Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავშესაფარი - საქართველო


სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია
სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია

7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეს ანგარიში მომზადდა, ომბუდსმენის ოფისი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 2015 წლის იანვრიდან ახორციელებს. მხოლოდ წელს საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით ერაყისა და უკრაინის 995-მა მოქალაქემ მიმართა. რა გზის გავლა უწევთ თავშესაფრის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა სიძნელეებს აწყდებიან ისინი ჩვენს ქვეყანაში და რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს?

სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის ჯგუფი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას იანვრიდან აკვირდება. როგორც პროექტის მონიტორი თამთა პაპუაშვილიც შენიშნავს, ჯგუფი ამ ხალხის მდგომარეობას სწავლობდა საქართველოს საზღვარზე, პენიტენციარულ დაწესებულებებში, ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, აკვირდებოდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი დროებითი განთავსების ცენტრში.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭების მაჩვენებელი: 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისის მონაცემების თანახმად, ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 66, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი 839 პირს - ძირითადად, ერაყელებს, უკრაინელებსა და სირიელებს.

თამთა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად არაერთი დადებითი საკანონმდებლო ცვლილებისა, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ჯერ კიდევ რჩება დროულად გამოსასწორებელი ხარვეზები. ომბუდსმენის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სწორედ ამ ხარვეზებს შეეხება. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა, თუ რა პროცედურის გავლა უწევთ თავშესაფრის მაძიებლებს სტატუსის მიღებამდე და რა სიძნელეებთან არის ეს პროცესი დაკავშირებული:

„ჩვენ აშკარად დავინახეთ ის საკანონმდებლო ხარვეზები, რასაც ეს ხალხი პრაქტიკაში აწყდება და ცალკე რეკომენდაციებად ჩამოვწერეთ. არანაკლებ საინტერესოა, რა ხდება ამის შემდეგ, როცა საქმე მათ ინტეგრაციაზე მიდგება - მაგალითად, ის, რომ სასამართლო პროცესებზე ხშირად თარჯიმანი არ ჰყავთ, ან არ არის გაწერილი გასაჩივრების პროცედურები, ან ის, რომ მათი განცხადებების განხილვის ვადა ცხრა თვემდე იწელება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ხდებიან დაუცველნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“.

წარმოიდგინეთ, გაურკვეველი მომავალი, გაურკვეველი მდგომარეობა - რა იქნება, რას გააკეთებენ, აქ დარჩებიან თუ სად წავლენ... ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისათვის ცალკე პროგრამების წამოწყება, მაგალითად, ენის სწავლება მაინც...
უჩა ნანუაშვილი

ანგარიშში ჩამოთვლილი 26 მთავარი რეკომენდაციიდან, რომელიც სწორედ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, თამთა პაპუაშვილი რამდენიმეს ჩამოთვლის. მათ შორისაა, მაგალითად: შეიცვალოს საზღვრის უკანონო კვეთის დროს სამინისტროსთვის მიმართვის 24-საათიანი ვადა, ასევე შემცირდეს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა. რეკომენდაციებს შორის არის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების დამდგენი პირების გადამზადებაც.

უჩა ნანუაშვილი ცალკე გამოყოფს საქართველოში თავშესაფრის მოძიების მიზნით ჩამოსული ადამიანების ინტეგრაციის პრობლემას.

„წარმოიდგინეთ, გაურკვეველი მომავალი, გაურკვეველი მდგომარეობა - რა იქნება, რას გააკეთებენ, აქ დარჩებიან თუ სად წავლენ... ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისათვის ცალკე პროგრამების წამოწყება, მაგალითად, ენის სწავლება მაინც, მათ ჯანდაცვაზე ზრუნვა. ფაქტია, რომ აქამდე ჩვენ მხოლოდ ჩეჩენი ლტოლვილები გვყავდა, ახლა მათი რიცხვიც გაზრდილია და არეალიც მრავალფეროვანია“, - გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიციის თანახმად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე ამბობს, რომ სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელშიც ყველა დღეს არსებული ხარვეზი გათვალისწინებული იქნება. ზოგადი სურათის აღწერისას გიგა გიორგაძემ განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია:

„2011 წელთან შედარებით, 20-ჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ არავინ დაგვრჩეს უყურადღებოდ, არავინ დარჩეს საერთაშორისო დაცვის გარეშე. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, ჩვენ გვიწევს უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მივიღოთ გადაწყვეტილებები“.

ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია რიცხვი ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან მომავალი ხალხისა, ვინც თავშესაფარს საქართველოს სთხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მათი ეს თხოვნა დაკმაყოფილებულია - ამით საქართველოს მთავრობამ მართლაც უნდა იამაყოს...
ჰაი შელოუ

გიგა გიორგაძენ ისიც თქვა, რომ ამ ეტაპზე თავშესაფრის მაძიებელი, ისევე როგორც ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ადამიანები სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით და მათთვის სპეციალურად შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამაც.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ჰაი შელოუ აცხადებს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აფასებს იმ თანამშრომლობას, რომელიც ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველთან აქვს, და მიესალმება თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. „ბოლო დროს თავშესაფრის მაძიებელთა გეოგრაფიული არეალი დრამატულად შეიცვალა“, - ამბობს ჰაი შელოუ. - მათ დახმარება საქართველოსაც სთხოვეს:

„ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია რიცხვი ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან მომავალი ხალხისა, ვინც თავშესაფარს საქართველოს სთხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მათი ეს თხოვნა დაკმაყოფილებულია - ამით საქართველოს მთავრობამ მართლაც უნდა იამაყოს. თუმცა კვლავაც რჩება რამდენიმე საკითხი, რომლებიც ბოლომდე მოგვარებული არ არის. მათ შორისაა საკანონმდებლო რეფორმაც. ჩვენ ველით, რომ საქართველო უახლოეს თვეებში, 2016 წელს, მიიღებს ახალ კანონს ლტოლვილთა დაცვის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ ასევე, რომ საკმაოდ ხანგრძლივია პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თავშესაფრის მაძიებელს უწევს პასუხის ლოდინი - მთელი ცხრა თვე. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს პერიოდი შემოკლდება“.

მხოლოდ 2014 წელს მსოფლიოში, დაახლოებით, 60 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი სახლი, ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, დევნისა თუ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, და თავშესაფარი სხვა ქვეყნისათვის ეთხოვა. ამავე მიზეზით, საქართველოს დასახმარებლად 1792-მა პირმა მიმართა. წელს კი, 2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე, ასეთი ადამიანების რიცხვი შედარებით ნაკლებია და 995-ს შეადგენს - მათგან 409 ერაყელია, დანარჩენი - უკრაინელი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG