Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აშენდება მოსკოვის გამზირზე გაჩეხილი ფიჭვნარის ადგილას?


თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერში 5 თებერვალს, ღამით, რამდენიმე ათეული ფიჭვი მოჭრეს. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ფიჭვნარი ერთ ღამეში გაიჩეხა. ახლა ტერიტორიას მუშები ასუფთავებენ. მათ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვეს, რომ ამ ადგილას პოლიციის შენობა აშენდება. რამდენად მიზანშეწონილი იყო სკვერის გაჩეხა, რის საფუძველზე და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? - კითხულობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარე ანა გაბრიაძე და იმის მიხედვით, თუ რა პასუხს მიიღებს ოფიციალური სტრუქტურებისგან, სასამართლოში ჩივილსაც აპირებს. 6 თებერვალს არასამთავრობოებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენების პარკშიც გამართეს, რომლის ერთი ნაწილიც, მოსკოვის პროსპექტის სკვერის მსგავსად, შემოღობილია.

მოსკოვის გამზირზე, ფიჭვნარის ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცეს” ცხელ ხაზზე მას შემდეგ დაურეკა, რაც სკვერის შემოღობვა დაიწყო. ზუსტად ორ დღეში, ღამით, ეს ადგილი რამდენიმე ათეული ხისგან გათავისუფლდა. დღეს იქ ტერიტორიას მუშები ასუფთავებენ და მშენებლობისთვის ამზადებენ. შემოღობილ სივრცეში მოჭრილი ფიჭვების კუნძები ყრია. მოსკოვის პროსპექტის ერთ-ერთი მცხოვრები, დათო, ამბობს, რომ ფიჭვნარი აქ 40 წლის წინ გააშენეს:

”ძალიან კარგი სკვერი იყო, 40 წლის წინ დარგული ხეები... აქ ტრამვაის ხაზი უხვევდა, მერე გააუქმეს. ახლა ამბობენ, პოლიცია უნდა აშენდესო. გუშინ ხალხიც გამოვიდა, პოლიცია მოიყვანეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა... წავიდნენ უკან.”

მოსახლეობის ზარის შემდეგ ადგილზე მისულ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი სივრცის” თავმჯდომარეს, ანა გაბრიაძეს, ტერიტორია შემოღობილი დახვდა. სკვერთან არც რაიმეს მანიშნებელი ბანერი დახვედრია, სადაც ეწერებოდა, თუ რის აშენებას გეგმავს იქ ხელისუფლება.

ფიჭვნარის ადგილას პოლიციის გამჭვირვალე შენობის აშენების ამბავიც ხალხისგან გაიგო. თუმცა პროტესტი დასრულებულიც არ იყო, რომ ხეები მოჭრეს და წაიღეს:
რატომ გაჩეხეს სკვერი მოსკოვის გამზირზე?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00
გადმოწერა

”ღამით ბულდოზერი მიაყენეს და გადაუარეს მთელ სკვერს. ამდენ ხეს ერთ ღამეში ასე უბრალოდ ვერ გაჩეხავ. ჩვენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში დავრეკეთ და იქ გვითხრეს, რომ მართლაც პოლიცია შენდება, მაგრამ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გვაქვს. ისე კი ყველგან დავაგზავნეთ წერილები, რის საფუძველზე მოხდა ეს, ვინ და რატომ გასცა ეს ბრძანება.”

თუ გავითვალისწინებთ, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური სიტუაცია უმძიმესია, ამბობს ანა გაბრიაძე, მსგავსი ტერიტორიების შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

”ამ ადგილას, როდესაც ქალაქს აგეგმარებდნენ, ეს მწვანე ზოლი განსაზღვრული იყო, ეს იყო იმ ადგილის ერთგვარი ფილტრი, რადგან იქ არის ორმხრივი, საკმაოდ დატვირთული მოძრაობა. ახლა ეს ფილტრი აღარ არსებობს. საერთოდაც ყველაფერი გაჩეხილია ქალაქში, იპოდრომზე ყოველდღე ჭრიან ხეებს, ჩეხენ ხუდადოვის ტყეს, ვაჟა ფშაველას გამზირზე იჩეხება ტერიტორია ისე, რომ ხალხი ვერაფერს იგებს. სულ ახალი ამბავია, რომ კიკვიძის ბარშიც უნდა მოჭრან ხეები”...

გარემოსდაცვით ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებებს სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე იღებს. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი გვეუბნება, რომ აბსოლუტურად იგნორირებულია თითოეული ადამიანის უფლება ცხოვრობდეს ნორმალურ გარემოში და თუ ამ გარემოში რაღაც რადიკალურად იცვლება, იცოდეს მაინც ამის შესახებ.

ერთგვარი შეტევა ქალაქის გამწვანებაზე, რეზო გეთიაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგიც აშკარაა:

“ჩვენ ხომ ქალაქი, პირველ რიგში, იმიტომ გვინდა, რომ აქ ვიცხოვროთ და არა იმიტომ, რომ ის ვიღაცას მოვაწონოთ? და რომ ვიცხოვროთ, ამისთვის ჰაერი და სივრცე გვჭირდება, რაც თითქმის აღარ დარჩა.”

კითხვებზე პასუხი არც ვეტერანთა დასვენების პარკში 6 თებერვალს მისულ საზოგადოებას ჰქონდა. პარკის ერთი ნაწილი შემოღობილია. საინფორმაციო აბრა არსად ჩანს. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში მათ ვერ გასცეს პასუხი, თუ რა აშენდება ბაღში.

იმ კითხვებზე პასუხი, რაც სამოქალაქო სექტორსა და მოსახლეობაში გაჩნდა, მერიის შესაბამის სამსახურებს მოვთხოვეთ, მაგრამ მერიას მთელი დღის განმავლობაში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG