Accessibility links

რა შედეგი მივიღეთ არაპარტიული პრეზიდენტის არჩევით?


ავტორი: ვაჟა ალავიძე

დღეს, საქართველოს არაპარტიული პრეზიდენტი უდგას სათავეში. საინტერესოა მისი არჩევის პროცესი, რომელიც აშკარად უფრო ოპოზიციური პარტიების კოალიციის გავლენითა და არჩევანის უალტერნატივობით განხორციელდა, ვიდრე ბატონი გიორგი მარგველაშვილის უპარტიობითა და პიროვნული თვისებებით, უფრო საინტერესო კი ის არის, რა შედეგი მიიღო საქართველომ ამ პრეცედენტის წყალობით?

სანამ მთავარ საკითხს შევეხები, ორიოდე სიტყვით ვისაუბრებ საარჩევნო გარემოზე, რათა უკეთ გავაცნობიეროთ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის მნიშვნელობა.

ზოგადად, კანდიდატი ასოცირდება პარტიასთან და ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანია რა იდეოლოგიის გამტარებელია, რა ღირებულებები, პრიორიტეტები და მიზნები გააჩნია მას. როგორც წესი, მის ბედს არჩევნებში, დიდწილად განსაზღვრავს პარტია, რომლიდანაც იგი მოგვევლინა.

ამის მიუხედავად, საქართველოს საარჩევნო გარემო სხვანაირად გამოიყურება და შესაბამისად სხვა საზომები გააჩნია. საქმე იმაშია, რომ ყველა ქართულ პარტიას არჩევნებში გამარჯვებაზე პრეტენზია აქვს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს სამოქმედო გეგმაც კი არ გააჩნია, ამასთან ხშირია პარტიიდან პარტიაში ე. წ. “პორტირებები”, რაც ამომრჩევლებში უნდობლობას იწვევს. უმეტესად ამის გამოა, როცა პარტია ცნობილ ადამიანს წარადგენს ხოლმე კანდიდატად, ვინაიდან პარტიას თავისი რეპუტაციის იმედი არ აქვს და გათვლას აკეთებს კანდიდატის პირად რეპუტაციაზე, ამ შემთხვევაში კანდიდატი ნაკლებად ან საერთოდ არ ასოცირდება პარტიასთან და მიღებული ხმები ძირითადად პირადი დამსახურებაა.

სხვა შემთხვევაა, როცა პირიქით ხდება და პარტიები ასოცირდებიან გარკვეულ პიროვნებებთან. ეს სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად მაშინ, როცა ერთი ლიდერი ყავს პარტიას, დიდი ხნის განმავლობაში, იმას არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად წარმატებულია პარტია, უბრალოდ ხალხის ცნობიერებაში ჯდება, როცა მომაბეზრებლად დიდ ხანს იმყოფება ერთი და იგივე ადამიანი პარტიის ლიდერად, ამგვარი ე. წ. “გაცვეთილი” ლიდერების მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ, როგორც საკმაოდ წარმატებული ნაციონალური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ასევე საკმაოდ წარუმატებელი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ცალკე თემაა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა, რადგან მისი გავლენა და რეპუტაცია იმდენად დიდია, რომ შეიძლება თამამად ითქვას, არა მარტო მის მიერ ჩამოყალიბებული კოალიცია ასოცირდება მასთან, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხორციელდებოდა და სამწუხაროდ დღესაც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით კი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ახლა კი მოდით ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა შედეგი მივიღეთ არაპარტიული პრეზიდენტის არჩევით? დავიწყოთ იქედან, რომ მისი არჩევა მარტივად მოხერხდა, ვინაიდან სიტუაციას ფლობდა “ქართული ოცნება”, რომელიც მთლიანად ბიძინა ივანიშვილთან იგივდებოდა, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატად, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში არჩეული განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი, მოგვევლინა. მისი ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა კი დავით ბაქრაძე იყო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, უკვე წინასწარ იკითხებოდა, რომ “ქრთული ოცნების” ამომრჩეველი მთლიანად გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, რაც იმთავითვე დიდი უპირატესობით გამარჯვებას ნიშნავდა.

რეალურად ასეც მოხდა, მაგრამ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებულად განახორციელებდა ხელისუფლებას, არ გამართლდა და სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, კონკრეტულად კი, რა მოგვიტანა პრეზიდენტის პრინციპული ხასიათის ქმედებებმა? რის გამოც თვითონვე იყო და არის ხოლმე ხშირად დაპირისპირებული იმ ძალასთან, ვისი გავლენითაც მოხდა მისი პრეზიდენტად არჩევა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ისეთი ძალაუფლება აღარ აქვს, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ჰქონდა, აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უფლება არ აქვს, თუმცა მისი, როგორც პრეზიდენტის, შეხედულებები გასათვალისწინებელია და მისი პოზიციის უგულებელყოფა დაუშვებელია. მაგალითად შეუძლია, არმოწონების შემთხვევაში, ვეტო დაადოს კანონპროექტს, რის შემდეგაც პარლამენტი ვალდებულია ვეტო დაძლიოს, რასაც პარლამენტში ხმათა დიდი უპირატესობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტი ჩავარდება. გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება რამდენჯერმე გამოიყენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის დამოუკიდებელია ქვეყანაში არსებული გავლენის სფეროებისგან.

ამ მხრივ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ძირითადი მმართველი ძალისა (“ქართული ოცნების”) და საზოგადოების წინათგრძნობა იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვინმესთან შეათანხმებდა ისეთ საკითხებს, რომლებიც პრეზიდენტის კომპეტენციაა, აშკარად არ გამართლდა და პირიქით, გიორგი მარგველაშვილს ყოველთვის მყარად ეჭირა და უჭირავს საკუთარი პოზიცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც მედიის წინაშეც ღიად აფიქსირებს ხოლმე. ეს განაპირობებს იმ გარემოებას, რომ რეალურად ორი კონკურენტული შეხედულების (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება”) გარდა არსებობს მესამე კონკურენტული შეხედულებაც, რაც საბოლოო ჯამში დადებითი შედეგის მომტანია, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, რადგან ეს დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, ჩვენ კი ნამდვილად გვაქვს პრეტენზია დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ვინაიდან გვინდა ევროკავშირში გაერთიანება, ამისთვის კი აუცილებელია კონკურენტული და გამჭვირვალე გარემოს შექმნა ნებისმიერ ეტაპზე, პირველ რიგში კი სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევით, კარგი პრეცენდენტი შეიქმნა არაპარტიული კანდიდატის პრეზიდენტად არჩევის. ვფიქრობ ნაკლებად სავარაუდოა, ამ გარემოებამ განგრძობითი ხასიათი მიიღოს, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის პოლიტიკას ძირითადად პარტიები განსაზღვრავენ და თუნდაც მათ მიერვე წარდგენილი არაპარტიული კანდიდატი, მაინც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული პარტიისთვის, რაც საქართველოს მაგალითზეც კარგად გამოჩნდა, გიორგი მარგველაშვილისა და “ქართული ოცნების” ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმცა მეორე მხრივ, აღნიშნული ფაქტის არსებობა, უკვე თავისთავად, ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არჩევნების დემოკრატიზაციისკენ, რაც უშუალოდ კავშირშია და მოქმედებს სახელმწიფო ხელისუფლების დემოკრატიზაციაზე, ეს უკანასკნელი კი პირდაპირ კავშირშია და მოქმედებს მთლიანად სახელმწიფოებრივ დემოკრატიზაციაზე.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ არაპარტიული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს იმ პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდება საქართველოს როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკურ ასპარეზზე და ასევე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მისი მოღვაწეობა აშკარად ნაყოფიერი და დადებითი შედეგის მომტანია ქართული პოლიტიკის განვითარებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG