Accessibility links

2 ივნისს თბილისში, პარტია ”მომავალი საქართველოს” ორგანიზებით, კერძო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა, რომელზეც მათ ხელისუფლების მიერ დედაქალაქში კერძო ტაქსების შესაძლო აკრძალვის ფაქტი გააპროტესტეს. პარტიის ლიდერის გიორგი ლაღიძის მტკიცებით, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს ე.წ. მერიის შვილობილი კომპანიების შექმნას, რომლებიც თბილისში კერძო ტაქსებს შემოიყვანენ და მათით კერძო ტაქსებს ჩაანაცვლებენ. ტაქსის მძღოლები კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ათიათასობით ოჯახი დარჩება არსებობისათვის საჭირო შემოსავლის გარეშე.

ლუდვიგ ხანდელიანს მძღოლობის 33 წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ ამის მეტი ხელობა მას არ გააჩნია და მისი ტაქსი ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ის სწორედ თავისი მანქანით მივიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ განვადებით იყიდა და მის საფასურს დღემდე იხდის. ცნობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა მალე მუშაობა ვეღარ შეძლოს, დილით გაიგო, მანქანას ტრაფარეტი მოხსნა და აქციაზე მივიდა:

გასაგებია, რომ ქალაქი გადატვირთულია ამ ტაქსებით, მაგრამ რამე სხვა მოიფიქრონ და არა აკრძალვა. იყოს რაღაც კონკრეტული გადასახადი თვეში, იყოს ლიცენზიებიც, მაგრამ ლუკმაპურს ნუ გამოგვაცლიან ...
”პროფესიონალი მძღოლი ვარ. 21 წლის ვიყავი, მართვის მოწმობა რომ ავიღე 1979 წელს. მას შემდეგ მეტი არაფერი მიკეთებია, მეტი ხელობა მე არ მაქვს. სად არ მიმუშავია - სატვირთო მანქანებზეც, სასწრაფო დახმარების მანქანაზე, პურის მანქანაზე, აფხაზეთში დავდიოდი... აი, ეს მანქანა, რომლითაც დღეს ვტაქსაობ, განვადებით გამოვიტანე. 4000 დოლარი უნდა დამიჯდეს. დღემდე ვიხდი. კიდევ რვა თვე დამრჩა. რომ არ ვიმუშაო და ვალი არ დავფარო, მანქანას წამართმევს მისი მეპატრონე.”

ლუდვიგ ხანდელიანს ესმის, რომ მისნაირად დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი არჩენს ოჯახს. ისიც იცის, რომ ყველას შეუძლია ტაქსის ტრაფარეტი შეიძინოს, მუშაობა დაიწყოს და ის არავინ შეამოწმოს, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ ხელაღებით კერძო ტაქსების აკრძალვა გამოსავალი არ არის და ხელისუფლებას სთხოვს დააწესოს ლიცენზია მძღოლებისათვის:

”გასაგებია, რომ ქალაქი გადატვირთულია ამ ტაქსებით, მაგრამ რამე სხვა მოიფიქრონ და არა აკრძალვა. იყოს რაღაც კონკრეტული გადასახადი თვეში, იყოს ლიცენზიებიც, მაგრამ ლუკმაპურს ნუ გამოგვაცლიან. ასე არ შეიძლება, რომ ერთი კომპანია გამდიდრდეს და ამდენი ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს. არაერთხელ ვცადე ეგეთ კერძო კომპანიაში მუშაობა, მაგრამ იქ ისეთი პირობებია, მისვლა არ ღირს, იმხელა გეგმაა შესატანი. მერიასაც მივმართე, დამსაქმეთ-მეთქი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. გვამუშაონ, რა იქნება. ჩვენ ხო ქურდები და ღაჩაღები არ ვართ, არაფერს ვაშავებთ...“

პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს ტაქსების შემოყვანას, რაც კერძო ტაქსების მფლობელების უმუშევრად დატოვებას ნიშნავს:

”ჩვენ ვთავაზობდით ადრეც მერიას და ახლაც ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს სანებართვო სისტემა, რეგისტრაცია მაინც რომ გაიარონ ტაქსისტებმა, ვიცოდეთ რამდენი კერძო ტაქსია ქალაქში ...

”ჩვენი ინფორმაციით, მერია ქმნის შვილობილ კომპანიებს, როგორც მათ შექმნეს ”თბილისის მიკროავტობუსი”. ამ კომპანიის ხელმძღვანელები იქნებიან მერიასთან დაახლოებული პირები. ეს კომპანია თბილისში შემოიყვანს ტაქსებს, კერძო ტაქსებს აკრძალავენ და ამ გზით ათიათასობით თვითდასაქმებული ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე. ისე მაინც გააკეთონ, რომ ლიცენზიების აღების შესაძლებლობა მიეცეთ, ბიუჯეტსაც თანხა შეემატება და არც ეს ადამიანები დაზარალდებიან.”

საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ თბილისში კერძო ტაქსების რაოდენობა არავის დაუთვლია. ხშირად ერთ კონკრეტულ მანქანას ტაქსის ტრაფარეტი დღის პირველ ნახევარში ადგას, საღამოს კი მისი პატრონი აღარ ტაქსაობს. ალანიას ვარაუდით, თბილისში დაახლოებით 50 000 ტაქსი მოძრაობს, თუმცა ეს მხოლოდ დაუზუსტებელი რიცხვია. მათი ხელაღებით აკრძალვა, თუ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ, პროფკავშირების წარმომადგენელს დაუშვებლად მიაჩნია, თუმცა, მისი შეფასებით, ამ სფეროს გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით მოწესრიგება აუცილებლად სჭირდება. პირველ რიგში, კერძო ტაქსები უნდა დაითვალონ და შეამოწმონ:

”ჩვენ ვთავაზობდით ადრეც მერიას და ახლაც ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს სანებართვო სისტემა, რეგისტრაცია მაინც რომ გაიარონ ტაქსისტებმა, ვიცოდეთ რამდენი კერძო ტაქსია ქალაქში, თუმცა, ცხადია, ნებართვა უნდა მიეცეს ტექნიკურად გამართულ მანქანებს. აი, მაგალითად, ტაქსების დიდი ნაწილი საწვავად გაზს იყენებს. უნდა შემოწმდეს ეს მანქანები, თორემ რამდენი შემთხვევა იყო, რომ ტრაგიკულად დასრულდა, აუფეთქდათ ეს ბალონები და მძღოლები დაშავდნენ.”

აპირებს თუ არა ხელისუფლება კერძო ტაქსების აკრძალვას ან სხვა კომპანიის ტაქსებით ჩანაცვლებას, ამის შესახებ ინფორმაციას ლავრენტი ალანია არ ფლობს და ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ უნახავს. ასეა თუ ისე, პროფკავშირი ტაქსების უპირობოდ აკრძალვის წინააღმდეგია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG