაში, განაპირობებს დღის წესრიგს და ერთგვარი არბიტრის ფუნქციაც აქვს. აქედან გამომდინარე კონსტიტუციით უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაბალანსებული ეს საკითხი, რაც განვითარებული ქვეყნების მაგალითზე მარტივად აღიქმება. ცხადია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიულობის ინდექსის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმია, სწორედ ესაა ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს პლურალისტური და მყარი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ინფორმირებულობასა და თავისუფალი აზრის ფორმირებას. სწორედ ეს საკვანძო საკითხებია, რაც შემდგომში პრობლემათა ჯაჭვს წარმოშობს ხოლმე.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ამ კუთხით, კონსტიტუციის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ე.წ. ,,კომუნიკაციის ძირითად უფლებებს’’ შორის აზრისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას. როგორც ვიცით, ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებები’’ მოიცავს, როგორც ელექტრონულ მედიას, ასევე პრესას ანუ ბეჭდვით მედიას, მათ შორის ინტერნეტს.

საკითხი ასე დგას, ვეძიებთ მიზეზს თუ რატომ არის პოლიტიკური ნიშნით პოლარიზებული დღევანდელი მედია ჩვენს ქვეყანაში. ქართული ტელეარხების რეიტინგს თუ გადავხედავთ, ასევე მათი მფლობელების ვინაობას თუ შევიტყობთ და უმრავლესობა ცნობილია (ყველა ტელეარხი კერძო პირის მფლობელობაშია გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისაა), მარტივად დავაკავშირებთ ერთმანეთთან ტენდენციასა და აზრს, რაც ბლოგის ძირითად თემადაა წარმოდგენილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მონიტორინგის შედეგების თანახმად, "რუსთავი 2"-ს წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი საგულისხმოა, რომ მსხვილ ტელევიზიებს ძალიან ჩამორჩება. ორგანიზაციის ანგარიშით, საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" გამართულ საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატების პირველ რაუნდს პირდაპირ ეთერში გაცილებით დიდმა ნაწილმა ადევნა თვალი, ვიდრე მეორეს (საუბარია ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ სრულწლოვან მაყურებლებზე). ამავე ანგარიშით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შოუებისა და საინფორმაციო გადაცემების რამდენიმე კვირის სარეიტინგო მონაცემის მიხედვით, „რუსთავი 2“–ის გადაცემებს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, „იმედსა“ და „მაესტროს“ დაახლოებით თანაბარი მაჩვენებლები აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სამივეს ჩამორჩება.

ერთგვარ პარადოქსს წარმოადგენს სწორედ ის საკითხი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ მაუწყებლობას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, მაშინ როდესაც ის სწორედ, რომ სამამულო საქმეს უნდა აწარმოებდეს და ლოგიკურად უნდა იყოს ლიდერი მაუწყებელიც. თუმცა როგორც ვხედავთ “უნდა” ამ შემთხვევაში მეტად ნორმატიულია. გასაგებია, აქ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებზეა საუბარი, ტემპლეიტური გადაცემები, არავითარი ინოვაცია და ა.შ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, სწორედ ის ფაქტი, რომ მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან პოლარიზებული მაუწყებლობები. (ზემოთ მოყვანილი მონიტორინგის შედეგები მოწმობს) განვითარებულ ქვეყნებში კი სულ სხვა ტენდენციაა. ყურებადი არხები ძირიდად სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი კორპორაციებია იგივე BBC, CBS, ABC და სხვა, მაღალი რეიტინგის მაჩვენებელია მაუწყებლობები დამოუკიდებელი და აბსოლიტურად არაპოლარიზებული რაიმე პოლიტიკური ნიშნით. ჩვენთან კი რატომღაც საპირისპიროდ ხდება. ეს საკითხი კვლევას საჭიროებს.

მაუწყებლის პოლარიზება ხშირად გარკვეული ისტორიული ასპექტებითაა განპირობებული და ბევრადაა დამოკიდებული მფლობელის ვინაობაზე. დავიწყოთ კონკრეტული შემთხვევის განხივლით, როდესაც რუსთავი 2 დაფუძნდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისადმი ოპოზიციური მიმართულება ახასიათებდა. აქვე საგულისხმოა დამფუძნებლების პოზიცია. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა შედეგი არ გამოუღია. ტელეარხი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. მაუწყებლობამ დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როდესაც რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობა მოხდა და ამ დროიდან იგი პროსახელისუფლებო პოზიციებს იკავებდა. ამ ეტაპზეც აღსანიშნავია მფლობელთა პიროვნებები და მათი კავშირები სხვადასხვა სამთავრობო აპარატთან. ფსევდოაპოლიტიკურობა ტელეარხის პოზიციებს ვერ ცვლიდა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოქმედი სახელისუფლებო გუნდის მიმართ სხვა შეხედულელებებს ავითარებს და ეს ცხადია კვლავაც გვანიშნებს ახლანდელი გენერალური დირექტორის პიროვნებაზე და მის პოლიტიკურ–იდეოლოგიურ მრწამსზე.

ობიექტურობას მეტ–ნაკლებად ინარჩუნებდა ტელეკომპანია “იმედი”. როდესაც ის დაფუძნდა ბიზნესმენის მიერ შეიძლება ითქვას, კერძო ინტერესებს იმ ეტაპზე არ ემსახურებოდა. ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახმა ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლება დაკარგა და ამ დროიდან ჩნდება უკვე კერძო პოზიციების გავლენა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ოჯახმა დაიბრუნა მართვის სადავეები და ცხადია გავლენაც შესუსტდა.

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, მედიის თავისუფლების მხივ, საქართველო პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო გასულ წელსაც პირევლ ადგილს იკავებდა.

კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა მოლდოვა, მესამეზე კი - უკრაინა. შემდეგ პოზიციაზე არიან სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი. კვლევა "მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს და შეფასებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე. უდავოა რომ პროგრესული კანონმდებლობა გვაქვს თუმცა პრაქქტიკული თვალსაზრისით მეტი პატივისცემა მოეთხოვებათ ჟურნალისტებს ნორმებისა და ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით, რაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა და ეს არ არის მიზანშეწონილი. ასევე ჯობს თავისუფალი სივრცე უფრო მეტი პლატმოფრმით იყოს წარმოდგენილი ვიდრე დღეს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG