Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ კილაძე - ექიმი


20 დეკემბერი, კვირა

არასდროს მქონია დღიურების წარმოების პრაქტიკა, ამიტომაც თავიდან ეჭვით შევხედე ამ თემას, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ მე ვიქნებოდი გულწრფელი, მხოლოდ მაშინ შეიძლება ყოფილიყო ჩემი დღიურები საინტერესო სხვებისთვისაც.

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ერთადერთი კვირადღეა ჩემთვის, როცა ძირითადად ვახერხებ დასვენებას დატვირთული და დაძაბული ექვსდღიანი სამუშაო მარათონის შემდეგ. მიუხედავად ამისა, კვირა დილით მაინც ყოველთვის მივდივარ კლინიკაში დარჩენილი ავადმყოფების სანახავად. დღესაც საუზმის შემდეგ გავეშურე კლინიკაში და 09:30-ზე მორიგე ექიმთან ერთად მოვინახულე პაციენტები. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი გვყავს 9 წლის ნიკა, რომელსაც ორი დღის წინ გავუკეთეთ ოპერაცია - დაავადებული ელენთის ამოკვეთა ლაპაროსკოპიული მეთოდით. ჩვენი კლინიკა მოზრდილთა ქირურგიული განყოფილებაა, მაგრამ ზოგჯერ, როგორც გამონაკლისი შემთხვევები, გვყავს ბავშვთა ასაკის პაციენტებიც. ნიკა გამორჩეულად ზრდილობიანი და ლამაზი ბავშვია. დიდი კაცივით იქცევა და მშობლებსაც იქეთ ამხნევებს. ძალიან ვინერვიულე ნიკას ოპერაციის დროს. საკმაოდ რთული შემთხვევა იყო - ოთხჯერ გადიდებული ელენთა იმყოფებოდა შეხორცებებში ირგვლივ მდებარე ორგანოებთან და დატვირთული იყო სისხლძარღვებით, რაც ტექნიკურად აძნელებდა ოპერაციის წარმოებას, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით და შედარებით ნელი ტემპით ვაკეთებდით ოპერაციას. დიდი ხანია, ისეთი დაძაბული არ ვყოფილვარ, როგორც ნიკას ოპერაციის დროს. დაგეგმილი 1,5 საათის ნაცვლად 3 საათი მოვანდომეთ ოპერაციას. ნიკა უკვე კარგად არის, დღეს ამოვუღეთ მუცლის დრენაჟი და ხვალისათვის ვგეგმავთ მის გაწერას. ნიკას მშობლები ძალიან ბედნიერები არიან ახლა. მახსოვს ოპერაციის წინ მათი განცდები და როგორი დაბნეულები და უძლურნი ჩანდნენ. კლინიკიდან სახლში დღის 12 საათზე დავბრუნდი კმაყოფილი და მცირე ხნით დასვენების შემდეგ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა-ქირურგმა დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაზე, საექსპერტო ქირურგიული დასკვნის მოსამზადებლად. წინა კვირის სამუშაო დღეებში პრაქტიკულად არ მქონდა დრო ამისათვის, ამიტომაც დღევანდელ კვირადღეს დასვენება არ გამომდის, აუცილებელია ეს დასკვნა მქონდეს ხვალისათვის მზად სამინისტროში გასაგზავნად. ღამის პირველ საათამდე ვიმუშავე, ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეა, 10 წელია, როგორც ექსპერტი-ქირურგი ამ საქმეს ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულება-მოვალეობის გამო. ისე, ნამდვილად არასასიამოვნო პროცედურაა და ზედმეტი დატვირთვაა ჩემთვის. ვატყობ, ძილი გამიტყდა, მაგრამ მაინც ვწვები და ვცდილობ დროზე დავიძინო, ორშაბათიდან ხომ კვლავ მძიმე სამუშაო კვირა იწყება.

21 დეკემბერი, ორშაბათი

9 საათზე კლინიკაში ვარ, სწრაფად ვაკეთებ შემოვლას პალატებში ექიმებთან ერთად. პატარა ნიკა დღეს ეწერება. თავს კარგად გრძნობს. ვარიგებთ მის მშობლებს და ვაგზავნით თავის მკურნალ ბავშვთა ჰემატოლოგთან ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე. თითქმის 3 წლის გაურკვეველი მდგომარეობის შემდეგ ჩვენმა ჰემატოლოგებმა ნიკას დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი - მიკროსფეროციტოზი, რაც ვლინდება ელენთის პათოლოგიით და ელენთის ამოკვეთა ამ დროს არის მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი. ორშაბათობით დილით ბევრი პაციენტი გროვდება ხოლმე კონსულტაციაზე, მაგრამ დღეს შედარებით ნაკლებია, სწრაფად მოვრჩი მიღებას და 10:30-ზე დავიწყე ოპერაციები. დღეს სულ ორი ოპერაცია მქონდა დანიშნული, რომლებსაც სწრაფად მოვრჩი და შემდეგ გავეშურე თბილისის საკრებულოში სადაც 2 საათისთვის მიწვეული ვარ პრემიერის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე. პრემიერის მოხსენება საათნახევარი გაგრძელდა. ძირითადად აქცენტები გაკეთდა მიღწეულ წარმატებებზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის კუთხით, რაც უდავოდ იყო. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეკონომიკური რეფორმების ან ეკონომიკური პროგრამების თაობაზე, განსაკუთრებულად ახალი არაფერი თქმულა. ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია 2016 წელს დაგეგმილი სოციალური ხარჯების გაზრდა 3 მილიარდზე მეტ თანხამდე, როცა 2015-ში დაიხარჯა 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი. მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 2%-იანი ზრდაა. არადა ეკონომიკის სტიმულირებას და გაჯანსაღებას ძალიან დიდი და გადაუდებელი ძალისხმევა სჭირდება. ჩემი აზრით, მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა მაინც აუცილებელია ჩვენნაირი ქვეყნისათვის, რათა გვქონდეს გარკვეული ეკონომიკური პროგრესი და კიდევ უფრო არ ჩამოვრჩეთ და არ დავშორდეთ განვითარებულ ქვეყნებს. ამისათვის ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იფიქროს და იმოქმედოს აქტიურად და გაატაროს სასწრაფო რეფორმები ყველა მიმართულებით. ამ შეხვედრაზე ყველაზე კარგი და სასიამოვნო იყო ის, რომ ვნახე ჩემი კოლეგები და მეგობრები: ცნობილი მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია. ეს უკანასკნელი ნამდვილად წარმატებული რექტორია, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორც სასწავლო ცენტრების თანამედროვე აღჭურვილობის კუთხით, ისე სწავლების ორგანიზაციის მხრივ. დავით გაგუასთან წლებია ვმეგობრობ, მაგრამ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე მოუცლელობის გამო. ცოტა ვისაუბრე მასთან, რადგან კვლავ დრო არ მაქვს - წასასვლელი ვარ „ჩაჩავას კლინიკაში“, სადაც მიწვეული ვარ ერთ ოპერაციაზე. ისე, ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ მოვხვდით ერთად სუფრაზე მე და დათო გაგუა, მაგრამ ორივეჯერ მცირე ხნით მოგვიწია ერთად ყოფნა, რადგან ერთხელ მას დაუძახეს სასწრაფოდ თავის კლინიკაში მშობიარესთან და მეორედ - მე ჩემს კლინიკაში სასწრაფო ოპერაციაზე. ჩვენი არ იყოს, მეან-გინეკოლოგებსაც საშინელი რეჟიმი აქვთ ცხოვრების, თავის თავს არ ეკუთვნიან და მუდმივად მზად უნდა იყვნენ პაციენტის დასახმარებლად. საკრებულოდან წავედი „ჩაჩავაში“, ოპერაცია ჩატარდა სწრაფად და წარმატებით, საღამოს შედარებით ადრე მივედი სახლში, ვივახშმე, ტელევიზორთან გავატარე დაახლოებით 2 საათი და ეს დღეც დამთავრდა.

22 დეკემბერი, სამშაბათი

კლინიკაში გავეშურე 09:00-ზე. დღეს დანიშნული გვაქვს ექვსი ოპერაცია, მათ შორის ერთი პაციენტი განსაკუთრებით საყურადღებოა - ახალგაზრდა ქალს აქვს თანმხლები პათოლოგია, თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა. ყველა ოპერაცია ჩატარდა წარმატებით. ასევე ცერებრალური დამბლიანი პაციენტის ოპერაციაც და ზოგადი ნარკოზიც წარიმართა ყოველგვარი გართულების გარეშე, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენს ანესთეზიოლოგსაც. მანამდე კი, როგორც ჩვენ, ექიმებს, ასევე პაციენტის დედას, გვქონდა გარკვეული დაძაბულობა და ნერვიულობა. ხშირად ჩვენ ოპერაციებს ვაკეთებთ რუტინულად განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე, მაგრამ თითქმის ყოველდღე გვყავს ერთი პაციენტი მაინც, რომელიც სომატურად მძიმეა და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ქირურგიაში ზოგჯერ იქაც ხდება გართულებები, სადაც არ ელოდები, რადგან ყოველთვის არსებობს სხვადასხვა ხარისხის რისკები და დასაშვები გართულებები ნებისმიერი ოპერაციის დროს. მახსენდება - ორი წლის წინ გვყავდა შუახნის მამაკაცი, რომელსაც გავუკეთეთ რთული ქირურგიული ოპერაცია, ტექნიკურად გამოვიდა ბრწყინვალედ და მქონდა დიდი თვითკმაყოფილების შეგრძნება ოპერაციის შემდეგ. მაგრამ მეოთხე დღიდან ერთიმეორის მიყოლებით განვითარდა ქირურგიული გართულებები თითქმის ყველა სახის, რაც კი დასაშვები იყო და ავადმყოფის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. განმეორებით დაგვჭირდა კიდევ ორი სასწრაფო ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში. გადარჩენის შანსები იყო მიზერული, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოწესრიგდა და თვენახევრის შემდეგ პაციენტი გავწერეთ კლინიკიდან კარგ მდგომარეობაში. ამ ხნის მანძილზე უმეტეს დროს ამ პაციენტთან ვატარებდი და სახლშიც გვიან მისვლისას მეუღლე და დედაც პირველ რიგში ამ პაციენტის მდგომარეობას მეკითხებოდნენ. დედაჩემი (ახლა ცოცხალი აღარ არის) მაშინ პაციენტის სახელზე ყოველდღიურად აღავლენდა ლოცვებს და ღმერთს ევედრებოდა, რომ გადარჩენილიყო. აი, ზოგჯერ ასეა, ექიმთან ერთად მისი ოჯახიც ხშირად განიცდის უცნობი პაციენტის ბედს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ექიმის მიმართ ისმის დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება, რაც ჩვენს ქვეყანაში იშვიათი არ არის. უმეტესად მაინც მადლიერი პაციენტები ჭარბობენ, რაც უდიდეს სტიმულს აძლევს ექიმს, რათა არ დანებდეს და მეტი შემართებით გააგრძელოს თავისი საქმიანობა. როცა პაციენტი განდობს თავის სიცოცხლეს, ხშირად იგი მიგიჩნევს ყოვლისშემძლედ, ეს კი უკვე ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვა და პასუხისმგებლობაა. ამიტომ, თუ არა ხარ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და სულიერად ძლიერი პიროვნება, ძნელია გაუძლო იმ დატვირთვებს, რომლებიც თან ახლავს ჩვენს პროფესიას. ამისათვის საჭიროა შეგეძლოს უდიდესი პასუხისმგებლობის აღება და გქონდეს სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. მთავარია, შენ თავთან და ღმერთთან იყო მართალი. დღევანდელ დღეს ოპერაციებს 8 საათზე მოვრჩით და ცხრისთვის უკვე სახლისაკენ გავეშურე.

23 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღესაც 6 გეგმიური ოპერაცია მაქვს დანიშნული, მაგრამ ამ დილით კლინიკაში მისვლისთანავე მომიყვანეს 4 თვის ორსული გოგონა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით, ანუ დაგვემატა მე-7 მწვავე ავადმყოფი. პაციენტს ურჩიეს, ორსულობის გამო ჩვენთან გაეკეთებინა ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით, რადგან ამ დროს გაცილებით ნაკლები ოპერაციული ტრავმაა და სწრაფად ხდება პაციენტის ფიზიკური და შრომითი რეაბილიტაცია. აქვე უნდა ვთქვა, რომ საერთოდ ჩვენს კლინიკაში ოპერაციების 80 %-ზე მეტს ვაკეთებთ ლაპაროსკოპიულად, დანარჩენს - ღია წესით. გეგმიური ოპერაციებიდან დღეს პირველ ოპერაციას ვუკეთებთ ჩვენი კლინიკის თანამშრომელს - საყლაპავის თიაქრის გამო. ასეთ დროსაც, როცა საქმე შენს თანამშრომელს ეხება, გარკვეულწილად ცოტა მეტად ნერვიულობ. დაუწერელი კანონივითაა ქირურგიაში, რომ მედიცინის მუშაკებს უფრო მეტად ურთულდებათ ოპერაციები ვიდრე სხვა კატეგორიის ადამიანებს. ეს მართლაც ასეა სტატისტიკურად და ალბათ აიხსნება იმით, რომ ასეთ პაციენტს მეტი ცოდნა და ინფორმაცია აქვს ოპერაციის შესაძლო და დასაშვები გართულებების თაობაზე, ვიდრე სხვებს. ჩემი აზრით, ასეთი პაციენტები, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობით გართულებებზე ფიქრით, პროვოცირებას უკეთებენ იმ პათო-ფიზიოლოგიურ ძვრებს ორგანიზმში, რაც უნდა იწვევდეს გართულებების ზრდას. დღევანდელი გეგმიური ოპერაციები, მათ შორის ჩვენი თანამშრომლის ჩათვლით, წარმატებით დავასრულეთ და ამ პერიოდში ორსული მწვავე პაციენტის წინასწარი სათანადო მომზადების შემდეგ დადგა მისი ოპერაციის ჯერიც. ამ შემთხვევაშიც გვაქვს გარკვეული დაძაბულობა და გაძლიერებული ყურადღება, რადგან პაციენტი ორსულია. თან უნდა ავღნიშნო ისიც, რომ პაციენტის უამრავი ახლობელი და მომყოლი გამოირჩევა მოჭარბებული განცდებით და ემოციებით, რითიც ცოტა ხელსაც კი გვიშლიან მკურნალობის პროცესში. ოპერაცია დამთავრდა სწრაფად და მშვიდობიანად. ოპერაციის შემდეგ ინტენსიურ პალატაში დედის და ნაყოფის სასიცოცხლო პარამეტრების მაჩვენებლები საუკეთესოა და 2 საათში პაციენტი გადაგვყავს პალატაში. დღეისათვის ოპერაციებს მოვრჩი 9 საათზე და 11-ისთვის დავტოვე კლინიკა. სახლში მსუბუქად ვივახშმე, ცოტა ხნით ვუყურე ტელევიზორს და საკმაოდ დაღლილი დავწექი დასაძინებლად. დილით 8 საათზე მაღვიძარას იმედი მაქვს.

24 დეკემბერი, ხუთშაბათი

დღეს კლინიკაში მოვედი 09:30-ზე, დანიშნული გვაქვს ხუთი გეგმიური ოპერაცია. პალატებში შემოვლის შემდეგ გარკვეული პაციენტები გავწერეთ კლინიკიდან და 11 საათისთვის შევუდექით ოპერაციებს. ოპერაციებს შორის დღის 2 საათისთვის მომიყვანეს და გამასინჯეს უმძიმესი 85 წლის პაციენტი, რომელსაც გადაუდებლად ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. პაციენტს აქვს სეპტიკურ-ჩირქოვანი პროცესით გართულებული ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგია, 40 გრადუსამდე ცხელება და გამოხატული სიყვითლე. პაციენტი ორი დღის წინ მიუყვანიათ სხვა კლინიკაში, სადაც უპირებდნენ ასევე სასწრაფო ოპერაციას, მაგრამ პაციენტი არ დათანხმდა ოპერაციას და წაიყვანეს სახლში მძიმე მდგომარეობაში. ბინაზე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ახლა მოგვიყვანეს ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ენდოტოქსიკური შოკით გამოხატული, მაგრამ დღეს უკვე ითხოვდნენ შველას და თანახმანი იყვნენ ოპერაციაზე. ასეთ მდგომარეობაში პაციენტის წინასაოპერაციო მომზადების დროც არ არის და საჭიროა გადაუდებელი ოპერაცია დიდი რისკის ქვეშ. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით იმ მხრივ, რომ უარის თქმაც არ შეგვეძლო და პატრონებთან პაციენტის უმძიმესი მდგომარეობის ახსნის შემდეგ წავედით ოპერაციაზე უდიდესი რისკის ფასად. დარჩენილი გეგმიური სამი ოპერაცია გადავდეთ დღის ბოლოსკენ და საოპერაციოში შევიყვანეთ 85 წლის მწვავე პაციენტი. ოპერაცია შევასრულეთ ლაპაროსკოპიულად, მართალია, ტექნიკურად გაძნელებულად, მაგრამ რადიკალურად და სრულყოფილად. ლაპაროსკოპიულად ასეთი რთული ოპერაციების გამოცდილება გვაქვს და ამიტომაც წავედით ამ მეთოდით ოპერაციაზე. ღია ოპერაცია ამ დროს გაცილებით დიდი რისკის შემცველია დიდი ოპერაციული ტრავმის გამო, ლაპაროსკოპიულად კი მეტი შანსია პაციენტმა გადაიტანოს ეს ჩარევა. ოპერაცია წარმატებით დამთავრდა და, ანესთეზიოლოგის დიდი დახმარებითა და ძალისხმევით, პაციენტმა გაიღვიძა ოპერაციის დამთავრებიდან 2 საათში ინტენსიურ პალატაში, სადაც ვტოვებთ მინიმუმ დილამდე ინტენსიური მკურნალობის გასაგრძელებლად. დარჩენილი გეგმიური ოპერაციებიც წარმატებით ჩავამთავრეთ. ბოლოს კვლავ მოვინახულე მწვავე მოხუცი პაციენტი ინტენსიურში, რომლის მდგომარეობა რამდენიმე საათში საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მონიტორზე ნორმასთან ახლოა ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრების მაჩვენებლები. ინტენსიურის ექიმის თქმით, გამოსწორებულია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობა. ამრიგად, გაიზარდა პაციენტის გადარჩენის შანსები. იმედი მაქვს, ხვალ დილით უკეთესი დადებითი დინამიკა იქნება. გვიან ღამით მივდივარ სახლში და ვიძინებ.

25 დეკემბერი, პარასკევი

კლინიკაში მოვედი 9 საათზე პირველ რიგში მოვინახულე გუშინდელი მძიმე პაციენტი, 85 წლის მოხუცი, ინტენსიურში. გამიკვირდა კიდეც, იმდენად უკეთ გამოიყურება. ადეკვატურია, კონტაქტურია და ამბობს, კარგად ვარო, და მადლობასაც მიხდის. ჯერ, რა თქმა უნდა, კარგად არ არის, მაგრამ მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მიხარია, რომ ღვიძლიც კარგად ამუშავდა, რისი ნიშანიცაა ღვიძლის ნაღვლის სადინარში ჩადგმული დრენაჟიდან წამოსული 500 მლ-მდე ნაღველი, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ მუქი და ჩირქოვანია, მაგრამ შეიმჩნევა გასუფთავების ტენდენცია. პაციენტს გუშინ ჰქონდა ჟანგისფერი სიყვითლე სახეზე, დღეს კი მისი სახე თითქმის ვარდისფერია. პაციენტი ინტენსიური ექიმის თანხმობით გადმოვიყვანეთ განყოფილების პალატაში შემდგომი მკურნალობისათვის. დღეს მხოლოდ ორი გეგმიური ოპერაცია მაქვს დანიშნული კლინიკაში, თუ რამე კიდევ სასწრაფო არ დამემატა. შაბათიდან 10 დღით ვაპირებდით შვებულებაში საახალწლოდ გასვლას და გვინდოდა დღევანდელი ორი ოპერაციით დაგვემთავრებინა წელი და ხვალიდან გაგვეწერა ყველა ავადმყოფი და ჩვენც დაგვესვენა, მაგრამ მინიმუმ ორშაბათამდე მოგვიწევს მუშაობის გაგრძელება მხოლოდ ამ მწვავე პაციენტის გამო. დღევანდელი ოპერაციებიც სწრაფად და უპრობლემოდ გაკეთდა. დღის 2 საათია და ოპერაციებისაგან ამ წელს უკვე თავისუფალი ვარ. საღამოს 6 საათისათვის წასასვლელი ვარ “ავერსის კლინიკაში“ საქართველოს ქირურგიული საზოგადოების სხდომაზე, რომელიც ტარდება ყოველი თვის ბოლო პარასკევს რეგულარულად. დღევანდელი სხდომის თემატიკაა საქართველოში ქირურგიული სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები. მაქვს ჩემი ხედვები ამასთან დაკავშირებით და სასიამოვნოა ის, რომ სხდომაზე კვლავ ვნახავ მოქმედ და წამყვან ქირურგებს მთელი ქვეყნიდან. მანამდე წლევანდელი წლის მუშაობის დამთავრება განყოფილებაში აღვნიშნეთ გაერთიანებული სადილით კლინიკის სასადილოში. ქირურგიული საზოგადოების სხდომაზე 6 საათზე მივედი დროულად. სხდომა გაგრძელდა 9 საათამდე, შევჯერდით გარკვეულ საკითხებზე და გადაწყდა, შემდეგი სხდომა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რათა შემუშავებული კონკრეტული საკითხები გავაცნოთ მათ და ერთად დავსახოთ მათი განხორციელების გზები.

26 დეკემბერი, შაბათი

კლინიკაში 10 საათისთვის მოვედი. 85 წლის პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ფეხზე წამოვაყენეთ, მუცლის ღრუდან ამოვუღეთ ერთი დრენაჟი. ვფიქრობ, პაციენტის გაწერა ორშაბათს თავისუფლად შეგვეძლება და ჩვენც ერთკვირიანი დასვენება გვეღირსება 4 იანვრამდე. გუშინდელი ორი ნაოპერაციევი და სხვა დარჩენილი პაციენტებიც გავწერეთ კლინიკიდან. რა თქმა უნდა, მორიგე ექიმები რჩებიან დღეს და ხვალ კლინიკაში მოხუცი პაციენტის გამო და მეც ორშაბათამდე ყოველ დილით მოვინახულებ მას. დღეს საღამოს 6 საათზე კვლავ მიწევს კოლეგებთან ერთად მცხეთაში წასვლა, სადაც ვატარებთ სხვადასხვა პროფილის ექიმთა ასოციაციების გაერთიანებულ გასვლით სხდომას. სხდომის შემდეგ გათვალისწინებულია წინასაახალწლო ზეიმი ბანკეტით. მანამდე კლინიკაში ვრჩები. მიხარია, რომ დღეიდან, პრინციპში, თავისუფალი ვარ და საღამოს განტვირთვა კარგი რელაქსაცია იქნება ჩემთვის. რადგან ჩვენი საქმე საკმაოდ მძიმეა, მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას, თავგანწირვას და მოთმინებას. ხშირად ჯიბრში უნდა ჩაუდგე სიკვდილს და დაუღალავად და ჯიუტად ებრძოლო მას. ამიტომაც თვეში ერთხელ ვცდილობ ხოლმე, მეგობრებთან ერთად დროის გატარებას და მოლხენას, რაც მეხმარება ფსიქოლოგიურ განტვირთვაში. ბოლო წლების ჩემი საყვარელი დევიზი და სლოგანია ცნობილი ლათინური გამოთქმა „memento mori“, მისი ღრმა ფილოსოფიური არსი რეალურად მეხმარება, უფრო მსუბუქად შევაფასო ცხოვრება, რომელიც ისედაც ხანმოკლეა. ვცდილობ, არ გავირთულო და სხვასაც არ გავურთულო ისედაც ძნელი ცხოვრება, ვიცხოვრო თვალთმაქცობისა და ფარისევლობის გარეშე თუნდაც პატარა სიყვარულით და პატარა ერთგულებით ჩემს ოჯახთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. ხშირად სიკვდილის გახსენებით უდიდეს პატივს ვცემ სიცოცხლეს და ვურჩევ ყველას, ასევე ხშირად იმეოროს „memento mori“ და ცხოვრება უფრო პოზიტიური და პროდუქტიული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG