Accessibility links

27 დეკემბერი. კვირა

მზემშვიდობისა, კვირა დღეების სევდავ.
ზამთრის მზეში გავიღვიძე. მკრთალ, თეთრ მზეში გავახილე თვალები და გავიფიქრე, რომ დღეს გარეთ უნდა გავიდე. დრო გადის და მე მემატება არაფრის კეთების დღეების შიში. მარტო ყოფნის დღეების შიში. გუშინ აივნის კარიც კი არ გამიღია. მთელი დღე ვიწექი და ჭერს ავყურებდი. არაფერია საინტერესო ჩემს ჭერში, თეთრია და ურცხვად დაულაქავებელი, ერთ მოსაჭიდებელ წერტილსაც ვერ იპოვი, თვალები ჩამოკიდო და დამშვიდდე. მეც უბრალოდ ვიწექი და ვტიროდი. მაქვს ხოლმე ასეთი დღეები: ვწევარ და ვტირი. მშვიდად ვტირი, თითქოს მდინარის ნაპირთან ვიჯდე და წყალში ჩაკიდებულ გრძელ სევდას ვარწევდე. როგორი ძნელია ზამთარი. მე ვემსგავსები დათვს, ზაფხულში მოხვედრილ პოლარულ დათვს, რომელმაც დაკარგა თავისი მთავარი თოვლი და იქცევა მურა დათვივით - გამოთხრის ბუნაგს საკუთარ თავში, შეძვრება და იძინებს.

თავი მისკდება, რაც ნიშნავს, რომ გუშინ კარგად გამოვიტირე ყველა სისულელე და შემიძლია გარეთ გავიდე და ვიარო. ბოლო დროს ყველაფერი მეზარება და ძალიან დამაკლდა ჩემი სიარულები. ისე, უაზროდ რომ დადიხარ. უმიზნოდ. ოღონდაც ხეებს ვეძებ ხოლმე. სადაც ბევრი ხეა, იქ დავდივარ. არაფერია ზამთრის ხეებზე მშვენიერი და ნამდვილი. დავდივარ და ვგრძნობ ჩემს ჩონჩხს. თითქოს მარტო ის ვარ, რაც სიცოცხლის დასრულების შემდეგაც დავრჩები.

ცუდი ის არის, რომ სახლი მაქვს დასალაგებელი. რამდენი დღეა, ვიღვიძებ დილას, დამყუდებია თავზე ეს ჩემი სახლი და მიყურებს. ბავშვივით მიყურებს, რომელსაც აღარ ეთამაშებიან. ისიც დადის აქეთ-იქით, გულში ჩაუკრავს ერთადერთი ჭუჭყიანი სათამაშო, ფეხებში გებლანდება, რომ შეგახსენოს - მეც ვარსებობ. მომიარე.

და დაფრატუნობს ჩემი სახლი არეულ ოთახებში და არ იცის, სად შემოიკეცოს ფეხები. ამასაც კი უნდა, ვინმეს უყვარდეს. უვლიდეს ვინმე. მე კი ახლა არ შემიძლია. ასეთიც მიყვარხარ, ვეუბნები. და მეც მინდა, ვინმემ მითხრას, რომ ასეთიც ვუყვარვარ. აი, ასეთი, სარკეებს რომ პირქვე ვაბრუნებ, მორკალული ზურგი რომ დავრჩი.

გუშინ კინაღამ ხევსურეთში წავედი, მაგრამ უნდა ვწოლილიყავი და მეტირა. ეს ისეთივე აუცილებელია ხანდახან, როგორც წყლის გადავლება ცხელი, თიხაში ამოვლებული დღის შემდეგ. ეგ არაფერი. ესმით ჩემი დედაჩემს და მამაჩემს. საახალწლოდ წავალ, წავალ და ისე მიყვარებენ, თითქოს არც გავზრდილვარ.

მოდი რამეს ვიჩუქებ-მეთქი, ვიფიქრე. ახლა მჭირდება სულელური, ჩერჩეტი საჩუქარი, რომელსაც ვერ გამოვიყენებ. რა კარგია სისულელე. რა კარგია უმიზნო სისულელეები. ერთი ასეთი ჩავიდინე ამ დღეებში, ლურჯი პარიკი ვიყიდე მიწისქვეშა გადასასვლელში, თოჯინის ლურჯი თმა. სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ჩამოვიმხობ ხოლმე თავზე, ვზივარ მერე ასე და მეცინება.

ახალი წლის წინა დღეებში ზოგჯერ მინდება, შეყვარებული ვიყო და საჩუქარს ვარჩევდე მისთვის, ვინც მიყვარს. მაგრამ ეს არასოდეს გამოდის. საჩუქრებსაც ვითმენ და შეყვარებებსაც. და რჩება ჩემი თავი, რომელსაც დღეს გავასეირნებ და რამე უსარგებლოს ვუყიდი. მაგალითად, ტაფას. მერე როდისმე კვერცხს შევიწვავ და ვჭამ. მერე ტაფის გარეცხვა დამეზარება. მერე ავად გამხდის გაურეცხავ ტაფაზე დარდი, ძალიან ავად გამხდის და გადავაგდებ. ასე გადავაგდე წინა ტაფა.

...

ბევრი ვიარე. დავიღალე. ეს ნიშნავს, რომ ჩემი სხეული არსებობს და აქვს გარკვეული წონა, რომელიც მეჩვენება, რომ უკვე ზედმეტია.
ჯემპრი ვიყიდე. ჯემპრი აუცილებელია. საერთოდ, ტანსაცმელი აუცილებელია.
შეიძლება ვინმე მესტუმროს. ვინმეს ალბათ ეშიება. მიყვარს, როცა ვინმეს შია. ვინმეც მიყვარს.
ისევ დამავიწყდა დედაჩემთან დარეკვა. ახლა უკვე გვიანია. დაიძინებდა.

კარზე კაკუნია. ვინმე მოვიდა.

28 დეკემბერი. ორშაბათი

ორშაბათი ნიშნავს ორშაბათს და მეტს არაფერს. მე კი უცნაურად ვიღვიძებ: მინდა, კაცი ვიყო, ცეცხლის პირას ვიჯდე და ნახერხის სუნი ამდიოდეს. მუხლებზე ხელები მეწყოს, შავი ხელები, და ვხედავდე ჩემს ცხოვრებას. ალბათ რაღაც მაქვს დასაწერი. ამბავი, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავ და მჭამს. ზოგჯერ, როცა ვმძიმდები და ცუდად ვხდები, დედაჩემი მეუბნება: შენ ახლა რაღაც გაქვს დასაწერი. დედაჩემი კი ყოველთვის მართალია.

მაგრამ სამსახურის დღეა. ვერაფრით რიგდებიან სამსახურის და წერის დღეები. ერთ დღესაც შუაში აღარ ჩავუდგები და დახოცავენ ალბათ ერთმანეთს.

როგორ მინდა, დღეს კარგად ვიყო. კვერცხისგულისფერ შარვალს ვიცვამ და ისე გავდივარ სახლიდან. გზად მეტროს ჯოჯოხეთს გავივლი. აი, ადამიანები. აი, ხალხი. ხალხი მიყურებს და რა კარგია, რომ ვერ მხედავს. ბევრი თვალები აქვს ხალხს. ალბათ რაც უფრო ბევრი თვალები გაქვს, უფრო ცუდად ხედავ.

სამსახურში მისულს მაგიდაზე საჩუქარი მხვდება. მოზრდილი ყუთია. ვიცი, ვისგანაც არის. სასწაული გოგოა ის. ზღვისპირეთისა. ვხსნი, წერილია: „სანტა არ არსებობს. მაგრამ ყველა კარგმა გოგომ უნდა მიიღოს საჩუქარი“.

ყუთში დევს ჩემი საყვარელი წიგნი. შარფი, ფინჯანი და ორი ცალი ბროწეული.

ვაიმე, ვფიქრობ. ვაიმე. შარფს ყელზე ვიხვევ და სწრაფად გავდივარ აივანზე. პატარა აივანი გვაქვს, გისოსებში ჩასმული. იქ გავდივარ ხოლმე მოსაწევად, უფრო კი იმისთვის, ხუთი წუთით მარტო რომ დავრჩე. და გავდივარ აივანზე, ხელებს ვაძვრენ გისოსებს შორის და ცას ვეძებ. რა უშნოდ არის დაწერილი ეს ქალაქი. რა ცოტაა ცა სტრიქონებს შორის.

საღამოს ვივლი-მეთქი, ვიფიქრე.

...
და ვიარე საღამოს. და ცხენები ვნახე. სამი შავი ცხენი.
ჩემი მთავარი ქალაქის მთავარი ქუჩის მთავარი ნაძვის ხის გვერდით შავი ცხენები იდგნენ. იდგნენ ხალხში, ელოდებოდნენ, როდის გადაიხდიდა რომელიმე ადამიანი რომელიმე ლარს მათზე შემოსაჯდომად. იდგნენ, ხმას არ იღებდნენ. ერთი თავს აქნევდა და პირში გაჩრილ რკინის ლაგამს ღეჭავდა.
ხალხს კი უხაროდა: ახალი წელი მოდის. უნდა გიხაროდეს.

29 დეკემბერი. სამშაბათი

ისევ ვერ გამოვიძინე. მაგრამ ეს იყო ტკბილი უძილობა: კარგია, როცა მარტო არ ხარ უძილობაში და ვინმე შენთან არის. ჩემი ვინმეს მხარზე თავჩამოდებული ნახევარძილებიც მიყვარს.

ალბათ მაინც ჯობდა, დამეძინა დილას, სამსახურში შუადღისას მივდივარ ხოლმე და დრო მაქვს, მაგრამ ძალიან მომინდა წითელი კაბის ჩაცმა. ისე მომინდა, ვეღარ გავძელი და ავდექი. ეს კაბა ერთმა გოგომ მაჩუქა წინაზე. უბრალოდ, ადგა და თავისი ნახელავი, ულამაზესი წითელი კაბა მაჩუქა. ასეთი გოგოებიც არსებობენ. რამდენიც მახსენდება, ვფიქრობ, როგორ დამავიწყდა ხელებზე შემეხედა. აუცილებლად უნდა შემეხედა. უნდა მცოდნოდა, როგორი ხელები აქვს.

ჩავიცვი კაბა. ყველა ოთახში შევედი. დავდივარ წითელი კაბით ჩემს თეთრ სახლში, გადის საათები, მე კი დავდივარ წითელი კაბით და ვფიქრობ, რომ შეიძლება ვერასდროს ვერავინ მნახოს ასეთი. კაბას მკერდზე ანგელოზი აქვს ამოქარგული. სასაცილო, საყვარელი ანგელოზი. თუ ანგელოზები არსებობენ, და თუ მფარველი ანგელოზებიც არსებობენ, ჩემი ალბათ ზუსტად ასეთია: წითელი ლოყები აქვს, პუტკუნა ფეხები და იქით უნდა დაიფარო.

შუადღისას წიგნის პრეზენტაცია გვაქვს კულტურის სამინისტროში. წიგნი ძველი ქართული სამკაულის ამბავს ჰყვება. მე ამ წიგნის რედაქტორი ვარ და რომ ვკითხულობდი, ჭკუიდან მშლიდა იმის წარმოდგენა, რამდენი ათასი წლის წინანდელია ეს ნივთები. ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები ატარებდნენ ამ სასაფეთქლეებს, საყურეებს, დიადემებს და საკინძებს. მათგან ეს ყველაფერი დარჩა, მაგრამ მაინც არ გჯერა, რომ არსებობდნენ. და მეც ვზივარ საპრეზენტაციო დარბაზში, ადამიანებს შორის, რომლებიც მიცნობენ, მელაპარაკებიან, ვუყურებ წიგნს, რომელიც მე წავიკითხე როგორც რედაქტორმა და მაინც არ მჯერა, რომ ვარსებობ და ეს ყველაფერი მართლა ხდება.

დაღამდა და მგელს შევხვდი. ქუჩაში შევხვდით. მოდიოდა მგელი ძალიან ბევრ ხალხში და ეჭირა ხელში უზარმაზარი მზესუმზირის ყვავილი. მზესუმზირის ყვავილი იყო პლასტმასის და ბზრიალებდა. სავსეა ქუჩები საახალწლოდ ასეთი რაღაცებით. და როგორია ეს ყველაფერი - ქუჩაში გამოფენილი ყველანაირი ბრჭყვიალი, ნაძვის ხეები და ნათურები, სწრაფად გასაფუჭებელი სათამაშოები, უგემური ტკბილეული, ერთმანეთში არეული ხალხისა და მანქანების, აქა-იქ მიწისქვეშა გადასასვლელების საყელურებით დაბმული ქუჩების მუსიკა. და ეს მშობლების კალთებს ჩაბღაუჭებული ბავშვები, ბამბის ნაყინით ლოყებგაწებილი ბევრი, ბევრი ბავშვი, თითქოს მთელი საბავშვეთი გარეთ გამოიყვანა კაცობრიობამ იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს და გადარჩება. სიგიჟე და ჭუჭყი და ბრჭყვიალი და სიხარული, რომელიც ჰგავს ჯოხზე წამოცმულ შაქარყინულს, სწრაფად რომ ჩაკვნეტ და ჯოხს მოისვრი. და მგელი კი მოდის, მოდის მგელი - ყვითელი კაცი და ყვითელი მზესუმზირის ყვავილი მოაქვს ჩემთვის, რომელიც ნამდვილი არ არის და ბზრიალებს, შეუსვენებლად ბზრიალებს.

როგორ ვცხოვრობ, ვფიქრობ. როგორ ვბზრიალებ ცხოვრებაში. პლასტმასის ყვავილივით.

30 დეკემბერი. ოთხშაბათი

დღეს ერთი გოგოს დაბადების დღეა. უხდება დაბადების დღე. ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვისაც აქვს დაბადების დღე და ისინი, ვისაც შეუძლებელია ჰქონდეს, მაგრამ მაინც აქვს.

აი, ბებიაჩემს კი საერთოდ არ ჰქონდა დაბადების დღე. არ იცოდა, როდის დაიბადა. კარგი იქნებოდა, არც გარდაცვალების დღე ჰქონოდა. მაგრამ თორმეტი წლის წინ, ზუსტად ახალი წლის დღეებში, ადგა და გარდაიცვალა. არ მავიწყდება ის დღე. და რაც დრო გადის, მიყვარდება და მიყვარდება ბებიაჩემი. როგორი ამბავია ეს, სიკვდილის შემდეგაც რომ გიყვარდებიან ადამიანები. ვბრაზდები, მაგრამ სულ ასე ვბრაზდები სიყვარულზე და არაფერი გამოდის, მაინც შემიძლია.

გამახსენდა: ერთხელ მე და ჩემმა ძმამ ახალი წლის ნაცვლად დაბადების დღე მივულოცეთ ბებიას. კი არ გვინდოდა, ისე გამოვიდა, შემთხვევით: ჯერ მე შევედი მის ოთახში, დავიბენი და დაბადების დღეს გილოცავ-მეთქი. მერე ჩემი ძმა შემოვიდა და იმანაც ასე მიულოცა. მამაჩემმა დაგვცინა. მაგრამ იქნებ მართლა ახალ წელს იყო დაბადებული. ბავშვებს აქვთ რაღაცნაირი ყნოსვა, რომელიღაც ცხვირით გრძნობენ, რომელ გზაზე დადის სიცოცხლე.

ნისლი დგას ქალაქის თავზე. არ მესმის, რატომ არ მოდის თოვლი. სულ ერთი ულუფა თოვლი მჭირდება, ბევრი არა.

ფეისბუკზე ერთ საუბარს გადავაწყდი ლიტერატურის შესახებ. მომეჩვენა, რომ მოსაუბრეები მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდნენ: ასეთი უნდა იყოს ლიტერატურა - ბრახ. ასე და ამაზე უნდა წერდეს მწერალი - ბრახ. ყურები ჩამოვყარე. არ მესმის არცერთი „უნდა“ ერთის გარდა: უნდა წერო ის, რაც გინდა შენ, რაც მოგეყოლება. წერო ისე, როგორც გინდა, როგორც ფიქრობ. ჩემთვის სამყარო განიერია, ჩვენც ბევრნი ვართ და სხვადასხვა მხრიდან ვყვებით. ერთი მეორის ადგილს ვერ დაიკავებს. ყველას ერთად გვაქვს ეს სინამდვილე თუ არსინამდვილე მოსაყოლი, რომელშიც ვცხოვრობთ. თუნდაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, თუნდაც არ ვითხულობდეთ.

ვითმენ დღევანდელ დღეს. მთელი თავისი სინაცრისფრით ვითმენ.

ველოდები: იქნებ ვინმემ მოიცალოს ამაღამ.

დედაჩემს ვურეკავ და ვეუბნები: ხვალ მოვდივარ.

31 დეკემბერი, რომელიც არ დამდგარა, მაგრამ რომ დამდგარიყო, იქნებოდა ალბათ ხუთშაბათი

საერთოდ, დიდი ხანია ეჭვი მაქვს, რომ 31 დეკემბერი არ არსებობს. და არც ის დღეები არსებობს, მას რომ მოჰყვება. ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ 31 დეკემბერი არ გათენდა.

არც ის გამკვირვებია, რაღაც რომ მიხარია ამ გამოსატოვებელ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ ასე მეშინია დღესასწაულების. და სიხარულისაც მეშინია.
მგელი მეუბნება: მომავალ წელს შევხვდებით, თახვო.
ისე მუბნება, თითქოს ვარსებობ.

მე კი უბრალოდ სახლში მივდივარ. ვდგები, ჩანთას ვალაგებ და მივდივარ ჩემს შორ სახლში. მივდივარ დაღლილი ცხენივით. ფლოქვებით მოსალოდნელ თოვლს მივაშრიალებ. რა მნიშვნელობა აქვს დღეებს და რიცხვებს, რა მნიშვნელობა აქვს წლებს, როცა არსებობს ის სახლი, სადაც ყველაფერი მიყვარს, ბებიაჩემის სიკვდილიც კი, თორმეტი წლის წინანდელ საახალწლო თოვაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG