Accessibility links

logo-print

სჯობს, ისევ ევროპა მოვიდეს ჩვენთან


ავტორი: ზაზა ნიკოლოზიშვილი

ჩვენ ვერ ვსწავლობთ.

არ ვსწავლობთ კი არა, ვერ ვსწავლობთ! ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე, ვერ ვსწავლობთ მაგალითებზე, ვერ ვსწავლობთ გამოცდილებით, ვერ ვსწავლობთ ისტორიით.
ადრეც მითქვამს, ზოგადად, ქვეყნის ყველა პრობლემა უსწავლელობიდან მომდინარეობს და თავის სახეს ყველა ასპექტში ავლენს. ხომ გსმენიათ, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო - მარტო ქართველს შეეძლო ასეთი ანდაზის მოფიქრება, იმიტომ რომ ვერ ვსწავლობთ.

ქართული საზოგადოების მაჯისცემაზე არასტაბილური ფენომენი, ზოგადად, ბუნებაში არ არსებობს. აი, ხომ არსებობენ საზოგადოებები განვითარებულ ქვეყნებში ფართო მსოფლმხედველობითა და ვრცელი თვალსაწიერით. არსებობენ საზოგადოებები, სადაც განვითარების ტემპი მართალია ნელი, მაგრამ სტაბილურია და ყველას ესმის განვითარების მნიშვნელობა. აი, ჩვენ ეს არ გვესმის, იმიტომ რომ ვერ ვსწავლობთ.

კარგი იყო საბჭოთა კავშირი... იქ არავის არაფრის სწავლა არ სჭირდებოდა, ყველამ იცოდა, რომ მხოლოდ ბელადმა იცოდა რა იყო სწორი და თვითონ მხოლოდ გეგმის ნაწილები იყვნენ, რომელიც კვარტალურად ყოველთვის გადამეტებით სრულდებოდა. ან, შეიძლებ,ა არც იცოდნენ, მაგრამ ყველა გრძნობდა. რაღაც ყოველთვის აწვალებდა „დამსახურებული კომუნისტის“ გონებას, რაღაც აზრი თუ ეჭვი იმის შესახებ, რომ შეიძლებოდა ბელადიც შემცდარიყო და ბელადი რომ შემცდარიყო, მაშინ რა უნდა ექნა?!

საბედნიეროდ, ბელადი შეცდა, მაგრამ „დამსახურებული კომუნისტის“ აზრი თუ ეჭვი ისევ აზრად თუ ეჭვად დარჩა და დარჩა ასე უსუსური ყველაფრის და ყველას წინაშე. მაშინ იძულებული გახდა თავად შეექმნა გეგმა, თავად გამხდარიყო ბელადი, თავად გაევრცელებინა საკუთარი ძალაუფლება საკუთარ თავზე თუ სხვებზე, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა - მისნაირი ბელადი უკვე ბევრი აღმოცენებულიყო და „ჯანსაღი კონკურენციის“ გამო აღარავის სურდა ამ სტატუსის თავისი ნებით დათმობა.
მაშინ, „დამსახურებულმა კომუნისტმა“ ხერხი იხმარა და სხვა ბელადების მოტყუება დაიწყო, რადგან მის ტვინში ჯერ კიდევ „დიდი ბელადის“ ყოფნის დროს არსებობდა აზრი თუ ეჭვი და მან ახლა შეძლო ამ აზრის თუ ეჭვის პოლიტიკად ფორმირება.
„დამსახურებულმა კომუნისტმა“ საკუთარი გეგმა გადამეტებით შეასრულა, გაბატონდა და როდესაც დაინახა, რომ დანარჩენი ბელადების წინააღმდეგ ისეთი საშუალება გააჩნდა, როგორიც აღმასრულებელი ხელისუფლებაა, გადაწყვიტა ბოლომდე გაენადგურებინა ისინი, რადგანაც შიშობდა - როგორც მას გაუჩნდა თავის დროზე აზრი თუ ეჭვი, ახლაც იგივე არ განმეორებულიყო.
„დამსახურებულ კომუნისტს“ ტყუილად არ ეშინოდა - გავიდა დრო და იგივე განმეორდა.

იმის გამო, რომ იმ „დამსახურებულმა კომუნისტმა“ დიდი ბელადის გაკვეთილი ვერ ისწავლა, ზუსტად ისე დაასრულა, როგორც დიდმა ბელადმა, მაგრამ ამას რა უშავს - ვერც „დამსახურებულმა კუმუნისტმა 2“-მა ისწავლა პირველისგან ვერაფერი და მანაც, ანალოგიურად დაასრულა. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ ორივე „დამსახურებული კომუნისტი“ საზოგადოებამ წარმოშვა.

საზოგადოებამ მისცა უფლება მათ გამხდარიყვნენ ბელადები და მიუხედავად იმისა, რომ დაუსრულებლად მეორდებოდა ერთი და იგივე - ამ ჩვენმა საზოგადოებამ მაინც ვერაფერი ისწავლა. იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო.
არა.
იმიტომ არ ისწავლა, რომ არ სურდა, რადგან ამ საზოგადოების ყველა წევრი ფიქრობდა - „ ეხლა ეს გადავარდება და ბელადი მე გავხდებიო“.

პატივმოყვარეობა ზოგადად გადამდები სენია. ერთხელ თუ გაჩნდა, მაშინვე მთელ გარემოს ედება და ბილწავს. თან ისე ბილწავს, რომ შემდეგ ძნელია მისი შეჩერება და მასთან ბრძოლა, ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბრძოლას ყოველთვის მამაცი და კარგი ადამიანები ეწირებიან. ისინი, ვისთვისაც სახელმწიფოებრობის იდეა უფრო მაღლა დგას, ვიდრე საკუთარი ბურჟუაზიული მისწრაფებები. ისინი ცვლიან შეხედულებებს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს, პირველები დგებიან გუთანში და ყველაზე ძლიერად ეწევიან. ახალი ამბავი არაა, რომ მავანი ყოველთვის სხვის ხარჯზე ახერხებს თავის გატანას და შემდეგ, თუ კი ამის საჭიროება დადგა, წყლიდან მშრალად გამოსვლასაც - აი, იმ მომენტში, როდესაც იდეებისთვის მებრძოლნი ამ ბრძოლაში ეცემიან.


ასე დაეცა ერეკლე II, ჩვენ კი ვერაფერი ვისწავლეთ.
ასე დაეცა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ კი ვერაფერი ვისწავლეთ.
ასე დაეცა თბილისი 25 თებერვალს, ჩვენ კი ვერაფერი ვისწავლეთ.
ასე დაეცა ზვიად გამსახურდია, ჩვენ კი ვერაფერი ვისწავლეთ...
ასე დაეცა საქართველო 2008-ში, ჩვენ კი ვერაფერი ვისწავლეთ!

შემდეგ, პატივმოყვარეობამ კვლავ შემოგვიტია და რადგანაც ყველა ხვდებოდა, რომ ვერ სწავლობდა, ადგნენ და გამოაცხადეს - არაფრის სწავლა არ გვჭირდება, რამეთუ აწი, უკვე ყველაფერი ვიცითო.


ასე გადავიქეცით ყოვლის მცოდნე საზოგადოებად, რომელიც ყოველ დღე ცოლზე ძალადობს.
ასე გადავიქეცით საზოგადოებად, რომელიც ყოველ დღე ზეციური დახმარების მოლოდინშია.
ასე გადავიქეცით საზოგადოებად, რომელმაც თანამოძმეებს ზურგი აქცია.
ასე გადავიქეცით საზოგადოებად, რომელმაც ოცნება დაიწყო და ბოლოს, ასე გადავიქეცით საზოგადოებად, რომელმაც პატარა ბავშვივით ჩაისვარა და ჩასვრის შემდეგ, დასჯის შიშით, ეს ამბავი დამალა... დამალა და ბოლოს იფიქრა, ჩასვრილზე შენებას დავიწყებო, მაგრამ დაავიწყდა, რომ არ იცოდა როგორ უნდა ეშენებინა. დაავიწყდა ის „დამსახურებულ კომუნისტთა“ ციკლი და ჯერ შენება არ დაეწყო, რომ ზედ ჩამოენგრა ყველაფერი. ამან კი სასოწარკვეთამდე მიიყვანა და ახლა ზის სადღაც ერთ ადგილას - სადღაც ორ ზღვას შუა და ფიქრობს, რა გააკეთოს.
უკვე ეჭვი ეპარება მორიგი „დამსახურებული კომუნისტის“ ნათქვამში, რომ ქვეყანა მტკიცედ ადგას ევროპისკენ აღებულ კურსს.
ფიქრობს და ვერ გაურკვევია საით მიდის.

მე კი ვდგავარ და ვფიქრობ: სჯობს, ისევ ევროპა მოვიდეს ჩვენთან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG