Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: თიკო ლევანიშვილი

ბელადს ბროცკი ჰყვარებია, ამიტომაც უბრძანებია გორსა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაშლის „პლანტაციები“ გაეშენებინათ. ბრძანება მეორე დღესვე შესრულდა, მაგრამ იმსაღამოსვე ყველა სიკვდილით დაისაჯა. ღირსები იყვნენ, აბა როგორ ვერ მიხვდნენ, რომ ეს გამოცდა იყო. აბა, სტალინს ბროცკი როგორ ეყვარებოდა, მისი გემოვნებისა და თანამდებობების შესაფერისი ვაშლის ჯიში ხომ მხოლოდ ცარსკი ან გოლდენია. მოკლედ, ასეა თუ ისე, გორს ვაშლები შემორჩა, გორელებს კი ვაშლებზე ხუმრობები.

„სუფთა ვაშლის ბარიგა ხარ რა,“ „ისე, რომ გბომბავდნენ სად იმალებოდით, ხეების ქვეშ?“ „გორელები დაბადების დღეებზე რომ დადიხართ, ვაშლი დაგაქვთ საჩუქრად?“ ესენი ამ წამს გამახსენდა, თორემ რა გამოლევს ჩვენ მიმართ წამოსული რეპლიკების სიას. ეს კიდევ რა, იცით რამდენჯერ გამიგია მამაჩემის თბილისელი ნათესავებისგან - „შეხედეთ გოგიტას რამხელა შვილები ჰყავს. ისე რატომაც არა რა, ბავშვები სულ ვაშლებზე ჰყავთ გაზრდილი.“ ისე საინტერესოა, თუ იცოდნენ, რომ ვაშლი სიმაღლეში ზრდას ასე უწყობდა ხელს, ნეტა ვინ გადაუკეტა მათ შვილებს საყლაპავი მილი, რომ ვაშლი არ ეჭამათ.

ეს კიდევ არ გვაკმარეს და ახლა ანეკდოტებიც შეგვითხზეს. აი ხომ გსმენიათ ანეკდოტები კახელებზე, მეგრელებზე, სვანებზე, მაგრამ ამასთან არსებობს ანეკდოტები კონკრეტულად გორელებზე, რომ თურმე გორელი ისე დამთვრალა, ტროტუარზე უვლია. ადრე, გორში, ისე ხშირად ყოფილა მიწისძვრები, რომ ხალხმა შუა გზაზე დაიწყო სიარული, ეს კი ისე ჩაჯდა გორელების გენეტიკაში, რომ ჩემი თაობაც კი, რომელიც არ ვართ მოსწრებული დამანგრეველ მიწისძვრებს, მაინც შუა გზაზე დავდივართ. ეს რეალობაა ანუ არავის მოუგონია და არ დაუბრალებია ჩვენთვის ეს ამბავი, ასე რომ დაიჯერეთ.

კიდევ ერთი რეალობაა ის, რომ სტალინს სოფლელებისთვის ქალაქში ჩამოსვლა აუკრძალავს. უპასპორტობა პირდაპირპროპორციული იყო სოფლელობასთან, ამიტომაც ბევრისთვის ქალაქისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. ეტყობა პაპაჩემმა შემოასწრო, სანამ გალავნებს ჩაკეტავდნენ და ვაჟა-ფშაველაზე დასახლდა. თბილისის პროსპექტისგან განსხვავებით ჩემი გორის ვაჟაზე სულ 9 სახლი დგას, 9 განსხვავებული არქიტექტურით და განსხვავებული ხალხით.

უბანში შემოსვლისთანავე გენერლის ოჯახი შემოგეგებებათ. ბავშვობაში მჯეროდა, რომ მართლა გენერალი იყო. ვიჯერებდი მის მოყოლილ ისტორიებს აფხაზეთზე და ყოვლისშემძლე პულიმიოტზე. მაგრამ, რომ გავიზარდე და მისი ასაკი გავიგე, მივხვდი, რომ აფხაზეთის ომში 10 წლის ბავშვს უბრალოდ არავინ აომებდა. შესაბამისად გენერალი ჩემთვის რიგით ჯარისკაცად ჩამოქვეითდა. მის გვერდით ომარი პაპა ცხოვრობს, ცალ მკერდზე ლენინის და ცალ მკერდზე სტალინის ტატუებით. თქვენ გამოიცანით გულის მხარეს რომელი ეყოლებოდა დახატული. მათ წინ მთავრობის კაცი ცხოვრობს. ადრე ნაცებში იყო, მერე გუბერნატორი გახდა, მერე ჩამოაქვეითეს, ბოლოს კი ბიზნესს მიჰყო ხელი. უხ, რადმენჯერ უვლიათ ჩემს მეზობლებს არჩევნების დღეს კარუსელზე, რათა ამ კაცს გაემარჯვა. გათენდებოდა არჩევნების დილა, მოვარდებოდა უბანში სამარშუტო ტაქსი და უბნის ხანშიშესული ქალები, ბებიაჩემის თამადობით, „გამჭვირვალე“ არჩევნებზე მიდიოდნენ. მაგრამ ამ ყველაფერს უკვალოდ ხომ არ ჩაუვლია, უბანში ასფალტი დაგვიგეს.

ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონიც გვყავდა უბანში, თანაც პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში საბჭოთა კავშირიდა. მის სახლში ხშირად იშლებოდა სუფრები, თბილისიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრები. მთელი უბანი გარეთ ვიყავით ხოლმე. ეს იმხელა შანსი იყო გენახა ვინმე ცნობილი ადამიანი. თანაც თუ გაგვიმართლებდა სტუმარს შეიძლება უფროსებისთვის ხელი ჩამოერთმია და პატარებისთვის თავზე ხელი გადაესვა. ერთხელ სააკაშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩოჩიშვილებთან სტუმრად იყო მოსული. ყველას ხელი ჩამოართვა. ჩემი ბებო აქაც ჩემი ბებო იყო და წასწვდა და აკოცა. ნეტა გენახათ იმ საღამოს მეზობელ ქალს რამხელა წნევა ჰქობდა, ინერვიულა, რომ მან ვერ აკოცა მომავალ პრეზიდენტს. თემოზე და თამრიკოზეც მინდა გითხრათ. უღატაკესი ოჯახი, რომელსაც მეზობლები არჩენდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით ტუზი და ორსართულიანი სახლი დაეცათ თავზე. რეაბილიტაცია დაიწყო, მათი ქოხი დაანგრიეს და სასახლე წამოჭიმეს ორი დიდი აივნით. გამოდგება ხოლმე დილით ცოლ-ქმარი აივანზე და ამაყად გასცქერის უბანს. ერთელ იფიქრეს, არავინ გვიშაროს რატომ ეკუთვნოდათ რეაბილიტაციაო და არქივში დაიწყეს ქექვა. ვინც ეძებს ის პოულობსო, ხოდა მოიტანეს ნიკოლოზ II-ის ხელმოწერით რაღაც საბუთი, სადაც ეწერა, რომ მათი წინაპრები ერისთავები იყვნენ, იქვე მეორე საბუთიც მოიტანეს. აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ-ერთი ერისთავი პაპაჩემის პაპას მოუკლავს, შესაბამისად ჩვენ ახალი სახლის გარეშე დავრჩით.

მოდით, ყველა ოჯახს აღარ აგიღწერთ, უბრალოდ მინდა ერთხელ მაინც წარმოიდგინოთ როგორ თამაშობენ ჩემი ცაცხვის ხის ქვეშ ებრაელი, რუსი, ჩინელი და ეგვიპტელი ერთად.

ისე, იცით, გავს გორი რაღაცითთბილისს. თბილისის გლდანი იგივეა რაც გორის სადგურის დასახლება, ჩვენი კომბინატის ტერიტორია იგივეა რაც ვარკეთილი, პლეხანოვი გორის წყაროს უბნია, მაგრამ ვაჟა ვაჟაა.

მიუხედავად იმისა, რომ გორი ჩემი დედულეთია, იგი ჩემი ქალაქია. უფრო ზუსტად კი ჩემი უბანია ჩემი ქალაქი, ჩემი ცაცხვის ხეა ჩემი ქალაქი. მე ვგიჟდები ვაშლზე, განსაკუთრებით ბროცკზე, მე მიყვარს შუა გზაზე სიარული, ინტონაციით ხმამაღლა საუბარი, სიტყვებზე ასობგერა ი-ს დამატება და წამდაუწუმ „მა-ს“ თქმა და იცით, სულაც არ მრცხვენია ამის. მე მაინც მიყვარს გენერლის შეთხზული ისტორიები, მე მაინც მიყვარს აივნიდან ცოლ-ქმრის მოძახილი სიტყვა _ „თიკუნა, რა ხდება დედაქალაქში?“ მე სტალინი არ მიყვარს, მაგრამ მიყვარს ის 54 000 ტურისტი, რომელიც ყოველ წელს სტუმრობს სტალინის სახლ-მუზეუმს. მე მიყვარს გორელი მწერლები, მასწავლებლები, სპორტსმენები, მეეზოვეები, მცხობელები და „ბირჟავიკები.“

უთქვამს ერთხელ ყაზბეგს, არ დაივიწყოთ ვისი გორისა ხარო, ხო და მე არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით არ ვივიწყებ ვისი გორისა ვარ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG