Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისთვის გაიაფდა და ვისთვის გაძვირდა მუნიციპალური ტრანსპორტი


15 სექტემბრიდან თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით - მგზავრობის არსებული სისტემის ნაცვლად, ახალი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. თბილისის მერია ამას ფასდაკლების ახალ სისტემას უწოდებს. ცვლილება შეეხებათ იმ მგზავრებს, რომლებიც ელექტონულ ბარათს - ”მეტრომანს” - იყენებენ და აგრეთვე იმათ, ვინც შეღავათებით სარგებლობს. პირველი მგზავრობის საფასურის - 50 თეთრის - გადახდის შემდეგ, მომდევნო საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას, "მეტრომანის"მომხმარებლები უფასოდ იმგზავრებენ. აქამდე არსებული სისტემით, პირველი მგზავრობა 50 თეთრი ღირდა, მომდევნო ორი კი, შესაბამისად, 30 და 20 თეთრი, სტუდენტები და პენსიონერები ნებისმიერი რაოდენობით მგზავრობისთვის 20 თეთრს იხდიდნენ, სოციალურად დაუცველები კი - 10-ს. ვისთვის გაიაფდა და ვისთვის გაძვირდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა?

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასდაკლების ახალ სისტემას, რომლის იდეის ავტორადაც საიტზე www.chemitbilisi.com თბილისის მერი გიგი უგულავაა მითითებული, მხარი 15 ათასზე მეტმა მომხმარებელმა დაუჭირა.
არც საიტზე და არც სარეკლამო რგოლში, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ტრიალებს, არსადაა ნახსენები, რომ ე.წ. ფასდაკლების სისტემა უკვე არსებული სისტემის ნაცვლად ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ არსებული სისტემის მიხედვით, ელექტრონული ბარათით - "მეტრომანით" - პირველი მგზავრობა 50 თეთრი ღირდა, მომდევნო ორი კი, შესაბამისად, 30 და 20 თეთრი, სტუდენტები და პენსიონერები ნებისმიერი რაოდენობით მგზავრობისთვის 20 თეთრს იხდიდნენ, სოციალურად დაუცველები კი - 10-ს. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ამბობს, ახალი სისტემა ევროპულია, მგზავრზეა ორიენტირებული და ის მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე 285 ათასი ადამიანიდან უმრავლესობისთვის, ანუ 85%-ისთვის, ტრანსპორტის გაიაფებას ნიშნავს:

”ახალი ფასდაკლების სისტემა ვრცელდება აბსოლუტურად ყველა მგზავრზე. თუ ის იხდის მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული გადახდის საშუალებით, ანუ ე.წ. ელექტრონული ბარათით, მაშინ ის საათ-ნახევრის განმავლობაში, გადაჯდომის შემთხვევაში, აღარ იხდის მგზავრობის ღირებულებას დამატებით. სტატისტიკურად, მუნიციპალურ ტრანსპორტში 85%-ზე მეტი მგზავრი გამოიყენებს საათ-ნახევრის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ მუნიციპალურ ტრანსპორტს. შესაბამისად, ეს ფასდაკლების სისტემა ორიენტირებულია მგზავრთა უმრავლესობაზე.”
მგზავრთა უმეტესობა დილით მიდის სამსახურში და საღამოს უკან ბრუნდება. შესაბამისად, ეჭვი მეპარება ამ ორ მგზავრობას შორის საათნახევრიანი ინტერვალი იყოს ...
მერაბ ჯანიაშვილი

მაშინ როცა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე, უმრავლესობისთვის მგზავრობის საფასურის გაიაფებაზე ლაპარაკობს, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ახალი სისტემის დანერგვით რეალურად მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ძვირდება. თუ ძველი სისტემის მიხედვით ”მეტრომანით” მოსარგებლე და შეღავათების არმქონე მოქალაქეებისთვის სამი მგზავრობის საფასურის ჯამი შეადგენდა 1 ლარს, ახლა ორი მგზავრობისა 1 ლარს გაუტოლდება, თუკი მათ შორის ინტერვალი საათ-ნახევარზე მეტი იქნება. როგორც მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, იმ ადამიანისთვის, ვინც მუნიციპალურ ტრანსპორტს დღეში ორჯერ - სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად - იყენებდა, მგზავრობის საფასური საშუალოდ 80 თეთრი იყო, ახლა კი მათ ორი მგზავრობა 1 ლარი დაუჯდებათ:

”ჩემი აზრით, მგზავრთა უმეტესობა დილით მიდის სამსახურში და საღამოს უკან ბრუნდება. შესაბამისად, ეჭვი მეპარება ამ ორ მგზავრობას შორის საათნახევრიანი ინტერვალი იყოს. შესაბამისად, ამ ახალ ფასდაკლების სისტემას მე უფრო გაძვირებად მივიჩნევდი, ვიდრე გაიაფებად.”
მთელი ეს გააქტიურება მთავრობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა წინასაარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია არჩევნებთან და იმასთან, რომ მოსახლეობა უფრო კმაყოფილი იყოს ...
ეკა გიგაური

როგორც მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, ახალ სისტემას ფასდაკლება კი ჰქვია, მაგრამ რამდენად არის ის არსებულზე უკეთესი, რამდენიმე ხანში გამოჩნდება.
მერიის ახალი ინიციატივის შეფასებისას, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ თუ ინიციატივა, მართლაც, ტრანსპორტით მოსარგებლეთა უმრავლესობისთვის მომსახურების გაიაფებას ნიშნავს და ეს ინიციატივა წინასაარჩევნოდ აქტიურდება, ეს არის მცდელობა მთავრობისა მოიპოვის საზოგადოების კეთილგანწყობა, ხოლო რადგან საქართველოში ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის გავლება ძალიან ძნელია, ამბობს ეკა გიგაური, შესაძლოა ეს ინიციატივა წინასაარჩევნო ნაბიჯად ჩაითვალოს, თუმცა, განაგრძობს ის, აქ საქმე არ გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან:

„მთელი ეს გააქტიურება მთავრობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა წინასაარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია არჩევნებთან და იმასთან, რომ მოსახლეობა უფრო კმაყოფილი იყოს.”

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე გამორიცხავს ინიციატივის არჩევნებთან კავშირს და ამბობს, რომ ახალი სატარიფო გეგმის დანერგვა მთლიანად მგზავრზეა მორგებული და მისი ამოქმედება შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით.

რადიო თავისუფლებამ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეებს ჰკითხა აზრი გადახდის ახალ სისტემაზე. რესპონდენტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ტრანსპორტი მხოლოდ მათთვის გაიაფდება, ვინც ხშირად მგზავრობს, სხვების აზრით კი, თუ მერიას სატარნსპორტო მომსახურების გაიაფება სურდა, უბრალოდ, მგზავრობის ფასი უნდა დაეწია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG