Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ყალიბდება ძლიერი მემარცხენე პარტია საქართველოში?


ავტორი: ზურა გამთენაძე

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არა თუ წამყვანი როლი ეკავათ, არამედ ყოველთვის იმარჯვებდნენ მემარჯვენე პოლიტიკური ძალები. ამის გამომწვევი ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, თუმცა, უფრო საინტერესოა ის, თუ რატომ იმარჯვებდნენ მემარჯვენე პარტიები, არამედ პირიქით, მასობრივი უმუშევრობის, დაბალი მსყიდველუნარიანობის, ათიათასობით ოჯახში უკიდურესი სიღარიბისა და შრომითი ურთიერთობების არარეგულირებადი ბაზრის ფონზე, მემარცხენე პროგრესული ორგანიზაციები რატომ ვერ ახერხებდნენ ძლიერ ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებას. ეს სოციალური და პოლიტიკური საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ისტორიულ ელემენტებს შეიცავს და ცალკეულ შრომატევად კვლევას მოიცავს, თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამოყოფა.

უპირველესად, ალბათ უპრიანი იქნება თავად „მემარცხენეობასა“ და „სოციალიზმზე“ ისტორიული გამოცდილების ფაქტორის გამოყოფა. 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში წარმოებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ საბჭოური კომუნიზმის სამართლიანი დისკრედიტაცია მოახდინა, რასაც თან მიაყოლა სოციალიზმის არსი და, ზოგადად, მემარცხენეობის პროგრესული იდეების გააზრება შეაფერხა ათწლეულებით. სწორედ ამ უკანასკნელმა გარემოებამ სახელი შეულახა თანამედროვე მემარცხენე იდეებს სოციალურ კეთილდღეობისა და მწვანე განვითარების შესახებ და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დღეს მემარცხენეობას ან უფრო ზუსტად თანამედროვე სოციალიზმს აიგივებს კომუნიზმთან, რაც, თავის მხრივ, თავად მემარცხენე მოძრაობების მხრიდან საზოგადოებასთან პასიური კომუნიკაციის შედეგია. თუმცა, ამ მიმართულებით სიტუაციის აშკარა გაუმჯობესებას ვხედავთ და ეს არის ახალი თაობის სტუდენტების მიერ სოციალურ საკითხებში აქტიური რიტორიკა, რასაც ხშირად მოსდევს ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, ეკოლოგიისა და შრომითი უფლებების დასაცავად. ეს უკანასკნელი ტენდეცია დადებითად მოქმედებს საზოგადოებაში მემარცხენეობისა და თანამედროვე დემოკრატიული სოციალიზმის აღქმასა და გააზრებაზე, რაც ნელნელა ზრდის ამ ღირებულებების მნიშვნელობასა და ფასს.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება აღინიშნოს პოპულიზმის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში. რას გულისხმობს ეს? მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე ძალებს არ აქვთ ექსკლუზიური უფლება კეთილდღეობის პროგრამებსა თუ მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ზოგადად მიჩნეულია, რომ პოლიტიკის ეს ნიშა მათ ეკუთვნით, ხოლო საპირისპირო მხარეს ნეო-ლიბერალური და მემარჯვენე ღირებულებები დგას, რაც იდეურად სრულიად განსხვავებულია მემარცხენეობისგან, თუმცა, ქართულ პოლიტიკურ არენაზე ამ კუთხით ანომალიას ვაწყდებით. ყველა დონის არჩევნების წინა პერიოდში თითქმის ყველა იდეოლოგიური პლატფორმის პარტია აპელირებს სოციალურ საკითხებზე - ჯანდაცვა, პენსიის ზრდა და სხვა, ჭეშმარტირად მემარცხენე საკითხებზე. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება, რომელიც ხშირად არარეალურზე უფრო არარეალური „პოლიტიკაა“, ხელს უშლის ჭეშმარიტ პროგრესულ მემარცხენე ძალებს ერთ სპექტრში კონსოლიდირებისთვის. მემარჯვენე პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის სოციალური პოლიტიკის მიწოდება თითქოსდა უაზროს ხდის ახალი პარტიის შექმნას, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს მდგად მწვანე განვითარებასა და კეთილდღეობის სახელმწიფოს ეტაპობრივად შექმნას, რადგან ამ პროდუქტს ხომ ისედაც სთავაზობენ მემარჯვენე პარტიები? თუმცა, სინამდვილეში, მემარჯვენეთა მხრიდან მსგავსი საზის რიტორიკა უფრო ხმების მოსაპოვებლად მიემართება და ელექტორატიც ტყუვდება, ხოლო ამგვარი რიტორიკის წრე კვლავაც ბრუნავს ყოველ არჩევნებზე, რადგანაც მსგავსი სახის პოლიტიკის მყისიერი გატარება, დესტრუქციული იქნება ეკონომიკისთვის.

მესამე საინტერესო გარემოებად შეიძლება საზოგადოება-პარტიის შორის კომუნიკაცია და, მარტივად რომ ავხსნათ, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დონეზე. ამას ებმის არაინდუსტრალიზებულ ეკონომიკაში ძლიერი მშრომელთა ელექტორატის არარსებობა, რომლის მიზეზიც ეკონომიკურ ფაქტორებზეა მიბმული. მშრომელთა კლასის რაოდენობრივი სიმცირე, ხელს უშლის ძლიერი და კონსოლიდირებული მემარცხენე მოძრაობების აქტიურობას და შემდგომ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნას, რადგან მათი რესუსურსი საკმარისი არაა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედებისთვის, ეს კიდევ უფრო ასუსტებს საზოგადოების მხრიდან ისედაც ეჭვის ქვეშ მყოფი მემარცხენე ძალების უნარს, შექმნას ალტერნატიული დღის წესრიგი. ამასთან ერთად, მშრომელთა უფლებების დაცვისთვის თუ სხვა სოციალური საკითხების მოსაგვარებლად ძირითადად ზემოთ ნახსენები სტუდენტური თუ სხა სახის მოხალისეობრივი გაერთიანებები მუშაობენ, ხშირად ერთადაც კი, რაც ნელნელა ქმნის ტენდეციას მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური დაახლოებისკენ.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი იმედისა, რომ სხვადასხვა სოციალურ საკითხზე მომუშავე მემარცხენე მოძრაობები ნელნელა მიიწევენ წინ ძლიერი და კონსოლიდირებული მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნისკენ, მაინც აშკარაა, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან ერთიანობისკენ. ამის მიზეზი შესაძლებელია ბევრი გარემოება იყოს, თუმცა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი ცვლადი ლიდერის ან ერთი გამოკვეთილი შედარებით ძლიერი მემარცხენე ორგანიზაციის არ არსებობაა, რომელიც შეძლებდა საკუთარი თავის გარშემო სხვა ორგანიზაციების გაერთიანებას ერთ ძლიერ პოლიტიკურ და სოციალურ მოძრაობად. როგორც არ უნდა ვიდავოთ პარტიის სტრუქტურაზე, ფინანსებსა თუ პარტიის წამყვანი წევრების შესაძლებლობებზე, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში შეუქცევადია ის ფაქტი, რომ პარტიის ლიდერს უდიდესი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა ენიჭება და ეკისრება პოლიტიკური ორგანიზაციის წარმატება-წარუმაებლობაზე. ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში ლიდერის როლსა და დანიშნულებაზე უსასრულოდ შეიძლება სამეცნიერო თუ სამოყვარულო კამათი, თუმცა, სწორედ ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური მოღვაწის არ არსებობა მემარცხენე სპექტრში უდიდესი ნაწილით ხელს უშლის სხვადასხვა მემარცხენე ორგანიზაციებს, რომ გაერთიანებს და მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დააყენოს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ.

პოლიტიკურად აქტიური მემარცხენე ლიდერების დეფიცი, ტერმინების „მემარცხენეობა“ და „სოციალიზმის“ არასწორი ინტერპრეტაცია, სუსტად ჩამოყალიბებული მშრომელთა კლასის არსებობა მარტივად დაძლევადი წინაღობებია ძლიერი მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის გზაზე, არა იმიტომ რომ ეს გარემოებები შესაძლოა მალე მოგვარდეს და მოგვარების წყაროდ იქცეს ერთიანი მემარცხენე პოლიტიკური ძალის შექმნა, არამედ იმიტომ, რომ ნეო-ლიბერალურმა დღის წესრიგმა, სოციალური პრობლემების შესახებ პოპულისტურმა ლოზუნგებმა და ამ პრობლემების დეკორატიულმა მოგვარებამ, მემარჯვენე პარტიების გამარჯვების შედეგად ვერ მიღებულმა ხელშესახებმა კეთილდღეობამ უკურეაქცია გამოიწვიოს ხალხში და ნელნელა ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი მარჯვნიდან ჯერ ნიჰილიზმში გადაიზარდოს, ხოლო ბოლოს მარცხნივ გადაიხაროს. შესაძლოა ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ მოხდეს, რადგანაც სოციალური ნიადაგის მომზადებას დრო სჭირდება, თუმცა, 2024 წლის არჩევნებისთვის სავსებით შესაძლებელია სრულიად ახალი ძლიერი მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაცია ვიხილოთ, რომელიც დიდი ალბათობით დღევანდელი სტუდენტების უდიდესი ნაწილით შეავსებს საკუთარ რიგებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG