Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი : თათია ჭაფოძე

არაფერი ახალი და უცხო.

მე ისეთივე ვარ, როგორც თქვენ. თქვენსავით ცოცხალი და თქვენსავით მაშფოთებს ზოგადსაკაცობრიო პრობლემები თუ ყოველდღიური წვრილმანები.

მეც თქვენსავით მღვიძავს ხოლმე და როცა მღვიძავს, ათასგვარ სიზმარს ვნახულობ, ხან ახლობლებთან ვკამათობ, ხან ვიბრძვი, რომ უფრო ძლიერი ვიყო, ხან ყველაფრის ხალისს ვკარგავ და ნამდვილი დეპრესიული ტიკინა ვხდები, ხან უმუშევრობა მაწუხებს და ხანაც მუშაობა. ნამდვილად, არც თუ სახარბიელო სიზმრები მაქვს, მაგრამ აიტანს კაცი.

მეც ისევე, როგორც თქვენ, მძინავს და ეს ნამდვილად ყველაზე დიდი სიამოვნებაა ჩემს ცხოვრებაში. თვალის დახუჭვისთანავე ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. საწოლიდან ვდგები, კბილებს ვიხეხავ, ვვახშმობ და ვსვამ შავ ღვინოს. სახლიდან გავდივარ და თუკი წვიმს, ვტოვებ კვალს მიწაზე ფრენის დროს.

მთავარი ჩემი საწუხარი კი, რის გამოც გავისარჯე, არ დამეზარა კლავიატურაზე თითები მეწკაპუნებია და საამო ძილს წუთები მოვპარე, სწორედ უწვიმობაა. ჩემთან კარგა ხანია არ უწვიმია. გვალვა გამეფდა და როდესაც სიცარიელეში შევიკეტე, უძირო ნაპრალებში ზღართანი მოვადინე. ვარდნა ხანგრძლივი იყო. შემეშინდა და ამდენი არაფრით გატენილი გული გამისკდა. მე მეწყინა, რომ მან თავისი არსებობა გამახსენა. საბოლოო ჯამში, დაშვება აუტანლად სასიამოვნო აღმოჩნდა. ამიტომ, უკმაყოფილო ვარ და ჩემი უკმაყოფილება მით უფრო მახსენდება, რომ ზღვაში აღმოვჩნდი, სადაც არანაირი კვალი არ არსებობს და არც არაფერს შეიძლება ჩასჭიდო ხელი წონასწორობის დასაკარგად.. ამ დროს საჭიროა მხოლოდ ირიბად სიარული, რომ თავი შეინარჩუნო. მარტივია, თუკი პირველ ნაბიჯს გადადგამ. გონიერი ადამიანი დაფიქრდება, როგორი უნდა იყოს ეს ბანიჯი და გონების კარნახით იმოქმედებს. გეგმას შეადგენს, მიზნის მისაღწევად იბრძოლებს. გონიერი ადამიანი კი იტყვის, ფიქრი გონებას ურევს, მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაო და დინებას მიყვება. სულის აუმღვერვლად იმას მიიღებს რაც უნდა, ანუ რაც არის. იქნებ ბედნიერიც იყოს, იქნებ უბედურიც, როგორც ჩვენ, ყველა. მე გონიერი ადამიანი ვარ, ისევე როგორც თქვენ და ვამბობ, რომ არცერთ გონიერ ადამიანს გონი არ გააჩნია, ისევე, როგორც მე. ამიტომაც, ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამიტომაც არ ვართ განსაკუთრებული ქმნილებები. ამიტომაც ვყვები ჩემს თავზე. თქვენც თქვენს თავზე ყვებით გამუდმებით და ჩვენ ყველანი ამიტომაც ვართ ასეთი სათნოები, კაცთმოყვარეები და არა ეგოისტები.

ჩვენ ერთმანეთის გვესმის სავსებით.

და ღამით, როცა მე მძინავს, ყვითელი ავტობუსის ფანჯრიდან მოსჩანს ნაცრისფერი კორპუსები, სიბნელეში რომ ყვითლად აფახულებენ თვალებს და კანის გაძრობას აპირებენ, როგორც გველები გაზაფხულზე. და ბავშვები, კორპუსებში გამომწყვდეული ყუთების სიცოცხლისუნარიანობას რომ ადასტურებენ, არავის ეკითხებიან ჭკუას, მხოლოდ ჭიდაობენ უსაგნო საგნებზე. და ვიღაცები გამუდმებით დაფუსფუსებენ სადღაც, როგორც ჭიანჭველები თავიანთი ბნელი დერეფნების ცის ღრმულებში და მათ ფუსფუსსაც არააქვს აზრი.

ვიღაცას კი რაღაც ეწყინა. ეწყინა და ადამიანური გაკრთა მზერაში. იგივე მოხდება, როცა ვიღაცას რაღაც უხარია. უცვლელი მხოლოდ მონაცვლეობაა იქ, სადაც ყველა და ყველაფერი ერთნაირია.

ახლაც ისეა, როგორც ყოველთვის იყო.ჩემში კოკისპირულად წვიმს და წვიმას სიცოცხლის ნასახიც არ ხვდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG