Accessibility links

წვერის პარსვა - ხარკი კულტურას თუ ბარბაროსობა?


ავტორი: ზურა ვაშაკიძე

ერთ ჩვეულებრივ დილას, სააბაზანოში პირის პარსვის დროს ხმამაღლა გამოვხატე უკმაყოფილება. მეუღლე მიზეზით დაინტერესდა. ვუპასუხე, რომ რომაელებს ვლანძღავდი ამ საშინელი ტრადიციის დამკვიდრებისთვის. მას ეჭვი შეეპარა, იქნებ რომაელები არაფერ შუაში არიანო. დავინტერესდი საკითხით და ჩემთვის ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე. შეიძლება სხვაც დააინტერესოს, რამეთუ მამაკაცების უმრავლესობა ამ პროცედურას ხშირად იტარებს და ალბათ არც დიდი სიამოვნებით.

პირველ რიგში ცოტა ისტორია.

დაახლოებით 100 000 წლის წინ კლდეზე შესრულებული ნახატები მოწმობენ, რომ ჩვენი წინაპრებიც იცილებდნენ თმის საფარს. გასაპარსად კვარცის ბასრ ნატეხებს იყენებდნენ, ეპილაციისთვის - ნიჟარის კიდეებს. შეიძლება ეს რაიმე რელიგიურ რიტუალთან იყო კავშირში, მაგრამ ალბათ უფრო ჰიგიენური დანიშნულება ჰქონდა.

ძველ ეგვიპტეში მდიდარი ეგვიპტელები დღეში რამოდენიმეჯერ იპარსავდნენ რათა სუფთანი წარმდგარიყვნენ ღვთის წინაშე. ასევე ეს იყო დამადასტურებელი ნიშანი მათი სოციალური მდგომარეობისა და განმასხვავებელი სხვა, “ველური” ხალხის წარმომადგენლებისგან. მზისგან დასაცავად პარიკებს იყენებდნენ. წვერს მხოლოდ ფარაონი ატარებდა და აუცილებლად ხელოვნურს.

ძველ სპარსეთში, ასურეთში, ბაბილონში, სპარტაში წვერის ტარება საპატიოდ ითვლებოდა და გულმოდგინედ უვლიდნენ კიდეც.სპარტაში წვერის გაპარსვით სიმხდალისთვის სჯიდნენ. ძველ საბერძნეთში წვერის ფორმა ამა თუ იმ ფილოსოფიური სკოლის მიმდევრობას გამოხატავდა

ალექსანდრე მაკედონელი და მისი მებრძოლები ყველა ბრძოლის წინ წვერს იპარსავდნენ. გარდა ესთეტიკისა იგი ამას სამხედრო თვალსაზრისითაც ამართლებდა.(ხელჩართული ბრძოლისას წვერიანი მოწინააღმდეგე უფრო მოწყვლადი იყო). მან ეს ტრადიცია დაპყრობილ ქვეყნებშიც გაავრცელა.

ბერძნებისგან სახის პარსვის ჩვეულებამ ძველ რომშიც გადაინაცვლა. და იგი კულტურის, ცივილიზაციის და ბარბაროსებისგან განმასხვავებელი ნიშანი გახდა, ისევე როგორც ძველ ეგვიპტეში.

საინტერესოა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

ბუდისტი ბერები მთელ თავზე იცილებენ თმას ისევე როგორც თვით ბუდა. ძირითადად ეს ხორციელი სურვილების უარყოფის და მორჩილების სიმბოლო იყო. ნირვანისაკენ მიმავალ გზაზე წვრილმანებს, მათ შორის თმების მოვლას დაბრკოლებები არ უნდა შეექმნა.

ინდუიზმში ღმერთები და შესაბამისად მათი მიმდევრებიც წვერს ატარებენ.

ისლამი მამაკაცებისაგან წვერის აუცილებელ ტარებას, ხოლო ულვაშის პარსვას მოითხოვს. როგორც წარმართებისაგან განმასხვავებელ ნიშანს და გენდერულ ატრიბუტს. თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებები - არის ეს მოთხოვნა სავალდებულო თუ სარეკომენდაციო ხასიათის.

იუდაიზმში, თორა კატეგორიულად კრძალავს წვერის პარსვას.

ქრისტიანებში ამ საკითხისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა კონფესიებში განსხვავებული და მრავალფეროვანია. ძველმორწმუნები წვერის პარსვას მომაკვდინებელ ცოდვად თვლიან. მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა სამი მოწამე - ანტონი, იოანე და ევსტაფე, რომელთაც 1347 წელს გაპარსვას სიკვდილი არჩიეს. მართლმდიდებელი სასულიერო პირისთვის წვერის ტარება აუცილებელია. კათოლიკე სასულიერო პირს კი სახე აუცილებლად გაპარსული უნდა ჰქონდეს, თუმცა ზოგი პაპა ატარებდა წვერს. ზოგიერთი კათოლიკური ორდენის წევრები წვერთან ერთად თავის შუაგულში თმას მრგვალი ფორმით იპარსავენ(ტონზურა).

რა თქმა უნდა ყველა რელიგიური კონფესია (მარტო ძირითადებს შევეხე და ისიც ზედაპირულად) მყარი არგუმენტებით ასაბუთებს საკუთარ დამოკიდებულებას თავზე თმის საფარის ქონა-არქონის შესახებ.

ამ მწირი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახიდან თმის მოცილების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ცივილიზაციებში ამ ტრადიციას განსხვავებული მიზნები და დატვირთვა ჰქონდა და ძირითადად მიანიშნებდა ადმიანების ამა თუ იმ სოციალურ, მსოფლმხედველობრივ, რელიგიურ ან გენდერულ კუთვნილებაზე. პრაქტიკულად კი მხოლოდ ჰიგიენური, საბრძოლო და ესთეტიკური დანიშნულება ქონდა.

ჩვენს ეპოქაში, სამოქალაქო საზოგადოებაში სოციალური კუთვნილების და მსოფლმხედველობის გამოხატვის უამრავი ატრიბუტი და საშუალება არსებობს და წვერის ტარება ნამდვილად არ მიეკუთვნება მათ. რელიგიურ ასპექტს რაც შეეხება. თავს ქრისტიანად ვთვლი და მიმაჩნია, რომ იესომ ამ საკითხში სრული თავისუფლება მოგვანიჭა. რამეთუ ადამიანის შეფასების მთავარ კრიტერიუმად მისი საქციელი ჩათვალა და არა გარეგნული ფორმა. მე ვფიქრობ წვერის სიდიდე და ფორმა არავითარ კავშირშია ჩემს ქრისტიანობასთან. და თუ მაცხოვარი წვერს ატარებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ამას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. რა თქმა უფალი ჩვენი მისაბაძი მაგალითია, მაგრამ მისაბაძია მისი ქმედებები და არა გარეგნული ფორმა. ეს არის ქრისტიანობის არსი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ყველა რელიგიური კონფესიის მიმდევრებს და უბრალოდ ყველა ადამიანის მოსაზრებას და დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი პატივს ვცემ.

რაც შეეხება წვერის გაპარსვას სამხედრო, ჰიგიენური ან გენდერული მოსაზრებით, დღეს ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს. რამეთუ არა მგონია წვერში ხელის ჩავლებით დაგვამარცხოს მოწინააღმდეგემ, მკბენარების საშიშროება არსებობდეს ან გრძელი წვერი დაგვჭირდეს მამაკაცური საწყისის ხაზგასასმელად.

დარჩა მხოლოდ ესთეტიკური ასპექტი და აი აქ კი ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. საზოგადოებისთვის ცნობილი ისტორიული პიროვნებები(ცნობისთვის - ამერიკის შეერთებული შტატების 5 პრეზიდენტი წვერს ატარებდა, 5 ულვაშს), ასევე ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები იყვნენ წვეროსნებიც და უწვეროებიც(წვეროსნები ცოტა მეტი). რუსთაველზე და უამრავ სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, გალაქტიონი ჩემთვის წვერიანიც გალაქტიონია და უწვეროც.

საბოლოოდ დავასკვენი, რომ წვერის პარსვა წმინდა პიროვნული თავისუფლების საკითხია და მტკიცედ გადავწყვიტე სახის კანი დაახლოებით 38 წლიანი ძალადობისგან დამესვენებინა(რა თქა უნდა საკითხის შესწავლის პროცესში უკვე აღარ ვიპარსავდი). მეუღლეს დემონსტრაციულად გადმოვულაგე დასაბუთებები და განვუცხადე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მან მშვიდად შემომხედა და მითხრა: მე არ მომწონხარ! მხოლოდ ამ სამმა სიტყვამ წამში დაანგრია არგუმენტებით და ისტორიული ფაქტებით გამაგრებული ჩემი ურყევი გადაწყვეტილება. ვფიქრობ 100 000 წლის წინათაც იგივე მოხდა.

ჩუმად შევედი სააბაზანოში და გავიპარსე. ერთი აზრი მაინც ამეკვიატა - ბარბაროსობა, მაგრამ ხარკი სიყვარულს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG