Accessibility links

logo-print

მთავრობას თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტის მომზადებას სთხოვენ


ჯაბა სამუშია

ჯაბა სამუშია

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მიმართავს თბილისის მერიას, გაითვალისწინოს კომისიის მიერ მომზადებული ანალიზი და მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადოს. ანალიზში კი, რომელსაც ეს მოთხოვნა ემყარება, აღნიშნულია, რომ დედაქალაქის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, კომისიის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური პროგრამების კუთხითაა შექმნილი.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ თბილისის მერიას საგანგებო ბრიფინგზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის შექმნის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, ბიუჯეტის შესწორების გარეშე, დასახარჯი თანხები და პოლიტიკის განსახორციელებელი რესურსი თბილისის მერიის სამსახურებსა და ქალაქის გამგეობებს პრაქტიკულად აღარ აქვთ:

“დარჩენილია 5 თვე წლის ბოლომდე და დასახარჯი თანხები არის, ფაქტობრივად, 0 ლარი. მაგალითად, გლდანის რაიონს რეალურად დარჩენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ 9 პროცენტი მთლიანი თანხისა. ისნის რაიონს მთლიანადა აქვს დახარჯული სოციალური დახმარებების მუხლით თანხები. საბურთალოს რაიონს ასევე სოციალური დახმარებების მუხლში დარჩენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ 700 ლარი, 400 000 ლარიდან. კრწანისის რაიონს 400 000 ლარიდან დარჩენილი აქვს 0 ლარი. იგივე სიტუაციაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებითაც“.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებისთანავე გაამახვილა ყურადღება თბილისის ბიუჯეტის შეცვლის აუცილებლობაზე. სოციალურ და ბინათმესაკუთრეთა ნაწილში გახარჯული თანხების პრობლემის ხაზგასმისას კი აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებლად დასჭირდებათ სხვა მუხლებში არსებული ეკონომიის გამოყენებაც:

“ჩვენ მოგვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც, ერთი მხრივ, დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ადამიანები, რომლებიც არამიზნობრივად ხარჯავდნენ ბიუჯეტის სახსრებს ან გადახარჯვას ჰქონდა ადგილი, ასეთ ადამიანებს მოვთხოვოთ სათანადო პასუხი და, მეორე მხრივ, აუცილებლად მოგვიწევს ბიუჯეტის სხვა მუხლებში არსებული ეკონომიის მოძებნა და ამ ეკონომიის გადატანა“.

თბილისის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, მძიმე მემკვიდრეობა ერგო. თბილისის წინა მთავრობამ ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით განსაზღვრა. ამ თანხიდან, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ბიუჯეტის მდგომაროების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, 40 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში საწარმოთა ქონების გადასახადიდან იყო განსაზღვრული, რასაც არსებული საკანონმდებლო ბაზა არ ითვალისწინებდა. საკრებულოს შესაბამისი კომისიის თანახმად, თბილისის ბიუჯეტს რეალურად დღეისათვის ეს თანხაც მძიმე ტვირთად აწევს. თბილისის ბიუჯეტის ცვლილების წინააღმდეგი არ არის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ცვლილების განხორციელება იმ საბაბით, რომ თბილისის საწარმოთა ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში 40 მილიონი არ შედის, აბსურდია:

სევდია უგრეხელიძე

სევდია უგრეხელიძე

“ბიუჯეტი, ჯერ ერთი, არის მათი დაგეგმილი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის. რაც შეეხება ამ 40 მილიონს, ეს არის თბილისი ბიუჯეტის კუთვნილი ფული. იგი გადაიხადეს ამ საწარმოებმა და ვალდებულია ცენტრალური ხელისუფლება გადმორიცხოს ეს თანხა. ამ თანხას ისინი არ აძლევდნენ თითქოსდა გიგი უგულავას მერიას, ასევე ჩემს დროს არ აძლევდნენ და ასევე უსაფუძვლოდ 50 მილიონი დააკლეს ამ წლის ბიუჯეტს, მაგრამ ეს უნდა განხორციელებულიყო ავტომატურად, თუ განხორციელდებოდა რეფორმა ერთიანი გადახდის ბარათით, რაც ვერ განახორციელეს მათ. თუმცა სურვილი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი“.

სევდია უგრეხელიძე მოითხოვს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის ბიუჯეტს კუთვნილი თანხა ჩაურიცხოს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს იგი 40 მილიონის დედაქალაქისთვის დაბრუნებას ურჩევს. თავის მხრივ, ჯაბა სამუშია, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ამ მიმართულებით არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას და შენიშნავს, რომ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხი ძველმა მთავრობამ დააყენა, თუმცა ცვლილება იმ მომენტში ვერ მოხერხდა. საკრებულო ამ საკითხზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანალიზის აქცენტებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ბიუჯეტის ცვლილებების კანონპროექტის განხილვის პარალელურად იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG