Accessibility links

logo-print

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი


თბილისის ახალი ბიუჯეტის პარამეტრების წარდგენა

თბილისის ახალი ბიუჯეტის პარამეტრების წარდგენა

ავტორი: ირინა გურული

თბილისის მერიამ დაასრულა 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა. ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა მოქალაქეების გამოკითხვის შედეგები. სწორედ 8 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით შედგა მომავალი წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის პროექტი, სულ,დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მომავალი წლის ძირითადი პრიორიტეტებია: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

სოციალური პროექტები 2015 წელს დაფინანსდება 168,6 მლნ ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძიებები - 34 მლნ 450 000 ლარით, რაც 8 მილიონი ლარით მეტია, 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით. დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება, კერძოდ, C ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის გამოკვლევების ხელშეწყობის პროგრამა (1,4 მილიონი), ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ოპერაციული მკურნალობის პროგრამა (4 მილიონი), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (1,8 მილიონი), სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადად გაიცემა 500-ლარიანი დახმარება (ერთი მილიონი), დაიწყება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა (950 ათასი), გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება და გაუტოლდება თვეში 50 ლარს (7 მილიონი), 3,5 მლნ ლარით გაიზრდება უფასო სასადილოებით ბენეფიციართა მომსახურების თანხა, 700 000 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება, გაიზრდება ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის კომპენსაცია. ჯამში, ამ მიმართულებით 3 600 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის გამწვანების მიმართულებით - 5 მილიონით გაიზრდება გამწვანების ღონისძიებებზე მიმართული თანხები და, ჯამში, 20 მილიონ ლარს გაუტოლდება.

საბავშვო-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით 8 მილიონი ლარით გაიზრდება საბავშვო-ბაგა-ბაღების პროგრამა, რომელიც, ჯამში, 85 მილიონს გაუტოლდება. იგეგმება 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რაზეც 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტები 238 მილიონი ლარით დაფინანსდება. ავარიული შენობების გამაგრებაზე დაიხარჯება 18,5 მლნ ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის - 60 მილიონი, ხოლო მრავალსართულიანი ავტოსადგომისთვის - 3,5 მლნ ლარი.

იგეგმება ინოვაციური მუნიციპალური პროექტების ინიცირება - მაგალითად, „თბილისის მწვანე ქუჩა“, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა თბილისის ერთ-ერთი ქუჩა და დაიწყება მისი „მწვანე“ სტატუსით პროექტირება, რაც გულისხმობს: ხეების დარგვას, ინფრასტრუქტურის გამწვანებას, ქუჩის საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიური მოწყობილობით აღჭურვას ჰაერის დაბინძურების გაზომვის მიზნით. კიდევ ერთი პილოტური პროექტი - „ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა“ - მიზნად ისახავს შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზოლაციას.

თბილისის მთავრობამ საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.

XS
SM
MD
LG