Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის ბოდიში და იმპიჩმენტის მცდელობა


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ოპონენტები დავით ნარმანიას ბრალს სდებენ ნეპოტიზმში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში, ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაგდებასა და ქალაქის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხაში. დავით ნარმანიას დაუპირისპირდნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. ისინი თბილისის მერს მოუწოდებენ ბოდიში მოუხადოს სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც საჯაროდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გადმოწერა

დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ 24 დეპუტატის, ხელმოწერაა საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს უნდობლობა გამოუცხადონ, ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-მა, ანუ 34-მა დეპუტატმა. ინიციატივის ავტორი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე, კოლეგებს მიმართავს:

„ჩვენ საბოლოოდ ვაყენებთ საკითხს, რომ დავით ნარმანია გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან, ვინაიდან მისი მერად ყოფნის შემთხვევაში შეუძლებელია იმ უპასუხისმგებლო და კორუფციული მმართველობის სტილით მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც დედაქალაქში დღითი დღე უფრო მძიმდება. იმისათვის, რომ თბილისის მერს გამოვუცხადოთ უნდობლობა და ბიძინა ივანიშვილის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი დავასრულოთ, საჭიროა, რომ საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები შემოუერთდნენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, თბილისის მერის თანამდებობიდან წასვლის მომხრეა რუსპუბლიკური პარტიაც. ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ დავით ნარმანიას განცხადებები, გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ამომრჩევლებისადმი გაჟღენთილია უპასუხისმგებლობით.

„მოვუწოდებთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ ბატონმა ნარმანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ და თანამდებობა დატოვოს. დოკუმენტი, რომელიც შექმნეს ჩვენმა კოლეგებმა საკრებულოში, მოითხოვს 24 ხელმოწერას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი იქნება საკმარისი ხმების მოგროვება უნდობლობის საკითხის დასაყენებლად და შემდეგ რომ საკრებლომ მიიღოს გადაწყვეტილება ხმების 2/3-ით. ეს არის არარეალისტური“, განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, პროვოკაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგოს. ეს იყო პროვოკაცია. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას...
გიორგი ალიბეგაშვილი

ხათუნა სამნიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლებელი იქნება უმრავლესობის წევრების მხარდაჭერის გარეშე, საკრებულოს უმრავლესობა კი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, არ აპირებს მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ინიციატივას.

გიორგი ალიბეგაშვილი გამოუხმაურა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში დავით ნარმანიამ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს, 24 აგვისტოს მიყენებული შეურაცხყოფისათვის. თბილსის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თბილისის მერი პროვოკაციაზე წამოეგო:

„თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, პროვოკაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგოს. ეს იყო პროვოკაცია. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე არის გამოფხიზლებული და გააქტიურებული, მაგრამ საწყენია, რომ ყველაფრის პოლიტიზება ხდება“.

24 აგვისტოს მერიის შენობაში მიმდინარე შეხვედრაზე დავით ნარმანიამ „მაიმუნი ვირიშვილი“ უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც რადიო თავისუფლებამ სთხოვა გაეხსენებინა, თუ რა უძღოდა წინ დავით ნარმანიას განრისხებას. ირაკლი კუპრაძის თქმით, მერთან სასაუბროდ მიწვეული იყვნენ სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ მერიის საქმიანობის მიმართ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ იმყოფებოდნენ დიდ უმცირესობაში მერის მეხოტბეებსა და მხარდამჭერებს შორის.

„შეურაცხყოფილები ვიყავით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დაგეგმილი წინასაარჩევნო PR ღონისძიება, რაშიც მონაწილეობას ვერ მივიღებდით და სამივე ორგანიზაციის („პარტიზანი მებაღეები“, „მწვანე მუშტი“, „მწვანე ალტერნატივა“) წარმომადგენლებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ, თუ უნდოდათ მერიას და დავით ნარმანიას რეალური ცვლილებების გატარება, მაშინ არ უნდა მოეწვიათ ეს „გამპრავებლები“ და უნდა მოეწვიათ ზუსტადაც რომ კრიტიკულად განწყობილები, რომლებიც ისეთ სიახლეს ეტყოდნენ, რომელიც მას ან არ გაუგია, ან რასაც ვერ ეუბნებიან გამიზნულად. მხოლოდ და მხოლოდ ეს აზრი იქნა გამოთქმული ჩემ მიერ, რაზეც მერმა კონტროლი დაკარგა. მისგან ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ველი, რადგანაც ვირისგან არ მწყენია წიხლი“, უთხრა ირაკლი კუპრაძემ რადიო თავისუფლებას.

დავით ნარმანიამ ბოდიში მაინც მოიხადა, თუმცა მოუხადა არა ირაკლი კუპრაძეს, არამედ საზოგადოებას, რომელსაც სოციალური ქსელით მიმართა:

„მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის, თუმცა ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“.

დავით ნარმანიას არაფერი უთქვამს იმ საპროტესო აქციის შესახებ, რომელიც კვირაზე მეტია მიმდინარეობს მერიის წინ, სადაც „პარტიზანი მებაღეები“ შიმშილობით აპროტესტებენ ყაზბეგის გამზირზე სამშენებლო კომპანიის მიერ ხეების მოჭრის ფაქტს. ამ საკითხზე დავით ნარმანიას 26 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მოუწევს წარდგომა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG