Accessibility links

logo-print

15 მარტი, კვირა

თავისუფლებასთან ასოცირდება კვირა, მაგრამ თუ ვართ ნეტავ თავისუფალნი? ყველაფერს ჩვენი დრო უნდა, რამდენი რამ ნთქავს ჩვენ წუთებს, წამებს.

წუთებს ვითვლი უნებურად. და ვფიქრობ, რამდენი ასეთი წუთი გავიდა.

კარზე ზარია. კარს ვაღებ, ახალგაზრდა ქალბატონი დამწუხრებული სახით დახმარებას ითხოვს. თვალს ვერ მისწორებს. ფულს ვაძლევ. მლოცავს თვალდახრილი, ვერ გავუბედე შეკითხვა მისი სახე რამდენ რამეზე მეტყველებდა. სიდუხჭირე, ცხოვრების სისასტიკე და სუსხი შემომეფრქვია. გული დამძიმდა. მაინც რომ სჯერა ღმერთის სიკეთის, კიბეზე ჩადის და, ღმერთი შეგეწევაო, ამბობს. ვწუხვარ... რატომ არ შეიძლება ამ ადამიანთა დახმარება, დასაქმება. გზა არეულნი კარდაკარ დადიან... ნუთუ ასე რთულია გონივრული პოლიტიკა?!

შემდეგ დრო ისე გაფრინდა მეგობრებთან აზრის გაცვლაში.

16 მარტი, ორშაბათი

დილა გათენდა. ფიქრებმა შემარხიეს, ჯერ კიდევ ღამის ბინდია, ფიქრები კი ამ ბინდს ჭრიან. როგორი იქნება ეს დღე ჩემთვის და საერთოდ ნებისმიერისთვის... ნეტავ სოფლად რა ხდება ჩემს მშობლებთან, 80 წლის მამა ისევ შრომობს, უკვე საქონელს მიელალება. დედა კი ჩაის ადუღებს... ქათმებს ჯერ კიდევ თავი ფრთებში აქვთ ალბათ ჩარგული... კატები დედას დასდევენ ხოლო ძაღლები ალბათ ცქმუტავენ, ელოდებიან როდის მოიცლის მათთვის დედა... მეზობლებიც ასე არიან... სოფლად უჭირს ხალხს ეკონომიურად, შრომა არ ეზარებათ, მაგრამ საჭირო ტექნიკა არ გააჩნიათ მიწის დასამუშავებლად, საწვავისათვის ფული არა აქვთ...

ფიქრებით უკან ვბრუნდები…

ვჩქარობ, სამსახურში არ დამაგვიანდეს. ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მივდივარ, დილის სუსხი მელამუნება, სასიამოვნოა გაზაფხულის სურნელი… ქუჩაში ჯერ მანქანების სიმრავლე არაა, მალე ქუჩები გადაიჭედება. სამარშრუტო ტაქსიში ვჯდები… ბევრს ეჩქარება, ფეხზე ვდგავარ. ადამიანთა სახეებს ვაკვირდები. ყველა საკუთარ ფიქრშია ჩაძირული… ფიქრი არ მასვენებს, ღიმილი არავის დასთამაშებს სახეზე. ფიქრით სხვაგან არიან, დანაღვლიანებულნი. ამდენი ფიქრი, ამდენი...

დილის 9 საათზე პოლიციის აკადემიაში ვარ. სასიამოვნო გარემოა. მიხარია ჩემი კოლეგების დანახვა. თუმცა კვლავ უამრავ ფიქრს ვხედავ...

მეორე სემესტრის პირველი ლექციაა. სტუდენტებს გამოძიების საფუძვლებზე ვესაუბრები. იმ სირთულეებს ვუხსნი, რის წინაშეც პრაქტიკულად გამომძიებელი დგება... გამოძიება მეცნიერება არაა, ის ხელოვნებაა.

აინტერესებთ სტუდენტებს. კითხვებს მისვამენ და ვპასუხობ... მნიშვნელოვანია კანონის მორჩილება. ვიდრე არ ვისწავლით კანონის დაცვას, ბევრი არაფერი შეიცვლება. მუდამ უკანონობასა და უსამრთლობაში ვიცხოვრებთ.

დრო მიქრის და ისევ ღამის წინაშე ვდგები.

17 მარტი, სამშაბათი

ისევ დილაა, ისევ სამსახური, ისევ ლექცია. ხილიანის ქუჩაზე ჩავრბივარ. ქუჩის გასწვრივ ტროტუარზე ვერ დავდივარ, ქუჩის კიდეზე მივრბივარ, არ დამაგვიანდეს... ტროტუარზე კი შავმინებიანი, უზარმაზარ ჯიპები გაყინული მინის თეთრ თვალებს მაყოლებენ. გუნებაში ვბრაზობ - „სიტი პარკი“... ადამინებს ვერ გაუვლიათ ტროტუარზე, ქუჩაზე გვიწევს სირბილი. ვინ ფიქრობს ამაზე? ჯიპების მეპატრონეს ეს არ აწუხებს, სიტი პარკი შემოსავალზე ფიქრობს, სხვათა ბედი კი ვის ანაღვლებს? - არავის... ჩემს წინ დედა-შვილი ასევე ქუჩაში მიდის, ბავშვი ალბათ მეორეკლასელი იქნება დედას შვილის ჩანთა აქვს მხარზე წამოკიდებული. ბავშვი ანცობს, ხან წინ გარბის ხან უკან რჩება, უნებურად ფიქრები შემომესია. დედას ჩანთა აქვს აკიდებული, შვილს უმსუბუქებს ტვირთს და მოვალეობას. ნეტავ ეს მომავალში თუ იქონიებს გავლენას ამ ბავშვზე, დედა კვლავ შეეცდება სხვა პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც აარიდოს ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ შიშის სუსხს. აქ ხომ არ უშვებენ დედები შეცდომას, შვილებს პასუხისმგებლობას ელემენტარულ საკითხებზე არიდებენ და თვითონ იღებენ საკუთარ თავზე. ეცოდებათ შვილები და ბოლოს ასე ჩნდება უპასუხისმგებლობა... თავი გავაქნიე, არა არ მინდა ასე იყოს. იქნებ და არც არის ასე, და ვცდები...

ლექცია. სტუდენტები. დაინტერესება დიდია. მიხარია ამდენი შეკითხვა და ასეთი ინტერესი. შესვენებაზე წუხილი და გაორება, შეპარული იმედგაცრუება ახალგაზრდათა გონებაში... ვსწავლობთ და ნეტავ თუ რამეს მივაღწევთ ჩვენი ცოდნითო. პატრონი თუ არ გყავს, არაფერი იქნებაოო - გული მეჭმუხნება. ვამხნევებ - ცოდნა ყველაფერს ამარცხებს... იჯერებენ და უხარიათ. შესანიშნავ მოხსენებებს აკეთებენ.

ისევ ღამემ შემოიხედა ფანჯარაში. მეგობრების ზარები.

პოლიტიკის გარეშე რა ცხოვრებაა... მეგობრები გაფაციცებით ადევნებენ თვალ-ყურს ნინო გვენეტაძის ბრძოლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე...

18 მარტი, ოთხშაბათი

დილამ ისევ ოთახში შემოიხედა. ისევ ფიქრები აქოჩრილა...

ისევ ხილიანის ქუჩაზე ჩავრბივარ. ფიქრები არ მასვენებს. მეგობრებთან გუშინდელი საუბარი გონებაში მაქვს. ნინო გვენეტაძე, მისცემს თუ არა ხმას პარალენტი... დიდი ალბათობით მისცემს ხმას.

თითქმის რვა წელი გავიდა. უსამართლობის ქარიშხალი ერთად გავიარეთ, ბევრი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, ოთხი მოსამართლის წინააღმდეგობა არსებული რეჟიმისადმი - გვენეტაძე, ლალიაშვილი, ტურავა, ისაევი. გააფთრებული ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. მთელი სახელმწიფო აპარატი უპირისპირდება ამ ოთხ, დამოუკიდებელ მოსამართლეს. რამდენი რამ ვნახეთ და განვიცადეთ... კოლეგები, რომლებთან ერთადაც წლები ვმუშაობდით, ჩვენს წინააღმდეგ უსამართლო ბრძოლას საკუთარი თავის სასიკეთოდ იყენებდნენ... ვინც ჩვენს საქმეს განიხილავდა მაშინ, გარანტია ჰქოონდა თანამდებობის შენარჩუნების და დაწინაურების. ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ნიშნავდა მათ დაწინაურებას. კონკურენციაც კი გაიმართა - ბევრს სურდა ჩვენი საქმის განხილვა, ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების გამოტანა და დაწინაურება... და შედეგიც არ აყოვნებდა. სამწუხარო რეალობა ადამიანის ბუნების. და შემდეგ ეს პირები, მოსამრთლის მანტიაში უამრავ ადამინათა ბედს წყვეტდნენ... სპობდნენ მათ ცხოვრებას, ანადგურებდნენ...

ამ სამწუხაროზე სამწუხარო ფიქრებით აღმოვჩნდი აუდიტორიის წინაშე. დიდია სტუდენტების სურვილი მეტი ინფორმაცია მიიღონ. ენერგიას არ ვიშურებ. მოსამართლის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სახე შინაგანი დამოუკიდებლობაა - ვუხსნი სტუდენტებს... ეს კანონით არ არის გაწერილი, ეს თვით პიროვნების შემადგენელი ნაწილია. ყურადღებით მისმენენ.

ლექციის შემდეგ ვფიქრობ, რამდენი მათგანი გაუძლებს იმ წნეხს, რაც შეიძლება მათ გზად შეხვდეთ...

სახლში დაბრუნებულს კვლავ ღამე შემომცქერის, შემდეგ კი...

ხუთშაბათი თენდება.

19 მარტი, ხუთშაბათი

ისევ ფიქრები დამფრიალებენ. ისევ ამიტაცეს და სადღაც სხვაგან წამიღეს, უცხო სამყაროში, დილით არ მინდა ამ საოცრებიდან დაბრუნება, იქ, სადაც სულ მზეა, ნათელია, სიმშვიდე , სიკეთე და სიყვარულია. მაგრამ ტელეფონის ზარი კვლავ მამცნობს, ამ სამყაროში რომ ვარ და რეალობაში მაბრუნებს. ამჯერად დოლიძის ქუჩაძე ჩავრბივარ, სასტუმრო აჭარასთან, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე შუქნიშნის წითელი ფერი კაშკაშებს, გავშეშდი... ადამინები მოძრაობენ, სულაც არ აინტერესებთ წითელი ფერი, არც მანქანათა სიმრავლე, რაღაცნაირად ახერხებენ მანქანების ნაკადში გაძრომას... ვეღარაფერზე ვფიქრობ, გაბრაზება და აღშფოთება მიპყრობს... არ ვიცი, რა ვქნა... გავეკიდე ერთ-ერთს, ქალბატონია... შევაჩერე და ვეკითხები - თქვენ რომ დღეს სახელმწიფომ უფლება დაგირღვიოთ მოგეწონებათ? გაკვირვებული ორი თვალი მიცქერს, ვერ გაიგო კითხვა. უკანონოდ და უსამართლოდ რომ მოგექცეს სახელმწიფო მოგეწონებათ? - კვლავ ვეკითხები. რა თქმა უნდა არაო, მპასუხობს... თქვენ რომ ასე იქცევით და დადგენილ წესს არღვევთ, წითელ შუქნიშანზე ქუჩას კვეთთ, ეს თუ მოგწონთ? ცოტა გაბრაზდა. ჩემი დარღვევა ისეთი რა დარღვევააო... უბედურება ეს არის, საკუთარს ვერ ვხედავთ, სხვისას კი ვხედავთ, სხვას პასუხს ვთხოვთ, თვითონ კი საკუთარი დარღვევები არ გვაინტერესებს, თუ პასუხს მოგვთხოვენ, ვბრაზობთ, იქ ვარღვევთ, სადაც შეგვიძლია. გაბრაზებული გამშორდა. გული შემეკუმშა. ვერ გაიგო-მეთქი ვფიქრობდი... ვინ იცის, იქნებ დაფიქრდეს კიდეც.

შემდეგ კი, ისევ სტუდენტები, ლექცია და საუბარი.

საღამოს ისევ სიბნელე მეგებება...

20 მარტი, პარასკევი

დღეს ისეთი დღეა, ფიქრი რომ ზენიტშია. ფორიაქობს ჩემი სული, ჩვენ ოთხნი ვიყავით, ოთხი მოსამრთლე ერთად ვიბრძოდით უსამართლობის წინააღდეგ: ნინო, მერაბი, თამარი, მურმანი. დღეს ორი მათგანი კვლავ უბრუნდება თავის სამოსამართლეო საქმიანობას. ვიდრე პარლამენტში კენჭისყრაა, ყველა ჩვენი კოლეგა ფორიაქობს... განცდა დიდია. გამოუთქმელია, რასაც განვიცდით. ნინო და მერაბი კვლავ მოსამართლეები არიან... ყველას საოცრად გვიხარია, მომავლის რწმენა ჩნდება. სიმართლე იმარჯვებს ბოროტებაზე!

სიმშვიდე გვიბრუნდება ყველას და იმედი, რომ სიმართლე ძლიერია, რომ სიმართლე დაუმარცხებელია.

დღევანდელი დღე ისტორიულია. 2005-2006 წლები კვლავ აჩქარებულ კადრებად გადის ჩემს გონებაში. რამდენი მოსამართლე ელოდებოდა ჩვენი საქმის განხილვას... ბევრს ჰქონდა ჩვენი გამარჯვების იმედი, რათა თვითონაც შეძლებოდათ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. სამწუხაროდ, დავმარცხდით იმ ბრძოლაში მიუხედავად საერთაშორისო მხარდაჭერისა... და ბევრმა იმედი დაკარგა. დღევანდელმა დღემ კი სხვა აზრი შექმნა - დამარცხება არ არსებობს სიმართლისათვის ბრძოლაში, სიმართლე დაუმარცხებელია.

აღელვებული, აფორიაქებული უკვე შემოსულ სიბნელესაც ვეღარ ვამჩნევ, სატელეფონო ზარები არ წყდება.

21 მარტი, შაბათი

ისევ ხილიანის ქუჩაზე ჩავრბივარ, განწყობა სხვაა... მიხარია სიმართლის ზეიმი და ვიმედოვნებ, სხვებიც იპოვნიან თავიანთ სიმართლეს. მათი, ყველას დარღვეული უფლებებიც აღდგება ადრე თუ გვიან.

სამარშრუტო ტაქსიში ვჯდები, ლექციაზე გავრბივარ... და უცებ ისევ რეალობა. ახალგაზრდა ბიჭი, სამარშრუტო ტაქსიში გემრიელად მიირთმევს მზესუმზირას, ჩენჩოებს კი ფანჯრიდან ისე ისვრის თითქოს არაფერიაო. კითხვა დავუსვი, თუ მოსწონდა რასაც აკეთებდა. გაიოცა - რას ვაკეთებო? ქუჩას რომ ანაგვიანებდა, იუკადრისა, გაბრაზდა, თქვენ რა გესაქმებათო. რა თქმა უნდა, მეც და სხვასაც გვესაქმება, რადგან ამ ქუჩებში ჩვენ დავდივართ. უფრო გაბრაზდა, სამარშრუტო ტაქსიში ყველა ჩვენ გვიყურებს და გვისმენს. სამწუხაროდ, მდუმარედ. იქნებ დაფიქრდე და გააანალიზო, რას აკეთებ-მეთქი, ვეუბნები, ახალგაზრდა უფრო ინტენსიურად ისვრის მზესუმზირის ჩენჩოებს და გაბრაზებული ამბობს - ზნეობას ნუ მასწავლითო. მე კი კვლავ ვთხოვ, დაფიქრდეს და გააანალიზოს, რას აკეთებს. პასუხი ასეთი იყო - მე რა საზოგადოებაშიც გავიზარდე, ისე ვიქცევიო... მაგრამ ცოტა ხანში მაინც შეწყვიტა მზესუმზირის კვნეტა და ხმას არ იღებდა...

მგონი, მაინც დაფიქრდა... არ ვიცი.

ფიქრით კვლავ გვენეტაძის და ტურავას მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნას ვზეიმობ. კვლავ მახსენდება ჩვენი ბრძოლის ეპიზოდები. ერთ-ერთი სხდომა, სადაც იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგია ჩვენს საქმეს იხილავს. ჩვენ ვიდევნებით. მოსამართლე ლაშა კალანდაძე სხვა კოლეგებთან ერთად, საღეჭ რეზინს ღეჭავს... არ უსმენს გამომსვლელს, არც აინტერესებს. ჩემს შენიშვნაზე, შეწყვიტოს კოლეგიაზე საღეჭი რეზინის ღეჭვა და მოუსმინოს გამომსვლელს, ლაშა კალნდაძე ხელს კარისკენ იშვერს შემდეგი სიტყვებით: ქალბატონო თამარ, თუ თქვენ ჩვენი ღეჭვა არ მოგწონთ, დარბაზი დატოვეთო.

სიბნელე მოდიოდა, და 8 რვა წელი იბატონა.

მაგრამ ნათელი უფრო ძლიერი აღმოჩნდა... ცხოვრების მატარებელი მიქრის...

XS
SM
MD
LG