Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარიმო პოლიტიკა რბილდება


საგადასახადო კოდექსი
საგადასახადო კოდექსი
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ახალი წლიდან სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის გამო საჯარიმო სანქცია ლიბერალური ხდება. სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200-ლარამდე შემცირდება, ამ წესების პირველად დარღვევის შემთხვევაში კი სანქციის მაგივრად შესაძლებელი იქნება, უბრალოდ, გაფრთხილება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა. როგორ აფასებენ საგადასახადო კოდექსში საჯარიმო სანქციების შერბილებას თავად მეწარმეები და ექსპერტები?

ბესიკ შუბითიძეს ქალაქის ცენტრალურ უბანში პატარა სასურსათო მაღაზია აქვს. გასულ წელს გაყიდული 10 -თეთრიანი საღეჭი რეზინისთვის სალარო აპარატიდან ჩეკის დაგვიანებით ამობეჭდვის გამო 500 -ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბესიკის სიტყვებით, ამ ოდენობის თანხა ისეთი პატარა ბიზნესისთვის, რომელიც მას აქვს, ძალიან მძიმე ტვირთია, შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ლიბერალიზაციას ის მიესალმება, მით უმეტეს, როგორც ბესიკი ამბობს, უნებლიე შეცდომისგან დაზღვეული არავინაა:

”მქონდა გასულ წელს ეგეთი შემთხვევა და მომიწია იმ 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა სულ რაღაც 10 -თეთრიანი კევის გულისთვის. იყო ხალხმრავლობა, ვიღაცამ დადო ხურდა, აიღო კევი - იქვე დევს, დახლთან, მისი ვიტრინა - და გავიდა. გამყიდველმა ვერ მოასწრო ჩეკის ამობეჭდვა. კი ამოიღო მერე, მაგრამ მოგვიანებით, და დავჯარიმდი და მომიწია თანხის გადახდა. რას ვიზამთ, კანონს ვემორჩილებით ყველანი”.
მთავარი ისაა, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ასცდა იმ გეგმას, რაც გაცხადებული იყო და კონსტიტუციურად აღიარებული, რომ უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი ...
პაატა შეშელიძე

საგადასახადო კოდექსში ცვლილება გულისხმობს საჯარიმო სანქციების ლიბერალიზაციას. მაგალითად, სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200 ლარამდე შემცირდება, ამ წესების პირველად დარღვევის შემთხვევაში სანქციის მაგივრად შესაძლებელი იქნება გაფრთხილების გამოყენება. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, ზედნადების გარეშე საქმიანობის მეორედ გამოვლენისას 10 ათასი ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარით დაჯარიმდება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზრდება 3 წლით.

საჯარიმო სანქციების ლიბერალიზაციაზე საუბრის დაწყებამდე ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ სინამდვილეში ამით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო ტვირთი კი არ მცირდება, იზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტი მხარს უჭერს საშემოსავლო გადასახადის 18-დან 20 პროცენტამდე გაზრდას. თუმცა თავისთავად საჯარიმო სანქციების შემცირებას პაატა შეშელიძე დადებით ტენდენციად მიიჩნევს:

”დაგეგმილია, რომ საჯარიმო სანქციები შემსუბუქდეს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ასცდა იმ გეგმას, რაც გაცხადებული იყო და კონსტიტუციურად აღიარებული, რომ უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი 2015 წლიდან და, ცოტა არ იყოს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს ორი გადაწყვეტილება და დასანანია, რომ გარკვეულწილად ერთმანეთს აბათილებს კიდევაც”.
მოგების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი თითქოს დაბალი განაკვეთებია, მაგრამ პრაქტიკულად ბრუნვის გადასახადად არის ქცეული ორივე, ეს არის სრულიად მიუღებელი რამ ...
ირაკლი შავიშვილი

პაატა შეშელიძის სიტყვებით, არ არის გამორიცხული საჯარიმო სანქციების შემცირების პარალელურად იმავე საშემოსავლო გადასახადის გაზრდა ბიუჯეტის დაბალანსების პოლიტიკით იყოს ნაკარნახევი.

საგადასახადო კოდექსში საჯარიმო სანქციების თანხის შემცირებაზე საუბრისას აუდიტორი ირაკლი შავიშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა მართლაც მივიჩნიოთ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად, თუმცა, მთლიანობაში, არსებული საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის შესაძლებლობას ის ვერ ხედავს და ამბობს, რომ არსებული საგადასახადო კოდექსი, მასში არსებული ძალიან მძიმე ხარვეზების გამო, მთლიანად თავიდანაა დასაწერი:

”ის, რომ, პრაქტიკულად, მოგების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი თითქოს დაბალი განაკვეთებია, მაგრამ პრაქტიკულად ბრუნვის გადასახადად არის ქცეული ორივე, ეს არის სრულიად მიუღებელი რამ. ის, რომ ქონების გადასახადი არის საშემოსავლო გადასახადის ნაირსახეობა სინამდვილეში, ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციის საწინააღმდეგო საგადასახადო ვალდებულებებია საგადასახადო კოდექსში, მაგალითად, ეს დაკავშირებულია იმავე იძულების ღონისძიებების განხორციელებასთან - ეს იქნება ინკასო, ყადაღის დადება, დაგირავება, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მოქცევა და ა.შ... ეს პირდაპირ ანტიკონსტიტუციური დებულებებია და ამიტომ აქ რაღაცის გაუმჯობესებაზე, უბრალოდ, ძალიან რთულია ლაპარაკი”.

გამოსავლად ირაკლი შავიშვილი გადასახადის გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შეცვლას მიიჩნევს. მისი აზრით, როდესაც საგადასახადო კოდექსში არის მუხლი, რომლის სახელწოდებაცაა ”სხვა ჯარიმები”, ამით კანონმდებელი ამბობს, რომ მას ეზარება ჩამოთვლა საჯარიმო სანქციების, მაგრამ თუ რაიმე დარღვევაზე გამოიჭერს მეწარმეს, მას ნებისმიერ სადავო საკითხზე დააჯარიმებს.

საგულისხმოა, რომ 27 დეკემბერს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიზნესთან მიმართებით ჩასაფრებული პოზიცია აღარ ექნება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG