Accessibility links

logo-print
საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე გია თორთლაძე საინფორმაციო სააგენტოებთან „თავისუფლების ქარტიის“ ერთი ნაწილის შესაძლო ამოქმედების შესახებ საუბრობს. „თავისუფლების ქარტია“, რომელიც პარლამენტმა გასული წლის 31 მაისს მიიღო, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ეს არის: ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ე.წ. "ლუსტრაციის კანონი" (სუკ-ისა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანთა გარკვეული წრისთვის თანამდებობრივი შეზღუდვები) და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა. საუბარი ამჯერად შეეხება თანამდებობის პირთა ლუსტრაციის ნაწილს. თორთლაძის ინფორმაციით, ერთი თვის წინ დაწყებული მოლაპარაკების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ცესკოდან მიღებულ საარჩევნო სუბიექტების სიას არქივში გადაამოწმებს, რათა პარტიულ სიებში არ მოხვდნენ კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები და საბჭოთა პერიოდში კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში შემჩნეული თანამდებობის პირები. ოპოზიცია აქამდე არამოქმედებული კანონის წინასაარჩევნოდ გააქტიურების შესაძლებლობაში დამატებითი ბარიერების შექმნის განზრახვას ხედავს.

ის, რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროში „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისია შეიქმნას, საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ გია თორთლაძემ რადიო ”პალიტრის” ჟურნალისტთან საუბარში 27 აგვისტოს განაცხადა:

”მე რაც მითხრეს, იმას ვიმეორებ. მე მითხრეს, რომ ასეთ რამეს ვაპირებთ... რა მნიშვნელობა აქვს, ვინ? მე მქონდა პარლამენტში ამ თემებზე საუბარი და მითხრეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული იყო და უნდა შეიქმნას ასეთი კომისია. ახლა, რამდენად შეიქმნება თუ არ შეიქმნება, ეს უნდა ჰკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.”
დღეს პოლიტიკაში კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები რომ არიან, ადვილი გამოსაცნობია ...

რადიო თავისუფლებამ, ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო გია თორთლაძესთან დაკავშირება. კომისია, რომლის შექმნაზეც გია თორთლაძე საუბრობს, გათვალისწინებული იყო გასული წლის 31 მაისს მიღებული ”თავისუფლების ქარტიით”. კანონი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონის ერთი ნაწილის მიხედვით, სუკ-ისა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანთა გარკვეული წრისთვის წესდება თანამდებობრივი შეზღუდვები. ლუსტრირებულთა სიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ უცხოეთის სპეცსამსახურებთან ფარულ კავშირში იყვნენ შემჩნეული. ყველა ასეთ პირს სამუშაო ეზღუდება დანიშვნით თანამდებობაზე. რაც შეეხება არჩევით თანამდებობას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შსს-სგან მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველს ამ პირის წარსული უნდა გააცნოს. კომისია, რომელიც პირთა ლუსტრაციას მოახდენს, სწორედ შსს-ში უნდა შექმნილიყო, თუმცა, გია თორთლაძის ინფორმაციით, ის ჯერ არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებიდან წელიწადზე მეტი გავიდა.

რადიო თავისუფლება შეეცადა იმის გარკვევას, რატომ არ შეიქმნა კომისია აქამდე და მართლაც აპირებს თუ არა შსს კომისიის შექმნას წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ სამინისტროდან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

გია თორთლაძე კი, საკითხის წინასაარჩევნოდ გააქტიურებაზე საუბრისას, გაზეთ ”ახალი თაობისთვის” მიცემულ კომენტარში ამბობს:

”დღეს პოლიტიკაში კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები რომ არიან, ადვილი გამოსაცნობია, მაგრამ აგენტებსა და ”კაგებეს” მაღალჩინოსნებს, თანამშრომლებს რაც შეეხება, ამ ხალხის შესახებ ინფორმაცია ღია არ არის. ამიტომ არის საჭირო კომისიის მუშაობა.”

გია თორთლაძე საგაზეთო კომენტარში დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია რუსული ფულის გამოყენება და ამიტომ კომისიამ ყველაფერი დოკუმენტურად უნდა შეისწავლოს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა, ”თავისუფლების ქარტიის” მიმართ არსებულ მრავალ შენიშვნასთან ერთად, ამბობს, რომ წარმოუდგენელია 1 სექტემბრიდან, ანუ იმ დროიდან, როცა ცესკო-ში პარტიების მიერ მაჟორიტარული და პროპორციული წესით ასარჩევი პირების სია შევა, 1 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნების დღემდე, ცესკო-მ რამდენიმე ათასი პირის მონაცემი შსს-ს კომისიას გადაუგზავნოს და კომისიამ მათი ბიოგრაფიების შესწავლა მოასწროს:
მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ როცა სახელმწიფო აცხადებს ღიად და დაუფარავად, რომ არქივების ნაწილი განადგურებულია, ჩვენ არ ვიცით, ეს მართალია თუ ტყუილი ...

” რამეთუ მნიშვნელოვანია კომისიამ არ დაუშვას შეცდომები და ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელოს კანდიდატებზე, გულდასმით შეისწავლოს საქმის გარემოებები, გამოითხოვოს ინფორმაცია სხვადასხვა სტრუქტურებიდან და უწყებებიდან და ა.შ.”

კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კანონის ამოქმედებაზე საუბრის დაწყება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, რათა ის ერთგვარ მაკომპრომეტირებელ საშუალებად გამოდგეს, თუმცა დასძენს, რომ კოალიციისთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს:

”კრიტიკულ მომენტში უნდათ, რომ ყველა ინსტრუმენტი ადგილზე იყოს, რომ, ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინსტრუმენტი აამოქმედონ. მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ როცა სახელმწიფო აცხადებს ღიად და დაუფარავად, რომ არქივების ნაწილი განადგურებულია, ჩვენ არ ვიცით, ეს მართალია თუ ტყუილი, მაგრამ როცა ისინი ამას ამბობენ, მაშინ ამ კანონის სუბიექტური გამოყენების საშუალება არსებობს.”

„თავისუფლების ქარტიას“ მისი მიღებისას მხარი არ დაუჭირეს ქრისტიან -დემოკრატებმა. მაშინ პარტიის წევრი ლევან ვეფხვაძე ამბობდა, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოდან არქივი პრაქტიკულად გატანილია, ძნელი იქნება თანამდებობის პირთა ლუსტრაციაზე საუბარი. ახლა კანონის ამოქმედების თემის გააქტიურებასთან დაკავშირებით საუბრისას ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ის ხელისუფლების ინტერესში არ შედის და თავად კანონის ავტორის, გია თორთლაძის მიერ წამოწეული საკითხია:
ზუსტად ახლა, იმისთვის, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ატყდეს, ცალსახად და გამოკვეთილად ამაზე საუბარი არ იყო მიზანშეწონილი ...

” ამ კანონის მიღება არ იყო ხელისუფლების მხრიდან პედალირებული. პირიქით, ეს იყო კანონი, რომელზეც დიდი ხანი იყო საუბარი და, პირიქით, მისი მიღება იყო, პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან გია თორთლაძის მიმართ ანგარიშის გაწევა. ეს არ მოდიოდა ხელისუფლებისგან. ახლაც არ მგონია, რომ მსგავს შეთქმულებას აქვს ადგილი.”

„თავისუფლების ქარტიას“ თავის დროზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ დავით დარჩიაშვილის პირადი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად მართლაც არ იქნება უპრიანი კანონი ამოქმედდეს:

”ზუსტად ახლა, იმისთვის, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ატყდეს, ცალსახად და გამოკვეთილად ამაზე საუბარი არ იყო მიზანშეწონილი. ისე, ყველასათვის ცნობილია და დებატებშიც ხშირად ჩანს ხოლმე, ვინ რას აკეთებდა წარსულში. პოლიტიკოსი მარტო თავისი განცხადებებისგან არ შედგება, ის შედგება თავისი განვლილი გზისგანაც.”

ქარტიის მიღებისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანონს უფრო სიმბოლური ხასიათი ექნებოდა, ვიდრე პრაქტიკული დანიშნულება. შეიძენს თუ რა პრაქტიკულ მიზნებს კანონი, ჯერჯერობით ისევ ძნელი სათქმელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG