Accessibility links

logo-print

​„ქველმოქმედება“ - ლამაზი სიტყვაა, ქმედება - კიდევ უფრო ლამაზი


ავტორი: ზურა ვაშაკიძე

ქველი - ლექსიკონის განმარტებით ორი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა:

1.მოწყალე, კეთილი, უხვი.

2.მხნე, მამაცი, გულადი, შემმართებელი.

ეს დაყოფა ძალზე პირობითია. არ შეიძლება ადამიანი მოწყალე, კეთილი, უხვი იყოს და იმავდროულად სიმხნევე და სიმამაცე არ ახასიათებდეს და პირიქით - მამაცი, გულადი, და მხნე აუცილებლად მოწყალე, კეთილი დაუხვი ადამიანია. უფრო ზუსტად - სიკეთის ქმნა უკვე სიმამაცეა, ხოლო ნებისმიერი ქმედება, თუკი იგი სიკეთეს არ ემსახურება მხოლოდ შიშველი ინსტიქტია და სიმამაცესთან არაფერ კავშირშია.

ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს და როგორც ყველა ქმედება, ორ მხარეს საჭიროებს. სუბიექტს - ვინც მოქმედებს და ობიექტს - ვისთვისაც ეს ქმედება ხორციელდება.

ქველმოქმედი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან სახელმწიფო. ობიექტი უფრო მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს ბუნების, ჯანმრთელობის, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის, ადამიანის უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, განათლების ხელშეწყობას, მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვანფუნქციონირებას და უამრავ სხვა მიმართულებას. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.

ძნელი სათქმელია ვინ იყო ის პირველი ადამიანი, რომელიც მეორეს უანგაროდდაეხმარა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაციის ისტორია ამ დღიდან იწყება.

ყველა რელიგია მოუწოდებს ადამიანებს ურთიერთდახმარებისკენ. ალბათ ეს ერთადერთი საკითხია, რომელშიც ისინი თანხმდებიან. არა მგონია ღმერთს ადამიანი კომერციული დანიშნულებით შეექმნა და ამიტომ თვით ჩვენი არსებობაც მხოლოდ უფლის კეთილი ნების - სიქველის შედეგია. მხოლოდ ამის თქმა შეიძლება დანამდვილებით იმ ამოუცნობ საიდუმლოზე, რომელსაც ადამიანის შექმნა ქვია.

ღმერთი არაა ჭაღარა, კვერთხიანი არსება და არც ეშმაკია თხისჩლიქიანი კუდიანი. პირადად ჩვენ, კონკრეტული ადამიანები, ვხდებით მისი ნაწილი, ვემსგავსებით უფალს როდესაც სიქველეს ვემსახურებით და პირადად ჩვენ გვეზრდება ჩლიქები და რქები როდესაც გაჭირვებულს, რომლის დახმარება შეგვიძლია, თვალს ვარიდებთ და მარტო იმაზე ვზრუნავთ მუცელს რა ვასიამოვნოთ(მუცელი - ფართო გაგებით).

ძნელია კონკრეტულ ქველმოქმედ პიროვნებებზე საუბარი. ისინი კაცობრიობას არც წარსულში აკლდა და თანამედროვენიც ბევრნი არიან. ორი ადამიანი მინდა გაგახსენოთ - ჰენრიხ შლიმანი და ალფრედ ნობელი. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო:

1.მოღვაწეობის პერიოდი - შლიმანი 1822 – 1890 წწ. ნობელი 1833 - 1896 წწ.

2.გამჭრიახი გონება - ორივე ფილოსოფიის დოქტორი, ბევრი სამეცნიერო საზოგადოების, აკადემიის წევრები, პოლიგლოტები იყვნენ. შლიმანი საველე არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, ნობელი 350 გამოგონების ავტორი და დრამატურგიც კი იყო.

3.სიმდიდრე - ორივე მდიდარი ადამიანი იყო. საინტერესოა, რომ ყირიმის ომის პერიოდში(1953-1956წწ), ორივე რუსეთის არმიას ამარაგებდა. შლიმანი - ტყვიით და დენთით, ნობელი - შეიარაღებით.

4.ქველმოქმედება - ორივე უდიდესი ქველმოქმედი იყო. უპირველესად ამ თვისების გამო იმსახურებენ ისინი პატივისცემას და არა სიმდიდრის ან თუნდაც მეცნიერული მიღწევების გამო.

შლიმანმა კაცობრიობას ტროა გაუცოცხლა, ნობელმა პროგრესის შუქურა აჩუქა მისი სახელობის პრემიის სახით.

ძნელია მოკლედ ისაუბრო ქველმოქმედი ადამიანების მოტივაციაზე. ეს საკითხი სერიოზულ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კვლევებს საჭიროებს. ვფოქრობ, რომ ქველმოქმედება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელსაც უკვდავებისკენ სწრაფვა განაპირობებს და რომელიც იმავდროულად უდიდეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული. ეს სიამოვნება ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე გაცილებით ძლიერი უნდა იყოს. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი უდავოდ გონიერი, პრაგმატული ადამიანების გადაწყვეტილებას, დიდი შრომის და ენერგიის ფასად შეძენილი ქონება ქველმოქმედებას მოახმარონ.

შეიძლება თამამი დასკვნაა, მაგრამ როგორც ინდივიდის ისე საზოგადოების და თვით სახელმწიფოს კულტურულობის, ცივილურობის და განვითარების დონის შეფასების კრიტერიუმად, მასში ქველმოქმედებისადმი სწრაფვის ხარისხი მიმაჩნია.

საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის და ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ქველმოქმედი ადამიანებით მდიდრები ვიყავით და ვართ. გრიგოლ ლორთქიფანიძე, დავით სარაჯიშვილი , ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, აკაკი ხოშტარია,ნესტორ კუცია, ძმები - ლევანი, სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები, და უამრავი სხვა ღირსეული ადამიანი.

სწორედ ეს საოცარი, ღვთისაგან ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები იყვნენ გმირები, და არა ჯუღაშვილი (ბოდიში მისი ხსენებისთვის) და ძმანი მისნი.

საბჭოეთმა, ისევე როგორც ადამიანის ყველა ღირსეული ქცევის, ქველმოქმედების დისკრედიტაციაც მოახდინა. ამიტომ საქართველოში ფაქტიურად ქველმოქმედების ტრადიციამ წყვეტა განიცადა და მხოლოდ თავისუფლების მოპოვების შემდეგ გამოჩნდა მისი პირველი ნიშნები.

ამჟამად ქველმოქმედებისადმი სწრაფვას მასიური სახე აქვს, განსაკუთრებით არცთუ მდიდარ ადამიანებში. ამ დასკვნის საფუძველს მაძლევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დახმარების თხოვნის კარგად ორგანიზებული სისტემა.

არარსებობს მიკრო და მაკრო ქველმოქმედი. თანაბრად ღირსეულია ყველა ადამიანი ვინც სხვას უანგაროდ ეხმარება ( ეს ქრისტემ თქვა, მე მხოლოდ შეგახსენეთ)

შეძლებული ქველმოქმედი ადამიანებიც ბევრი გვყავს. თამაზ ელიზბარაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, თამაზ თამაზაშვილი, პაატა ბურჭულაძე და ბევრი სხვა. (მაპატიონ, ყველას ვერ დავასახელებ). ისინი სამაგალითო და მისაბაძი ხალხია. მათ მოფრთხილება სჭირდებათ. ღიმილის მომგვრელია, როდესაც ქველმოქმედს დიქციას უწუნებენ. ერთი სიტყვაც რომ არ ჰქონდეს ნათქვამი, თუკი საქართველოს ფიროსმანის ნახატს დაუბრუნებს, ასეთი ადამიანს მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ყველა მჭევრმეტყველს და პოლიგლოტს.

სამწუხაროდ, მეორე მიდგომაცაა გავრცელებული - სახელმწიფოს გადასახადი გადავუხადე და დანარჩენი მისი საქმეა. ჩვენი სახელმწიფო ადამიანების დახმარებისთვის მაქსიმუმს აკეთებს და ეს მისასალმებელია, მაგრამ გადასახადის გადახდას ქველმოქმედებასთან არაფერი აკავშირებს.

ვისურვებდი, რომ ქველმოქმედება ჩვენს საზოგადოებაში ძალზე მოდური, პრესტიჟული გახდეს და მისკენ ადამიანები ისევე ისწრაფოდნენ, როგორც მაგალითად დეპუტატობისკენ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG