Accessibility links

logo-print

17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნა. წელს წიგნის გამოფენას 50-მდე მონაწილე ჰყავს, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში ბოლონიის ილუსტრატორთა და ხალხური ზღაპრების ილუსტრაციის გამოფენაც გაიმართება. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებისათვის საუკეთესო ადგილი „ექსპო ჯორჯია“ იქნება, სადაც სასურველ წიგნებს ფასდაკლებით შეიძენენ.

მაისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დამთავრებული არ არის ხოლმე, რომ წიგნის მოყვარულები ნოემბრის მოლოდინში არიან - ამ დროს წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით თბილისის წიგნის დღეები იმართება ხოლმე. ისევ თავიდან იწერება სასურველი და საყიდელი წიგნების სია, ისევ კეთდება დანაზოგი წიგნებისათვის და ისევ ყველა წიგნის მოყვარული მიიჩქარის „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებისკენ. თბილისის წიგნის დღეებზე, წიგნების ყიდვის გარდა, ილუსტრაციების დათვალიერებაც არის შესაძლებელი. წელსაც ფესტივალი არაერთი ქვეყნიდან მასპინძლობს ილუსტრატორებს - 3 200 მონაწილიდან 77 საუკეთესო ავტორი შეირჩა და მათი თითო ნამუშევარი საქართველოში გამოიგზავნა. მათ გვერდით ქართველი ილუსტრატორების ხალხური ზღაპრების ილუსტრაციებსაც გამოფენენ. და წიგნები... წიგნებით ისევ სავსეა მე-11 პავილიონი. წიგნის დღეებზე ყველაზე მეტი ხალხი სწორედ იქ ირევა.

მწერალი ნათია როსტიაშვილი იქაურობას დილითვე ეწვია და გამომცემლობების ფერად დახლებს ჩამოუარა. რამდენიმე წიგნი თავისთვის, ზოგი - თავისი პატარებისთვის.

„მიყვარს წიგნის ფესტივალები. როგორც ახალ წელს ან რაღაც მსგავს დღესასწაულს, ისე ველი ხოლმე. და დღეს შეძენილი წიგნებიდან ყველაზე მეტად ეს ორი მიხარია - აპდაიკის „ბრაზილია“ და არუნდრათი როის „წვრილმანების ღმერთი“. მივდივარ ასე ხელდამშვენებული და გაბედნიერებული“.

„თბილისის წიგნის დღეები 2016“

„თბილისის წიგნის დღეები 2016“

გამომცემლობებთან ჯერ პირველი დღისათვის დამახასიათებელი ფუსფუსია. ყველა ყუთი ჯერ არც გახსნილა, ყველა წიგნს დახლზე არ უპოვია თავისი ადგილი. მე-11 პავილიონში ნელ-ნელა ხალხი მატულობს. გამომცემლობა „დიოგენესთან“ უკვე რიგი დგას. ფასდაკლებული წიგნები ცალკეა, სულ ახალი გამოცემები - ცალკე. „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნინო ქუსრაშვილი გვეუბნება, რომ გამომცემლობა ამჯერადაც მრავალფეროვანი წიგნებით არის წარმოდგენილი თბილისის წიგნის დღეებზე და იმედს გამოთქვამს, რომ სათავისო წიგნს ყველა იპოვის:

„ამერიკელების“ სერიაში თანამედროვე ამერიკელი ავტორების უკვე 18 წიგნი გამოვეცით და ახლა აქვთ ამ წიგნების ძალიან კარდ ფასად შეძენის შესაძლებლობა, ასევე ჩვენს დახლზეა „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სერიის წიგნები, ცალკეა ის ბესტსელერები, რომლებიც უკვე რამდენჯერმე დავბეჭდეთ და მათზე მოთხოვნა არ იკლებს. მაგალითად, „ ალი და ნინო“ ან „სუნამო“, ან „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“... სიახლეებზეც გეტყვით, მალე გამოვა უმბერტო ეკოს ბოლო რომანი ქართულ ენაზე, „საცდელი რომანი“. ახალ წიგნებს შორისაა ალან უოტსის „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ და, ვფიქრობთ, ჩვენთან მოსული მკითხველი კმაყოფილი დარჩება“.

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ორი წლისაა და უკვე მეორედ მონაწილეობს თბილისის წიგნის დღეებში - ამჯერად ათამდე ახალი წიგნით, რომელთა შორის ოთხი ქართველი ავტორია. გამომცემლობის დამფუძნებელი, ირაკლი ბაკურიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ქართველი ავტორები თავად წარდგებიან მკითხველის წინაშე, ადგილზევე გაუკეთებენ ავტოგრაფს ყველა მსურველს, ვინც მათ წიგნს იყიდის. თუმცა ამ ფესტივალზე „დელფინიანი წიგნების“ ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც ფილიპ დიკის „ვალისია“:

„ფილიპ დიკი ორი წელია, რაც ქართველმა მკითხველმა გაიცნო. მისი მეხუთე წიგნი გამოდის უკვე ქართულ ენაზე და, ალბათ, უკვე პიკს მიაღწია დიკის პოპულარობამ საქართველოში. ეს წიგნი კი, „ვალისი“, ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნია, სიგიჟის ისტორია. გვაქვს ქართველი ავტორების ძალიან საინტერესო წიგნები: დიანა ანფიმიდის ნახევრად კულინარიული წიგნი - „წინასწარმეტყველება მურაბით“, თამარ სუბელიანის „მდინარეს თევზები შეჭამენ“, ბასა ჯანიკაშვილის პიესები და თაკო ფოლადაშვილის „სიკვდილის ახსნა“. ვცდილობთ, რომ გამორჩეული ავტორები დავბეჭდოთ როგორც პროზაში, ისე პოეზიასა თუ დრამატურგიაშიც“.~

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ცდილობს სიახლეები ყველა ასაკის მკითხველს შესთავაზოს. ზაფხულის შემდეგ ამ გამომცემლობამაც ბევრი სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოსცა. თინეიჯერული ლიტერატურიდან დაწყებული კლასიკით დამთავრებული - მთელ კედელზე გაშლილ სტენდზე უამრავ წიგნს ნახავთ, რომელიც თავს გაყიდინებთ: ნილ გეიმანის ახალი წიგნები, პერსი ჯექსონის მეოთხე წიგნი, ჯონ გრინის ახალი გამოცემა, ჰორორის სერია ცალკეა. მოკლედ, როგორც გამომცემლობის პროექტების მენეჯერი ლუკა გრიგოლია ამბობს, არჩევანი დიდია:

„ამას გარდა, ხედავთ, რომ დახლებზეა ისეთი ავტორების წიგნები, როგორიცაა ჰერმან ჰესე, კნუტ ჰამსუნი, კუტზეე, ნაბოკოვი, მალე გამოვა პელევინის წიგნი, ვგეგმავთ ლიოსას გამოცემასაც. ასევე ირვინ უელშის საკულტო წიგნი და რა ვიცი, ვფიქრობთ, საკმაოდ დიდი ორომტრიალი მოვაწყვეთ წელსაც ქართველი მკითხველებისათვის“.

თბილისის წიგნის დღეები ოთხ დღეს გაგრძელდება. „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის გარდა კი, გამოფენების დათვალიერება მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში იქნება შესაძლებელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG