Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია თორთლაძე - პარლამენტის დეპუტატი


13 თებერვალი, კვირა
არგენტინაში ყოფნის დროს კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩავდექი, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, ეს ფორმა შევინარჩუნო. დღეს კვირაა და ბიჭები გამომივლიან, ქალაქგარეთ ვაპირებთ გასვლას. ეს ვარჯიშიც იქნება და დასვენებაც. საღამოს დაპატიჟებული ვარ ტოკ-შოუზე ეკა კვესიტაძესთან, ამიტომ 7-ზე მაინც სახლში უნდა ვიყო, რომ ტანსაცმლის გამოცვლა მოვასწრო.

ტელევიზიაში მივდივარ. მითხრეს, რომ ჩემს გარდა იქნებიან დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი. ვნახოთ, რამდენად საინტერესოდ წარიმართება გადაცემა. მთავარია, ერთმანეთთან საუბრის საშუალება მოგვეცეს, რადგან, ვიცი, რომ მე სტუდიიდან ჩამრთავენ, ხოლო დანარჩენები „აქცენტების“ სტუდიაში ისხდებიან ეკა კვესიტაძესთან ერთად. რასაკვირველია, ჩემთვის ეს წამგებიანია, რადგან, ჩაგრთავენ ოთხი წუთით და გამოგრთავენ, და მერე უკვე პასუხის გაცემის შესაძლებლობაც არ გაქვს, რაც უნდა არ ეთანხმებოდე იქ მსხდომთ.

...ჩემი ეჭვები გამართლდა. მართალია, კვესიტაძე დამპირდა, რომ ერთ წუთს მომცემდა საპასუხოდ, მაგრამ ამაოდ ველოდი. მით უმეტეს, რომ ჩემი პოზიცია გააქილიკა დავით უსუფაშვილმა და ირონიულად მიწოდა „პროსახელისუფლებო“. საოცრად მაკვირვებს ხოლმე ამ ტიპის ადამიანებისგან ასეთი უპასუხისმგებლობო განცხადებები! დავით უსუფაშვილი კომპარტიაში შევიდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. მაშინ, როცა პარტიას მგზნებარე კომუნიტებიც კი ტოვებდნენ. ადამიანი, რომელიც 1990-92 წლებში იყო ცესკოს იურიდიული განყოფილების გამგე, სახელმწიფო საბჭოს იურიდიული მრჩეველი, სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო მრჩეველი და, თუ გავიხსენებთ 1992 წელს ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დაცვის „მაღალ“ დონეს, რომელსაც ახორციელებდნენ ჯავშანტექნიკა და შეიარაღებული ფორმირებები, ნათელი გახდება, რამდენად ღირებულია ამ პოლიტიკოსისათვის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მას ნამდვილად არ უნდა სცხელოდეს „თორთლაძეზე, როგორც ოპოზიციონერზე“, საქილიკოდ.

ტელევიზიდან მოსულს მესტუმრენ ჩემი ყოფილი მოწაფეები გერმანული ექსპერიმენტული სკოლიდან, სადაც თავის დროზე ისტორიას ვასწავლიდი. ძალიან მიყვარს ეს ბავშვები! თუმცა, რაღა ბავშვები - უკვე თავად ჰყავთ შვილები! დიდხანს ვისაუბრეთ. ტელევიზიიდან ახლი დაბრუნებული ვიყავი და არ შემეძლო, ჩემი გულისწრომა არ გამომეთქვა. ერთი, იმის გამო, რომ დაპირებული ერთი წუთი ვერ მივიღე უმსგავსობისთვის პასუხის გასაცემად და მეორეც: ძალიან მიღებულია დღეს ადამიანების ზომბირება ტყუილებით, თითქოს მე პოზიცია შევიცვალე. თუმცა, ამას მხოლოდ დაბალი ინტელექტის ადამიანი იჯერებს. მაგალითისათვის, მე, როცა ქუჩაში ვიდექი, მხარს ვუჭერდი საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რუსეთის „მშვიდობისდამცველებისთვის“ მანდატის გაუქმებას, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და ა.შ. (რაც კიდევაც გავაფორმეთ საგურამოს მანიფესტით); „ქუჩის ოპოზიციას“ კი მას შემდეგ დავუპირისპირდი, რაც მისმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში არ შედიან და ალტერნატიული პარლამენტი უნდა შექმნან.

რასაკვირვველია, ამაში მე მონაწილეობას არ მივიღებდი, რადგან, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ორხელისუფლებიანობის დამყარება არის გზა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ (ამისი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს 1991-92 წლებში, მახსენდება კონგრესი, რომელიც უზენაესი საბჭოს ალტერნატივად შეიქმნა). ამაზე კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ.

ზოგს უკვირს: იმ ხალხის გვერდით რატომ იდექი, განა არ იცოდი, რა ტიპის ხალხთანა გქონდა საქმეო? ვიცოდი, რასაკვირველია. მაგრამ განა ნაძირალას არა აქვს უფლება უკეთესი ცხოვრების სურვილისა, ან ნატოსკენ სწრაფვისა, ან უკეთესი საარჩევნო სისტემის მოთხოვნისა? ასე რომ, მე კი არ შემიცვლია პოზიცია, პოზიცია შეცვალეს დანარჩენებმა, რომლებიც კარგად ინიღბებოდნენ, როგორც ეროვნული ძალები თუ დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტიები. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომ, როცა ჩემმა ყოფილმა პარტნიორებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად; ანუ ცდილობდნენ, მთელი მსოფლიოსათვის დაემტკიცებინათ, რომ „საქართველო არის აგრესორი ქვეყანა“.

მგონი, ძალიან დავამძიმე ჩემი სტუმრები. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ჩემი „ბავშვები“ გავაცილე. უკვე გვიან არის. ხვალ დილით ბიუროს სხდომაა და უნდა მოვემზადო.

14 თებერვალი, ორშაბათი
პარლამენტში ბიუროს სხდომაა. განიხილება ის საკითხები, რომლებიც შემდგომ გატანილ იქნება სასესიო მოსმენებზე. საკითხების ჩამოთვლას არ შევუდგები, რადგან ეს სამუშაო პროცესია და არა მგონია, საინტერესო იყოს.

18 თებერვალს ქარვასლაში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართება და ბევრი საორგანიზაციო საკითხი მაქვს მოსამზადებელი. ვფიქრობ, საინტერესო გამოფენა იქნება. ყველაზე ძნელი კი, ალბათ, ფოტოების შერჩევა იყო, რადგან ათასობით ნეგატივი მაქვს და მხოლოდ 80-მდე იქნება გამოფენილი. თითოეულს თავისი ხიბლი აქვს და ჩემთვის ძნელია რომელიმე ფოტოს გვერდზე გადადება.

გამოფენასაც და მთაში სპორტულ მიღწევასაც დღეს ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე როდისმე. ეს არის პოპულარიზაცია ჩემი ქვეყნის, იქნება ეს სპორტი, ხელოვნება, თუ პოლიტიკური აქტივობა.

ყოველდღიურად ვიღებ წერილებს მოქალაქეების პრობლემებზე, ვხვდები ადამიანებს. ძალიან მძიმეა, თუ ვერ აგვარებ კონკრეტულ საკითხს, თუმცა ბედნიერი ვარ ხოლმე, როცა ვახერხებ მათი პრობლემის მოგვარებას. რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდები, მით უფრო სასარგებლოა ეს დეპუტატისათვის, რადგან ხდება საკითხების კლასიფიცირება და სწორედ ეს უნდა იყოს საკანონმდებლო ინიციატივათა საფუძველი. დღეს ბევრი შეხვედრა მქონდა. პრობლემა ბევრია, ძირითადად სოციალური ხასიათისა. და უმუშევრობა.

ხვალ უშიშროების კონცეფციის განხილვაა. სახლში მივდივარ, უნდა მოვემზადო.

15 თებერვალი, სამშაბათი
პარლამენტში უშიშროების კონცეფციის განხილვაა. მაქვს ჩემი წინადადებები. პრინციპში, კმაყოფილი ვარ. ამ თემაზე სასაუბროდ მიწვეული ვარ „რეალ TV“-ზე.

დღეს ბევრი შეხვედრა მქონდა: დევნილები, ე.წ. „ატსტუპნიკები“, სოციალური დაცვა, ინვალიდები.

უნდა მოვასწრო გამოფენისათვის აფიშების დასაბეჭდად მისვლა. კარგია, რომ ჩემი წიგნის დაბეჭდვა მოვასწარი, ვიდრე არგენტინაში წავიდოდი. საჭირო წიგნი გამოვიდა. პირველ რიგში მინდა, რომ ახალგაზრდებმა წაიკითხონ. აქ შესულია ჩემი სტატიები, სხვადასხვა გამოსვლები, რომლებიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას და, ასევე, სპეციალურად მოვათავსე ის გამოსვლა, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის დროს მქონდა (პარლამენტის აპარატს გამოვართვი ჩემი გამოსვლის სტენოგრამა, რადგან სიტყვა წინასწარ დაწერილი არ მქონია. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ ის საკითხები მაქვს ხოლმე ჩამოწერილი, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო).

სახლში მოსულს, იქ ჩემი მეგობრები მხვდებიან. ნელ-ნელა კიდევ შემოგვემატნენ. ზოგი ჩაის მიირთმევს, ზოგი - ყავას. მე კი მატეს გეახლებით. არგენტინიდან ჩამოვიტანე. იქ მატეს ისევე ხშირად სვამენ, როგორც ჩვენ - ჩაის. რასაკვირველია, პოლიტიკური დებატების გარეშე ვერც ამ საღამომ ჩაიარა. საერთოდ, მირჩევნია, ამ თემებისაგან სახლში მაინც დავისვენო. მაგრამ ხშირად არ გამოდის...

16 თებერვალი, ოთხშაბათი
ჩემი დილა იწყება შეხვედრებით პარლამენტში. პრობლემები, პრობლემები და ისევ პრობლემები.

რამდენიმე ტელევიზიას ვაძლევ ინტერვიუს – ეს ჩემს გამოფენას ეძღვნება.

დემოკრატიული პარტიის ოფისში შეხვედრები გვიანობამდე მაქვს.

სახლში მოსული, ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ჩვენთან არავინაა და ვაგრძელებ მუშაობას სტატიაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ერქმევა „რა სირთულე ახლავს თან ოპოზიციონერობას საქართველოში“. ვფიქრობ, საინტერესო წერილი გამოვა.

17 თებერვალი, ხუთშაბათი
11 საათზე პარლამენტში ვარ. ბევრი შეხვედრა მაქვს. შემდეგ პარტიის ოფისში მივდივარ. რამდენიმე საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. მაგრამ როგორც კი მივდივარ იქ, უკვე მხვდება რამდენიმე ჯგუფი მოქალაქეებისა. ტელეფონით მრთავენ რადიო „უცნობის“ ეთერში. ჩვენი საუბრის თემა ეხება: ჩემს გამოსვლას პარლამენტში (პრეზიდენტის სტუმრობისას), საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეს და ა.შ.

საინტერესოა, რომ არის ხალხი რომლისთვისაც შენ „ჭეშმარიტი ოპოზიციონერი“ მაშინ იქნებოდი, თუ 11 თებერვალს პარლამენტის დარბაზში დასვამდი ერთადერთ კითხვას ან მოთხოვნას, - პრეზიდენტი გადადგეს - ხოლო უფრო „ჭეშმარიტები“ მოითხოვენ, ეს საკითხი ასე დაისვას: „გაეთრიოს სააკაშვილი!“. არა მგონია, ნორმალურ ადამიანს სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ამგვარი პოპულიზმი არ მოხსნის კონკრეტულ პრობლემას. ამ კონკრეტულ პარტიებს კი ასეთი ლოზუნგები სჭირდებათ, რათა, ერთის მხრივ, გაჭირვებული ფენების უკმაყოფილება გამოიყენონ და ისინი თავის გარშემო დარაზმონ და, მეორე მხრივ, თავიდან აიცილონ ყოველგვარი პასუხისმგებლობა, რადგან ისინი პრობლემის გადაჭრის გზებზე სულაც არ საუბრობენ. ამბობენ: ჩვენი პრობლემა სააკაშვილია, გადადგეს და მერე ჩვენ ვიცითო. ეს ავანტურაა, მაგრამ ამას რომ მიხვდე, შენი ინტელექტუალური კოეფიციენტი საშუალო მაინც უნდა იყოს.

მართლაც, ძნელია უპასუხო კითხვას, თუ რატომ აფასებს რადიკალური ოპოზიცია ჩემს გამოსვლას, როგორც „პოზიტიურს“ ხელისუფლების მიმართ. მათ ვეღარაფერს ავუხსნი, რადგან ან არ უნდათ ან გონებრივი შესაძლებლობები არ აძლევთ საშუალებას, რომ სწორად გაიგონ ყოველივე.

18 თებერვალი, პარასკევი
პარლამენტში უშიშროების დოქტრინის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტი დღეს დილით მომაწოდეს გასაცნობად. გაუგებრობა, რატომ მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტზე მსჯელობას დაფიქრება და გააზრება სჭირდება. განხილვა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

დღეს ქარვასლაში ჩემი გამოფენის გახსნაა. ექსპოზიცია ძალიან კარგი გამოვიდა (ჩემის აზრით). სულ 76 ფოტო შევარჩიე. ვნახოთ, სტუმრებს როგორ მოეწონებათ. გამოფენა საღამოს 5 საათზე იხსნება. პარლამენტიდან 4 საათზე მოვდივარ სახლში, რომ გამოვიცვალო და გავვარდე ქარვასლაში. ცოტა ადრე მინდა მივიდე.

საგამოფენო დარბაზში მაგიდაზე დავალაგე ჩემი ახალი წიგნის ეგზემპლარები. წიგნს ჰქვია „წერილები, სტატიები, გამოსვლები“. დეპუტატებისა და ოფიციალური პირების გარდა, მოვლენ ჩემი მეგობრები, ნათესავები. ალბათ, ძალიან ბევრი ხალხი იქნება. მაგიდაზე ჩემი წიგნის 200 ეგზემპლარი აწყვია, რომ, თუ ვინმეს დააინტერესებს, ვაჩუქო. იმედია, მეყოფა.

ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ყველა აღტაცებულია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებიან. თუმცა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხალხს დავანახო და, თუ შევძელი, ის განვაცდევინო, რაც მე მინახავს და განმიცდია ამ წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

გამოფენამ კარგად ჩაიარა. რაც მთავარია, არც ერთი წიგნი აღარ დარჩა. ბევრი მოდიოდა და მთხოვდა, კიდევ თუ გაქვს, იქნებ გამოგვიგზავნოო. ძალიან მიხარია, რადგან აქ შეკრებილი საზოგადოება წიგნიერი საზოგადოებაა, რომელიც ჩემს ნაწერს აუცილებლად წაიკითხავს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისდა მიუხედავად, გაიზიარებს თუ არა მკითხველი ჩემს შეხედულებებს. გარდა ამისა, ამით ვხვდები, რომ 200 კაცზე გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა.

დასასრულს, როცა სტუმრებმა ნელ-ნელა დატოვეს დარბაზი და რამდენიმე კაციღა ვიდექით დარბაზის შუაგულში, შვებით ამოვისუნთქე, რომ ჩემმა ფოტოებმა სიამოვნება მიანიჭა ჩემთვის საყვარელ ამდენ ადამიანს.

მოგვიანებით ჩვენს მეგობართან შევიკრიბეთ და საღამოც მშვენივრად გავატარეთ!

19 თებერვალი, შაბათი
მთელი ღამე გავათენე. საშინლად გავცივდი ან, იქნებ, გრიპიც შემეყარა. ფაქტია, რომ ფეხზე ვერ ვდგები: სურდო, ხველება და სისუსტე. ერთი სიტყვით, მთელი თაიგული სიმპტომებისა, რაც არ მაძლევს ფეხზე წამოდგომის საშუალებას.

აი, ასე დასრულდა ეს კვირა, რომელიც ძალზე ენერგიულად დავიწყე.
XS
SM
MD
LG