Accessibility links

უგულავას ბრალი დაუმძიმდა, მერაბიშვილი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს


გიგი უგულავა

გიგი უგულავა

პროკურატურამ თბილისის მერს, გიგი უგულავას, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. გიგი უგულავას წინააღმდეგ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა გიგი უგულავას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დედაქალაქის მერს დაკავებისგან იმუნიტეტი არ იცავს.
მე მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო: რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში რომ ვიყო, იქაც დავუმტკიცებ, რომ ვარ უდანაშაულო და, შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ ყველა შეთითხნილი ბრალდება ადრე თუ გვიან საპნის ბუშტივით გასკდება...

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგანგებო განცხადების თანახმად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად გაიფლანგა თბილისის რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი „თბილისის განვითარების ფონდის“ თანხები. საქმე, მთლიანობაში, მოიცავს ორ ეპიზოდს - პირველი ეპიზოდის თანახმად, წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ, ფორმალურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტებს, რომლებიც, გამოძიების თანახმად, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები იყვნენ, პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით, მთლიანობაში, 13 852 497 ლარი დაერიცხათ; მეორე ეპიზოდში კი, ბრალდების მიხედვით, პარტიული აქტივისათვის დასარიგებელი სახელფასო თანხა „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ და, კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით, ჯერ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათი მეშვეობით კი პარტიულ აქტივისტებს გადაეცემოდათ. ამ გზით ფონდიდან, პროკურორ კოკა კაციტაძის თანახმად, 34 328 463 ლარი გაიფლანგა.

“თბილისის მერის გიგი უგულავას და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 460 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქალაქ თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას“.

ამავე საქმეზე ბრალდებები თბილისის მერიის 4 თანამშრომელს 2013 წლის ივნისში წაუყენეს. თბილისის მერი ამბობს, რომ საქმე აბსურდულია, დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და თბილისის მერის პოსტზე „ქართულო ოცნების“ უკვე დასახელებული კანდიდატისთვის კონკურენტების ჩამოცილების მიზანს:

“მე მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო: რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში რომ ვიყო, იქაც დავუმტკიცებ, რომ ვარ უდანაშაულო და, შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ ყველა შეთითხნილი ბრალდება ადრე თუ გვიან საპნის ბუშტივით გასკდება. ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი“.
24 საათის წინ მე გავაკეთე ძალიან სერიოზული განცხადება. იმის შემდეგ არც ერთი ადამიანი, არც ერთი გამომძიებელი არ დაინტერესებულა და ჩემთვის არ უკითხავს, არ ჩატარებულა არც გამოკითხვა, არც გამოძიება და მე რატომღაც ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამოძიება, ალბათ, არც ჩატარდება...

გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში აღიძრა. მას ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და ფულის გათეთრების საქმეებზე წარედგინა. ამ ორ დმოუკიდებელ საქმეზე ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 18 დეკემბერს კი რიგით მესამე საქმეზე გიგი უგულავას დაკითხვა პროკურატურაში მხარდამჭერთა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. მისი აქციაში მონაწილე პოლიტიკური თანამებრძოლები ფიქრობენ, რომ თბილისის მერისთვის ბრალის დამძიმება და ხმაურიანი სკანდალი, რომელიც მთავარი პროკურორის მხრიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაშანტაჟების საკითხს შეეხება, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური დევნის ახალი ფაზისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ნიშნავს. დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

“ამით მათ გახსნეს, ფაქტობრივად, თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია. ამით მათ უნდათ, რომ დაგვასუსტონ ჩვენ თითქოსდა ამ დაბარებებით, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა: არც გიგი უგულავას, არც ვანო მერაბიშვილს, არც მე, არც არავის არ გვეშინია არც დაკითხვების, არც დაბარებების, არც დაჭერების, იმიტომ რომ ჩვენს საპირწონეზე დგას ქვეყნის მომავალი. ამისთვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

გიგი უგულავას, თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოუცხადა სოლიდარობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. 26 მაისის მოვლენების საქმის არსებით განხილვაზე მან, ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ ვიდეომასალის ამოღება, რომელიც14 დეკემბრის გამთენიისას მისი საკნიდან გაყვანას ასახავს:

“24 საათის წინ მე გავაკეთე ძალიან სერიოზული განცხადება. იმის შემდეგ არც ერთი ადამიანი, არც ერთი გამომძიებელი არ დაინტერესებულა და ჩემთვის არ უკითხავს, არ ჩატარებულა არც გამოკითხვა, არც გამოძიება და მე რატომღაც ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამოძიება, ალბათ, არც ჩატარდება, იმიტომ რომ, ალბათ, ძნელია საქართველოში პატიოსანი, ან ჩვეულებრივი პროკურორი, ან გამომძიებელი, რომელიც ნებაყოფლობით ხელს მოჰკიდებს ამ საქმეს, რადგანაც ეს საქმე არის იმთავითვე განწირული“.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. იგი ამბობს, რომ პარასკევ ღამით, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც მთავარმა პროკურორმა და კიდევ ერთმა ჯერჯერობით ამოუცნობმა პირმა მას ზურაბ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის გაცემა მოსთხოვეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ექსპრემიერის ბრალდებას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრიმიტიული პროვოკაცია უწოდა და იგი მთავრობის დისკრედიტაციაზე გათვლილ ნაბიჯად შეაფასა:

“ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც 2 დღის წინ მთავარმა პროკურორმა დააკავა, პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჟვანიას გარდაცვალების დროს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს აჟიოტაჟი დამთავრდეს. მთავრობას უნდა მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას“.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას არ აპირებს. მთავრობის წევრთა და „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ, აბსურდული ბრალდებების მიუხედავად, საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს. იმავე რეკომენდაციით გამოდის სამოქალაქო სექტორიც. ფაქტს უარყოფს, მაგრამ გამოძიების წინააღმდეგი არაა არც პროკურატურა, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი 14 დეკემბრის გამთენიისას საკნიდან არ გაუყვანიათ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ თუ ვითარებას დროულად არ მოეფინა ნათელი, ვანო მერაბიშვილის ბრალდებები საქართველოს იმიჯზე, შესაძლოა, ცუდად აისახოს.
XS
SM
MD
LG