Accessibility links

logo-print

თბილისი პირველი პროგრამული ბიუჯეტის მოლოდინში


თბილისის მერი დავით ნარმანია

თბილისის მერი დავით ნარმანია

თბილისის მერმა 15 ნოემბრამდე საკრებულოს უნდა წარუდგინოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის სავარაუდო მოცულობა 800 მილიონი ლარია. უკვე ცნობილია დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებიც: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

დედაქალაქის გამწვანება; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2015 წელს აშენდება 8 ბაგა-ბაღი, 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრი; აღდგება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბარათაშვილის სახელობისა და სხვა ხიდებს.

2015 წლის თბილისის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები საზოგადოებას დედაქალაქის მერმა გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, მთავარი სიახლე ისაა, რომ თბილისს პირველად ექნება პროგრამული ბიუჯეტი, რომლის მოცულობა დაახლოებით 800 ლარით განისაზღვრება:

„თუმცა ჩვენ საბოლოოდ დაზუსტებული რიცხვის გამოქვეყნების საშუალება მოგვეცემა მას შემდეგ, რაც ცენტრალური მთავრობიდან მისაღები ტრანსფერების საბოლოო მოცულობა დადგინდება. ოთხი მთავარი პრიორიტეტი იქნება 2015 წელს. პირველი ეს არის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ის პროგრამები, - და მათი დაფინანსება იზრდება, - რაზეც ყველაზე მეტი მოთხოვნა არსებობს საზოგადოების მხრიდან“.

მომავალ წელს იგეგმება 8-10 ბაღის მშენებლობა. უკვე შერჩეულია ადგილები და ამით ვიწყებთ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებას, იმის შესრულებას, რასაც არჩევნების წინ დავპირდით, რომ ერთხელ და სამუდამოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემა გადავწყვიტოთ...

დავით ნარმანიას თქმით, 2015 წელს სოციალური პროექტები დაფინანსდება 168,5 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძიებები - 34,5 მილიონი ლარით, რომელიც დაიხარჯება C ჰეპატიტით დაავადებულთა დიაგნოსტირება-მკურნალობაზე, 25 წლამდე ლეიკემიით დაავადებული პაციენტების მკურნალობაზე, 18 წლამდე მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებაზე, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების გაცემაზე. გარდა ამისა, გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, რომელიც 25-ის ნაცვლად 50 ლარი იქნება. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება გამწვანება, რაზეც 20 მილიონი ლარი, ანუ, შარშანდელთან შედარებით, 5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. გარდა ამისა პრიორიტეტულია კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაზეც ბიუჯეტიდან 238 მილიონი ლარი გამოიყოფა, და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა, რისთვისაც, როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ამბობს, ბიუჯეტის პროექტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული:

„მომავალ წელს იგეგმება 8-10 ბაღის მშენებლობა. უკვე შერჩეულია ადგილები და ამით ვიწყებთ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებას, იმის შესრულებას, რასაც არჩევნების წინ დავპირდით, რომ ერთხელ და სამუდამოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემა გადავწყვიტოთ. წინა ხელისუფლების დროს 40-მდე ბაღი, ფაქტობრივად, გასხვისდა და ამის გამო 20 ათასამდე ბავშვი ბაღის გარეთ დაგვრჩა. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ“.

თბილისის განვითარების ფონდს 5-მილიონიანი ბიუჯეტი უნდა დაუმტკიცდეს, მაგრამ მე ასე ხელაღებით, სათანადო დაზუსტების გარეშე, ამის წინააღმდეგი ვიქნები. ჯერ უნდა გავიგოთ, რა მისია და მიზნები აქვს თბილისის განვითარების ფონდს. საშინელი მემკვიდრეობა დახვდა ფონდს და ეს არის გამოსასწორებელი...

ჯაბა სამუშიას თქმით, სიახლეა ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, 250- ლარიანი კომუნალური ვაუჩერის ნაცვლად, მიიღებენ 500-ლარიანს, ხოლო 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყენებისას ისარგებლებენ 50-პროცენტიანი შეღავათით. ბიუჯეტის პროექტის ამ ნაწილის მხარდაჭერას არ აპირებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი:

„მიმაჩნია, რომ ეს არის იაფი დემაგოგია, რომელიც არ უნდა იყოს ბიუჯეტში. რეალურად სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ბიუჯეტი ორიენტირებული“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ელისაშვილმა, რომელიც ასევე მეტ გამჭვირვალობასა და სიცხადეს ითხოვს ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილში, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ძველი თბილისის რეაბილიტაციას შეეხება:

„ჯერ ბიუჯეტის პროექტი არ მოგვსლია, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის განვითარების ფონდს 5-მილიონიანი ბიუჯეტი უნდა დაუმტკიცდეს, მაგრამ მე ასე ხელაღებით, სათანადო დაზუსტების გარეშე, ამის წინააღმდეგი ვიქნები. ჯერ უნდა გავიგოთ, რა მისია და მიზნები აქვს თბილისის განვითარების ფონდს. საშინელი მემკვიდრეობა დახვდა ფონდს და ეს არის გამოსასწორებელი, მაგრამ აწი რა უნდა გაკეთდეს, რა მიზნით უნდა იმოძრაოს, რა მისია უნდა ჰქონდეს, სად არის მისი კომპეტენცია და სად არის გამგეობების კომპეტენცია და მათ შორის მიჯნა - ყოველივე ამის გარკვევის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ თბილისის განვითარების ფონდისთვის 50 მილიონის მიცემაზე“.

ეს არ არის ქალაქში ყველაზე მწვავე პრობლემა და კიდევ: ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სხვა გზით, კერძოდ, ორთაჭალა-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობით...

თბილისის მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებსა და პარამეტრებს იწუნებს საკრებულოს ოპოზიციაც. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ბაღების მშენებლობაზე ეფექტიანი იქნებოდა ვაუჩერების სისტემაზე გადასვლა, რადგანაც 8 ბაღის აშენების შემთხვევაშიც კი პრობლემა სანახევროდაც კი ვერ გადაიჭრება.

„როგორც თვითონ მერი ამბობს, 20 ათასი ბავშვია ბაღის გარეთ დარჩენილი, 8 ბაღის აშენებით კი მხოლოდ 14 ათასი ბავშვის პრობლემა გადაიჭრება. და რას ვთავაზობთ დანარჩენ 6 ათას ბავშვსა და მათ მშობლებს, კიდევ ერთი წელი დაიცადონ? რატომ არ არის შესაძლებელი, რომ სექტემბრიდან, ბაღების მშენებლობის პარალელურად, მიგვეცა ვაუჩერი, რათა კერძო საბავშვო ბაღებში წაეყვანათ ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი აბესაძემ, რომელიც

ასევე იწუნებს მერიის გადაწყვეტილებას, ააშენოს ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე:

„ეს არ არის ქალაქში ყველაზე მწვავე პრობლემა და კიდევ: ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სხვა გზით, კერძოდ, ორთაჭალა-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობით, ვინაიდან აქ საავტომობილო ნაკადების უმეტესი მოცულობა შემოერთებული სოფლებისკენ მიდის ან იქიდან მოემართება ქალაქისკენ“.

ირაკლი აბესაძის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულო და ყოფილი მერი ახორციელებდნენ, არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეა ბიუჯეტის პროგრამულობა, რაც უთუოდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაივალოს:

„რადგანაც აჩვენებს კონკრეტულ შედეგებს, დათვლილი და ნაჩვენებია კონკრეტული შედეგები, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თითოეული პროექტის განხორციელებას. დასაბუთებულია ყველა ხარჯის ეფექტურობა და მიზანშეწონილობა, ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, ეს ესტაკადა უნდა აშენდეს, იქვე არის დასაბუთებული, თუ რა გავლენა ექნება ამ მშენებლობას სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს 20 მილიონი რა ეფექტს მოგვიტანს. ეს არის პროგრამულობა, როცა ნაჩვენებია კონკრეტული დასახარჯი თანხის მისაღები ეფექტი, ანუ უკუშედეგი“, უთხრა ირაკლი ლექვინაძემ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG