Accessibility links

logo-print

26 მარტს მწერლის სახლში გაიმართა „თავისუფლების დღიურების“ მე-9 წიგნისა და დღიურების ავტორთა შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. „თავისუფლების დღიურების“ 2014 წლის გამოცემა 52 ავტორის თითო კვირის ამბავს იტევს.

სოციალური ქსელები, სამსახური, შვილებთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებები, ქვეყანაში მომხდარი მოვლენები, გამარჯვებები და წარუმატებელი დღეები - ყველაფერ ამაზე წერენ რადიო თავისუფლების დღიურების ავტორები. მერე ზოგი ხელნაწერით, ზოგიც კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფილი ტექსტით რადიოს სტუდიაში შედის და ჩართული მიკროფონისა და ვიდეოკამერის მეშვეობით „თავისუფლების დღიურების“ ზოგ უკვე ყოფილ თუ მომავალ ავტორს, ან ეფემ 107.4-ზე მომართული რადიომიმღებების მსმენელებს თავის ჩანაწერებს უკითხავს. გაზაფხულზე კი, ტრადიციულად, რადიო თავისუფლების დღურების ავტორთა ჩანაწერები წიგნად და დოკუმენტურ ფილმად იკვრება.

365 დღე და 52 ავტორი წელიწადში - ისე კი, „თავისუფლების დღიურები“ უკვე 500-მდე ავტორის თითო კვირას აერთიანებს. იანვრის პირველი კვირა მწერალ ლელა კოდალაშვილს ერგო. მიუხედავად იმისა, რომ პროზას წერს და, როგორც თვითონ ამბობს, პროზაში გულწრფელობის გარეშე ფონს ვერ გახვალ, დღიურის წერა, სწორედ ამ გულწრფელობის გამო,მისთვის რთული, მაგრამ საინტერესო დავალება აღმოჩნდა:

„თავიდან ძალიან დავიძაბე, როცა შემომთავაზეს, იმიტომ რომ იანვრის დღეებში, რომელიც აბსოლუტურად არასაქმიანი დღეებია და მე სულ საქმიანი დღიურები მაქვს წაკითხული, რომ სიმპოზიუმზე, კონფერენციაზე წავედი, ამის ელჩს შევხვდი და... მე უნდა ვიყო სახლში, სამი ბავშვის დედა, ვხარშავ რაღაცებს, ვაკეთებ საჭმელებს და ეს რაღაცები უნდა ავსახო და თან გამოვიდეს საინტერესო, თან ყველას ყელში აქვს ამოსული ეს ახალი წლის გასტრონომიული სიტუაციები და, მიუხედავად ამისა, ამ ფონზე აღმოჩნდა ისეთი საინტერესო, ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ ამას, რომ მე თვითონ კმაყოფილი დავრჩი“.

ეს არის ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური მატიანე, სხვადასხვა პერსონის მიერ ინდივიდუალურად აღქმული, და როგორიც არ უნდა იყოს ინდივიდუალური აღქმა, მაინც გასდევს ზოგადი ხაზი და კონიაკივითაა: რაც დრო გავა, მით უფრო საინტერესო გახდება...

„თავისუფლების დღიურებს“ კარგ კონიაკს ადარებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, „რაც უფრო ძველდება, მით უფრო გემრიელი ხდებაო“ - ეს არის პირადულის და საზოგადოს ნაზავი, ვერც დღიურის ფორმატს მოსწყდები და ვერც საქვეყნოზე ფიქრს წერის დროსო. არც უშუალობა დააკლო და სანტერესოც გამოვიდეს, ამაშია მთელი სირთულეო, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც თურმე დღურების წერა არც არასდროს მოსწონდა, თუმცა „თავისუფლების დღიურების“ დაწერაზე უარი არ უთქვამს:

„ეს არის ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური მატიანე, სხვადასხვა პერსონის მიერ ინდივიდუალურად აღქმული, და როგორიც არ უნდა იყოს ინდივიდუალური აღქმა, მაინც გასდევს ზოგადი ხაზი და კონიაკივითაა: რაც დრო გავა, მით უფრო საინტერესო გახდება - განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის - იმის გასაგებად, თუ როგორ აღიქვამდა ჩვენი თანამედროვეობა რეალობას“.

„დღიურს ხომ არ ათეთრებ, როგორც გეწერება იმწუთას, ისე წერ“, - ამბობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგლაძე და საჯაროდ პირველად დაწერილი გადაუთეთრებელი დღიურის წერის ამბავს იხსენებს. ამბობს, რომ მისი „თავისუფლების დღიურები“ განწყობით და შინაარსით ძალიან ახლოს არის იმ დღიურთან, მხოლოდ თავისთვის რომ დაწერდა:

რომ დამირეკა, მითხრა, რომ 22 თებერვალს იქნებოდა დღიურების ჩაწერა და 22 თებერვალი ჩემი დაბადების დღეა. რომ დავასრულე წერა და გადავხედე, ვნახე, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე მეტს ვწერდი, თუმცა ესეც საინტერესო იყო...

„როცა ეს შემოთავაზება მივიღე, ცოტა ვინერვიულე, იმიტომ რომ ეს შეიძლება ხელოვნური ყოფილიყო, ასე ერთ კვირაში დაწერილი. დღიურს გარკვეული პერიოდულობით ვწერდი ხოლმე ადრეულ ასაკში. ეს დღიური სიანტერესო გამოვიდა. დატვირთულ კვირაში ვწერდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომიწია წასვლა და თუ მკითხველისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება, მაშინ ორმაგად მიღწეული გამოვა პროექტის მიზანი“.

ზოგს თავისი დღიურების გასახსენებლად მისი გადაკითხვა სჭირდება, ზოგს კი ისე, როგორც, მაგალითად, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორს ეკა ჭითანავას, ზუსტად ახსოვს ის დღე, როცა მარინა ვაშაყმაძემ, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, დაურეკა და დღიურის დაწერა შესთავაზა. ისიც ახსოვს, დღიურში რას წერდა:

„რომ დამირეკა, მითხრა, რომ 22 თებერვალს იქნებოდა დღიურების ჩაწერა და 22 თებერვალი ჩემი დაბადების დღეა. რომ დავასრულე წერა და გადავხედე, ვნახე, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე მეტს ვწერდი, თუმცა ესეც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ჩემი ორგანიზაციის პოპულარიზაციასაც ვეწეოდი“.

მარინა ვაშაყმაძე

მარინა ვაშაყმაძე

„თავისუფლების დღიურებში“ ერთმანეთის გევრდისგვერდ წაიკითხავთ კონკრეტული ავტორებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ქრონიკას. ამითაც არის საინტერესო „თავისუფლების დღიურებიო“, ამბობს კინოდოკუმენტალისტი შტეფან ტოლცი და შენიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრება კითხვებზე გაცემული პასუხებისგან შედგება. დღიურშიც სწორედ ამას ცდილობდა, ეპასუხა თავისი თავისთვის, რას ნიშნავს თითოეული დღე მისთვის:

„ჩვენ რამდენიმე დღით ვართ გაჩენილი დედამიწაზე და ყოველდღიურად უნდა იფიქრო, რა იყო დღეს მნიშვნელოვანი შენთვის და საზოგადოებისთვის, რა და რისთვის გააკეთე დღეს. ეს კითხვები უნდა დაუსვა თავს და მათზე პასუხია საინტერესო“.

დღიურებში ქვეყნის ცხოვრება აისახება, რაც არის კიდეც ამ პროექტის არსი და რაც წლები გადის, სულ ახალი სახეები ჩნდებიან. მაგალითად, „პარტიზანი მებაღეები“ ჩვენს წლევანდელ დღიურში აქტიურად მონაწილეობდნენ...

პასუხისმგებლობისა და გულწრფელობის დღიურებს უწოდებს განათლების სფეროს მკვლევარი გიორგი გახელაძე „თავისუფლების დღიურებს“:

„’თავისუფლების დღიურები’ ჩემთვის არის მწყობრი სოციალური მედია, სადაც ადამიანები ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ. ეს არის გულწრფელობის დღიურები. ეს კარგია, ეს ძალიან კარგია“.

გულწრფელობა დღიურის წერისას საერთოდ არ გასჭირვებია რეჟისორ ნოდარ ბეგიაშვილს და ამის მიზეზს თავადვე განმარტავს:

„რასაც ვფიქრობ ხოლმე, პრინციპში, სულ იმას ვამბობ. კახელი ვარ“.

დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე იხსენებს, რომ 2005 წელს, როცა „თავისუფლების დღიურების“, როგორც პროექტის, იდეა გაჩნდა, კოლეგისგან რჩევა მიიღო, ამ წამოწყებისგან თავი შორს დაეჭირა, ვინაიდან საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში დღიურების დამწერი საინტერესო ხალხი მალე გამოილეოდა. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა:

„დღიურებში ქვეყნის ცხოვრება აისახება, რაც არის კიდეც ამ პროექტის არსი და რაც წლები გადის, სულ ახალი სახეები ჩნდებიან. მაგალითად, „პარტიზანი მებაღეები“ ჩვენს წლევანდელ დღიურში აქტიურად მონაწილეობდნენ. ეს მოძრაობა ახალი გაჩენილია. ფემინისტური მოძრაობაც გაჩნდა. ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება და თემატურადაც მრავალფეროვნდება დღიურები, ამ მხრივ“.

თავისუფლების დღიურების წერას 2015 წელსაც განაგრძობენ, წლის ბოლოს კი ანდრო ჭიაურელი კიდევ ერთხელ შეკრავს დოკუმენტურ ფილმად დღიურების ავტორთა ვიდეოჩანაწერებს.

XS
SM
MD
LG