Accessibility links

logo-print

26 ივნისი, კვირა

შაბათს გამთენიისას ბერლინში წავედი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ცენტრალურმა ოფისმა მიმიწვია. ისტორია კი დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიწყო. ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, ნინო ლეჟავას რეკომენდაციით, ტუნისში აღმოვჩნდი და იქ საქართველოსთან დაკავშირებით მიგრაციულ პროცესებზე, პარტნიორობა მობილურობისთვის, ვიზების ფასილიტაცია-რეადმისიაზე და ვიზების ლიბერალიზაციაზე ვისაუბრე. ტუნისმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ვიზის ფასილიტაციის კუთხით ტუნისი ახლა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ უკვე ავად თუ კარგად განვლო. ადგილობრივებს ცოტა იმედგაცრუება შევატყვე, როდესაც ვუთხარი, რომ ვიზების ფასილიტაციის შეთანხმებისაგან მნიშვნელოვან შეღავათებს ნაკლებად უნდა ელოდონ. ყოველ შემთხვევაში ასეთია ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება. მერე უფრო და უფრო დავინტერესდი ამ ქვეყნით. ისე აღმოჩნდა, რომ ტუნისი ფაქტიურად ერთადერთია ვინც, ”არაბული გაზაფხულის” შემდეგ უფრო უარეს დღეში არ აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე იყო. ზოგადად, ერთი შეხედვით დემოკრატიის ხარისხით ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე მაღრების რეგიონის სხვა ქვეყნები.

ბერლინში ვიზიტი ტუნისური შეხვედრის ერთგვარი გაგრძელება იყო. ბიოლის ფონდის იქაური ოფისის აფრიკის დეპარტამენტმა მიმიწვია. თემა ისევ მიგრაცია იყო და სამი ქვეყნის მაგალითი განვიხილეთ: ფილიპინების, ტუნისისა და საქართველოსი.

ხშირად მიფიქრია, რომ მიგრაციის თემა ჩვენში ნაკლებ ინტერესს იწვევს და ერთგვარი აუთვისებელი ყამირია. რამდენიმე არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის სამთავრობო კომისიის გარდა ამ თემით ნაკლებად თუ ინტერესდება ვინმე. არადა ქვეყანას არაოფიციალურად ასობით ათასი შრომითი მიგრანტი ჰყავს (ზუსტი ციფრი ბუნებაში არ არსებობს), 2009-2014 წლებში კი მათ მიერ საქართველოში გადმოგზავნილი ფულადი გზავნილები ქვეყნის მიერ მოზიდულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც კი აჭარბებდა. კავკასიის კვლევებისა და რესურსების ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 11% ოჯახის წევრის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულად გზავნილს იღებს. ფულადი გზავნილების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში კი დაახლოებით 9% არის. სერიოზული თემაა. ცხადია, ამ მხრივ ჩვენ არც მექსიკა ვართ და არც ფილიპინები, მაგრამ ძალიან უცნაურია, როდესაც თემით დაინტერესება ჩვენში ასე დაბალია.

ღამის ფრენები მგონი მთელი საქართველოს ტკივილია. რა ვერსია არ მომისმენია იმის შესახებ, თუ რატომ დაფრინავენ ავიაკომპანიები ღამით - დაბალი მოსაკრებლიდან დაწყებული, ღამით ევროკავშირის ქვეყნებში დახურული აეროპორტებით დასრულებული (თავიანთ ავიალაინერებს უქმად არ აჩერებენ, საქართველოსკენ ამისამართებენ რადგან ამ დროს ჩვენთან აეროპორტები ღიაა). არადა ჩემთვის ღამის ფრენა ძალიან მძიმე გადასატანია. ფრენას უძილობა ემატება. თეთრი შურით მშურს იმ ხალხის, თვითმფრინავში ჩაჯდომისას საზურგეზე თავს რომ მიდებენ და იძინებენ. ამას წინათ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში მეგობრებს ვეხუმრებოდი - კარგი იქნებოდა თავის დროზე ასოცირების შეთანხმებაში საქართველოსთვის ღამის ფრენების აკრძალვა ჩაგედო-მეთქი.

ბერლინში მესამედ ვარ. ძალიან საინტერესო ქალაქია. ისეთია, ყველა რომ იპოვის თავისთვის საინტერესო თემას. შარშან ჩემი მეუღლე ნინო იყო წასული სტაჟირებაზე და ყურებამდე შეყვარებულია ამ ქალაქზე. ამჯერადაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ვერაფრით შეძლო. თავი და თავი უვიზობა გახდა. გერმანიის საკონსულოში მომავალი ერთი თვის მანძილზე საბუთების შესატანად ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა. ასე მომიწია მარტო წასვლამ. ნინომ ბერლინის ქუჩებისთვის მოკითხვების ჩამორიგება დამავალა. პირნათლად შევასრულე. თუმცა ჩასულმა ორ საქმეს მივხედე. ერთი ბიოლის ფონდში წარსადგენი PowerPoint პრეზენტაციაში საბოლოო შტრიხების შეტანა იყო და მეორე, არანაკლებ საპატიო, - ჯიპას სტუდენტების საბოლოო გამოცდების გასწორება.

ჯიპა ჩემი ალმა მატერია და მის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ. წელს პირველად მომიხდა ჯიპაში ევროკავშირზე ლექციების წაკითხვა და იშვიათად შემხვედრია ასეთი მაგარი სტუდენტები. ერთი ფაქტი კი ახლაც გონებაში მიტრიალებს. ერთ-ერთ სტუდენტს დავალების გამოგზავნასთან ერთად პრეზენტაციის მომზადებაც დაევალა. გამოგზავნილი დავალება არც თუ ისე მაღალი ხარისხისა იყო. მივწერე, რომ გამონაკლისის სახით ამ დავალებას ამჯერად ჩავუთვლიდი, მაგრამ სამომავლოდ მსგავსი ხარისხის ნაშრომს ვერაფრით მივიღებდი. ზუსტად რამდენიმე წუთში პასუხი მივიღე - არ ჩამითვალოთ, ხვალ ახალს დავწერ და გამოგიგზავნითო. მეორე დღეს მართლაც ძალიან კარგი ხარისხის დავალება მივიღე. არადა შეეძლო არაფერიც არ გამოეგზავნა. ისედაც ჩავუთვლიდი. ჰოდა მაშინ მივხვდი, რომ 100% პიროვნებასთან მქონდა საქმე. ასეთები ჩემს დროს გეპეიში ნაკლებად ხდებოდა. ეგ კი არა, სემესტრის ბოლოს ვის ბიძა მოჰყავდა, ვის ბიცოლა და ვინ ლექტორის წიგნს ყიდულობდა ჩათვლის მიღების სანაცვლოდ.

სტუდენტებისგან ცოტა უფრო უკეთესი ხარისხის ნაწერს ველოდი. უფრო მეტად საკუთარ აზრს და ანალიზს. ისეა ხოლმე, რომ თხოვნის მიუხედავად, მაინც წიგნიდან ამოკითხულს გადმოწერენ. ეს სერიოზული პრობლემა მგონია.

ბერლინში ჩასული ალექსანდერპლაცზე წავედი. ფეხით გავუყევი მდინარე შპრეეს ნაპირს. სასიამოვნო ნიავი უბერავდა და ისეთი ამინდი იყო, მე რომ ვგიჟდები. ტემპერატურა 21 გრადუსს არ ასცილებია. ვიცი, არაპოპულარულია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - ზაფხული თხემით ტერფამდე მძულს. განსაკუთრებით თბილისური ზაფხული. ჟანგბადი ჩვენს ქალაქში უფრო და უფრო ნაკლებად მოიპოვება. ზაფხულში კი ამ პრობლემას ხვატიც ემატება. აი, ზამთარზე კი ვგიჟდები. დავკვირვებივარ, თუ რამე ასე თუ ისე ნორმალური გამიკეთებია, უმეტესწილად ეს ზამთარში მომხდარა.

ალექსანდერპლაცზე სავაჭრო ცენტრ ”გალერიაში” შევედი და სიურპრიზიც იქ მელოდა. მესამე სართულზე გერმანიის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელები კლაუს ალოფსი და პიერ ლიტბარსკი ისხდნენ და რიგში მდგომებს ავტოგრაფებს ურიგებდნენ. პიერ ლიტბარსკი ჯერ კიდევ სკოლიდან მახსოვს. მაშინ საღეჭი რეზინა ”ფინალი” გამოდიოდა და მას შემოხვეულ ქაღალდში იყო ევროპელი ფეხბურთელები. ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ სახლში სამი ”პიერ ლიტბარსკის” ე.წ. ”ნაკლეიკა” მქონდა. იყო გაცვლა და თამაში. თუ ამოაბრუნებდი, ”ნაკლეიკა” შენ გრჩებოდა. მაშინ ალბათ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები, ბერლინში ჩავიდოდი, ნამდვილ პიერ ლიტბარსკის ვნახავდი და ”ნაკლეიკაზე” ნანახ კაცთან სურათს გადავიღებდი. კიდევ იცით, რას ვერ წარმოვიდგენდი?! - რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზები გაუქმდებოდა. რა დამავიწყებს წლების წინ, როდესაც პირველად ამაზე ხმამაღლა ვთქვი, ჩემმა ერთ-ერთმა ბოსმა საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა და ზემოთ ქვემოთ დაატრიალა.

საღამოს ბერლინში ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან წავედი. ფრედერიკ გაულის და ჩემი მეგობრობა ზუსტად ათ წელიწადს ითვლის. ევროპის კოლეჯში სწავლისას დავმეგობრდით. მერე ფრედი ბერლინში დაბრუნდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. ერთი პერიოდი საქართველოს მიმართულება ებარა. რამდენჯერ გვისაუბრია საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე და იმ სირთულეებზე, რაც ამ ურთიერთობას თან ახლავს. ბევრჯერ გულწრფელი გაოცებაც გამოუხატავს ჩვენი ქვეყნის ლიდერების მოქმედებებისა თუ უმოქმედობის გამო. ევროპის კოლეჯში ჩვენი გაცნობა ფეხბურთის მოედანზე მოხდა. ფეხბურთი მასაც და მეც უზომოდ გვიყვარს. მისი თანადგომაც ხშირად მიგრძნია. ჩვენს ურთიერთობაში იყო მომენტი, როდესაც ჩემს თხოვნაზე წამითაც არ დაუხევია უკან და ერთ-ერთ ჩვენებურს ძალიან, ძალიან დაეხმარა. იმ ამბის მერე ამ თემას დიდად არ ვახსენებთ.

ფრედერიკმა ბერლინში ახალი სახლი შეიძინა და ჩემი სტუმრობა ე.წ. ”house-warming”-ს დაემთხვა. ვისხედით გერმანია-სლოვაკეთის თამაშს ვუყურებდით და ევროპის კოლეჯის ამბებს ვიხსენებდით. ფრედს მუხლზე თავისი გოგონა ლუიზა ეჯდა. 10 წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან. წლები გაფრინდა, გავიზარდეთ, დავოჯახდით, ჩვენს გზას ვეწიეთ.

27 ივნისი, ორშაბათი

დილა ისევ ბერლინში ხეტიალით დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნებთან დროში განსხვავება ხანდახან კარგია. თბილისის დროს მიჩვეული იქ ადრე იღვიძებ და როდესაც გგონია, რომ სადმე გაგვიანდება, ნახავ, რომ შეხვედრამდე ჯერ კიდევ ორი საათია. ბერლინში ერიხ მარია რემარკის ”ლისაბონის ღამე” გავიყოლე. წიგნების ფესტივალზე შევიძინე ბევრ სხვა წიგნთან ერთად, რომლებიც წასაკითხ რიგს ელოდებიან. სამწუხაროდ დიდი დრო აღარ მრჩება საკითხავად. აი, ასე თუ მომეცემა შანსი, რომ გზად რამე წავიკითხო. ”ლისაბონის ღამე” საინტერესო აღმოჩნდა. რემარკისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილი მეორე მსოფლიო ომს და მასთან დაკავშირებულ დეტალებს აცოცხლებს.

საუზმის მერე გარეთ გავედი. იქაური დროით რვა საათია. ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნისას რამდენიმე რამემ განმაცდევინა შოკი.

პირველი შოკი მაშინ განვიცადე, როდესაც 2005 წლის 4 სექტემბერს ვარშავის აეროპორტში ჩავფრინდი. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ევროკავშირში. მახსოვს, ბარგი ავიღე, გარეთ გამოვედი და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან დაახლოებით 20 მანქანისაგან შემდგარი კოლონა ჩემს დანახვაზე გაჩერდა. ხომ წარმოგიდგენიათ, თბილისიდან ჩასული ბიჭისთვის ეს რა შოკი იქნებოდა?! ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ამ ოციოდე მანქანამ სვლა იმიტომ შეაჩერა, რომ ჩემთვის გზა დაეთმოთ. თბილისის ქუჩებს შეჩვეულმა ვერ გავიაზრე, რომ ამ მანქანის მძღოლებს არავითარი სურვილი არ ჰქონდათ ქვეითთან თავისი უპირატესობა დაემტკიცებინათ. ამოუხსნელი იყო, რომ პირველი მანქანის შეჩერებას უკან მდგომებმა სიგნალი და გინება არ მოაყოლეს.

მეორე კულტურული შოკი მაშინ განვიცადე, როდესაც ევროპის კოლეჯის სასადილოში რექტორი შემოვიდა და სტუდენტების რიგში ჩადგა. არადა მახსოვს გეპეიში სწავლისას ერთხელ ლამის კილომეტრიან რიგში მომიწია დგომა სტიპენდიის ასაღებად. ჩემი რიგი როდესაც მოვიდა, ბავშვებში ჩოჩქოლი ატყდა, რიგი შუაზე გაიყო და ყველამ გზა დაუთმო ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანს, რომელმაც, ვითომ არაფერი, ისე გაიკაფა გზა ბუღალტრის სარკმლისკენ კუთვნილი ხელფასის ასაღებად.

მესამეჯერ შოკი კი მაშინ მივიღე, როდესაც იქ ერთ-ერთ ლექტორს რეკომენდაციის დაწერა ვთხოვე. აქ შეჩვეული ვიყავი სტანდარტულ ფრაზას - დაწერე და ხელს მოგიწერ. დესმონ დინანი კი ჩემი თხოვნის პასუხად მწერდა, რომ ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებდა და მადლობას მიხდიდა, რომ ისეთ პროფესორად ჩავთვალე, რომელსაც ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება შეეძლო. ეს ბოლო ამბავი კი განსაკუთრებით მაშინ მახსენდება, როდესაც სტუდენტები რეკომენდაციის დაწერას მთხოვენ.

28 ივნისი, სამშაბათი

თბილისისკენ ფრენა 12:00 საათზეა. მანამდე ბერლინის გამოსამშვიდობებელი გასეირნება მოვაწყვე. მერე ბარგს ხელი მოვკიდე და ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი. გაჩერებაზე საშუალო ხნის ქალი და კაცი იდგნენ. იტალიურად საუბრობდნენ. ავტობუსის ლოდინმა დიდხანს გასტანა. ბოლოს ჩვენი მოთმინების ფიალაც ამოიწურა და გადავწყვიტეთ, ტაქსით წავსულიყავით ტეგელის აეროპორტისკენ. იტალიელები ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ გენუიდან. გერმანიაში სტუმრობის მერე უკან სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ქალი საქართველოშიც იყო ნამყოფი. რა მშვენიერია თბილისის ბოტანიკური ბაღიო, საუბრისას გაიხსენა. ბარგის ჩაბარებისას გამიმართლა. ბერლინიდან სტამბოლამდე და იქიდან უკვე თბილისამდე ავარიულ გასასვლელთან აღმოჩნდა ადგილი.

საბიჰა გიოქჯენის აეროპორტის გავლით პირველად ვიფრინე. პატარა, მშვენიერი აეროპორტია, მაგრამ ათათურქის აეროპორტთან შედარებაც არ შეიძლება. თბილისში დაჯდომა. ტელეფონის ჩართვა და ზარები, სმს, ფეისბუკზე შეტყობინებები. სამწუხარო ამბავი შევიტყვე - ტერორისტების სამიზნე ამჯერად სწორედ ათათურქის აეროპორტი გამხდარა. ძნელია, ამ დროს რაიმე სიტყვები მოიძიო. სიმართლე გითხრათ, ასეთ სიტუაციებში პოლიტიკოსების ნათქვამმა ერთი და იგივე ფრაზებმაც დამღალა.

შინ მძინარე მათე და ჩემს მოლოდინში ფხიზლად მყოფი ნინო დამხვდნენ. მათე წელს ბაღს მორჩა და სკოლაში მიდის. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. იმედი მაქვს, რომ სკოლის მოთხოვნებს ადვილად აუღებს ალღოს. მისი გატაცება ე.წ. ”პაზლებია”. მე არ შემიძლია, დავჯდე და ”პაზლის” ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებაზე თავი ვიმტვრიო. მათე კი მოთმინებით ზის და ცდილობს ნაწილები ერთმანეთს მიუსადაგოს.

29 ივნისი, ოთხშაბათი

დილა ჯიპაში სტუმრობით დაიწყო. ბაკურ კვაშილავას თხოვნით ამერიკიდან ჩამოსულ სტუდენტებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ველაპარაკე. საინტერესო შეხვედრა სადღაც საათ-ნახევარი გაგრძელდა. მერე კი ჩემს სამსახურში ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოში” მივედი. 1 აგვისტოს ოთხი წელი გახდება, რაც ფონდში ვარ. ეს ყველაზე დიდი დროა იმ სამსახურებს შორის, სადაც კი აქამდე მიმუშავია. ხშირად მიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს კარგი სამსახური და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება იგი. მგონი კარგი სამსახურის კრიტერიუმი ერთია - დილით გაღვიძებულს იქ წასვლა უნდა გიხაროდეს. ასეთია ჩემთვის ეს ფონდი და იქ სამსახური სულაც არ არის საქმიანობა დილის ათიდან საღამოს შვიდამდე. წარმოიდგინეთ, მუშაობთ საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე - საკითხზე, რომელიც თხემით ტერფამდე გიყვართ და ამაში ხელფასს გიხდიან. ამას დაუმატეთ ირგვლივ მოფუსფუსე დადებითი ხალხი და ალბათ ეს არის იდეალური სამსახური. ევროინტეგრაციის პროგრამა ფონდში ორი წელია არსებობს და ამ საქმეს ჩემ გარდა ანი ახალკაცი და სალომე კაჭარავა ემსახურებიან. სალომე ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა. რამეს დაავალებ და შეგიძლია მშვიდად იყო - აუცილებლად დიდებულად გააკეთებს. ანის კი ადრე ვუთხარი, რომ ის პროგრამის საყრდენი ნახევარმცველია. ფეხბურთი ვისაც უყვარს, იცის, რომ საყრდენი ნახევარმცველის თამაშზეა დიდწილად დამოკიდებული გუნდის წარმატება ან წარუმატებლობა. გოლები ძირითადად ფორვარდებს გააქვთ, ისინი ჩანან, ტაბლოზე მათი გვარი ინთება, მაგრამ თამაშს რეალურად საყრდენი ნახევარმცველი იგებს. ჰოდა, ევროინტეგრაციის პროგრამას ძალიან მაგარი საყრდენი ნახევარმცველი ჰყავს და ზოგადად ფონდში მართლა კარგი ხალხი მუშაობს - დირექტორით დაწყებული, დაცვის ბიჭებით დასრულებული.

მივლინების შემდეგ ტრადიციული საქმე იწყება: პასუხგაუცემელი ელექტრონული ფოსტის გავლა. კარგი რამე ჩავიფიქრეთ: მომავალ კვირაში ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე დახურულ ფორმატში დისკუსიას ვაწყობთ. სამ საკითხზე ვილაპარაკებთ: რა გავლენა ექნება ამას თავად გაერთიანებულ სამეფოზე, ევროკავშირსა და საქართველოზე. მთელი პროგრამა აქტიურად ვართ ჩართული ამ შეხვედრის მზადებაში. ივლისში კიდევ ერთი რამ გველოდება. ფონდის მხარდაჭერით ცხრა ორგანიზაცია, რომელიც აგერ უკვე ორი წელია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესს აკვირდება, ანგარიშებს ამზადებს. ეს ხალხი ფაქტიურად იმ საქმეს აკეთებს, რაც პარლამენტს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ისინი ამას ვერ თუ არ აკეთებენ. სხვა რითი ავხსნა ის ფაქტი, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი პარლამენტს პლენარულ სხდომაზე არც კი განუხილავს. სამი-ოთხი სხდომა მიუძღვნა ამ საკითხს ევროინტეგრაციის კომიტეტმა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კი მხოლოდ ერთხელ შეიწუხა თავი. თუ ვინმეს კომპარტიის სხდომა ცხადში არ ენახა, იმ სხდომას უნდა დასწრებოდა. მეგონა საუბარი უფრო შვეიცარიაზე იყო, ვიდრე საქართველოზე. ეგ კი არა, ამას წინათ ასოცირების შესრულებაზე მინისტრ ბაქრაძის ანგარიშს კომიტეტის სხდომაზე სამი პარლამენტარი ისმენდა. ზოგი უქეიფოდ იყო და ზოგიც - საქეიფოდ. ნეტავ ამაზე უკეთესს რას აკეთებდნენ?

30 ივნისი, ხუთშაბათი

დილით მათე ბოლოჯერ წავიყვანე ბაღში და სახლიდან ბაღამდე მილიონმა რამემ გაიარა თვალწინ. ფიქრებმა წარსულზე და მომავალზე. როგორ წავედით პირველად ბაღში. თავიდან როგორ არ უნდოდა დარჩენა. ფიქრი იმაზე, რომ მის ცხოვრებაში ერთი ეტაპი დასრულდა. ბაღიდან მოსულმა საღამოს თავისი ფაილი მოიტანა, სადაც ბაღში მისვლიდან დღემდე მისი ყველა ნახატი თუ ნაწერია თავმოყრილი. გარეკანიდან კი სამი წლის მათე გვიყურებს.

შემდეგ დილა ჰოლანდიის საელჩოში სტუმრობით გაგრძელდა. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ჯგუფს ჰოლანდიის ელჩი გვმასპინძლობს. არ შემიძლია არ დავწერო - რამდენ ჯერზეც ჰოლანდიის საელჩოში მივსულვარ, ეს ბიჭი ყოველ ჯერზე მხვდება. ჯერ კიდევ იმ დროიდან, ეს საელჩო სასტუმრო ”მეტეხში” რომ იყო განთავსებული. სახელი არ ვიცი, მგონი გურამი უნდა ერქვას. იშვიათად მინახავს ასეთი დახვეწილი ადამიანი, რომელიც საელჩოს ყველა სტუმარს პატივისცემით ხვდება. არადა სხვა ქვეყნის საკონსულოებსა თუ საელჩოებში მისულს კარებთან ისეთი ხალხი დამხვედრია, თავი იმ ქვეყნის კანცლერი, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი რომ ჰგონიათ. შეხვედრას სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკაც ესწრება. ხვალიდან ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას სწორედ მისი პატარა და კოხტა სლოვაკეთი გადაიბარებს. იმედი მაქვს, სწორედ სლოვაკეთის პრეზიდენტობისას მოხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცი, რას ვიზამ იმ დღეს და იმ წამს, როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოცხადდება, მაგრამ ერთი რამე ვიცი - მე ვიქნები ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი დედამიწის ზურგზე. იმ მომენტში კი საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. კიდევ იმის მჯერა, რომ მოვა დრო და სლოვაკეთის მსგავსად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოც გახდება, მაგრამ მთავარია, ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის სადღეგრძელო და სადესერტოდ გამოსაყენებელ სიტყვად არ დარჩეს და თამამი გადაწყვეტილებების მიღების არ შეეშინდეთ. ჩვენ გზას არავინ გაივლის. აქამდე კი ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა ტანგოს ცეკვას ჰგავდა - ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან.

საღამოს მათესთან თამაში და მერე მისი დაძინება. გვიან კი ფეხბურთი: პოლონეთი-პორტუგალია. ნეტავ ასეთ დიდ ფორუმზე გასული საქართველოს ნაკრები მანახვა. რას არ მივცემდი სანაცვლოდ.

შემდეგ კოკისპირული წვიმა მოვიდა და ჩახუთული, უჟანგბადო ქალაქი ცოტათი გააგრილა. ადრე წვიმა არ მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლოს ძალიან შემიყვარდა. მიზეზს ვერ ვხვდები. ალბათ ბათუმური კლიმატისთვის ვემზადები. ნათქვამი მაქვს, რომ წლების შემდეგ ბათუმში უნდა წავიდე საცხოვრებლად. ნინოც თითქოს თანახმაა. ორივეს ძალიან მოგვწონს ბათუმი. ჩემი სუბიექტური აზრით, საქართველოში ბათუმი ყველაზე ევროპული ქალაქია (სამწუხაროდ, აფხაზეთში არასოდეს ვყოფილვარ და სოხუმს არ ვიცნობ). ყურებამდე ვარ შეყვარებული ამ ქალაქზე.

1 ივლისი, პარასკევი

დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა და ხელშეკრულებაც სრულად შევიდა ძალაში. მედიისთვის კომენტარები. შემდეგ კი ფონდის მიერ დაგეგმილ სემინარზე, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება, მოსაწვევები დავგზავნე. ისე ჩანს, რომ ბევრ ხალხს უნდა ველოდეთ. საღამოსკენ დაახლოებით 25 სტუმარმა დაგვიდასტურა მონაწილეობა.

საღამოს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეზე წავედით. იქ ჩემი ბიძაშვილი ვნახე და ლაპარაკს შევყევით. ბავშვებთან ერთად ატრაქციონებზეც ვისხედით. სახლში გვიან დავბრუნდით.

საღამო ბელგია-უელსის თამაშის ყურებით სრულდება.

2 ივლისი, შაბათი

შაბათ-კვირა მათეს და საოჯახო საქმეებს ეთმობა. თუმცა ამ ბოლო დროს იყო შემთხვევები, როდესაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის გამო შაბათ-კვირასაც წასული ვიყავი. ჩემმა მოლდაველმა მეგობარმა და კოლეგამ მომწერა, რომ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტი დაიბეჭდა და 25 ივლისს კიევში წარვადგენთ. ერთი წელი გაგრძელდა წერის პროცესი. გადავწყვიტეთ, რომ ამ სამ ქვეყანაზე ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხზე დაგვეწერა. ვიცი, რომ ბევრი გვეტყვის, რა დროს ეს არის, შეხედეთ ევროკავშირში რა ხდება და ა.შ. მაგრამ მოვიდა დრო, ამ თემაზე სერიოზულად ფიქრი და მსჯელობა დავიწყოთ. ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კუთხით სერიოზულად ნაფიქრი ნაკლებად აქვთ. ამ მხრივ მათ პროგრამებსა თუ სამოქმედო გეგმებში უფრო სადღეგრძელოები ჩანს.

დილით მე და მათე ლისის იპოდრომზე მივდივართ. ერთი წელია, მათე ცხენზე დადის. თავიდან ძალიან არ მოეწონა, მახსოვს, შარშან ზაფხულში ცხენზე პირველად რომ დასვეს, საშინლად აპროტესტებდა, გვერდზე დავყვებოდი და მგონი პირველ ჯერზე მე უფრო მეტი ვიარე, ვიდრე თავად ცხენმა. ახლა სიხარულით გარბის.

შემდეგ ოჯახის სურსათით მომარაგება და შუადღეზე კი უკვე რადიო ”თავისუფლებაში” მივდივარ დღიურის ჩასაწერად.

ძალიან მაგარი იდეაა „თავისუფლების დღიურები“ და მარინა ვაშაყმაძეს ამ იდეისთვის მადლობა ეკუთვნის. წლების წინ ”დიოგენეს” გამოცემული, ნინო ბექიშვილის მიერ ნათარგმნი რუბენ გალიეგოს წიგნი ”თეთრით შავზე” წავიკითხე და იქ დაწერილი დამამახსოვრდა: ”და, ბოლოს და ბოლოს, როცა მივაღწევ ჩემს აღსასრულს, ჩემს საკუთარ მარადიულ ღამეს, ჩემგან დარჩება მხოლოდ სიტყვები, თეთრ ფონზე შავი ასოებით დაწერილი ჩემი სიტყვები. იმედი მაქვს”.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG