Accessibility links

ავტორი: თებრო

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, სასარგებლო, და თან ქართულ ენაზე. არადა სულ ვფიქრობ, ვფიქრობ თუ როგორ მივაწვდინო ხმა ვენიდან თბილისს, როგორ გავესაუბრო აგერ უკვე ხუთი წლის წინათ დატოვებულ სამშობლოს. აი, ამ დილითაც, სწორედ ისე როგორც ყოველ ცისმარე სამუშაო დღეს, ფიქრებით დახუნძლულმა ჩამოვუარე კაფე ცენტრალს. ავხედე მის ქონგურებსა და ქანდაკებებით მორთულ მშვენიერ ფასადს და თვალს წყალი დავალევინე, რადგან ყავის დასალევი დრო მაინც არ მქონდა. დიახ, სამსახურში მწარედ მაგვიანდებოდა.

არადა როგორ შემყვარებია აქაურობა და რამდენი კარგი, ტკბილი და თბილი მოგონება მაკავშირებს მასთან! სწორედ ამიტომ, მტკიცედ გადავწყვიტე ორიოდ სიტყვა მეთქვა მის "აღმატებულება" - კაფე ცენტრალზე და გამეზიარებინა თქვენთვის.

და მაინც რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? იქნებ ის, ტურისტები დილიდან საღამომდე რომ არ აძლევენ მოსვენებას და ფოტოებს უღებენ კველა კუთხიდან, ყველა შესაძლო რაკურსით? ან იქნებ ის, შავ ფრაკში გამოწკეპილი ცხვირ-აბზუებული ოფიციანტი რომ მოგართმევს ყავის ფინჯანს, უფრო ზუსტად დაგიხეთქებს მაგიდაზე, ვენური კოფიჰაუზის სტილში? ან იქნებ ის, ორი წვეთი ყავის ნახარშში, რძით თუ ურძეოდ, ქაფითა თუ მის გარეშე, და მასთან მისკუპებული შოკოლადის პატარა ნატეხში რომ უნდა გაიყიდო და ზედ ერთი ევროც უფეშქაშო ოფიციანტს განსაკუთრებულად მედიდური და ცივი მოპყრობისათვის?... აჰ, არა, არა. ეს ყველაფერი თანამედროვეობის მოტანილი სიკეთეებია მხოლოდ, კაფე ცენტრალის ნამდვილი ხიბლი კი მის უნიკალურ ისტორიასა და არქიტექტურაშია, რომელიც ყველა ზემოთთქმულ “სიკეთესთან” ერთად განუმეორებელ გემოს სძენს მის კედლებში შესმულ ყავას, ცნობილი ვენური ნამცხვრის - ზახერ ტორტის ზულუქა ნაჭერთან ერთად.

პარალელისთვის და სანამ ფაქტების კორიანტელს დავაყენებდე, მინდა ვთქვა რომ მსგავსი შეგრძნება თბილისში მხოლოდ ლაღიძის წყლებში მეუფლებოდა. შარშან თბილისში ყოფნისას, რუსთაველზე გავვარდი ჩემი ორი წლის გოგონასთან ერთად და თან ვუყვებოდი ელენეს ლაღიძის წყლებზე, ტარხუნასა და შოკოლადზე ნაღებით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ნაცნობ და საყვარელ ადგილს, მით უფრო და უფრო დიდ ნერწყვებს ვყლაპავდი ნეტარების მოლოდინში. მივედით და რა? ... დალუქულ დაკეტილი დაგვხვდა ჩვენი ლაღიძე და მის ადგილას ამაყად წამოჭიმული მორიგი ტანსაცმლის მაღაზია. ეჰ, ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო არსს… ისე ჩამწყდა გული, ლამის ვიტირე. არა ლამის კი არადა - ვიტირე, ოღონდ მერე, ჩემთვის ჩუმად ელენეს რომ არ ენახა. იტირე რამდენიც გინდა: "ავგუსტინე, ავგუსტინე, საქმე წახდა, წახდა, წახდა, ახლა დაჯექ და უსტვინე" - საბჭოთა პერიოდში ნათარგმნი "მარგალიტებიდან" ლექსი გერმანული ზღაპრის მოტივებზე.

მოკლედ, ყველაფერი 1876 წელს დაიწყო. ისე ლამაზად კი დაემთხვა თუ დაამთხვიეს არა, 8, 7, 6? ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ფერსტელის სასახლეში ჰერენგასეს ქუჩა ნომერ 14-ში საზეიმოდ გაიხსნა კაფე ცენტრალი და მაშინ ვერავინ იფიქრებდა რომ სულ მალე იგი გახდებოდა ვენის ინტელიგენციის თავშეყრის მთავარ ადგილად. ფერსტელის სასახლე რამოდენიმე ნაწილისგან შედგება და მხოლოდ მისი პირველი სართული უკავია კაფე ცენტრალს. თავად ფერსტელის სასახლე აშენებულია ცნობილი ავსტრიელი არქიტექტორის ჰაინრიხ ფონ ფერსტელის მიერ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მე19 საუკუნის ვენის აშენებაში. მის სახელს უკავშირდება ვენის ისეთი ცნობილი არქიტექტორული ძეგლები როგორიცაა: ვოტივკირხე (ვოტივ ეკლესია, რომლის მოდელად ლონდონის ვესტმინსტერის კათედრალი იქნა გამოყენებული) და ვენის უნივერსიტეტი.

საინტერესოა რომ კაფე ცენტრალს 1938 წლამდე "ჭადრაკის სკოლად" მოიხსენიებდნენ, რადგან სტუმართა უმრავლესობა, თურმე, ყავის სმისა და პოლემიკის გარდა ჭადრაკის თამაშითაც ირთობდა თავს. მეორე მსოლფიო ომის შემდეგ კაფე დაიხურა და იმ სახით რომლითაც ახლა ვიცნობთ, 1986 წელს გაიხსნა. კაფე ცენტრალის მუდმივ სტუმრებში ნახავდით ტროცკის, ფროიდს, ლენინსა და ასე გასინჯეთ თავად ჰიტლერსაც კი. თუმცა აბა რა გასაკვირია, სადმე ხომ უნდა დაელია ყავა და სად, თუ არა ყველაზე პრესტიჟულ კაფეში?.. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს არავინ აფიშირებს არც კაფე ცენტრალში და არც სხვაგან სადაც იგი სტუმრობდა, კაფე ცენტრალის მთავარ გვერდზე ეს ინფორმაცია ბუნებრივია განთავსებულიც არაა. საერთოდ ვენაში განსხვავებით თბილისისაგან, არცერთი ავსტრიელი არ ამაყობს მისი პერსონით და ცდილობენ თავი აარიდონ მასზე საუბარს ან თუ ისაუბრებენ, მხოლოდ ისე და იმ ჭრილში რომელიც დამსახურებულად მიაკუთვნა მას კაცობრიობის ისტორიამ.

მომიტევეთ ლირიული გადახვევისთვის და დავუბრუნდეთ კაფე ცენტრალს. ეს საოცარი ადგილი უმთავრესად და უპირველესად ვენის ხელოვანთა ცენტრი იყო და იგი დღემდე ამაყობს პოეტთა, მწერალთა, მხატვართა და მუსიკოსთა ისეთი წარმომადგენლებით როგორებიც იყვნენ ვენის მოდერნისტები ე. წ. "იუნგე ვინ" მიმდინარეობის წევრები: პეტრე ალტენბერგი, გუსტავ მალერი, არტურ შნიცლერი თუ გუსტავ კლიმტი. სწორედ ამ ხსოვნის ნიშანია პეტრე ალტენბერგის ვენური კოფიჰაუზის პოეტად აღიარებული ულვაშებიანი ქანდაკება, რომელიც კაფე ცენტრალში შესულ ყოველ მნახველს ეგებება. ალტენბერგი სხვათაშორის წარმოშობით ებრაელი პოეტი და მწერალი გახლდათ, ცხოვრობდა ხელმოკლედ, არასოდეს უქორწინია და საკმაოდ ადრე 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი გამონათქვამები დღესაც ისევე რელევანტურად ჟღერს როგორც 100 წლის წინათ, აი ერთ-ერთი: “მამაკაცისათვის სიყვარული მთელი სამყაროა, ხოლო მანდილოსნისათვის სიყვარულია მთელი სამყარო”…

უცნაურია რომ ამ ფრაზას ხშირად მიმეორებდა მამა, მაგრამ მაშინ არც მისი აზრი მესმოდა და არც ის ვიცოდი რომ იგი ალტენბერგს ეკუთვნოდა. მართალია არ ვიცი, თუ რატომ იყო ეს ფრაზა მამაჩემისთვის ასეთი განსაკუთრებული, ამ გადმოსახედიდან ჩემთვის ცხადზე უცხადესია რას გულისხმობდა პოეტი და რთულია არ დაეთანხმო.

და ამასობაში, ყავის დალევის დროც მოსულა… აბა, დროებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG