Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტების არჩევანი - სასურველი თუ საჭირო პროფესია?


ავტორი: თინათინ ბედუკაძე

რამდენიმე დღის წინ, გასაუბრებაზე, მკითხეს, ბოლოს რა წავიკითხე, რაზეც ვუპასუხე რომ ბეკეტის გოდოს მოლოდინს, მეტერლინკის ბრმებსა და სტოპარდის პიესასროზენკრანცი და გილდესტერნი დაიხოცნენ პარალელურ რეჟიმში ვკითხულობდი. მერე, რატომო? თემაზე ვმუშაობ - მეთქი, იმათ კიდევ ისეთი რამ მკითხეს, მაშინვე მივხვდი, დიალოგის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.

რაო და, თქვენთვის რა წაიკითხეთო?

ეს ისეთი კითხვაა, აი იმ შეგრძნებას ჰგავს, ცივი წყალი გადამასხესო, რომ ამბობენ ხოლმე. მე კიდევ, ჩემი ერთი ლექტორის სიტყვები გამახსენდა, რომლითაც, ერთ-ერთი ლიტერატურული ტექსტის გარჩევისას, ჩემს არაფრისმთქმელ კომენტარს - მომეწონა - ხაზი გადაუსვა. მისი სიტყვები ასე ჟღერდა: შენ მკითხველი არ ხარ, შენ ხარ პროფესიონალი! უფრო ადრე კი, იმავე ლექტორის ლექციაზე, ასეთი კითხვა გაჟღერდა: რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს? ჩამოთვლა დავიწყე შემდეგი თანმიმდევრობით: კითხვა.., მაგრამ ვინ დაგაცადა ჩამოთვლა?! კვლავ ლექტორის ხმა გაისმა: კითხვა თქვენი ჰობი კი არა, პროფესიული მოვალეობაა! აი, მას შემდეგ მძულს სიტყვა პროფესია, მას შემდეგ მძულს მოვალეობა, რომელიც კითხვას მაიძულებს და მძულს ისეთი სისტემა, რომელიც ვინმეს კითხვას აიძულებს და ისეთი ადამიანებიც, რომლებიც იმისთვის კითხულობენ, რომ იძულებულნი არიან, რომ წაკითხული უნდა ჰქონდეთ, იმიტომ რომ ეს კლასიკაა და წაკითხვის შემდეგაც, რომ ვერ გაურკვევიათ, რატომაა ეს კლასიკა?

მოკლედ, მე ასეთი გამოსავალი მოვძებნე, რადგანაც მკითხველის სტატუსსა და თანამდებობას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს, ვიფიქრე, ყველას ჯინაზე, პროფესიონალი მკითხველი გამოვალ-მეთქი, ჰოდა ავაგდე ეს გადაწყვეტილება ჰაერში და თავი შევუშვირე. შედეგად ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებაზე და მივიღე სასურველი სინთეზი - საქმე და სიამოვნება ერთად, ან მოვალეობა და სურვილი ერთად, ან როგორც გენებოთ. ასეთი რამ მიიღწევა შემდეგნაირად: ცოდნის ხეს (სასურველი ნაყოფით) ვაყუდებთ კიბეს და ვიწყებთ მასზე ასვლას. თითოეული საფეხური ლიტერატურული ტექსტია, მათ შორის სივრცე კი წაკითხულზე ფიქრი, განსჯა და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა. შემდეგ მეორე საფეხური, ახალი ტექსტი და ასე დაუსრულებლად, დაუსრულებლად კი იმიტომ, რომ სანამ ერთი საფეხურიდან მეორეზე გადავინაცვლებდეთ, სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთის - თოტის - ხელშეწყობით, ტექსტები საოცარი სისწრაფით მრავლდება, შესაძლოა ეს ასლის გადამღები აპარატურის ბრალიცაა, ვინ იცის, შედეგად კი მიწა ნოყიერდება და ხე იზრდება, მასთან ერთად კი კიბესაც ემატება საფეხურები. ზოგჯერ ეს გაშინებს კიდეც, მაგრამ დაბრკოლებად ვერ იქცევა მიზნისკენ მიმავალ გზაზე და იცით რატომ? იმიტომ რომ იცი, ეს შენი საქმეა, ეს ისაა, რისი კეთებაც მოგწონს, გიყვარს, გსიამოვნებს და გიბიძგებს შემდეგი საფეხურისკენ, ის კითხვა კი, თქვენთვის რა წაიკითხეთ, იმსახურებდა შემდეგ პასუხს:

- მე ყველაფერს ჩემთვის ვკითხულობ!

და მაინც, ახლა რომ მკითხოს ვინმემ, რა წავიკითხე ბოლოს, ვუპასუხებ, რომ არგუსის ბაზაში, საგნების ასარჩევად შესულს, მეტი ეფექტისთვის წითელი შრიფტით დაწერილი შეტყობინება დამხვდა და მეც წავიკითხე: თქვენი წვდომა არგუსზე შეზღუდულია ფინანსური დავალიანების გამო. დავალიანების დაფარვის შემთხვევაში არგუსზე წვდომა განახლდება. აი, ეს ისაა, რაც მართლა ჩემთვის წავიკითხე, რაც იმ ლექტორის სიტყვებივით ლაიტმოტივად გასდევს ჩემს ცხოვრებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ კიბე გამომაცალა და არ ვიცი სად ვარ, ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს, რადგან ერთდროულად დავკარგე საქმე, სამოქმედო სივრცე, მოქმედებისთვის საჭირო იარაღები, ანუ დავიკარგე. თუ ვინმემ მიპოვოთ, უმორჩილესად გთხოვთ, დამიბრუნოთ საკუთარი თავი.

ალბათ, ბუნებრივია, ამ ყველაფრიდან შემდეგი დასკვნა უნდა გავაკეთო და რჩევის სახე მივცე: მეგობრებო, მათ, ვისაც ფულიანი მშობლები და ბიძია-მამიდები არ გყავთ, ვისაც ჯერ არ აგირჩევიათ პროფესია, გთხოვთ, თქვენსავე სასიკეთოდ, ერთმანეთში ნუ აურევთ ჰობს, სასურველ საქმესა და პროფესიას, ნუ შეაჩერებთ არჩევანს იმაზე, რისი კეთებაც გსიამოვნებთ, რადგან ტყუილია, რომ ფინანსური მდგომარების გამო სტუდენტს სტატუსი აღარ შეუჩერდება, რადგან არ უნდა გქონდეთ იმედი არცერთი კანონისა, რომელიც ვითომდა სტუდენტის სასიკეთოდაა მიღებული, არცერთი ვაკანსიის, რომელიც სტუდენტებისთვის ცხადდება და ა. შ. არ გააკეთოთ ეს, რადგან თქვენ გემუქრებათ საკუთარი თავის დაკარგვა.

P.s. კოშმარები მესიზმრება: გასაუბრებაზე კომისიის თავმჯდომარე ქირქილებს: ასე იცის საკუთარი თავისთვის კითხვამ, ასე იცის საქმის შეყვარებამ, მოგიხდებათ, მოგიხდებათ..

მე კი ჯიუტად ვაგრძელებ: მაინც წავიკითხავ, ყველაფერს ჩემთვის წავიკითხავ და ჩემი სიმძიმით დასუსტებულ ტოტზე ვქანაობ.

მე 3330-ე სტუდენტი ვარ.

თქვენ შეგიძლიათ, არ იყოთ ჯიუტები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG