Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არაა საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობაში?


ავტორი: თამთა ზაქარაშვილი

პოლიტიკა - ესაა თემა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია. საკითხი, რომელიც ყველამ „იცის“ და ყველას „კარგად ესმის“. ყოველი მეორე შესაძლოა აქტიურად განიხილავდეს და ჩართული იყოს პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ნიშნავს კი მოსახლეობის მაღალი ინტერესი მათსავე პოლიტიკურ აქტიურობას?

ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოს მოსახლეობა, მიუხედავად პოლიტიკისადმი დაინტერესებისა, პარალელურად გამოხატავს ნეგატიურ განწყობებს პოლიტიკური პარტიებისა, თუ მათი საქმიანობის მიმართ. რამდენი თქვენგანია დღეისათვის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი? დღესდღეობით, მოსახლეობის მხოლოდ მცირედი ნაწილი ცდილობს ჩაერთოს პარტიების საქმიანობაში, რასაც შესაძლოა მრავალი ახსნა მოეძებნოს. ჩემი მიზანია, ნათლად გამოვკვეთო ის მიზეზები, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის პასიურობას პარტიული საქმიანობის მიმართ.

მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, ან ცდილობს, საჯაროდ არ დააფიქსიროს საკუთარი აზრი პარტიული კუთვნილების მიმართ. რა არის ამის მიზეზი? რეალურად, საქართველოში არსებულმა კომუნისტურმა გამოცდილებამ გააღრმავა პარტიებისადმი უნდობლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის კლების პროცესი. ისტორიული გამოცდილება, რომელიც მოსახლეობას მუდმივად ახსენებდა პოლიტიკური პარტიების უმოქმედობას, რაც გამოიხატებოდა არჩევნების გაყალბებასა, თუ შეუსრულებელ დაპირებაში, თავისთავად ქმნიდა ნეგატიურ განწყობებს და ხელს უწყობდა ელექტორატის პარტიული საქმიანობისგან ჩამოშორებას.

გარდა ისტორიული გამოცდილებისა, არსებობს რიგი მიზეზები, რაც ასევე ხელს უწყობს პოლიტიკური პასიურობის პროცესს. ამ მიზეზთა შორის შესაძლოა მოიაზრებოდეს დღევანდელ და უახლეს წარსულში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, პარტიათა დამოკიდებულება იდეოლოგიის მიმართ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სწორად აანალიზებს იდეოლოგიის მთავარ დებულებებს, ხშირ შემთხვევაში ხვდება მეტად უცნაური რეალობის წინაშე - პარტია რომელიც წესით მემარჯვენე პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს, გვთავაზობს მემარცხენე იდეებს, ან პირიქით. მსგავსი ვარიაციები შესაძლოა მრავალი კუთხით და არაერთი საკითხის მიმართ შეგვხვდეს. ასევე, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ უარს აცხადებენ რომელიმე იდეოლოგიისადმი კუთვნილებისას და იდეოლოგიას „ცრუ მსოფლმხედველობასაც“ უწოდებენ. მგავსი არამყარი დამოკიდებულებები თავად პარტიების შიგნით, იწვევს მოსახლეობის მათდამი გაუცხოებას და ახალი კადრების არარსებობას.

კიდევ ერთ-ერთ მიზეზად შემიძლია დავასახელო პოლიტიკურ პარტიათა ერთ კონკრეტულ ლიდერზე ორიენტირება. პარტიებს მიაჩნიათ, რომ სწორედ მათი ლიდერი უნდა იყოს როგორც პარტიის გამაერთიანებელი, ასევე მოსახლეობის პოზიტიური განწყობების ჩამოყალიბების მთავარი სუბიექტიც. მე კი ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქარიზმატულ ლიდერზე დაყრდნობა სახარბიელო შედეგების მომტანი სულაც არაა. გამომდინარე იქედან, რომ ყოველ ადამიანს ინდივიდუალური შეხედულებები აქვს როგორც პიროვნების შეფასების, ასევე სხვადასხვა ღირებულებების მიმართ, ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურია მოსახლეობის დაინტერესება კონკრეტული იდეებით ან იდეოლოგიით და არა პიროვნული სიმპათიებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა პარტიას ძალზედ სწორი და საინტერესო პროგრამა ქონდეს, რომელიც ჩემთვის ან ნებისმიერი თქვენგანისთვის მისაღები იქნება, მაგრამ იმის გამო, რომ პარტია ერთ კონკრეტულ ლიდერთან ასოცირდება, გამორიცხული არაა, რომ პიროვნული ანტიპათიის გამო უარი ითქვას პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე.

ძირითადად, მიზეზები, რის გამოც ადამიანები პარტიათა საქმიანობაში ჩართვას ცდილობენ, ასეთია : გავლენის მოპოვების სურვილი; მატერიალური სარგებელის ქონა; სოციალური სარგებელის, მენტალური კმაყოფილების შეგრძნება; იდეოლოგიური მრწამსის ერთგულება; ოჯახის ტრადიცია; სოციალური ნორმები თუ სხვა. მიუხედავად დაინტერესების მრავალფეროვნებისა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის მსხვერპლი გამხდარა, რაც აღრმავებს იდეას, რომ უმჯობესია საერთოდ არ იყო პოლიტიკური პარტიის წევრი, ვიდრე იყო და ხვალ ამის გამო სამსახური დაგატოვებინონ.

ზოგადად, პარტიის წევრობა მხოლოდ პარტიის საქმიანობის გაცნობასა და მისი იდეოლოგიის აღიარებას არ ნიშნავს. ყოველი წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული მიმდინარე პროექტებში და სწორად გამოიყენოს საკუთარი უფლებები და ამავე დროს შეასრულოს მოვალეობები. გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურ პარტიებს წევრების მოზიდვაზე მეტად, მათი შენარჩუნება უჭირთ, პარტიათა უმრავლესობა შეეცადა გაემკაცრებინა წევრობის პროცედურები. შესაძლოა ეს უკანასკნელი სულაც არ გულისხმობდეს 10 საფეხურიან ბარიერს, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის გარკვეული პროცესების არსებობა დამღლელი და მიუღებელია, ისევე როგორც საწევრო გადასახადი, რომელიც არც ისე დიდია. არჩევნებიდან-არჩევნებამდე აქტივისტების დაკარგვა შესაძლოა გამოწვეული იყოს არასაკმარისი პროექტებითა, თუ ღონისძიებებით. პარტიის წევრთა უმრავლესობა პარალელურად მუშაობს ეკონომიკური პირობების გამო და შესაბამისად, პარტიების მხრიდან პასიური პროცესები იწვევს წევრთა პროცესებიდან გამოთიშვას.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად შესაძლოა დასახელდეს შიდა პარტიული დემოკრატიის სიმცირე. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ როგორ ხდება პარტიათა მართვა, ცენტრალურად, ზემოდან-ქვემოთ, თუ პირიქით. ყოველი პარტია ორიენტირებული უნდა იყოს წევრების იდეების გათვალისწინებასა და პარტიის ერთობაზე, რადგან სწორედ წევრები წარმოადგენენ პარტიის სამოქმედო ძალას და მისი წარმატების გარანტიასაც.

ბოლოს, ვიტყოდი რომ პრობლემა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ქალთა ჩართულობაა. როგორც “NIMD - საქართველო“ 2011-2012 წლების კვლევით ადასტურებს, ქართული პოლიტიკური პარტიები იაზრებენ იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩაერთონ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. თუმცა ამავე კვლევამ ცხადყო, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ „გენდერული პირამიდის“ არსებობა - რაც უფრო მაღალია პასუხისმგებლობა, მით ნაკლებია ქალთა რაოდენობა. ცხადია, ეს ფაქტი თავისთავად მოტივაციას უკარგავს ქართველ ქალებს, რადგან იციან, რომ წარმატების შანსები პრაქტიკულად არ აქვთ.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ მოქალაქეთა აქტიურობა ძირითადად წინა საარჩევნო პროცესებისას იზრდება და სხვა დროს პასიური ხდება. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი არა პარტიის წევრების, არამედ არასწორი პარტიული პოლიტიკის ბრალია, რომელიც არ ითვალისწინებს აქტივისტთა წახალისების პროცესებს. სწორედ ესაა ამ მხრივ უმთავრესი პრობლემა, რომელიც დღევანდელ პარტიებს წესით უნდა აწუხებდეთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG