Accessibility links

logo-print

თბილისის მერი დაკითხვის მოლოდინში


თბილისის მერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" თავყრილობაზე, სექტემბერი 2012 წ.

თბილისის მერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" თავყრილობაზე, სექტემბერი 2012 წ.

მთავარი პროკურორის განცხადებამ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ინტერესების დაფინანსებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და რამდენიმე ასეული მოწმის დაკითხვის შემდეგ დედაქალაქის მერიც დაიკითხება, თავად გიგი უგულავასა და მისი მხარდამჭერების მწვავე რეაქცია გამოიწვია. თუმცა დაძაბულობამ ჯერ კიდევ მანამდე იჩინა თავი, როცა დედაქალაქის მერიის წიაღში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა. რა ხდება სინამდვილეში და ხედავენ თუ არა ამ პროცესში რაიმე სახის კანონდარღვევას იურისტები?

თავდაპირველად ვთქვათ, რომ საქმე შეეხება თბილისის მერიის მიერ ქალაქის დასუფთავების მიზნით შექმნილ საწარმოს - შპს ”თბილსერვისჯგუფს”, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების 500-ზე მეტ საშტატო ადგილზე სხვადასხვა დროს დასაქმებულმა 764-მა ადამიანმა 2 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ ერთი შეხედვით უწყინარ სურათს მთლიანად ცვლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების კიდევ ერთი დეტალი. საქმე ის არის, რომ, გამოძიების თანახმად, ხსენებული მილიონები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების, ანუ პარტიული კოორდინატორების, მატერიალურ უზრუნველყოფას ხმარდებოდა. ”თბილსერვისჯგუფის” თანამშრომლების დაკითხვას ”აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი” უწოდა დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ, რომელმაც ხუთშაბათ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ასეულობით ადამიანის დასაქმების აუცილებლობა ბუნკერების გაუქმების პროცესის საგანგებო მნიშვნელობით ახსნა:
ბუნებრივია, ის იმსახურებს იმას, რომ გამოძიების მიერ იქნეს დაკითხული და, ალბათ, კონკრეტული პროკურორი, რომელიც ამ საქმეს უძღვება, და გამომძიებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს დროში ბატონი მერი იქნეს დაკითხული ...

”აი, აგერ ვაძლევ ჩვენებას... დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ, რადგანაც ამ პერიოდში ხდებოდა ძალიან მტკივნეული პროცესი ქალაქში - ეს იყო ბუნკერების გაუქმება, რამაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა და დღეს თბილისელები თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნკერები უნდა გაუქმებულიყო. ამ საკითხს სჭირდებოდა კომუნიკაცია, ამ საკითხს სჭირდებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა და კარდაკარ უხსნიდა ამ საჭიროებას და სწორედ ეს ხალხი ამ მიზნით იყო აყვანილი”.

გიგი უგულავას მწვავე კრიტიკა 1 თებერვალსაც გაგრძელდა და მას ამჯერად უკვე კონკრეტული ადრესატი ჰყავდა, მთავარი პროკურორის სახით. ”კბილაშვილმა, ივანიშვილის დავალებით, გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია", - ვკითხულობთ დედაქალაქის მერის მიერ 1 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია ასევე, რომ მთავარი პროკურორი ვერ ერკვევა საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებში და მისი ქმედებები ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა დაშინებისა და დაშანტაჟებისკენ არის მიმართული.

გიგი უგულავას ეს განცხადება განპირობებულია მთავარი პროკურორის მიერ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში 31 იანვარს გაკეთებული განცხადებებით. არჩილ კბილაშვილმა გარკვევით თქვა, რომ, რადგანაც გიგი უგულავა ამ პროცესში მონაწილეობას აღიარებს, მოწმის სახით მისი დაკითხვა გარდაუვალია:

არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი

”ბუნებრივია, ის იმსახურებს იმას, რომ გამოძიების მიერ იქნეს დაკითხული და, ალბათ, კონკრეტული პროკურორი, რომელიც ამ საქმეს უძღვება, და გამომძიებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს დროში ბატონი მერი იქნეს დაკითხული აღნიშნულ საქმეზე. ეს არის ელემენტარული მოვალეობა გამოძიების”.

საგამოძიებო ორგანოს მხრიდან გამოძიების შესახებ ინფორმაციის იმ დრომდე გამოქვეყნებას, ვიდრე გამოძიების ფარგლებში არც ერთი კონკრეტული პირისთვის არ წაუყენებიათ ბრალი, სამართლებრივი თვალსაზრისით უპრეცედენტოსა და გაუგებარს უწოდებს დედაქალაქის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი აბესაძე. ყოველივე ეს მისთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ”გამოძიებას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები ქმედებაში დანაშაულის ნიშნის დასამტკიცებლად”. თუმცა, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ერთი პარტიის - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” - სასარგებლოდ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე მიუთითებს და ეს გარემოება მოწმის სახით დაკითხული 200-ზე მეტი პირის ჩვენებების საფუძველზე იკვეთება.
მე ვერ ვხედავ რაიმე დარღვევას, არ მგონია, რომ დარღვევა იყოს. მას არ უთქვამს, რომ ამა და ამ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. მან თქვა, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იკვეთებაო დანაშაულის ნიშნები ...

ამ ყველაფრის მიღმა ნეგატიურ პროცესებს და, მაგალითად, მერის დაშინების მცდელობას ხედავს გიგა ნასარიძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ახალი ხედვა - საქართველო”:

”ვხედავ, რომ გრძელდება კვლავ პოლიტიკური დევნა ”ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან ასოცირებული ადამიანებისა, ზოგადად. ჩემთვის პირადად აბსოლუტურად გაუგონარია ასეთი უცნაური ბრალდების დადება არჩეულ მერზე, დედაქალაქის მერზე, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება ეჭვი, რომ ახლა უნდათ უკვე გადავიდნენ ადგილობრივ მმართველობაზე, თბილისის მერიაზე და უკვე მისი ხელში ჩაგდებაც უნდათ”.

საქმის მასალების შესწავლამდე პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკს ნაადრევად მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საგამოძიებო სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ”თბილსერვისჯგუფთან” დაკავშირებით დარღვევები არ ჩანს და სამართლებრივი თვალსაზრისით ხარვეზები არც მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებებში შეინიშნება:

”მე ვერ ვხედავ რაიმე დარღვევას, არ მგონია, რომ დარღვევა იყოს. მას არ უთქვამს, რომ ამა და ამ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. მან თქვა, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იკვეთებაო დანაშაულის ნიშნები, თუმცა ვინ არიან ის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთო. ამაში მე რაიმე კანონდარღვევას ვერ ვხედავ”.

რაც შეეხება დედაქალაქის მერის მოწმის სახით დაკითხვას, კახა კოჟორიძის განმარტებით, დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულების უგულებელყოფის შემთხვევაში, მართალია, იძულებით მიყვანის წესი არ არსებობს, მაგრამ პროკურატურას შეუძლია აღძრას საქმე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მოტივით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG