Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადი მცირდება


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო სხვაობა, ორი პროცენტი, მიმართული იქნება სპეციალურ დაგროვებით ფონდებში.

საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს გამართულ სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, მოიწონა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, იცვლება საშემოსავლო გადასახადის შემცირების აქამდე არსებული საკანონმდებლო ნორმა.

ჩვენ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კვლავ გავაგრძელოთ საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ოღონდ ერთი კონკრეტული დათქმით, რომ შემცირებული გადასახადი მოხმარდეს უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები ...
გია ხუროშვილი
შეგახსენებთ, რომ, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის კლება 15 პროცენტამდე ეტაპობრივად 2015 წლამდე უნდა განხორციელებულიყო. ახლა ხელისუფლება ამ ვალდებულებაზე უარს ამბობს და საკანონმდებლო ცვლილებით ძალაში ტოვებს 20 პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს, თუმცა მოქალაქეს აქვს არჩევანი, 20 პროცენტიდან 2 პროცენტი ინდივიდუალურ დაგროვებით ანგარიშზე მიმართოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 18 პროცენტი მოხვდება.

იმაზე, თუ რატომ ითქვა უარი საშემოსავლო გადასახადის პირდაპირ შემცირების პრაქტიკაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი საუბრობს:

„2008 წელს, როდესაც ჩვენ საშემოსავლო გადასახადის შემცირების გადაწყვეტილება მივიღეთ და 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირდა, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს შემცირებული გადასახადი აისახებოდა პირდაპირპროპორციულად მათ ხელფასებზე. ჩვენ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კვლავ გავაგრძელოთ საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ოღონდ ერთი კონკრეტული დათქმით, რომ შემცირებული გადასახადი მოხმარდეს უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები.“

ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნება სპეციალური დაგროვებითი ფონდები, რომლებსაც ზედამხედველობას ეროვნული ბანკი გაუწევს. ეს ფონდები მათ ანგარიშებზე აკუმულირებულ თანხებს სხვადასხვა პროექტებში დააბანდებენ და მიღებულ მოგებას იმ პირებს გაუნაწილებენ, რომლებიც საშემოსავლო გადასახადიდან 2 პროცენტს ან უფრო მეტს ბიუჯეტის ნაცვლად დაგროვებით ანგარიშებზე ჩარიცხავენ.

მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასეთი მექანიზმის ამუშავებით მოქალაქეების ფულად დანაზოგებს გაზრდიან და მათ უფრო მეტი მოგების მიღების საშუალებას მისცემენ. გია ხუროშვილის განცხადებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აქტივების მართვის კომპანია და მისთვის მომგებიანი პროექტი აირჩიონ:
ამ შემცირებული პროცენტების ხარჯზე რაიმე ფონდების შექმნა იქნება ძალიან სერიოზული, დიდი შეცდომა, რომელიც ეკონომიკას არაფერში არ გამოადგება და ჩვენს პრობლემებს გაამრავლებს, არ შეამცირებს ...
გია ჯანდიერი

„თითოეულ ადამიანს თავად შეუძლია ამ კომპანიის მიერ მართული პროექტი დაათვალიეროს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პროექტშია მიზანშეწონილი მისი შენატანის განთავსება, რომ უფრო მეტი მოგება მიიღოს რამდენიმე წლის შემდეგ.“

მთავრობის ამ ინიციატივას, მომხრეების გარდა, ოპონენტებიც ჰყავს. მათი ნაწილი სისტემის სტრუქტურას იწუნებს, ნაწილი კი ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფოს როლის გაზრდაში კარგს ვერაფერს ხედავს. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი იმ ქვეყნების მაგალითს იხსენებს, სადაც მსგავსმა პროექტებმა რთული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია:

„ამ შემცირებული პროცენტების ხარჯზე რაიმე ფონდების შექმნა იქნება ძალიან სერიოზული, დიდი შეცდომა, რომელიც ეკონომიკას არაფერში არ გამოადგება და ჩვენს პრობლემებს გაამრავლებს, არ შეამცირებს. კონკრეტულად, ჩვენ შეიძლება ისეთივე მახეში გავებათ ვალდებულებების, როგორშიც გაბმულია მთელი დასავლეთ ევროპა და შეერთებული შტატებიც და თვითონაც არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ ვალდებულებების მახეებიდან. ამიტო, პირველ რიგში, შევასრულოთ ის ვალდებულებები, რომლებიც გვაქვს და 2013 წლის იანვრიდან 15 პროცენტამდე შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი.“

გია ჯანდიერი, ეკონომიკის სხვა ბევრ ექსპერტთან ერთად, ფიქრობს, რომ გადასახადების შემცირება უფრო დიდ სტიმულს მისცემს ეკონომიკის გამოცოცხლებას, ვიდრე სპეციალური ფონდების შექმნა. მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს საქართველოს, როდესაც 2004 წლის შემდეგ სოციალური და საპენსიო ფონდები გაუქმდა, გადასახადები შემცირდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპმა 10 პროცენტს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG