Accessibility links

რატომ მოიკლა თავი ღვთისმშობელმა ილიას უნივერსიტეტში


ავტორი: თორნიკე ჭუმბურიძე

რა მოხდა : 24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა ჩაატარა ორდღიანი კონფერენცია “"როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა, ისტორია, პოლიტიკა". პირველ დღეს სამეცნიერო ვორკშოპი იყო, იმავე სახელწოდებით. ქართველმა სტუდენტებმა, ქართველმა პროფესორებმა, უცხოელმა პროფესორებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რატომ არიან უჩინრები და უხმოები, ერთი მხრივ, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო სარბიელზე და მეორე მხრივ, გარკვეული ჯგუფები ცალკეული საზოგადოებების შიგნით. იმაზეც, რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი.

მეორე დღეც ამ თემას დაეთმო, ოღონდ - თანამედროვე ქართული ხელოვნების და პოლიტიკის კონტექსტში. ჯერიფოტოგრაფებოს და მხატვრების გამოფენა იყო,შემდეგ - დისკუსიები მწერლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან.საერთო ჯამში, პროდუქტიული ორი დღე გამოდგა. ორგანიზატორებმა თავდაჭერილად შეაქეს ერთმანეთი, მხატვრებმაც და ფოტოგრაფებმაც კმაყოფილებმა ჩამოხსნეს ნახატები და თან გაიყოლეს.

ხუთი დღის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა გამოფენის ფეისბუქზე ალბომიდან ლია უკლებას უკვე კარგად ცნობილი ნახატი დააშეარა და მიაწერა, ლიბერალურ უნივერსიტეტში კი ვსწავლობთ, მაგრამ ეს მაინც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფააო. მეორე დღესვე, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება” “ქართული იდეა” და “სტუდია ობიექტივი” მოცვივდნენ, ჯერ უნივერსიტეტის პიარის სამსახურის უფროსი დაკითხეს, მერე ინსტიტუტის დირექტორი და ამის ამსახველი ჩანაწერები დიდი სიამაყით გამოდეს საჯაროდ. ატყდა, მოგეხსენებათ ერთი ვაი-უშველებელი. ყველაფერი ეკლესიამ დააგვირგვინა : პატრიარქმა განაცხადა რომ “ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა”, საპატრიარქომ კი განათლების სამინისტროს მოუწოდა “ზომების მიღებისკენ”.

აი ეგეთი ირონიული ამბავია : ორი დღე ვიმსჯელეთ შეუმჩნევლობასა და უხმობაზე. ორივე დღეს, ერთიანად, 50 ადამიანი თუ დაესწრო. და კონფერენციის ერთადერთმა მონაწილემ საზოგადოების ყურადღება მხოლოდ იმიტომ მიიქცია, რომ ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ მას საერთოდაც არ უნდა ამოეღო ხმა.

* * *

ერთი რამ არის ადვილი შესამჩნევი გარშემო : ყველა ვიღაც სხვისი გრძნობების შეურაცხყოფაზე საუბრობს, ვიღაცის გაბრაზებაზე, ვიღაცის პროვოცირებაზე. აი საპატრიარქოც კი “ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას” და “რელიგიურ ადამიანებს” ახსენებს. თავის თავზე ხომ არ იტყვის ვინმე ამას, მაგრამ “რელიგიურ ადამიანებზე” აშკარად ისეთი წარმოდგენა აქვთ, თითქოს მათ არც განსჯის უნარი აქვთ, არც ხელოვნების აღქმის, არც კონტექსტის გააზრების. ან თუ აქვთ, ასეთ მგრძნობიარე საკითხთან შეხებისას მაინც დაკარგავენ : დაინახავენ თუ არა ღვთისმშობელს და მის ხელში პისტოლეტს, მაშინვე პირობითი რეფლექსი ჩაერთვებათ, ამოიბღავლებენ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა!” და გავარდებიან სადმე - სავარაუდოდ, ილიას უნივერსიტეტის დასარბევად. არ არის ეგრე. ნაღდად ვიცი, მამამ მითხრა.

მორწმუნეა მამაჩემი, დიდი ხანია. ეკლესიაში ხშირად დადის, შიგადაშიგ მარხულობს, ეზიარება. მისი ერთ-ერთი უახლესი მეგობარი, თანამოაზრე და ავტორიტეტიც მოძღვარია, ჩემი უმცროსი დის ნათლია. თუ რამის გამო გვიკამათია ეს ბოლო რამდენიმე წელია, მხოლოდ რელიგიისადმი ჩემი გაუცხოების და ეკლესიისადმი კრიტიკული პოზიიციის გამო. იმის გამო, რომ მე და “ჩემი ბუდე” “სარწმუნოებაზე ამდენს არ უნდა ვბედავდეთ”.

ჰოდა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი, იმან დამიჭირა პირველმა მხარი. მეც კი არ ჩამომიგდია ამაზე საუბარი, თვითონ მომიბრუნდა აღშფოთებული, იმ შენს მეგობარ დეისაძეს როგორ ადარებენ ამას, ეს ხომ ხელოვნებააო.

მგონი, ისიც იმას მიხვდა, თუ რა საოცრად, რა ღრმად ქრისტიანულია ეს ნახატი (ხატი ტყუილად ხომ არ არის). თავად ავტორი მას ასე განმარტავს :“ჩემი დამოკიდებულების გზავნილი მარიამის სახით – „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი”. მაგრამ მხატვარი მართლა ხომ არ გვეტყვის ნახატზე ყველაფერს. სულაც რომ მოუნდეს ამის გაკეთება, ისიც ხომ ვიცით, რომ ნახატს მაინც დარჩება თავისი სათქმელი.

კი, მართალია რომ აქ ღვთისმშობელი ყველაზე ძვირფას ძღვენს, თავის შვილს გვართმევს. მაგრამ რამდენი არ დავაკვირდი, რამდენი არ ვეცადე, მაინც ვერაფრით ამოვიკითხე მის სახეზე რისხვა, ვინმეზე გაბრაზება, შურისძიების სურვილი. სიმშვიდეა იქ. მოწამის სიმშვიდე. სხვების ცოდვების, სხვების საცოდაობის გამო უდრტვინველი მიღება სიკვდილის. სხვა ხომ არავინ გახსენდებათ ისეთი, ასე, სხვებისთვის რომ ევნო?

თან განლაგება იყო ასეთი: გამოფენა ამ ნახატით ან იწყებოდა, ან მთავრდებოდა. თუ შემოსასვლელიდან პირდაპირ წახვიდოდი და საათის საპირისპიროდ გაუყვებოდი, ის საწყისი, შემზარავი კითხვა იყო და მერე პასუხები მოყვებოდა. თუ, ჩემსავით, მარცხნივ გაუხვევდი შემოსვლისას და საათის მიმართულებით მიყვებოდი, ჯერ ლუკა პერტაიას და ბექა წიქარიშვილის ფოტოები უნდა გაგევლო, რეპორტაჟი კაზრეთიდან, ზესტაფონიდან, ტყიბულიდან, ჭიათურიდან : იქიდან, სადაც ახლა ყველაზე მეტად უჭირთ, სადაც ყველაზე დიდი საშინელება ტრიალებს. მერე ქრისტინა რობაქიძის საოცარი “დიალოგი” : ფოტოსერია თითქოს მომღიმარი, მაგრამ რაღაცნაირად გატეხილი ადამიანების და ნახატები ამ ფოტოების მიხედვით. ნახატებზე წარწერები იყო, ამ ადამიანების ფრაზებით. ფოტოებზე - არა. რატომ?

ნახატი: ქრისტინე რობაქიძე

ნახატი: ქრისტინე რობაქიძე

მერე ლია უკლებას რამდენიმე ნახატი. ერთი იყო ჩემთვის ყველაზე შემზარავი. : “საკერავი და სხვა მანქანები”. ქალი საკერავ მანქანასთან, თავჩახრილი, დაღლილი. უკან მილები, ხრახნები, ქარხანა. ნახატი თითქოს ზედმეტად პირდაპირ ამბობდა სათქმელს, თავისივე ინტერპრეტაციასაც ასახავდა და სათაური ხომ საერთოდ წერტილს სვამდა : ეს ქალიც მანქანად არის ქცეული სხვების ხელში. მაგრამ თუნდაც ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკებში სამუშაო პირობების შესახებ თუ იცი, როგორ არ უნდა იყო პირდაპირი?

ერთი ნახატის იქით ღვთისმშობელი მოჩანდა. ახლა უკვე როგორც პასუხი იმაზე, რაც ნახე. ხსნა მისგან.

***

ეს ნახატი, მკერავ ქალზე, კიდევ ერთხელ მაშინ გამახსენდა, როცა ლიას და (ნაწილობრივ) კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ ჩემთვის ყველაზე მძიმე კრიტიკა მოვისმინე, . შინაარსი დაახლოებით ის იყო, რომ იმის მაგივრად, რომ ძალაუფლება გავაბრაზოთ, მისი შეჯანჯღარება ვცადოთ, იმათ ვუტევთ, ვინც “ბნელებად” მიგვაჩნია.

იმ ქალზე დავფიქრდი, ნახატზე რომ არის გამოსახული. შეიძლება, ყველაზე მწარედ ირონიული მთელ ამ ამბავში ის იყოს, რომ ისიც მოითხოვს ახლა ლიას ჯვარცმას. როგორც არ უნდა მინდოდეს ზევით ხსენებულ დეისაძეს დავუჯერო, რომ “ტაძრებში მხოლოდ მაძღრები არიან”, ეს ქალი კვირას (ერთადერთ დასვენების დღეს) ალბათ მაინც წირვაზე იყო. თავშალში გახვეული უსმენდა მოძღვარს, რომელიც პატრიარქის სიტყვებს იმეორებდა და ამბობდა, რომ ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მოითმინონ. ალბათ ძალიან გაბრაზებულია ჩვენზე. ფიქრობს, რომ დავცინით. რომ არ ვაკმარებთ იმ ტანჯვას და დამცირებას, რასაც ყოველდღე უნდა გაუძლოს და იმ ერთადერთ ადგილასაც მივადექით, რაც შვებად დარჩენია, იმასაც ვუგინებთ, იმასაც ვართმევთ.

ჩემთვის, როგორც კონფერენციის უმნიშვნელო როლის მქონე, მაგრამ მაინც ორგანიზატორისთვის, ეს კრიტიკა ყველაზე მწარე იმიტომ იყო, რომ ყველაზე ნაკლებ ის მინდოდა, ვინმესთვის დამეცინა. მითუმეტეს, მისთვის. თან რა გამოვიდა : რასაც ორი დღე ვაკრიტიკებდით, ჩვენც ის გაგვიკეთებია.

მერე ისიც ითქვა,, რომ ძალაუფლება, და შესაბამისად, ჩაგვრაც სხვაგანაა კონცენტრირებული და, რომ ეკლესია უბრალოდ ამ ჩაგვრაზე რეაქციას აყალბებს, ირაციონალურ არტახებში აქცევს, და, ამიტომაც, რელიგიის და მისი კრიტიკა კონტრპროდუქტიულია - საპატრიარქოსაც აძლიერებს და “ნამდვილ” ძალაუფლებასაც. არ მგონია ასე.

რაციონალურია თუ ირაციონალური, მკერავი ქალისთვის რელიგია, და სულაც რომელიმე კონკრეტული ეკლესია, ძვირფასი და მნიშვნელოვანი სივრცეა. თვითგამოხატვის, სხვებთან ურთიერთობის, სამყაროში გარკვევის ადგილი, მასში საკუთარი ადგილის პოვნის შესაძლებლობა. და იქ მას ჩაგრავენ.

ჩაგრავენ სულაც იმით, რომ არ ანაღვლებთ. ტაძარში შეიძლება მხოლოდ მაძღრები არ არიან, მაგრამ ტაძარი ნამდვილად არის მხოლოდ მაძღრებისთვის. აქ სხვა რაღაცები აინტერესებთ : ახლა რომელი გვარი წარდგება პატრიარქის წინაშე გამოწკეპილი დასალოცად, შვიდი თუ თორმეტი შეკვეთილი წირვაა საკმარისი სულის ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასაყვანად, რამდენი ეშმაკი უტევს უბრალო მოძღვარს და რამდენი - ეპისკოპოსს. ჩაგრავენ იმითაც, რომ დასცინიან : სადაც მის დას უთხრეს, რომ შვილების სარჩენად ცხრა მთას იქით მძიმე პირობებში სამუშაოდ წასვლა “მანკიერი პრაქტიკაა”, ავადმყოფ ძმას კი - რომ მის მოსარჩენად კლინიკა-სადაზღვევო კომპანია-ფარმაცევტულია კომპანია-აფთიაქების კრიმინალური სინდიკატების მიერ ერთი ათად გაძვირებული წამლები კი არა, ღვთის ნებაა საჭირო, იქაც მას ეტყვიან, რომ ამდენი მუშაობა არ შეიძლება და უკეთესი დედა უნდა იყოს.

ნახატი: ლია უკლება

ნახატი: ლია უკლება

ამაზე გაჩუმებით მხოლოდ ამ ჩაგვრას არ ვურიგდებით. ეკლესიებსაც, ადგილებს, სადაც ადამიანები შეიძლება შეიკრიბონ, ერთმანეთს გაესაუბრონ, გასაჭირი გაუზიარონ, გამოსავლის ძიება დაიწყონ, მოძღვრისადმი მორჩილების მნიშვნელობაზე მოსაუბრე მღვდლების ანაბარა ვტოვებთ.

მესმის, ძნელია აქ რამის შეცვლა სცადო. ტონის შერჩევაც რთულია, სათქმელის სხვებამდე მიტანაც. სახიფათოა, ბოლო-ბოლო. ჯანმრთელობისთვისაც.

ჰოდა, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ, იქნებ ნახატმა მოახერხოს. იქნებ ნახატმა თქვას, რომ ქრისტე იმისთვის კი არ ეცვა ჯვარს, რომ სხვის ტანჯვას ხატების ცქერით ავარიდოთ თვალი, არამედ სწორედ იმისთვის, რომ ის დავინახოთ. დავინახოთ - შეგვრცხვეს, დავინახოთ - დავეხმაროთ, დავინახოთ - რაღაცები შევცვალოთ. იქნებ, ნახატმა გვითხრას, რომ ღვთისმშობელმა შეიძლება იმიტომაც მოიკლას თავი, რომ ხედავს, როგორ ამუშავებენ ქალს კვირაში 6 დღე, დღეში 12 საათი, თვეში 300 ლარად.

ეს გააბრაზებს ძალაუფლებას?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG